მართლმადიდებლური ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II პარაკლისს მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში გადაიხდის, 19:00 საათზე კი ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება.
დღეს, ასევე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია. ის 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ, მხარდაჭერაც აღუთქვა.
წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: "მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისათვის". - "რა არის ჭეშმარიტება?" - ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. "თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ", - იყო პასუხი.
თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: "ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს, ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს". განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით, მეომრები შეეცადნენ, შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმინდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.
მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს: "უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენ მიერ გვემული", - ასე პასუხობდა იგი დიოკლეტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო. უბრძანა, ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.
მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა. ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: "ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!" ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: "გიხაროდენ!" და გაუჩინარდა. წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.
ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღსალამათი მოწამე იხილა. ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო, გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.
ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილემდე.
მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე სცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმიდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გასტეხეს. იმპერატორმა დასახმარებლად წარმართ მოგვს, ათანასეს უხმო. ათანასემ შეზავებული სითხით სავსე ორი თასი მისცა მოწამეს. პირველს მორჩილი უნდა გაეხადა იგი, მეორეს კი უნდა მოეკლა. მოწამემ მშვიდად შესვა ორივე და კვლავ ადიდა ღმერთი. გაგრძელება