სესილია თაყაიშვილი ჯგუფ Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Mo­ney - Marao

სესილია თაყაიშვილი ჯგუფ Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Mo­ney

2011-12-05 13:19:29+04:00

როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: "ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობსო".

ლაშა: - ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money ("ფული") მეორე წუთზე ჩნდება ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი. ფირში მის სახეს სულ რამდენიმე წამს ვხედავთ, მაგრამ იგი, როგორც ყოველთვის, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია.

არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი პორტრეტი ამ კლიპში და ორივე "ფლოიდების" ერთ-ერთ დამაარსებელს როჯერ უოტერსს უკავშირდება. პირველის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის სესილიაც, სამწუხაროდ, როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და სწორედ ამიტომ, "პინკების" ვიდეოში მისი ფოტო ჩაუსვამს...

გაგა: - მეორე "ფლოიდელ", დევიდ გილმორთან დაახლოვებული პირის ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს თენგიზ აბულაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია. არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავიც, - 1980 წელს "პინკ ფლოიდი" საკონცერტოდ ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. "კრემლმა" გადაწყვიტა ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა. ჩვენს ორივე ვერსიაში კარგად ჩანს, რომ სესილია მუსიკოსს ძალზედ მოსწონდა.

ლაშა: - როდესაც საუკუნის ადამიანებზე ვსაუბრობთ, ლეგენდა და სინამდვილე ხშირად ერთმანეთში იხლართება, თუმცა კვამლი უცეცხლოდ რომ არ ჩნდება, ეს ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. პირადად, საერთოდ არ მიკვირს, ქალბატონი სესილიას ასეთი პოპულარობა, რადგან არა მარტო ინგლისელი მუსიკოსი როჯერ უოტერსი იყო აღფრთოვანებული თაყაიშვილის კინოროლებით. როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: "ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობსო".

გაგა: - რა თქმა უნდა, კიდევ უამრავი მსგავსი ლეგენდის მოყვანა შეგვიძლია მაგალითად, მაგრამ შორს წავალთ და ამას ჩვენი ჟურნალის ფორმატი არ ეყოფა. მით უმეტეს, როდესაც ისეთ დიდებულ ქართველ ქალბატონსა და მსახიობზე ვსაუბრობთ, როგორიც ქალბატონი სესილია თაყაიშვილია. ამ შესანიშნავ მსახიობში თავმოყრილი იყო გენიალური უბრალოება, გულწრფელობა, იუმორის გრძნობა, პირდაპირობა და თავმდაბლობა, რომელიც მხოლოდ დიდ ადამიანებს ახასიათებთ.

ლაშა: - გაგა, სესილიას ცხოვრებიდან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა მოვიყვანო, რომელიც შენს დახასიათებას პირდაპირ მიესადაგება. 70-იანებში მსახიობს "ცეკადან" დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი 70 წლის იუბილეს მოწყობას გეგმავდნენ. იმ დროს თაყაიშვილი უკვე საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იყო.

მსახიობს ძალიან არ უყვარდა მსგავსი ღონისძიებები და ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა - ერთდროულად სამ ფილმში მიღებენო, მაგრამ როდესაც შეატყო, რომ სახელმწიფო მოხელე მაინც თავისას "აწვებოდა", ძალიან მწარედ მიახალა ყველაფერი, რასაც ზოგადად კომუნისტებზე ფიქრობდა. ეს იმ საშიშ დროს ნამდვილი გმირობა იყო!

გაგა: - სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს. 26 წლის იყო, როცა ცხოვრებისგან გაუბედურებული ამალია კარლოვნას როლი შეასრულა, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევასა და 42 წლის ასაკში კი ჯულიეტას მოხუცი ძიძის როლი განასახიერა. ქართულ სცენაზე მან 120-მდე როლი ითამაშა, ყველაფერი კი მისი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო.

პატარა სესილია ოჯახში მისულ ყველა სტუმარს ჩუმად აკვირდებოდა, ითვისებდა ლაპარაკის მანერას, მიმიკებს და მათი წასვლის შემდეგ, სარკის წინ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობივით ოსტატურად თამაშობდა. თავისი პირველი, ანგელოზის როლიც პატარა ასაკში შეასრულა.

ლაშა - სიკვდილის წინ კი ასეთ ანდერძს დატოვებს: "ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.

დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით იქ ადგილს. საბურთალოზე თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება! იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".

გაგა: სესილიაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, ამ წერილს დასასრული არ ექნება. ასე რომ, ისევ ჟან დაკანტის სიტყვებით დავასრულებთ თხრობას: "ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობს".

ლაშა გაბუნია

გაგა გობრონიძე

ჟურნალი ”და ქალი”

(დეკემბრის ნომერი)