მაქსიმე, 16 წლის: "ჩემი პრობლემა ზოგს შეიძლება, სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ მე ნამდვილად არ მეცინება.
იმედია, გამიგებთ და დამეხმარებით. ჩემი დაიკო ხვდება ბიჭს, რომელსაც დაახლოებით 2 წლის წინ ცხვირ-პირი ამოვუმტვრიე და იცით, რატომ? - შეყვარებული "ამახია". ის ცნობილია როგორც მექალთანე; ყველა გოგოს ზედ ახტება და როცა თავისას მიაღწევს, მათ თავიდან უსარგებლო ნივთივით იშორებს.
ჰოდა, ცხადია, იმ გოგოსაც, რომელიც მე "ამახია", რაღაც პერიოდის შემდეგ ძალიან ცუდად მოექცა. მერე ჩემი ყოფილი ჩემთან მოვიდა, ყველაფრისთვის პატიება მთხოვა. მართალია, ღალატი ვერ ვაპატიე, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან შემეცოდა და სწორედ ამიტომ მივჟეჟე ის "დონჟუანი".
მაშინ 14 წლის ვიყავი, მაგრამ გარეგნობა მაქვს ისეთი, რომ იტყოდით - მინიმუმ, 22-ის მაინც იქნებაო. ახლა, 2 წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამჯერად, ჩემს დაიკოს "ახვევს". ნიტას რომ ვუთხარი: ამ ბიჭს შენი "დაბოლების" საშუალება არ მისცე-მეთქი, ხელი ამიკრა: შენ ვინ გეკითხება? გირჩევ, ჩემს საქმეში არ ჩაერიო, თორემ დედას შენს საიდუმლოს ვეტყვიო.
ცნობისათვის, ნიტა ჩემზე 2 წლით უფროსი ანუ იმ ბიჭის ტოლია, ჩემი საიდუმლო კი ის არის, რომ სიგარეტს ვეწევი და არ მინდა, ეს ამბავი მშობლების ყურამდე მივიდეს; ვიცი, გული გაუსკდებათ. ჰოდა, ჩემი დაიკო ამით სარგებლობს და ცდილობს, შანტაჟის გზით გამაჩუმოს. ჰო, იმ ბიჭსაც შევხვდი. მითხრა, - ძმაო, ძველი წყენა დავივიწყოთ. იცოდე, შენს დაზე სერიოზულად ვფიქრობ, თან - შევიცვალე, ძველებურად ყველა გოგოს "შეხვევას" აღარ ვცდილობო, მაგრამ მისი არ მჯერა!..
ჩვენი ლაპარაკის შესახებ ნიტამაც გაიგო და ისტერიკა მომიწყო: ხომ გაგაფრთხილე, ჩემს საქმეში არ ჩაერიოო და ისევ შანტაჟზე გადავიდა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ნუთუ საკუთარ დას უნდა მივცე თავის დაღუპვის საშუალება? ძმაკაცი მეუბნება, - არა მგონია, იმ ბიჭმა შენი შიშით ნიტას ტკივილი მიაყენოსო, მაგრამ მე მაინც ვშიშობ, რომ შეიძლება, რაღაც პერიოდის შემდეგ ატირებული დაიკო დავინახო.
აი, მერე კი ნამდვილად, მოსაკლავი გამიხდება... მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? ძალიან დაბნეული ვარ.
P.S. ადრე სხვებს ვაძლევდი რჩევას, მაგრამ თან მიკვირდა, - ეს ადამიანები "გზის" მკითხველებს რომ გვიმესიჯებენ და საკუთარ პრობლემებზე გვიყვებიან, ტვინი სადა აქვთ-მეთქი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ როცა ძალიან გიჭირს, გინდა, შენი ტკივილი უცნობ ადამიანებს გაუზიარო. რჩევებისთვის ყველას წინასწარ გიხდით მადლობას".
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)