შობის ღამე ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანებს, რადგანაც ის ყველანაირი სიკეთის საწყისია.
ამიტომაც არის, რომ უფლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლები გამორჩეულად ზეიმობენ.
როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეს, რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ, რატომ უნდა გაანათოს ყველა სახლის სარკმელი სანთელმა და ზოგადად, როგორ უნდა აღვნიშნოთ უფლის დაბადება, ამ თემაზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გვესაუბრება.
- შობის ღამეს, სახლებში ყველა სარკმელი სანთელმა უნდა გაანათოს. ჩვენში ეს ტრადიცია უწმინდესის მიერ არის დანერგილი. იქნებ კიდევ ერთხელ ავუხსნათ ადამიანებს, რა მნიშვნელობა აქვს ამ რიტუალს?
- მინდა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით დავიწყო: "ქრისტე იშვება: ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! და ვეტყვი ორთავეს: იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქუეყანა: ჯერ ზეციურისთვის, შემდეგ ქვეყნიურისთვის!.. ქრისტე ქალწულისაგან...
მოვალს მელქისედეკი; შობილი უდედოდ, იშვება უმამოდ, - პირველ უდედოდ, მერმე უმამოდ. ირღვევა კანონი ბუნებისა. ქრისტე უბრძანებს, ნუ შევეწინააღმდეგებით. უხორცო ხორცს შეისხამს, სიტყვა მყარი იქმნება, უხილავი საჩინო ხდება, შეუხებელი - შესახები, ძველი დღეთა (ანუ დაუსაბამო) დასაბამს იღებს. ძე ღვთისა ძე კაცისა ხდება. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა.
დე იუდეველები ცთუნდებოდნენ, წარმართნი ეცინოდნენ, მწვალებელნი ენაბრგვილობდნენ! მაშინღა ირწმუნებენ, ოდეს იხილავენ ზეცად აღმავალს, თუ მაშინ არა, უეჭველად მაშინ, როდესაც იხილავენ ზეციდან გარდამომავალს და დამჯდარს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. მაგრამ ეს შემდგომ იქნება, აწ კი დღესასწაულია ღვთისგანცხადებისა, ანუ შობისა და ეს ორი სახელი აქვს ამ დღეს, რამეთუ შობის მიერ და ასეც იწოდება ეს დღე ღმერთი გამოგვეცხადა კაცთა... რათა მას, რომელმაც მოგვანიჭა ყოფიერება, მოენიჭებინა კეთილყოფიერებაც".
დიახ, ასე ახასიათებენ წმინდანები უდიდეს საუფლო დღესასწაულს. მისი უწმინდესობის მიერ ჩვეულებად ქცეული ლამაზი რიტუალი იმას მიანიშნებს, რომ მორწმუნეები მიდგომილ ღვთისმშობელს საკუთარ ბინაში იხმობენ, მხოლოდ შობილი ძის განსახორციელებლად. სარკმელთან ანთებული სანთელი მაცხოვრის შობასთან ერთად ღამის წყვდიადის გაფანტვას განასახიერებს.
- რატომ უნდა იყოს შობის ღამეს მართლმადიდებელი ტაძარში და დაესწროს საღვთო ლიტურგიას?
- შობის დღესასწაულის ჩაწვდომა მოსამზადებელი პერიოდის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც დადგინდა მარხვის პერიოდი. გაწმენდილები უნდა შევხვდეთ ყრმა მაცხოვარს და ანგელოზებრივად ვუგალობოთ "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". შობის მოლოდინი მმარხველისთვის იგივეა, რაც უდაბნოს მზის ქვეშ გათანგული ადამიანისთვის, რომელიც ხანგრძლივი, დამღლელი სიარულის შემდეგ წყაროს მიაგნებს. მაცხოვარი კი დაულევნელი წყაროა.
- ამბობენ, შობის ღამეს სასწაულები ხდებაო... ამაზე რა პასუხი აქვს სასულიერო პირს?
- შობის ღამე თავად სასწაულია! მაშინ მოხდა მიწის ზეცასთან შერიგება, დაკარგული იმედის დაბრუნება, მივიწყებული სამოთხის მოძიება, ადამიანის ღმერთთან დაბრუნება. ღმერთის გაადამიანურებით, ადამიანის გაღმრთობას ჩაეყარა საფუძველი. ხარობს ხილული თუ უხილავი სამყარო. შობის ღამე ყველაზე მყარი ხიდია, რომლითაც ადამიანები ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გადადიან... განაგრძეთ კითხვა