უცნობი ფაქტები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან - Marao

უცნობი ფაქტები ზურაბ ჟვანიას ცხოვრებიდან

2017-01-09 20:44:32+04:00

ბავშვობაში ზურა ჟვანიას ხან მსახიობი უნდოდა გამოსულიყო, ხანაც - მწერალი. ბოლოს გადაწყვიტა, ცხოველების ფსიქოლოგიის სპეციალისტი - ეთოლოგი გამხდარიყო.
სხვადასხვა დროს მათ სახლში უამრავი ცხოველი ბინადრობდა. ჰყავდათ: ზაზუნები, ძაღლები, ჭიანჭველები სპეციალურ აკვარიუმში, თეთრი ვირთხები, გველხოკერა, ფრთამოტეხილი არწივი, შხამიანი პატარა გველებიც... ერთხანს ცდილობდა, სამეცნიერო საქმიანობა პოლიტიკურ ცხოვრებასთან შეეთავსებინა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი პოლიტიკაზე შეაჩერა. გავიხსენოთ ზურა ჟვანია მისი ახლობლების მოგონებებით...

ზურას პირველი მოგზაურობა

რემა ჟვანია:

"ზურას სიყვარულს სამშობლოსადმი, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ საქართველოს ყველა კუთხე ფეხით ჰქონდა შემოვლილი, რასაც საფუძველი მამამისმა ჩაუყარა. თბილისში გავიზარდე, სოფელი თვალით არ მენახა. ეტყობა, ბუსამ გადაწყვიტა ამ "ხარვეზის" გამოსწორება და ულამაზესი ადგილები სულ ფეხით შემომატარა. ცხოვრების წესად გვექცა, ყოველ შაბათს ან კვირას ქალაქგარეთ გავსულიყავით. პირველად, როცა ზურა ასე "გავასეირნეთ", 8 თვისა იყო. იმხანად წყნეთში, ბიძაჩემის აგარაკზე ვისვენებდით. იქიდან ბეთანიაში ფეხით გადავედით. ჩემმა მეუღლემ ფიცრითა და მსხვილი ღვედებით "კენგურუს" მსგავსი მოწყობილობა გააკეთა, რომლისთვისაც ლეიბი შევკერე. ჩავსვით ბავშვი, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და გავუყევით გზას. დილაადრიან გავედით, შეღამებისას დავბრუნდით - ეს ზურას პირველი მოგზაურობა გახლდათ".

აფრიკაში გამგზავრების გეგმა

დავით ლორთქიფანიძე:

"ზურას განსაკუთრებულობას ყველა აღიარებს. მე, როგორც თანაკლასელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდანვე გამოხატული თვისებები ჰქონდა. სკოლაში სწავლის დაწყებისთანავე სიღრმისეული ცოდნით გამოირჩეოდა, ვიდრე მისი თანაკლასელები. თუ ჩვენი ინტერესები მაინ რიდის ან ჟიულ ვერნის კითხვით შემოიფარგლებოდა, ზურა უკვე კარგად იცნობდა ქვეყნის ისტორიას, ზეპირად ახსოვდა სახელმწიფოთა სიმბოლიკა, გერბი, დროშა.

განსაკუთრებით იტაცებდა სათავგადასავლო ამბები და ახლის ძიება. მისი შთაგონებით, ჯერ კიდევ სულ პატარები ვოცნებობდით დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე, განსაკუთრებით კი, აფრიკის სავანებში მოხვედრაზე, რაც იმჟამად საბჭოთა ბავშვებისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. მეოთხე კლასში ვიყავით, როდესაც ზურას ინიციატივით, ცნობილი მოგზაურის, ტურ ჰეიერდალის მიბაძვით ტივის აგება გადავწყვიტეთ. მოგვიანებით მივხვდით, რომ ტივით თბილისიდან აფრიკაში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, სოხუმამდე ჩავსულიყავით, იქ რომელიმე გემზე ავპარულიყავით და ტრიუმში დამალულებს, აფრიკამდე მიგვეღწია. ამ გეგმის განხორციელებას მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა. სოხუმამდე მატარებლით მგზავრობის პრობლემა გადაჭრილი გვქონდა. გემით მოგზაურობისთვის კი საგზლად, ბლომად ორცხობილა უნდა წაგვეღო. ამ მიზნით, ზურამ დედას, ქალბატონ რემას 10 მანეთი სთხოვა. დედის შეკითხვაზე: რისთვის გჭირდებაო? უპასუხა, - ორცხობილის საყიდლადო. პასუხმა ქალბატონი რემა, რა თქმა უნდა, დააეჭვა - ამ თანხით ხომ უამრავი ორცხობილის ყიდვა შეიძლებოდა. ამის შემდგომ, ზურა გულწრფელად მოუყვა ჩვენს განზრახვაზე და შესაბამისად, აფრიკაში გამგზავრების გეგმაც დროებით გადაიდო".

პირველი სტუდენტური ლაბორატორია

დავით გუგუშვილი:

"ურთიერთობის საოცარი ნიჭით დაჯილდოებული ზურა, გამორჩეული იყო განათლებით, ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობითა და სილაღით. მესამე კურსის სტუდენტმა შეძლო ჩვენს უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პირველი სტუდენტური და ასევე, პირველი ოფიციალური ეთოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შეექმნა. ამას მართლაც, პოლიტიკოსის ტალანტი სჭირდებოდა. რადგან სტუდენტური ერქვა, იქ სტუდენტებს უნდა ემუშავათ ენთუზიაზმის ხარჯზე. ზურას კი ნამდვილად შეეძლო ენთუზიაზმით ხალხის ანთება. შეკრიბა ათიოდე პირველკურსელი და დაასაქმა.

მღრღნელების ქცევაზე დაკვირვება საკმაოდ რთული და შრომატევადია. განსაკუთრებით მძიმე იყო "შავი სამუშაო" - მიწის ხშირი ცვლა უზარმაზარ საცდელ აკვარიუმებში. 30-40 ვედრო საკმაოდ შორი მანძილიდან ხელით უნდა ეზიდათ. ხშირად ჩავდიოდით ლაბორატორიაში ლექციების შემდეგ. გვაინტერესებდა და თან, დროს ვკლავდით. ზურა ღიზიანდებოდა, რადგან მომთხოვნი იყო და სტუდენტებს შორის დისციპლინა მაღალ დონეზე ჰქონდა დაყენებული, ჩვენ კი უსაქმური ლაზღანდარობით ავტორიტეტს ვუფუჭებდით. ერთი-ორჯერ გვთხოვა, მიწის მოტანაში მივხმარებოდით. შორს დავიჭირეთ. ბანქოს თამაშს რომ ვიწყებდით, სულ გიჟდებოდა, მაგრამ ვერაფერს გვიხერხებდა. ერთხელ ლაბორატორიაში ჩავედით და კარტის თამაში დავაპირეთ. მოდი, მეც ვითამაშებო, - თქვა. გაგვიკვირდა, რადგან კარტს ვერ იტანდა და არც იცოდა წესიერად. ოღონდ, - სურვილებზე ვითამაშოთ. თუ წავაგებ, სამივეს სათითაოდ შეგისრულებთ სურვილს, თუ მოვიგე, მაშინ სამივემ მე შემისრულეთო. იხილეთ სრულად