ლამაზი, მშვიდი, ბავშვური...მეგ რაიანი - Marao

ლამაზი, მშვიდი, ბავშვური...მეგ რაიანი

2011-03-08 17:18:51+04:00

მარგარეტ მერი ემილი ენ ჰაირა - ენას მოიტეხ კაცი.

მეგ რაიანი - ასე არ ჯობია?!

ჰოდა, ჯობია, ამიტომაც დაირქვა.


რაიანი დედამისის ქალიშვილობის გვარია. დედა არ უყვარდა. კაცმა რომ თქვას, არც იცნობდა ნორმალურად. ამ ქალმა, სიუზენმა, ქმარ-შვილი ისე მიატოვა, წარბიც არ შეუხრია. ამიტომაც არ უყვარდათ შვილებს. არა, იმ ქალის გვარი რა ჭირად უნდოდაო, იმ არაქალისაო, უკვირდა მავანს.

აბა, რა ექნა, მარგარეტ მერი ემილი ენ ჰაირად დარჩენილიყო?!

პატარა დიასახლისი

ჯერ დედამისის სახლიდან წასვლის შესახებ მოგიყვებით.

იყო ერთი კაცი, მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ და ჰარი ერქვა. შეუყვარდა ვინმე სიუზენ რაიანი და ცოლად შეირთო. ოთხი შვილი შეეძინათ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ვინ იცოდა, რა ბალღამი უტრიალებდა სულში სიუზენს.

მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მსახიობობაზე ოცნებაში გაატარა. ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და ერთი კინკილა ოცნება როგორ ვერ უნდა აისრულო?! კარგად ხვდებოდა, რომ ქმრისა და ოთხი შვილის პატრონი მსახიობობაზე ოცნებას ვერასდიდებით აიხდენდა. იფიქრა, იფიქრა (სხვათა შორის, მთელი ოცი წელიწადი ფიქრობდა) და გადაწყვიტა, რომ ბედნიერებაზე უარი არ უნდა ეთქვა. ზოგისთვის შეიძლება სანიმუშო ოჯახია ბედნიერება, მაგრამ მისთვის, სიუზენისთვის...

ბარგი ჩაალაგა, გაზქურაზე მოთუხთუხე ქვაბს ბოლოჯერ მოურია და სახლიდან წავიდა - ნიუ-იორკში, უკეთესი ცხოვრებისთვის და ოცნების ასრულებისთვის!!!

რაიანი ცნობილი მსახიობი გახდა, ნამდვილი ვარსკვლავი. ოღონდ სიუზენი კი არა, მისი ქალიშვილი, მეგ რაიანი...

...ოჯახს მოვლა, მზრუნველობა სჭირდებოდა. ეს უღელი მამასთან ერთად პატარა მეგმა დაიდგა. დებსა და ძმებზე ზრუნვა თავის თავზე აიღო. არადა, ისეთი ნაზი და სიფრიფანა გოგონა იყო, ვერ იფიქრებდი, ამდენს თუ შეძლებდა. თანაც საოჯახო საქმეების გარდა, მეცადინეობასაც ასწრებდა. ასწრებდა რომელია, ფრიადოსანი იყო.

სახლი-სკოლა. სკოლა-სახლი. სახლი-სკოლა. სკოლა-სახლი...

მოსაწყენი კია, მაგრამ მეგს მოწყენის დრო არ ჰქონდა. ყოველი წუთი დაკავებული ჰქონდა.

- მამა, ხომ არ გახსოვს, ამ წვნიანს ხახვი სჭირდება?

თუ არ სჭირდება, უკეთესია, დროს მოიგებს. სანამ ხახვს გაფცქვნი, საჭრელ დაფას წყალს გადაავლებ, მერე წვრილად დაჭრი და ქვაბში ჩაუძახებ, ერთ-ორ განტოლებას ამოხსნი მათემატიკის წიგნიდან. თუ ვერ ამოხსნის, მამა აქ არ არის? მამა მათემატიკის მასწავლებელია.

ცოლმა არ გაუმართლა, მაგრამ არა უშავს, მალე მისი გოგონა ცნობილი ადამიანი გახდება და იტყვის, რომ მამა სიგიჟემდე უყვარს. ბედნიერებისთვის განა ეს არ კმარა?

დედას - მსახიობობა, მამას - შვილების სიყვარული, მეგს? მეგს რა სჭირდება ბედნიერებისთვის?

ალბათ, სიყვარული...

სიყვარული ბედნიერებისთვის

სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანი რომელიმე პროფესიას ეუფლება. მეგმა ჟურნალისტობა აირჩია. კარგი პროფესიაა, უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვდები, გაიცნობ. არათუ ცხვირს აგიბზუებენ, გაგიღიმებენ, გაგეხუმრებიან, კომპლიმენტს გეტყვიან. ალბათ იმიტომ, რომ მათზე კარგი სტატია დაწერო ან იმიტომ, რომ მართლა მოეწონები. ასეა თუ ისე, შესანიშნავია!

შეიძლება გენებშია საქმე, მეგსაც ნიუ-იორკისკენ გაუწია გულმა. კი, ჟურნალისტობა კარგია, მაგრამ ორჯერ უკეთესია, თუ ამ პროფესიას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაეუფლები. ვითომ რატომ? ამაზე პასუხი არ აქვს. ასე ჰგონია და მორჩა.

ნიუ-იორკი. აქ ალბათ ბედნიერებას იპოვის. ნეტა, დედამ იპოვა ბედნიერება აქ?

ნიუ-იორკმა იმედი არ გაუცრუა. ისეთი ბიჭი შეახვედრა, თმის ღერიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა მისი დანახვისას. ბიჭს ენტონი ედვარდსი ერქვა. ხომ იცით, რომელია? აი, სერიალ "სასწრაფოს" ვარსკვლავი რომაა...

- დღეს გადაღება მაქვს. არ გაინტერესებს, როგორ "შევდივარ" ტელევიზორში? - მომხიბვლელი ღიმილით გაუღიმა ბიჭმა.

მეგს დედა გაახსენდა და ისეთ ცუდ განწყობაზე დადგა, კინაღამ უარი უთხრა.

- რას იტყვი? - ჩაეძია ბიჭი.

- ვიტყვი, რომ სიამოვნებით. ჰო, სიამოვნებით წამოვალ. გადასაღებ მოედანზე არასდროს ვყოფილვარ.

- ჯერ სად ხარ, ჩემთან ერთად ბევრ რამეს ნახავ, - დაიტრაბახა ენტონიმ და რატომღაც გაიზმორა.

მეგმა გადასაღებ მოედანზე სინათლე შეიტანა. მაშინვე შეამჩნიეს. მისი ბედი გადაწყვეტილია. ეს გოგონა მსახიობობისთვისაა "განწირული".

მეგის დებიუტი დების როლია სერიალში "მდიდრები". ტიტრებში მარგარეტ მერი ემილ ენ ჰაირას ჩაწერა, ცოტა არ იყოს, გოიმობა იქნება. მეგმა დედის ქალიშვილობის გვარი აიღო - რაიანი. არა, დედა არ უყვარს, ღალატს ვერ პატიობს, მაგრამ აბა, რა ქნას, ენის გასატეხი გვარ-სახელი აქვს და რაიმეთი ხომ უნდა ჩაანაცვლოს?

სერიალმა დიდება მოუტანა. გვერდით ენტონი ჰყავს... ნიუ-იორკში ტყუილად არ ჩამოსულა. აქვს კარიერა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და აქვს სიყვარული - ბედნიერებისთვის.

ერთ სერიალს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე. უნდა ითქვას, რომ მეგი დაიშტამპა. თითქმის ყოველთვის მსუბუქი, რომანტიკული ან კომედიური ჟანრის სურათში იღებენ.

"ტომი ჩემი საუკეთესო მეგობარია - წერს მეგი დღიურში. ტომ კრუზს გულისხმობს. - სულ გვერდით მიდგას. მისი დახმარებით, ფილმ "საუკეთესო მსროლელში" მომცეს როლი. ამ ფილმში ტომის პარტნიორის ცოლი უნდა განვასახიერო.

ჰო, ვითომ მფრინავის ცოლი ვარ. ეს მფრინავი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ენტონი ედვარდსია. ნეტა, ცხოვრებაშიც ასე მოხდეს. არა, მფრინავი კი არ მინდა გახდეს (ენტონი), არამედ, ჩემი ქმარი.

თემას გადავუხვიე. რას ვამბობდი? ჰო, ტომი ჩემი საუკეთესო მეგობარია".

ამის შემდეგ, დღიურის წერას შეეშვა. დრო არ რჩებოდა ამისათვის. ერთხელ კარადაში რაღაცას ეძებდა და დღიურს წააწყდა. ძალიან მოუნდა რაღაც ჩაეწერა. დივანზე ფეხმორთხმით დაჯდა და წერა დაიწყო:

"ადრე სისულელეებს ვწერდი. ალბათ მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა და ამიტომ. ახლა აი, რის ჩაწერას ვაპირებ:

მოკლედ, გადაღება შემომთავაზეს. სათაური მომეწონა - "როცა ჰარი შეხვდა სალის". მხიარულად ჟღერს. ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ფილმი ჰიტად იქცა. ჰო, მთელ მსოფლიოში გავიდა და "ოქროს გლობუსზეც" იყო წარდგენილი. ძალიან დიდი აღიარება მომიტანა.

უჰ, რა სულელი გოგო ვარ. ვზივარ და თავს ვიქებ. ჯობდა, დენისი შემექო. ფილმში ჩემთან ერთად დენის კუეიდი თამაშობს. ვგიჟდები მასზე".

სისულელეა, რა, დღიურის წერა. ყველაფერს ვერ ჩაწერ. ჩასაწერი კი, თუნდაც კუეიდზე, უამრავია. ამ ტიპის გამო ენტონიზე, პირველ სიყვარულზე თქვა უარი. არ გეგონოთ, რომ დენისი თბილი, ყურადღებიანი, დახვეწილი მანერების მამაკაცია. პირიქით, დასაძრახი ცხოვრების წესი აქვს არჩეული. ლოთი და ნარკომანია. მარტო ლოთი ან მარტო ნარკომანი კი არა, ორივე ერთად! სასმელი და კოკაინი ცხოვრებას ურჩევნია.

- არა, ძმაო, ქალებს ტვინი არა აქვთ, - ბარმენს ელაპარაკება ენტონი ედვარდსი. - ჩემზე უკეთესთან რომ წასულიყო, კიდევ ჰო, მაგრამ ვისზე გამცვალა?

- ვინ გაგცვალა? - ზრდილობისთვის ეკითხება ბარმენი.

- "მისმა ცნობილობა" მეგ რაიანმა. - მწარედ ეღიმება ენტონის.

- უჰ! მეგ რაიანთან გქონდა საქმე? ბედნიერი კაცი ყოფილხარ, ძმაო!

- კი, როგორ არა... - ოხრავს ენტონი.

ამ დროს მეგი ფსიქოლოგს ესაუბრება, რჩევა სჭირდება. არა, თავისთვის კი არა, დენისისთვის. მეგი ერთადერთია, ამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის გამოსწორების რომ სჯერა. "სიყვარულს საოცრების ჩადენა შეუძლია", - თავს იმხნევებს სიფრიფანა, ლამაზი ქალი. "საბრალო - გული უკვდებათ მეგის თაყვანისმცემლებს - მართლა სჯერა, რომ ამ წყალწაღებულ კაცს გამოასწორებს".

ქალი კი არა, ჯადოქარი ყოფილა!

დენისი ცხოვრების ჯანსაღ წესს დაუბრუნდა და ასეთი ნებისყოფის გამოვლენისთვის კიდეც დასაჩუქრდა, მეგ რაიანი მისი ცოლი გახდა, თანაც, წმინდა ვალენტინის დღეს.

- დენის, გიხარია, რომ ბიჭია? - მეგი მუცელზე თითს იკაკუნებს.

- რა თქმა უნდა, საყვარელო. იმედია, მამისგან მხოლოდ საუკეთესო თვისებებს მიიღებს მემკვიდრეობით.

- რა გინდა, რომ დავარქვათ?

- რაც შენ გინდა.

- კარგი, მაშინ ჯეკ ჰენრი იყოს.

- ჯეკ ჰენრი... კარგი, ასე იყოს.

... ჯეკ ჰენრის შეუძლია იამაყოს. ორი წლისაა და უკვე მსოფლიო იცნობს. ის ხომ მეგის შვილია. ჟურნალმა People-მა მსოფლიოს ულამაზეს 50 ქალს შორის დედიკოც დაასახელა. ნეტავ, ეს უფრო სასიხარულოა, თუ ის, რომ დედა "წლის ქალად" აღიარეს? ჯერ პატარაა ჯეკი, ამდენს ვერ ხვდება. არც იმის მნიშვნელოვნება ესმის, მეგი მეორედ რომ წარადგინეს "ოქროს გლობუსზე".

"დედა მიყვარს. მამას ვუყვარვარ". - ამას ცოტა მოგვიანებით მიხვდა, უფრო სწორად, ადრეც იცოდა, მაგრამ ასე ძალიან არ უხაროდა, თითქოს იმდენად ბუნებრივი რამ იყო, ყურადღების გამახვილებად არ ღირდა.

"დედას და მამას ერთმანეთი უყვართ", - ცოტა რომ წამოიზარდა, ეს მაშინ აღმოაჩინა.

"დედას მამა აღარ უყვარს". - რვა წლის ჯეკს თავზარი დაეცა.

- არა, ძმაო, ქალს ტვინი არა აქვს. - მარტინი გადაჰკრა დენისმა. - მის გამო 180 გრადუსით შევიცვალე. ცხოვრება თავდაყირა დავაყენე. როგორც ამბობდნენ, "დენისი გამოსწორდა. სიყვარულმა საოცრება მოახდინა". შვილიც გვყავს, ბიჭი.

ჩემგან მხოლოდ კარგი თვისებები გამოჰყვა მემკვიდრეობით. ერთიც დამისხი ... ჰო, კარგი შვილი გვყავს, ბიჭი. - ისევ გადაჰკრა. - ეს კი ადგა და ყველაფერი წყალში ჩაყარა. მჯობდეს მაინც, ის რეგვენი.

- ვინ რეგვენი? - ზრდილობისთვის იკითხა ბარმენმა.

- ვინ და რასელ ქროუ. - გამოსცრა შემთვრალმა დენისმა.

- ვა! რასელ ქროუ? მაგარი კაცია! - თქვა თუ არა, ენაზე იკბინა. - ერთ მარტინის ჩემს ანგარიშზე დაგისხამთ. - დაამატა შეშინებულმა.

ცრუ გლადიატორი

რასელ ქროუ ფილმში "გლადიატორი"... როგორ გინდა არ მოიხიბლო ქალი?!

- ვერაფერს დაუწუნებ. - ხმამაღლა თქვა ეკრანს მიჩერებულმა მეგმა. - მიმზიდველი, ძლიერი, სექსუალური და ძაააალიან მამაკაცური.

ბედი იყო ალბათ. ერთ ფილმში გადაიღეს. თავად მეგის ქმარი ფიქრობდა, არ შევიმჩნევ, ჩემს ცოლს მალე მოჰბეზრდება ეგ კაცი და ოჯახს დაუბრუნდებაო. რამდენიმე თვეში მეგმა ოფიციალურ განქორწინებაზე შეიტანა განცხადება. არშემჩნევა აღარ გამოდიოდა...

- მეგ, დაფიქრდი, საყვარელო. განა ღირს მაგ კაცის გულისთვის ჩვენს შვილს გული ატკინო?

- გაჩუმდი, ნუ ცდილობ ჩემი სუსტი წერტილით იმანიპულირო. ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე. ჩვენ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, მაპატიე.

მილიონ საბუთს მოაწერეს ხელი.

- აი, აქაც.. აქაც, თუ შეიძლება... ბოლოშიც მოაწერეთ...

- უჰ, ნამდვილი ჯოჯოხეთი ყოფილა განქორწინება. - თავისდა უნებურად აღმოხდა მეგს, როცა ჟურნალისტმა ამ თემაზე ჩამოუგდო სიტყვა.

- მერე, გიღირდათ?

- რა თქმა უნდა. არაფერს ვნანობ. ამ ჯოჯოხეთის გავლა მიღირდა. თუნდაც იმისთვის, სხვა ადამიანი კი არა, საკუთარი "მე" რომ მეპოვა.

რა იცოდა, რომ მწარედ შეცდა. მოტყუვდა. ცხოვრებაში რასელი სულაც არ აღმოჩნდა გლადიატორი. არა, ამ მამაკაცთან არ ღირს ყოველ დილით გაღვიძება. მისი ცოლობა სისულელე იქნებოდა.

მეგმა რასელ ქროუს დაქორწინებაზე უარი უთხრა. მას კი, ვითომ "გლადიატორს", იმდენი ვაჟკაცობაც არ ეყო, ჟურნალისტებისთვის სიმართლე ეთქვა. კითხვაზე - რა მოხდა თქვენ შორის, რასელი ასე პასუხობდა:

- იცით, მეგი მომბეზრდა. მასთან დაქორწინებას არ ვაპირებ. სხვა ქალით ვარ გატაცებული.

მეგმა ფილმ "თქვენთვის წერილიდან" დიდი ჰონორარი მიიღო, 10,5 მილიონი დოლარი. დიდი ვილა იყიდა და გადაწყვიტა, რამდენიმე დღე იქ გაატაროს მარტომ.

ყველაფერი უნდა გააანალიზოს. პირველ საღამოს, ძილის წინ, რატომღაც ის გაახსენდა, დენისთან და ჯეკთან ერთად რომ ცხოვრობდა კალიფორნიაში და შაბათ-კვირას მონტანას შტატში მიფრინავდა, თავის რანჩოში, რომ იქ აბრაჰამს მოჰფერებოდა.

ლამაზი თვალები და მბზინავი კანი ჰქონდა აბრაჰამს, მეგის საყვარელ ცხენს...

ჟურნალი "ბომონდი"

ნათია როსტიაშვილი