მამაკაცი ტყუპი & ქალი თევზები - Marao

მამაკაცი ტყუპი & ქალი თევზები

2017-01-27 10:46:29+04:00

დღეს ორი გაორებული და საოცრად რთული ხასიათის ადამიანის ერთობაზე ვსაუბრობთ.
თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ წყვილის შემთხვევაში თევზები აკეთებს ყველაფერს წყნარი და სტაბილური ურთიერთობისათვის. თუმცა, ის სრულებითაც არ არის მამაკაცის სურვილების ისეთი ბრმა შემსრულებელი, როგორც სხვებს (მათ შორის, თავად ტყუპსაც) ჰგონიათ. ამ საკმაოდ სარისკო ურთიერთობაში ქალმა კარგად იცის, რას აკეთებს. ის ბედნიერებით გაჯერებული ატმოსფერო, რასაც მას სიყვარული ანიჭებს, ღირს იმად, რომ ხშირად წავიდეს კომპრომისზე. პასიური წინააღმდეგობა თევზების თანდაყოლილი ტალანტია ისე, როგორც მუსიკალური ან მხატვრობის ნიჭი. მან ზუსტად იცის, როდის დაიხიოს უკან და როდის გადავიდეს შეტევაზე. ტყუპი მამაკაცი საკმაოდ გონიერია, მისი გაცურება არც ისე იოლია, მაგრამ ის ხშირად უძლურია თევზების ნეპტუნური სტრატეგიის წინაშე.

თევზები აკეთებს იმას, რასაც მოითხოვს მის გვერდით მყოფი ტყუპი პარტნიორი და აკეთებს იმას, რაც მას უნდა, როცა მამაკაცი არაა მასთან, თუმცა არ იფიქროთ, რომ ის ამ დროს ღალატობს, ან სხვა რაიმე საშინელებას სჩადის; უბრალოდ, სძინავს განკუთვნილზე ცოტა მეტ ხანს, ან კითხულობს იმ წიგნს, რომელიც დიდად არ მოსწონს მის ტყუპ პარტნიორს. ტყუპს გათვლილი აქვს ყოველი წუთი. თვლის, რომ დროის ფუჭად ხარჯვა საშინელი ცოდვაა. ის ნაკლებად აძლევს თავს მოდუნებისა და გართობის უფლებას.

ქალ თევზებს აბსოლუტურად სხვაგვარი წარმოდგენა აქვს დროის შესახებ. ის ფიქრობს, რომ დრო ამოუწურავია და მას უფლება აქვს, ხანდახან არაფერიც არ აკეთოს. ამ დროს ის სულიერად ისვენებს, ეს კი აუცილებელია იმ თევზებისთვის, ვინც თავისი ცხოვრება ტყუპს დაუკავშირა. ტყუპის ხასიათის ის თვისებები, რამაც თავიდან მოხიბლა თევზები, შემდგომ შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს მათთვის. ტყუპი ძალიან მოძრავი, მოუსვენარი ნიშანია. ის ისრუტავს ყველაფერს, რასაც კითხულობს ან ისმენს, სავსეა საინტერესო იდეებით, ფიქრობს, გეგმავს და მოქმედებს მაშინ, როცა თევზები დაკავებულია მხოლოდ უბრალო ყოფით.

ტყუპს შეუძლია წამში შეცვალოს ყველაფერი. მისმა პარტნიორმა თევზებმა არასოდეს იცის, რას უნდა ელოდეს ტყუპისგან და ეს ანერვიულებს, აინტრიგებს და აღშფოთებს მას. მოულოდნელობებით აღსავსე ტყუპი ხიბლავს თევზებს, მაგრამ ზუსტად ეს თვისებები შეიძლება გახდეს თევზებისთვის განმარტოების მიზეზი. პასიური დამკვირვებლის როლი მისთვის საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ როცა ხვდება, რომ თავადაც ხდება განუყოფელი ნაწილი პარტნიორის აღზევებისაც და დაცემისაც, თევზების სიმშვიდეს ბზარი უჩნდება.

ტყუპის მოუსვენარ რიტმს შეუძლია გამოიწვიოს თევზების ნერვული აშლილობა, დაარღვიოს მისი წონასწორობა. ამ შემთხვევაში თევზები იღებს გადაწყვეტილებას, გასცილდეს გრძნობების ამ ორომტრიალს და დაბრუნდეს მაშინ, როცა აღიდგენს სულიერ წონასწორობას, მაგრამ ტყუპს ძალიან აღიზიანებს ეს გარიდება. მას აზრადაც არ მოსდის ის, რომ თავადაც ხშირად უმოქმედია მსგავსი ტაქტიკით, მიუტოვებია პარტნიორი მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი ყურადღება და თანადგომა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტყუპი სიმბოლური ბავშვია, ბავშვები კი ხშირად ეგოისტურად იქცევიან. თუმცა, ტყუპს აქვს საოცარი სინაზისა და თანადგომის მომენტებიც. გაგრძელება