საქართველოში ბევრი სიწმინდეა თავმოყრილი. მათ შორისაა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც თბილისის სიონის ტაძარში ინახება.
წმიდა ნინო თორმეტი წლიდან იერუსალიმში, უფლის საფლავთან ახლოს, ღვთისმოშიშ სარა ბეთლემელის მორჩილებაში იზრდებოდა. სწორედ სარასგან შეიტყო, რომ უფლის კვართი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში იყო. იმის მერე ღვთისმშობელს ევედრებოდა, რომ მისთვის უფლის წმიდა სამოსი გამოეჩინა. ვედრება შეისმინა ღმერთმა და ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, იგი საქართველოში სამოციქულოდ წარმოგზავნა. ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი გადასცა, რომელსაც უცხო ქვეყანაში წმიდა მისიით მიმავალი ქალწული განსაცდელისაგან უნდა დაეცვა. მორჩილების ნიშნად, წმიდა ნინომ თმა მოიკვეცა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით სავსე, საქართველოსკენ წამოვიდა...
ჯვარი მემკვიდრეობით მეფე მირიანს ერგო. 541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ინახებოდა. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ თავისი შვილი ბაქარი აკურთხა. ჯვარი ქალაქიდან და ქვეყნიდან ბევრჯერ ყოფილა გატანილი. ამ მოძრაობისას გარდიგარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.
V საუკუნეში ის წმიდა შუშანიკთან (საქართველოს აღმოსავლეთ პროვინციის - რანის მმართველის მეუღლესთან) აღმოჩნდა, რომელმაც სიკვდილის წინ ჯვარი თავის მოძღვარს, ანდრიას საქართველოში წამოსაღებად გადასცა, მაგრამ ანდრია იძულებული გახდა, ჯვრიანად სომხეთში დარჩენილიყო. გადმოცემის თანახმად, ჯვარი ქალაქ ანის აღებამდე, სომხეთის სხვადასხვა ქალაქსა და მონასტრში ინახებოდა. დავით აღმაშენებელმა ჯვარი მცხეთას დაუბრუნა. გაგრძელება