როცა სამყაროს უკიდეგანობაში შენ - პატარა, მოკიაფე წერტილი მეორე წერტილს დაიტევ, როცა ამ უდიდესი სასწაულის წყალობით ერთიათად გაიზრდები, სიცოცხლის წყურვილითა და სიხარულით აივსები, როცა ცხოვრებას ორად გაყოფ: შენად და მისად, მაგრამ საკუთარ თვალს მისი მზერის მიმართულებით მიმართავ...
მერე, როცა დრო გავა და როლები შეიცვლება: ის კი აღარ ისაზრდოებს შენით, როგორც უწინ, როცა შენს ფესვზე ახლად აღმოცენებული ყლორტი და ფაქიზი ყვავილი იყო, როცა შენ ყველაფერს უზიარებდი: სხეულის უჯრედიდან დაწყებული, ნერვის ბოლო ღერამდე... არამედ შენ იწყებ საზრდოობას მისით: მთელი მისი არსებით! ახლა უკვე ის არის წყაროც, მდინარეც და ოკეანეც. ისაა შენი მამოძრავებელი ღერძი, ვის გარშემოც ბრუნავს მთელი სამყარო...
და სწორედ მაშინ, როცა იფიქრებ, რომ დადგა დრო, როცა მის კრიალა თვალებში შეგიძლია შენი ანარეკლი ამაყად დაინახო, როცა გადაწყვეტ, თვალები მშვიდად დახუჭო და წარმოიდგინო მომავალი, რომელიც აუცილებლად შენსაზე უკეთესი და ბედნიერი იქნება! როცა შეგიძლია ძილის წინ გაიხსენო თბილი და ღუნღულა მომენტები შენთვის ყველაზე მთავარი ადამიანისა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ქვეყანაზე! აი, სწორედ მაშინ შეიძლება მოხდეს...
... ესეც მარადიული წამია, მაგრამ ყველაზე მძიმე და მუცელში დატრიალებულ დანაზე მტკივნეული, რომელიც როგორც ელვა და მეხი, ისე ეცემა და უმოწყალოდ ანადგურებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, შემდეგ კი ამ ნანგრევებს ისე ყინავს, თითქოს, დიდი გამყინვარების საზარელი ნაკვალევი ყოფილიყოს...
... და შენც იმსხვრევი ან იფლითები - ნაკუწ-ნაკუწ, უჯრედ-უჯრედ, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე... ყინულის ნამსხვრევები სულში, ყინულის ნამსხვრევები თვალებში - შიგნით კი ლავასავით მწველი დარდი, ცრემლი და ბინდი!..
...რატომ არ შეიძლება, რომ შეგვეძლოს, ამოვიყვანოთ ჩვენი სიცოცხლე, როგორც პატარა მფეთქავი ჩიტი, ჩავისვათ მუჭში, მივუყვანოთ უფალს და ვუთხრათ: "ღმერთო, აი, მოგიტანე ის, რაც თავის დროზე სულგრძელად მიბოძე, მიუხედავად ბევრი შეცდომისა, მადლიერებით ვატარე, მაგრამ ახლა უკან გიბრუნებ ყველაზე სანუკვარის, ასევე შენი ნაბოძები განძის - შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ! დაუტოვე ის დედამიწას, მან ხომ ჯერ ვერ მოასწრო ცხოვრების ყველა მძიმე და მსუბუქი კარი შეეღო, ყველა ნიავს და ქარიშხალს გამკლავებოდა, ყველა სიტკბო და სიმწარე ეგემა!..
განა იმისთვის გთხოვ, რომ მე შემიბრალო და საზარელ ტანჯვას ამარიდო?! - არა! ამბობენ: ადამიანი ქვააო, თუმცა, ქვაც იბზარება და იშლება... თუ გინდა, ჩემს დაფლეთილ სულის ნაწილებსაც მოგიტან, ანდა რა მოტანა უნდა, შენ ხომ მის ყველა კუნჭულში ისედაც იმზირები!.. უფალო, იმ ტკბილი დედის ხათრით გთხოვ, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა შვილის ხორციელი გარდაცვალება და იცის, ეს რა ჯოჯოხეთია, გევედრები, შეცვალე სიკვდილის წესი და მშობლებს შვილების სიკვდილს ნუღარასოდეს აჩვენებ!"