მარიამ ჯოლოგუას ოცნება: მე მსახიობი გავხდები! - Marao

მარიამ ჯოლოგუას ოცნება: მე მსახიობი გავხდები!

2011-03-09 12:49:44+04:00

ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ... ბევრი იარა პროფესიულ გზაზე, შეცდომებიც დაუშვა, გზასაც გადაუხვია, დაბრუნდა და ისევ სცენაზე აღმოჩნდა. მარიამ ჯოლოგუას, ერთი ჩვეულებრივი გოგონას შუაქალაქური უჩვეულო და საინტერესო ცხოვრება...

საკუთარ თავზე ლაპარაკი ასე დაიწყო:- რაც თავი მახსოვს, სულ ვთამაშობდი იმას, რომ ვიყავი ვიღაც სხვა...

მსახიობობა მისი მოთხოვნილება იყო, თავიდან ამას ვერ ხვდებოდა და დედის თუ ბებიის კაბაში გამოწყობილი, ბავშვურად თამაშობდა.

მსახიობობაზეც ისე ოცნებობდა, როგორც ყველა გოგონა. დღეს ვერავის წარმოუდგენია, რომ ოდესმე მარიამ ჯოლოგუა საკუთარ თავში ჩაკეტილი და მარტოობის მოყვარული ბავშვი იყო.

მეგობრებიც ჰყავდა, სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ საკუთარ სამყაროში უნდოდა ცხოვრება, იმ სამყაროში, სადაც თვითონ ხატავდა, კითხულობდა, დღიურებს წერდა, კერავდა, მუსიკას უსმენდა...

მის ოთახში მისივე მიკროსამყარო იყო, იქ, სადაც ყველაფერი სწორედ რომ მარიამის სურვილით იყო მოწყობილ-აწყობილი. გამორჩეული ბავშვი? არც კი იცის...

იმას აკეთებდა, რაც გულიდან მოდიოდა. ქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად მეთერთმეტე კლასში ჩაიცვა, ყური 24 წლისამ გაიხვრიტა, სკოლა ისე დაამთავრა, სალონში არ ყოფილა, მაკიაჟიც არ გაუკეთებია. აი, ასე ცხოვრობდა, თავისებურად...

14 წლისა მიხვდა, რომ მსახიობობა უნდოდა! გაუჭირდა ოჯახის წევრების ამ მისთვის უკვე არსებულ ჭეშმარიტებაში დარწმუნება. ოჯახში ყველანი მეცნიერები იყვნენ და ურჩევდნენ, ისიც ამ გზას მიჰყოლოდა, თანაც ხატვის ნიჭი და უცებ მსახიობობა?

შოკი იყო და ყველანაირად ეცადნენ, მარიამისთვის აკვიატება გადაეფიქრებინათ. ეცადნენ და მარიამმაც თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ფიქრობდა, რომ ეს სპეციალობა მეტ-ნაკლებად ახლოს იყო იმასთან, რაც უნდოდა და თანაც იქ სწავლის 4 წელი ფუჭად არ ჩაივლიდა, კარგ განათლებას მიიღებდა.

იმ წელს ნანა ჯანელიძეს და ლევან კიტიას ჯგუფი აჰყავდათ და მარიამმაც სარეჟისოროზე ჩააბარა. მისაღებ გამოცდებზე ათიანები მიიღო და უხაროდა. ბოლო გამოცდის შემდეგ ქალბატონმა ნანამ მიულოცა და ჰკითხა: რატომ მოგინდა რეჟისორობა?

მარიამმაც უპასუხა: მე რეჟისორობა არ მინდა, მე მსახიობობა მინდა, მაგრამ სამსახიობოზე არ მაბარებინებენ... ამ პასუხის მიუხედავად მიიღეს და 4 წელი სწავლობდა. სტუდენტობა მართლაც საინტერესო და სასიამოვნოდ მოსაგონარი წლებია მის ცხოვრებაში, დღემდე შემორჩნენ უნივერსიტეტის მეგობრები...

ჯერ კიდევ სტუდენტმა ჟურნალ ”ამარტაში” დაიწყო მუშაობა, წერდა ხელოვნებაზე, გამოფენებზე. თითქოს ყველაფერი აეწყო, თვითონაც ხედავდა, რომ ცუდი დასაწყისი არ იყო, მაგრამ...

სრულიად შემთხვევით გაიგო- თურმე ლილი იოსელიანს სარეჟისორო ჯგუფი აჰყავდა, გამოცდებამდე 2 კვირით ადრე მშობლებს ეს გადაწყვეტილება გააცნო. მაშინ 2 წლის შვილი ჰყავდა, იცოდა გაუჭირდებოდა...

თეატრალურში სწავლობდა და ეს მოსწონდა, მაგრამ მსახიობობის სურვილი თანდათან მძაფრდებოდა, მწიფდებოდა და 2 წლის შემდეგ იმავე ჯგუფში დარჩა, უბრალოდ სამსახიობო ფაკულტეტზე გადავიდა. ლილი იოსელიანთან რეპეტიციებმა მიახვედრა, რომ სულაც არ არის ნიჭი მთავარი, ეს აუცილებელია, მაგრამ საჭიროა იცოდე ტექნიკა, მუშაობა, იყო პროფესიონალი.

რატომ? იმიტომ, რომ მუზა შეიძლება ერთ სპექტაკლზე მოვიდეს და ძალიან მაგრად ითამაშო, მაგრამ მომდევნოზე ან იმის მომდევნოზე, უკვე ვეღარ...

უნდა იცოდე, რას აკეთებ, რატომ აკეთებ და როგორ აკეთებ, ეს ყველაფერი მარიამმა ქალბატონი ლილისგან ისწავლა.

შემდეგ მუშაობის თავისებურ ხერხს მიაგნო, ყველა პერსონაჟში, რაც უნდა განსხვავებული იყოს მისი ხასიათისგან, მარიამ ჯოლოგუასთან ერთ პატარა პარალელს პოულობდა და ამის მიხედვით აგებდა როლს, იწყებდა მუშაობას, დაკვირვებას, აღმოჩენას...

სწავლის დამთავრების შემდეგ კი მიხვდა, რომ მსახიობმა ერთ დღეს ყველა წაკითხული წიგნი, ნასწავლი და პედაგოგის ნათქვამი გვერდზე უნდა გადადოს და საკუთარი სკოლა გაიაროს, მუშაობის თავისებურ სტილს მიაგნოს, მარიამმა ეს შეძლო...

პირველი სპექტაკლი იყო ”შობის მეთორმეტე ღამე”, სადაც ოლივიას როლი ითამაშა. იმდენად უყვარდა ეს როლი, იმდენად მოსწონდა სპექტაკლი, რომ დღემდე ოცნებობს, კიდევ ერთხელ გახდეს ოლივია...

შემდეგ მანანა ბერიკაშვილმა მიიწვია თავის ჯგუფთან, კლდიაშვილის რამდენიმე ნაწარმოები გააერთიანა, სადაც მარიამმა დარისპანის ქალიშვილის, მართას სახე მოირგო.

თუმანიშვილის თეატრში ”წვიმის გამყიდველი” დაიდგა და იქ მთავარ როლზე მიიწვიეს, იმავე თეატრში ნინო ბურდულმა აკუნინის ”თოლია” დადგა და იქაც მთავარი როლი. ვაკის და რუსთაველის სარდაფის სცენაზეც თამაშობდა, მარჯანიშვილშიც...

თამაშობდა და თამაშობდა, ფიქრობდა, მუშაობდა და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა.

ყველა პრემიერა გუშინდელ დღესავით ახსოვს, ყველა კოსტიუმიც და ყველა ტაშიც, თუმცა ერთ-ერთ პრემიერაზე განსაკუთრებული განცდა ჰქონდა. ახსოვს, სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ნერვიულობისგან სპაზმი დაემართა, ვეღარ სუნთქავდა, ყველას შეეშინდა, თუმცა გავიდა სცენაზე და...

და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, პერსონაჟმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი აზრით, პრემიერა არის მუშაობის პროცესში დაგროვილი ემოცია, შრომის შედეგი, ნაფიქრი, ხოლო უკვე მეოთხე-მეხუთე წარმოდგენაზე მსახიობი ნამდვილად შედის როლში და ისეთ რაღაცას მიაგნებს, რაზეც მუშაობის პროცესში არც უფიქრია, ისე იტყვის ფრაზას, რომ სხვა ემოციას იწვევს, თითქოს მან კი არა, პერსონაჟმა წარმოთქვა...

მსახიობობა უნდოდა და არის კიდეც, კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით. ცხოვრება მრავალფეროვანია, მუდამ სიახლეა, სულ სხვადასხვა როლზე მუშაობა, სხვადასხვა ამოცანები, სპექტაკლები, პარტნიორები, გასტროლები.

ვერასდროს იმუშავებდა ისეთ სამსახურში, სადაც ამ საათიდან ამ საათამდე უნდა იჯდეს და კონკრეტული საქმე აკეთოს. ”მსახიობია არა ის, ვისაც შეუძლია თამაში, მსახიობია ის, ვისაც არ შეუძლია არ ითამაშოს”,- ფრაზა, რომელიც ქალბატონმა ლილი იოსელიანმა უთხრა, დღემდე ახსოვს, თავში უტრიალებს და გრძნობს, რომ ვერ გაძლებს უსცენოდ.

სცენაზე არასდროს კარგავს თავს, სულ ახსოვს, რატომ დგას. ყოველთვის გრძნობს მაყურებლისგან წამოსულ ემოციას, მუხტს... ყველა ადამიანი თამაშობს ცხოვრების სცენაზე, მსახიობი და ამ შემთხვევაში თვითონ, მარიამ ჯოლოგუა, ამ თამაშის მოთხოვნილებას თეატრის სცენაზე იკმაყოფილებს, რეალურ ცხოვრებაში კი არის ის, რაც არის, წრფელი...

ყველაზე რთული როლი? ალბათ საკუთარი თავის თამაში... მარიამის ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც მისი შინაგანი მდგომარეობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც პერსონაჟის, თითქოს მის სათქმელს ამბობდა, ესაა სპექტაკლი ”მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ”, ეს როლი მისთვის განსაკუთრებულია...

ამ ქალაქში მარიამ ჯოლოგუა პოპულარული ანანოს როლით გახდა. იმდენად გაიგივდა თავის პერსონაჟთან, რომ ვიღაც ამ სახელითაც მიმართავს, ვიღაცას უკვირს, მეცნიერების ოჯახში ასეთი სულელი გოგო როგორ გაიზარდაო...

ეს შეფასებები უხარია, ე.ი. როლი შედგა. არასდროს უფიქრია და სურვილიც არასდროს ჰქონია, სერიალში ეთამაშა, თუმცა ”შუა ქალაქში” არის ძალიან მაღალი დონის.

გაიგო, რომ კასტინგია, მივიდა და როგორც ჩანს, მოეწონათ, აიყვანეს, დაამტკიცეს. კმაყოფილია და მოსწონს ამ როლის სიმსუბუქე, თვლის, რომ პროფესიონალიზმია, ითამაშო ყველანაირი როლი...

მისი თვითმიზანი პოპულარობა არასოდეს ყოფილა, თუმცა მსახიობობას ეს ახლავს, მარიამს ხალხის სიყვარული ანანოს როლმა მოუტანა, ესეც უხარია...

მსახიობობის გარდა? ჩვეულებრივად ცხოვრობს, ჰყავს უნიკალური შვილი. რაც უნდა შეძლო პროფესიაში, 20 ოსკარიც რომ აიღო, არაფერი შეედრება შვილს...

როდესაც შვილი გაუჩნდა, პასუხისმგებლობასთან ერთად უჩვეულო სიმშვიდე მოვიდა, მიხვდა, რომ მთავარი უკვე გააკეთა, ახლა რაც იქნება, ეს უკვე მასზე და მის უნარზეა დამოკიდებული...

ფიქრობს, მარკესის ფრაზა ყველა მშობლისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს: ”ბავშვს მე მივცემდი ფრთებს, მაგრამ დამოუკიდებლად ფრენის საშუალებასაც მივცემდი”...

თვლის, რომ მისი ვალია ასწავლო ყველაფერი, რაც იცი, მისცე ყველაფერი, რაც შეგიძლია, მაგრამ ის უნდა იყოს პიროვნება, ინდივიდი და როგორც უნდა, ისე იცხოვროს. თვითონაც ასეთი მშობლები ჰყავს, მშობლებს მარიამის ესმით, ენდობიან მას, აცნობიერებენ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს...

სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს შვილთან, ეს რთულია, მაგრამ...

ხვალინდელ დღეს იმედით უყურებს, ოცნებები იმისთვისაა, რომ რეალობად აქციო, უფრო გეგმები და მომავლის იმედი

აცოცხლებს, ხვალინდელ დღეს დღევანდელის კარგ გაგრძელებად აღიქვამს...

ჟურნალი ”ბომონდი”

ქეთი მიქანაძე