ყოველწლიურად ახალი წლის ღამესა და შემდგომ სადღესასწაულო დღეებში საკვებითა და ალკოჰოლით მოწამვლის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება.
თუ საზეიმო სუფრის მრავალფეროვნებას გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაფერია, ამასთან, კერძები და სასმელები ყოველთვის სწორად როდია შერჩეული. მედიკოსებმა საახალწლო სუფრის ყველაზე საშიში კერძების ტოპხუთეული შეადგინეს.
"მავნე" მანდარინი
ამ ციტრუსის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ის სასარგებლო და გემრიელია, თანაც სასმელზე დასაყოლებლადაც კარგია. თუმცა მას უნდა მოერიდონ ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ წყლული, კოლიტი, გასტრიტი ან ქოლეცისტიტი, რადგან მანდარინი უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე.
და მაინც, თუ თქვენთვის საახალწლო სუფრა მანდარინის გარეშე წარმოუდგენელია, მას ძირითადი კერძების შემდეგ ნუ მიირთმევთ. წარმოიდგინეთ, როცა მანდარინი ხორცს "დაეცემა", სანამ კუჭი ხორცს გადაამუშავებს, მანდარინი "ხეტიალს" იწყებს, სწორედ ამ დროს იწყება უსიამოვნო შეგრძნებები, მუცლის შებერილობა, ფაღარათი. ასე რომ, უმჯობესია, საახალწლო სუფრა მანდარინით დაიწყოთ.
ცხიმიანი ხორცი
შემწვარი ღორის ხორცი, ფარშირებული იხვი, ბატი ვაშლებით - ძნელია მათგან თავის შეკავება. კუჭს ყოველთვის როდი შეუძლია ამგვარი კერძების ატანა, მით უმეტეს დიდი რაოდენობით, როგორც ეს დღესასწაულებზე ხდება.
გაითვალისწინეთ: ხორციან კერძებთან ერთად აუცილებლად მიირთვით ბოსტნეული, ისინი ადვილად შეითვისება და არ იწვევს კუჭის წვასა და სიმძიმის შეგრძნებას.
მზაკვარი შამპანური
საახალწლო სუფრა არც ალკოჰოლის სიმცირეს განიცდის. ვის არაყი ურჩევნია, ვის - ღვინო, მაგრამ ზეიმი მაინც შამპანურით იწყება. თუმცა ამ შუშხუნა და მხიარულ სასმელს ხშირად თან ახლავს კუჭის წვა, მით უმეტეს, თუ მშრალ ღვინოსაც დაამატებთ! ამიტომ, ექიმების რჩევით, უმჯობესია, ერთი ბოკალი შამპანურით შემოიფარგლოთ ან ყოველი შემთხვევისთვის, კუჭის წვის საწინააღმდეგო აბები მოიმარაგოთ.
მაიონეზიანი სალათები
შეიძლება იფიქრო, რომ არა "ოლივიე", ახალი წელი არც იქნებოდა. თუმცა ის მარტო არასოდეს არის - საახალწლო სუფრას მასთან ერთად ბოსტნეულის, კიბორჩხალის ჩხირებისა და ქათმის მაიონეზიანი სალათებიც ამშვენებს. ექიმების რჩევით, ან ჯერ ეს სალათები უნდა მიირთვათ და შემდეგ სხვა კერძები, ან ისინი ზეთიანი სალათებით უნდა შეცვალოთ.
კოქტეილი გაგრძელებებით
სადღესასწაულო მოწამვლებს შორის ჩემპიონი ალკოჰოლური მოწამვლაა. ყველაზე გავრცელებული და დიდი შეცდომაა, როცა მაგარ ალკოჰოლურ სასმელს გაზიანი სასმლით აზავებენ. პირველი - ამ დროს იკარგება ალკოჰოლის გემო და უნებურად შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი დალიოთ. მეორე - გაზიანი სასმლის დახმარებით ორგანიზმი უფრო სწრაფად შეიწოვს ალკოჰოლს, შესაბამისად, ადამიანი უფრო მალე თვრება, ნაბახუსევის სინდრომიც უფრო მძიმეა.
ამიტომ არა მარტო ზედმეტ ალკოჰოლს უნდა მოერიდოთ, არამედ სხვადასხვა სახის კოქტეილებზეც უარი უნდა თქვათ. უმჯობესია, ერთი სახის სასმელით შემოიფარგლოთ და კარგადაც დანაყრდეთ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)