საქმე №109.თავი 28. შუაღამის სტუმარი - Marao

საქმე №109.თავი 28. შუაღამის სტუმარი

2020-06-04 08:05:35+04:00

საქმის აღებიდან ერთი წლის შემდეგ სრულიად შეიცვალა დემნა.
ფაქტობრივად, აღარაფერი იყო დარჩენილი იმ მშვიდი და მუდმივად გაწონასწორებული იურისტისგან, როგორიც გაიცნო ელენემ. ისეთი დაძაბული იყო, ისეთი განერვიულებული, ვეღარაფერზე ფიქრობდა სხვაზე. მართალია, არც ოჯახი დავიწყებია და იმასაც ახერხებდა, მათთან გაეტარებინა თავისუფალი დრო, ზოოპარკსა და სხვადასხვა გასართობ ადგილას ეტარებინა ლილუ, თუმცა ლენა აშკარად ატყობდა, ასეთ მომენტებშიც რომ სხვაგან იყო ფიქრებით.

წამითაც არ დაუშვია ღალატი. ზუსტად იცოდა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ამის გარდა. ზედმეტად კარგად იცნობდა დემნას საიმისოდ, ეს რომ დაეჯერებინა. შეიძლებოდა გრძნობები შეცვლილიყო, სასწაული მომხდარიყო და გადაყვარებოდა კიდეც ცოლი, მაგრამ არაფრით უღალატებდა. სულის წასვლამდე რომ ნდომებოდა, სხვა ქალს არც კი შეხედავდა, სანამ თითზე ბეჭედი ეკეთა. ესეც რომ არა, ამ დაძაბულობის მიუხედავად, მაინც გრძნობდა ქმრისგან სიყვარულს და უბრალოდ, არც გულში და არც გონებაში, ადგილიც არ რჩებოდა ღალატზე საფიქრალად.

შემდეგ ისევ სამსახურს დააბრალა, მაგრამ იმ პერიოდში ვერც კი წარმოიდგენდა, ასე სერიოზულად თუ იყო საქმე. ეგონა, უბრალოდ საქმის გაუხსნელობას განიცდიდა. ვერ ეგუებოდა, მთელი წელი რომ ვერ გამოიძია დანაშაული და ამის გამო დარდობდა. ისიც კი დაუშვა, უფროსთან რომ ჰქონდა პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა, რეალურად სულ სხვა რაღაც იმალებოდა ამ ყველაფრის უკან.

ხერგიანი კი არაფრით ლაპარაკობდა ამ ამბავზე ხმამაღლა. არ უნდოდა, ელენესთვისაც გადაედო ის ღელვა და დაძაბულობა, რაც მის გარშემო ტრიალებდა. ერთადერთი, გეგას უყვებოდა ხოლმე და მასაც ზედაპირულად, ზედმეტი დეტალების გარეშე. ვერ გარევდა ამ ამბავში, მიუხედავად იმისა, კოლეგები რომ იყვნენ და იცოდა, მხოლოდ ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, მეგობარი ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც დაეხმარებოდა. ეცდებოდა მაინც და წამითაც არ იგრძნობდა მისგან სინანულს ამის გამო.

უფროსთან სცადა რამდენჯერმე დალაპარაკება. ატყობდა, როგორ ზერელედ უდგებოდნენ ამ საქმეს და ვერაფრით ხსნიდა, როგორ შეეძლოთ ასე გულგრილად შეხვედროდნენ ასეთი სიმძიმის დანაშაულს, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით, გაცილებით უფრო ჩახლართულ სქემასთან ჰქონდათ საქმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა

ვერც თანამშრომლები აიყოლია, გამოძიება რომ გაეღრმავებინათ. თითქოს, სრულიად მარტო დარჩა ყველას წინაშე და ვერ იგებდა, რა აშინებდათ ასე ძალიან. ყველანაირი ლოგიკით, ამ დონის საქმის გახსნა, მხოლოდ რამდენიმე იურისტის კი არა, მთელი პროკურატურის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა, აშკარად აფუჩეჩებდნენ იმას, რაც დეტალებში უნდა გამოეძიებინათ.

ბოლოს, ისევ მარტო მოქმედება გადაწყვიტა. ღამეებს ათევდა, როგორმე კვალზე რომ გასულიყო. ისიც კი უჭამდა ნერვებს, უკვე წელიწადი რომ გავიდა ისე, ერთი ეჭვმიტანილიც რომ არ ჰყავდათ. თითქოს, მკვლელობას კი არ იძიებდნენ და თან დამამძიმებელ გარემოებაში, უბრალოდ, ყაჩაღობის მუხლი ჰქონდათ გასახსნელი და არ აინტერესებდათ დიდად. დემნას კი, მოკლულის ოჯახის წინაშეც კი საკუთარი თავი მიაჩნდა დამნაშავედ, ამდენი ხნის განმავლობაში მკვლელი რომ ვერ დააკავა. უკვე ღამე ესიზმრებოდა ზვიადაურის ცოლი, დედა, მისი შვილები. გაოფლილს ეღვიძებოდა და გულაჩქარებულს, შემდეგ კი, რა დროც უნდა ყოფილიყო, ვეღარაფრით ახერხებდა კვლავ ძილის შებრუნებას. საწოლშიც კი ვეღარ ჩერდებოდა, მაშინვე კაბინეტში გადიოდა და მთელ ღამეს იმ საბუთებთან კირკიტში ატარებდა, როგორმე რაიმე ხელჩასაჭიდი რომ მაინც ეპოვა.

იპოვა კიდეც. მოკლულის კომპანიის ძველ საქმეებს ათვალიერებდა. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, ეკონომიკურ დეტალებს, გადარიცხვებს, კონტრაქტებს. არ უნდა ყოფილიყო საინტერესო. არც რაიმეს მომცემი, მაგრამ მაინც ვერ ეშვებოდა და ალბათ, იმიტომაც მიაღწია სასურველს, ასე ძალიან რომ უნდოდა. ფაქტობრივად, ყველა კომპანიის სახელი დაზეპირებული ჰქონდა, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გაფორმებულ საბუთებში, ერთ-ერთი რომ შემოაკლდა და მაშინვე დაუარა იმ უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებამ, რთული ამოცანის ამოხსნას რომ ახლავს თან. მართალია, რეალურად ამოხსნამდე ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს აბურდულ ძაფის გორგალში ის წვერი იპოვა, რომლის გამოძრობითაც შეძლებდა აბლაბუდის დაშლას.

– რას აკეთებ? – ვერც გაიაზრა, როგორ მივიდა კართან, ელენეს ხმამ რომ შეაჩერა, სანამ გავიდოდა.

– ლენ, გაგაღვიძე? – გულწრფელად შეწუხდა. ყველაზე მეტად ის არ უნდოდა, ოჯახისთვისაც ეგრძნობინებინა ეს არეულობა, მაგრამ აშკარა იყო, ვერ ახერხებდა.

– სად მიდიხარ, დემნა? – მაჩაბელი კი, ისეთი შეუვალი იყო, თითქოს დანაშაულზე წაასწრო.

– პროკურატურაში. ორდენი მჭირდება.

– გამთენიის ოთხზე? – გულზე ხელებდაკრეფილი იდგა, თვალს არ აშორებდა და მზერით უყინავდა ყველა ორგანოს.

– ლენა, ისეთი რაღაც ვიპოვე, ახლავე რომ არ გავაგრძელო, ბოლომდე რომ არ ჩავყვე, შეიძლება გავგიჟდე! მკვლელობამდე ორი თვით ადრე შეწყვიტა ზვიადაურმა ყველანაირი ურთიერთობა იმ კომპანიასთან, რომელსაც წლების განმავლობაში ამარაგებდა პროდუქციით. და თან, ეს კომპანიაც ქართველისაა.

– მერე? – ამოიოხრა ისე, აშკარა იყო, ახლა მხოლოდ ის აინტერესებდა, რატომ მიიპარებოდა მისი ქმარი შუაღამისას ასე ჩუმად.

– მერე ის, რომ იმ კომპანიის უფროსს საკმაოდ სერიოზული სასტუმროების ქსელი აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და დამიჯერე, რამე სხვა რომ არ იმალებოდეს, არ დასჭირდებოდა ზვიადაურის პროდუქტების ექსპორტი, მაშინ, როცა...

– ექსპორტი კი არა, იმპორტი! – მოულოდნელად შეაწყვეტინა ლენამ

– ნუ, იმისთვის იმპორტი, მაგრამ ზვიადაური ექსპორტზე მუშაობდა...

– და თან რა იცი, რომ ეს უფრო სარფიანი არ იყო მისთვის? ჩვენნაირი ქვეყნებისგან უფრო იაფად იღებენ ყველაფერს და შესაძლოა, უღირდა! – სერიოზულად ჩაერთო საქმეში. აქამდე თუ გაბრაზებული ქალის იმიჯს ირგებდა, უცბად გადაიქცა საქმიან ეკონომისტად და ვერც შენიშნა, როგორი ღიმილით მიუახლოვდა ქმარი.

– შენთვის ხომ მითქვამს, ძალიან რომ მიყვარხარ? – წარმოთქვა მშვიდად და ისე ჩატეხა ტუჩის კუთხეები, აშკარა გახდა, პროკურატურაში წასვლა რომ დაუგვიანდებოდა...

– რა იყო, საქმე გაგახსნევინე?! – ცალწარბაწეულმა ჰკითხა ლენამ.

– არა, უბრალოდ მიყვარხარ! – უპასუხა ღიმილით და ისეთი სიმშვიდით შეეხო ტუჩებზე, როგორის განცდაც მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ყოფნისას არის შესაძლებელი...

* * *

ლამის შუაღამემდე დარჩა ნინა ელენესთან. იმდენი ილაპარაკეს... დეტალურად განიხილეს ყველაფერი. დემნას სამსახურის პირველი დღიდან მოყოლებული, დღევანდელი გამოხდომით დასრულებული, ყველაფერი მოუყვა დარასელზე და თვითონაც ვერ იჯერებდა, ასეთ მცირე დროში ამდენი თუ გამოიარეს.

რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხათ, ყველაზე სანდო ადამიანად დაასახელებდა გიორგის. სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა მასზე და ისე ენდობოდა, ისე დადებითად იყო განწყობილი, ვერც კი დაუშვებდა, ასე თუ შეეცვლებოდა დამოკიდებულება. ახლა კი, ფაქტობრივად, კარიერის შეწყვეტაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ მასთან აღარ გაეგრძელებინა მუშაობა.

– გიჟდება, ისე უნდა შენი საწოლში ჩაგორება და მაგიტომ იქცევა ცოფიანივით, რომ არ გამოსდის! – დასკვნა დაუდო ნინამ და თან ეს ყველაფერი ისე გადაჭრით წარმოთქვა, ვერც კი გაბედავდით შეწინააღმდეგებას.

– ნუ იცი შენ ყველაფრის სექსამდე დაყვანა!

– მე რა შუაში ვარ, თავისით დადის! – მხრები აიჩეჩა გულუბრყვილოდ. – აბა, დაფიქრდი, სხვა რის გამო შეიძლება მოგადგეს ადამიანი შუაღამისას სახლში?

– ხომ გითხარი, ვტიროდი და...

– ელენე, გაჩერდი! – არც აცადა დასრულება. – ორივე გამოვედით უკვე თინეიჯერული მელოდრამების ასაკიდან. ბარემ ამწეკრანით ამოსულიყო და შენს ფანჯარაზე მოეკაკუნებინა, ვარდებით ხელდამშვენებულს.

– ხო, მაგრამ ასე ერთ თვეში გაგიჟდა და გადაირია ჩემზე?!

– რა, აქამდე არ გპატიჟებდა ხან ვახშამზე და ხან თეატრში?

– ვახშამი ყოველთვის საქმიანი იყო და...

– გოგო, ნუ გამაგიჟე ახლა! – წამოენთო გაბრაზებული. – შენ ახლა აღიარება თუ არ გინდა, ის თქვი პირდაპირ. ბრმა რომ არ ხარ და მიუხვედრელი, ვიცი ეგ უკვე და რაც უნდა ქნა, ვერ დამაჯერებ, რომ ვერ ხვდები, მხოლოდ უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობა რომ არ უნდა შენთან.

– ნუ, მაგას მხოლოდ იმის გამოც ვერ უარვყოფ, საავადმყოფოში რაც ქნა...

– გამარჯობა შენი! რას ვამბობ მე აბა?! აქამდე ეგონა, რომ რაღაც შანსები ჰქონდა, ის კი არა, დემნა დაგისვა სამსახურში იმის იმედით, საბოლოოდ ამოიგდებს გულიდან და მიხვდება, პრინცი რომ ველოდები მეორე კაბინეტში, თეთრი რაშით თუ არა, „მერსედესით“ მაინცო, მაგრამ რა მიიღო შედეგად?! მაგიტომაც გაგიჟდა!

– და სპეციალურად იქცევა ასე, სამსახურიდან რომ გამაქციოს?

– და შენც ეგრევე „ავარდი“!

– აბა, როგორ მოვიქცე? ხომ ხედავ, რას მიკეთებს! დღეს დილიდან მოყოლებული, ყველა საქციელით ჭკუიდან გადამიყვანა. მე მგონი, არაა ნორმალური!

– არც შენ იქნები, განცხადებას თუ დაუდებ მაგიდაზე და ათქმევინებ, მაინც გამომივიდაო. დღეს რომ ვახშამზე არ წახვედი, არც მაგაში ხარ მართალი! პირიქით, უნდა წასულიყავი და ისე ლამაზად გადაგეფიქრებინებინა იმ კაცისთვის თქვენთან თანამშრომლობა, ვერც მიმხვდარიყო!

– ინტრიგები ვხლართო?

– დიახაც! თამაში ხომ უნდა? ჰოდა, კი არ უნდა მოაგებინო, ისე უნდა აჰყვე, თვითონაც ვერ გაიგოს, შენც რომ ეთამაშები.

– გიჟი ხარ! ინტრიგანი გიჟი! – გაეცინა მის მონდომებაზე. ისე ათამაშებდა წარბებსა და თითებს სინქრონულად, მხოლოდ შავი ღრუბელი აკლდა თავზე, ბოროტ ჯადოქარს რომ დამსგავსებოდა.

– ჰოდა, სიგიჟეში ახალგაზრდობაში კი მგავდი, მაგრამ ახლა ინტრიგნობაშიც დამემსგავსე, ნათესავი ხარ, ბოლოს და ბოლოს! – თვალი ჩაუკრა და შემდეგ, წასასვლელად რომ მოემზადა და უკვე კარის სახელურს ჰკიდებდა ხელს გასაღებად, სწორედ მაშინ გაისმა ფრთხილი კაკუნიც და ელენემ კი იგრძნო, როგორ ჩაუვარდა გული მუცელში, თუმცა ნინამ, ჯერ თვალებდაწვრილებულმა გახედა და ისე გააღო კარი, აშკარად დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა, მაშინვე ჩაეფუშა ყველაფერი, როგორც კი ზღურბლს მიღმა მდგარი ადამიანი დაინახა და ვერც კი შეიკავა თავი, ხმამაღლა რომ არ გაეჟღერებინა საკუთარი შეკითხვა:

– შენ აქ რას აკეთებ?!

გაგრძელება იქნება პარასკევს

ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი