კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტი და შინაური მოვლა კანს სუფთას და მოვლილს გახდის. გთავაზობთ ხელმისაწვდომი და ძალიან ეფექტური ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პრობლემის - სახიდან შავი წერტილების მოცილებაში.
ლიმონი + თაფლი + შაქარი
გაჭერით ლიმონი შუაზე, წაუსვით ცოტაოდენი თაფლი, მოაყარეთ 2 მწიკვი შაქარი. მიღებული ნატურალური სკრაბის სპონჟი აკურატულად წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
ვაზელინი - საკვების ცელოფანი

ეს მეთოდი აბაზანის მიღების შემდეგ უნდა გამოიყენოთ, როდესაც ფორები კარგად არის გახსნილი. წაისვით ვაზელინის ფენა პრობლემურ ადგილებზე, რომლებიც გაწმენდას საჭიროებს. დააფარეთ საკვების ცელოფანი და ცხელი პირსახოცი მანამ, სანამ არ გაცივდება. მოიცილეთ ვაზელინის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით და ოდნავ მიაჭირეთ თითები შავ წერტილებს. ამგვარად, კომედონები იოლად გამოვა. გაიწმინდეთ კანი ბამბის დისკით და ლოსიონით.
გაიმეორეთ პროცედურა თვეში 1-2-ჯერ.
ქოქოსის ზეთი + ეთერზეთები

ოდნავ გამთბარ ¼ ჭიქა ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 10-10 წვეთი ლიმონის, ლავანდის, ჩაის ხის ეთერზეთები და მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. წაისვით ბამბის დისკით და გამოიყენეთ ლოსიონი სახით ყოველი დაბანის შემდეგ.
შეინახეთ ეს საშუალება ჰერმეტულ ქილაში ოთახის ტემპერატურის პირობებში.
დარიჩინი + შვრიის ფქვილი

შეურიეთ 1 ჩ.კ. შვრიის ფქვილი იმავე რაოდენობის დარიჩინის ფხვნილთან. დაამატეთ ცოტაოდები თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. კონსისტენცია სქელი არაჟნის მსგავსი უნდა იყოს. თითის ბალიშებით წრიული მოძრაობით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე, შემდეგ კარგად დაიბანეთ გრილი წყლით.
გამოიყენეთ თვეში 2-ჯერ.
აქტივირებული ნახშირი + მწვანე თიხა

შეურიეთ ½ ჩ.კ. დაფხვნილი აქტივირებული ნახშირი, 1 ჩ.კ. მწვანე თიხა და ½ ჩ.კ. თბილი წყალი ერთგვარი მასის მიღებამდე. სპონჟით ან ფუნჯით წაისვით სახეზე რამდენიმე წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
შესანიშნავი შედეგი კვირაში 1-2-ჯერ გამოყენებით მიიღება.
ყავის ნალექი + ქოქოსის ზეთი

შეურიეთ ½ ჭიქა ნატურალური ქოქოსის რძე (წინასწარ შეათბეთ) იმავე რაოდენობის ყავის ნალექთან. მიღებული მასის ნაწილი წაისვით წრიული მოძრაობებით, გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ კარგად დაიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
დარჩენილი მასა ჩაასხით ყინულის ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში. ამგვარად მზა სკრაბი მუდამ ხელთ გექნებათ.