- მყავს 4 თვის გოგონა. დაბადებიდან სახეზე აქვს მუქი წითელი ლაქა. პედიატრმა მითხრა, რომ ეს ჰემანგიომაა. ბავშვს ლაქა საკმაოდ აუშნოებს. მინდა გავიგო, რომელია ყველაზე უმტკივნეულო მეთოდი ასეთი კოსმეტიკური დეფექტის მოსაშორებლად?
- ჰემანგიომა სისხლძარღვოვანი ქსოვილის თანდაყოლილი დეფექტია. იგი ორსულობის მე-3-4 თვეზე ვითარდება. როგორც ჩანს, ამ პერიოდში დედის ორგანიზმში რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც გოგონას კანზე აისახა. ჰემანგიომა დაბადების შემდგომ გამოვლინდება ხოლმე. ნუ იჩქარებთ მის მოშორებას, რადგან სისხლძარღვოვანი სისტემა ამ ასაკში ჯერ ისევ ვითარდება (ასე გრძელდება 14-15 წლამდე) და შესაძლოა ამ პერიოდისათვის ჰემანგიომა თავისთავად გაქრეს. როდესაც მკურნალობის საკითხი დგება, ცალკე განხილვის საგანია ისეთი ჰემანგიომები, რომლებიც ამ ასაკშიც საშიშია.
თუ ლაქა კავერნოზულია (ღრუს მაგვარი), ანთებითი ხასიათისაა ან ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც ხშირია ტრავმის საშიშროება და ზოგჯერ სისხლდენაც კი ხდება, მაშინ მისი მოშორება აუცილებელია. ჰემანგიომის მოცილების შემდეგაც მოსალოდნელია გართულებები. ზოგჯერ ვითარდება ნაწიბური, რომელიც თვით ჰემანგიომაზე არანაკლებ უსიამოვნო შესახედავია. რაც შეეხება მეთოდებს, ისინი საკმაოდ ბევრია (ლაზერო, კრიო, ქიმიოდესტრუქცია, ხოლო თუ ჰემანგიომა ძალიან დიდია - ქირურგიული ჩარევა).