ლევან ხურციას კარგი გარეგნობა აქვს და ცდილობს, ვიდრე ახალგაზრდაა, ბევრი რამ მოასწროს - კარგი გოგოები "შეაბას".
27 წლის დიზაინერის, სალომე სულაბერიძის ინტერესის სფერო მრავალმხრივია - ქმნის მოდელებს, წერს პოემებს... თავდაპირველად სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ სამი წლის შემდეგ სამხატვრო აკადემიისკენ გაუწია გულმა. როდესაც სამხატვრო აკადემიის იმჟამინდელ რექტორს, სოსო ქოიავას ჩემი ჩანახატები წარვუდგინე, მოდელირების ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩამრიცხა.
პირველი კურსიდანვე დავიწყე თეატრალიზებული და დრამატული ჩვენებების გამართვა. სამი წლის განმავლობაში 15 ჩვენება გავმართე. ამის წყალობით გერმანიასა და ინგლისში მიმიწვიეს, თუმცა სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელობამ უცხოეთში არ გამიშვა.
- რატომ?
- ჯერ აკადემია არ დაგიმთავრებია და ამისთვის მზად არ ხარო. ამის გამო უსიამოვნება მომივიდა დეკანატთან და სამჯერ გამომრიცხეს აკადემიიდან, მაგრამ ახალმა რექტორმა, გია ბუღაძემ სამჯერვე დამაბრუნა. პროტესტის ნიშნად ჩვენება აღარ გამიმართავს, გამოფენებსა და პორტფოლიოებში ვხარჯავდი ენერგიას.
ბოლოს გავაკეთე სადიპლომო ჩვენება და ამ სფეროდან წავედი. ამის შემდეგ სად აღარ ვიმუშავე: კერძო სამშენებლო კომპანიის სარეკლამო ჟურნალის დიზაინერად, ინტერიერის დიზაინერად, სახელმწიფო კანცელარიაში, რეინტეგრაციის სამინისტროში, სადაც ეროვნული უმცირესობების საზოგადოებასთან ინტეგრირების საკითხზე ვმუშაობდი. სამინისტროში ეკა ტყეშელაშვილის მოსვლის შემდეგ სამსახურიდან წამოვედი. ამის შემდეგ დავწერე წიგნი, რომლის პრეზენტაციაც 19 ნოემბერს გავმართე.
ეს არის მაგიურ-მისტიკური პოემა "ჰამალი", რაც არაბულ ენაზე ღმერთს ნიშნავს. თავდაპირველად მეშინოდა - მეგონა, ამ პოემას საზოგადოება მკრეხელობად აღიქვამდა, მაგრამ პირიქით მოხდა - მოწონება დაიმსახურა. ამჯერად ახალ წიგნზე ვმუშაობ. მოვიძიე ხუცური ანბანით შესრულებული უძველესი ხელნაწერები, ვთარგმნე მხედრულად და იმის მიხედვით პოემის დაწერას ვაპირებ ჩვ.წ.აღ-ის მე-3 საუკუნეში მოღვაწე კართაგენელ ჯადოქარ კვიპრიანეზე, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანად არის შერაცხული.
- დიზაინერობას საბოლოოდ დაანებე თავი?
- დღეს ამ სფეროში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. საერთოდ, დიზაინერობა მხოლოდ სამოსის შექმნა არ არის, ხელოვნებაა. საქართველოში კი დიზაინერობა სნობიზმამდეა დაყვანილი. კვლავ ვხატავ, მომზადებული მაქვს რამდენიმე კოლექცია, თუმცა მისი გამომზეურებისგან თავს ვიკავებ. პოპულარობისკენ არ მივისწრაფვი, უბრალოდ, ჩემთვის ღირებულ საქმეს ვაკეთებ. პიარით მიღწეული პოპულარობა არაფერში მჭირდება.
- დაოჯახებული ხარ?
- ჯერ არა. ოჯახის შექმნა ძალიან საპასუხისმგებლოა. დღეს საქართველოში არაფრად მიაჩნიათ ოჯახის დანგრევა, ჩემი აზრით კი, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. თუმცა ისიც ტრაგედიაა, როდესაც ოჯახს რაღაც მოსაზრების გამო ინარჩუნებენ და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთგაგება არ არის.
- შეყვარებული ხარ?
- ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ვგავართ. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, შეიძლება მთელი ცხოვრება მეგობრებად დავრჩეთ.
- ცოლიანია?
- (იცინის) არა, არა, სხვა მიზეზია...
- სალომე, ამბობენ, რომ ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილს და შენ რომანი გქონდათ.
- ზურა ჩემი ყოფილი სიძის, რატი ალექსიძის (ნესტან კირთაძის ქალიშვილის, ანი რეხვიაშვილის ყოფილი მეუღლე) მეგობარი გახლდათ და სწორედ მისგან გავიცანი. ჩემსა და ზურას შორის ნამდვილად იყო სიმპათია, თუმცა სერიოზული - არაფერი. თანაც იმხანად 16-17 წლის ვიყავი.
მესიჯებით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ზურა ესწრებოდა ჩემს ჩვენებებს. როდესაც ზურა მოდელ სალომე ღვინიაშვილზე დაოჯახდა, მეგობრის დაბადების დღეზე შემხვდა სალომეს მეგობარი გოგო, რომელმაც ნიშნის მოგებით მითხრა: ხომ დაგტოვა ზურა ხიზანიშვილმა გაღიმებული, სალომეს ცოლის სტატუსი მაინც აქვსო.
გავოგნდი, - ჩემსა და ზურას შორის დიდი სიყვარული არ ყოფილა. ისეთი ჭორები დაყარეს ჩემზე, პირი დამრჩა ღია. ვითომ ვიღაც მოსკოველთან მქონდა რომანი, რომლისგანაც ბავშვი გავაჩინე, შემდეგ - ტელეიმედის ხელმძღვანელ გიორგი არველაძეს დაუკავშირეს ჩემი ცხოვრება...
- ანი რეხვიაშვილი შენი დეიდაშვილია. ანისა და რუსთაველის თეატრის მსახიობ ლევან ხურციას შორის რა ხდება?
- ნესტან კირთაძე დედაჩემის დაა და მე და ანი დებივით გაგვზარდეს. ანი და ლევანი ინტელექტის დონით ერთმანეთისგან დღე და ღამესავით განსხვავდებიან. თავიდანვე ვხვდებოდი, რომ მათი ურთიერთობა განწირული იყო. ლევან ხურციას კარგი გარეგნობა აქვს და ცდილობს, ვიდრე ახალგაზრდაა, ბევრი რამ მოასწროს - კარგი გოგოები "შეაბას". სამწუხაროდ, ასეთი რამ ბევრ ბიჭს სჭირს საქართველოში. ლევანი გარეგნობას და ჩაცმა-დახურვას ანიჭებს უპირატესობას და არა ქალის შინაგან სამყაროს.
- დასრულდა მათ შორის ურთიერთობა?
- რა მოხდება, არავინ იცის. ორი თვეა ერთად აღარ არიან.
- სალომე, გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში თიკო სადუნიშვილი უგემოვნო ქალად დაასახელე, რაზეც თიკომაც გიპასუხა...
- თიკო სადუნიშვილს და მისთანებს ვეტყვი, რომ სკანდალებით და მსგავსი გამონათქვამებით საზოგადოებაში თავის დამკვიდრება არ მჭირდება. თიკო სადუნიშვილი რომ უგემოვნოა, ეს სკანდალი არ არის. შესაბამისად, არც ამ თემის გავრცობას და პასუხის პასუხებს ვაპირებ. მას საახალწლოდ გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს და გემოვნების დახვეწას, რაც მისთვის ასეთი მტკივნეული თემა აღმოჩნდა.
- ჩვენი გაზეთის რუბრიკა "სტილში" გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, კომპანია "მაქსპრომმა" 2011 წლის ყველაზე გემოვნებიან ქალად დაგასახელა.
- მიუხედავად იმისა, რომ არ მივიჩნევ ამ წოდების ღირსად თავს, დიდი მადლობა კომპანია "მაქსპრომს" და გაზეთ "ყველა სიახლეს" ამ აღიარებისა და საჩუქრისთვის. - ახალ წელს როგორ შეხვდი?
- ტრადიციულად ოჯახში, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად გავატარე ეს დღესასწაული. იმედი მაქვს, ახალი წლის შემდეგ ბაკურიანში წავალთ. ესეც ჩემი სამეგობროს ტრადიციაა, რომელსაც წლებია არ ვარღვევთ.
ესაუბრა ნინო მაისურაძე
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)