როგორც აღმოჩნდა, ბარბარიკა მანტკავას როლის შემსრული ულამაზესი, გემოვნებიანი და დახვეწილი მსახიობი სპორტულ სტილს ანიჭებს უპირატესობას.
გაინტერესებთ მარიშკა ჯავახაძის შეხედულებები მოდასა და სილამაზეზე? ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს ის მუდამ თან, და რისი პოვნაა ყოველთვის მის ჩანთაში შესაძლებელი? გაეცანით ბლიც-ინტერვიუს.
- დაასახელეთ სამი ყველაზე მოდური ადამიანი…
- ჯიჯი ჰადიდი, სარა ჯესიკა პარკერიდა მაკა ჩიჩუა.
- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ყველა ქალი ლამაზია უბრალოდ ზოგს სილამაზის წარმოჩენის უნარი არ აქვს?
-კი, ვეთანხმები... ყველა ქალშია სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს...
-სამი სამოსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალს გარდერობში...
-კარგი ხარისხის ჯინსი, შავი კლასიკური მოსაცმელი და პატარა შავი კაბა.
-ლამაზ სხეულში ყოველთვის ლამაზი სულია?
-არ არის აუცილებელი...
- ქალი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი რომელ ასაკშია?
- ჩემი აზრით, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს და ყველა ასაკში შეიძება იყოს ქალი მიმზიდველი.
- ქალი ყველაზე მოდურია, როცა...
- როცა, კომფორტულად გრძნობს თავს იმ სამოსში, რაც აცვია.
- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მოდურობასა და გემოვნებას შორის?
-მოდურობასა და გემოვნებას შორის? არასდროს მიფიქრია, ალბათ მოდურიც და გემოვნებიანიც ისაა, ვისაც აცვია ის, რაც უხდება...
-რომ არა კაცები, ქალი მოდას აყვებოდა?
- რა თქმა უნდა, მე მგონია, რომ ქალი პირველ რიგში ქალს ეპრანჭება და მერე კაცს...
- გაქვთ ფერი, რომელსაც არასდროს ღალატობთ?
-კი, ვარდისფერი.
-მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით?
-ფორმულა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჯანსაღი კვება და დღეში ორი ლიტრი წყალი.
-ადრე ამბობდნენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ახლა კი სიტყვა მსხვერპლი ფულმა ჩაანაცვლა, როგორ ფიქრობთ მატერიალური მდგომარეობა სილამაზესთან კავშირშია?
-არა, იმიტომ რომ არაერთხელ გამიგია ბებიებისგან, რომ სახლის პირობებშიც შესაძლებელია თავის მოვლა... ასე რომ, სულაც არაა წარმოუდგენელი არ გქონდეს ფული და გამოიყურებოდე მიმზიდველად.
-მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში უფრო თავდაჯერებული ხართ თუ უბრალოდ კედებში?
-გააჩნია სად მივდივარ, მე ზოგადად კედები მაცვია ხოლმე და უფრო ხშირად სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მაგალითად ოპერაში, კედებით ნამდვილად ვერ ვიქნები თავდაჯერებული.
- რომელია თქვენი საყვარელი აქსესუარი და რამე მოგონებას ხომ არ უკავშირდება ის?
-ჩემი საყვარელი აქსესუარია დედაჩემის მეგობრის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი. ჩემს სამეგობროში ვართ ხუთი გოგო და ხუთივეს ასეთი ბეჭდები გვაქვს...
- ხშირად ის რაც ქალის ჩანთაში დევს მის ხასიათს ასახავს, რისი პოვნაა შესაძლებელი ყოველთვის თქვენს ჩანთაში?
- ჩემს ჩანთაში ყოველთვის შეიძლება ტუჩის დამატენიანებელი ბალზამის ნახვა.
მერიემ კაკაურიძე