ახალი წლის დადგომაზე უფრო ახალი ამბავი რა უნდა გითხრათ. თუმცა, მაქვს ერთი news-ი, თემასთან ახლოს. თურმე, ნუ იტყვი და ბაღში საახალწლო ზეიმების ჩატარება აუკრძალავთ.
აქაოდა, იქნებ რომელიმე ბავშვს ლექსის დაზეპირება უჭირს, ამის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი რატომ უნდა ჩამოუყალიბდეს, არ ჯობია სულ არ ჩატარდეს ზეიმებიო?! სწორია, ვითომ ასეთი ლოგიკა? იქნებ ასეცაა, მაგრამ მე გული დამწყდა. ახალი წელი ,,უბაღისზეიმოდ" და უთოვლის ბაბუოდ სად გაგონილა, კაცო?!
ფუუუ... – სული შევუბერე და ყუთის ზედაპირიდან ჰაერში აფრიალდნენ მტვრის ნაწილაკები. სახურავი ფრთხილად ავხადე და ფანჯრიდან შემოჭრილ მზის შუქზე მილიონფრად აბრჭყვიალდნენ ნაძვის ხის ჭრელაჭრულა სათამაშოები. აუუ... რამდენი ხანია, ასეთი აღმაფრენა არ მიგრძნია.
- დე, აი ახლაა ნამდვილი ახალი წელი. დე!.. - არ ესმის. სამზარეულოშია, გოზინაყს აკეთებს.
აი, ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული ბურთულა. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ბურთულა ჯადოსნური იყო. იქნებ, არც ვცდებოდი?.. ხელისგულებში ვიქცევ. ჩემს ღიმილიან სახეს ირეკლავს.
ჯერ ისეთს, როგორიც ვარ. მერე ლოყები მებერება, გაშლილი თმა კი კიკინებად მენასკვება ყურებთან. ნაქსოვი ნაცრისფერი ჯემპრი თხელ, ვერცხლისფერი წვიმებით გაწყობილ კაბად გადაიქცა. ჩემი ანარეკლი ორეულივით დაემსგავსა იმ 4-5 წლის გოგონას, საბავშვო ბაღის ალბომში პირველ გვერდზე რომ მაქვს ჩაკრული.
არ შევმცდარვარ, მართლაც ჯადოსნური ყოფილა...
ჰჰჰ... დავაორთქლე ჯადოსნურ ბურთს და ჯემპრის სახელოთი გავაპრიალე. წინდაუხედავად მოვიქეცი, ვაითუ წაიშალა კიკინებიანი გოგონას გამოსახულება! დავაკვირდი... გადავრჩენილვარ. წაიშალა კი არა, უფრო მკვეთრად გამოჩნდა ნაკვთები და უცებ... კადრმა მოძრაობა დაიწყო.
*
კიკინებზე ბაფთებმიბმული, რეიტუზჩაჩაჩული გოგონა წრეში დგას. წრის შუაგულში, ნაძვის ხესთან თოვლის პაპა იღიმის. ხუჭუჭა ბაჩუკი მორიდებულად მარცვლავს ლექსის სათაურს. უცებ პუტკუნა ტუჩები ებრიცება და ლურჯ თვალებს მაგრად ხუჭავს. ტირის ბაჩუკი. მანანა დეიდა ქუსლების პაკაპუკით უახლოვდება. სუნამონაპკურები ცხვირსახოცით პაწუა ცხვირს უმშრალებს და ენას უჩლიქავს:
- ლა მოგივიდაო, ბაჩანჩულ?
პომადიანი დედა ჰყავს ბაჩანჩულს.
დედის მოფერების მერე უარესად აუჩუყდება გული და ბოლო ხმაზე გაჰკივის. მერე ცდილობს პასუხის მომლოდინე დედა არ გააწბილოს და სლოკინ-სლოკინით უხსნის:
- ტყუ.. ტყუ-ი-ლი-ა-აააა...
- რაა, დედი, ტყუილი? - ქოჩორს უსწორებს დედა.
- ა-რა-ა... მარ-თა-ლი-იიი...
- ?
- ძუ-ძუ-ები აააქვს...
- ვისა, დედი, ვისა? - იბნევა პომად-მანანა დეიდა.
- ააა-მააა-ს... - პაწაწუნა თითს თოვლის პაპისკენ იშვერს ბაჩუკი.
ძუძუებიოოოო?! - და ხოტორა ნატომ ერთი ისეთი დაიკივლა, ბაჩანჩულიც კი გაირინდა წამით. ნატოს რუსი იულია აჰყვა, იმას ,,შპიონი-გალაკტიონი" ნინიკო, ნინიკოს ,,გოგოების მაჩალკა" დიმიტრი, იმას... იმას... და ვიღას ახსოვდა:
,,შენ ტანადო, შენ ლამაზო კოხტა ნაძვის ხეო"
,,თეთრი ციდან ფიფქი ცვივა, გვირილების ხე-ლა-ოოო!"
,,ყველა დაასაჩუქრა, გამოტოვა მელია"...
ტიროდა ყველა. ყველას სდიოდა თავისი წილი ცრემლი და წვლინტი.
,,თოვლის პაპას" მიწებებულ, ნაფტალინის სურნელიან წვერ-ულვაშში ეცინებოდა. უთანთალებდა ხუთი ზომა მკერდი.
აუდიოდა და ჩამოუდიოდა. გრძელი წვერით გულისპირის დაფარვას ცდილობდა, მაგრამ რაღა დროს... ატირებულ-შეშინებულ-იმედგაცრუებული ოციოდე წყვილი ცისფერი, თაფლისფერი თუ შავი თვალის სამიზნედ ქცეულიყო...
*
- არა რაა... უვარგისია ეს ჩემი ქმარი. - თეთრ ულვაშს გაბზარული სარკის წინ იძრობს მაყვალა მასწავლებელი. სტკივა, მაგრამ კმაყოფილია, ეპილაციაზე აღარ მოუწევს წასვლა, ცოტა ფული დაეზოგება.
- ხან ასე მივუდექი, ხან ისე. ვეფერე, დავუყვავე... - ახლა წვერის აგლეჯვას ცდილობს ღაჟღაღა ლოყებიდან. - ჯუბიკო-მეთქი, მოი, რაია, ბაღში. ა, ასე გადეიგდე აი ხურჯინი და იძუნძულე შენ რომ იცი, ისე-თქვა. - მოიძრო წვერი. - გაგიგია?! ააგდო ქვა და შეუშვირა მელოტი თავი!.. ასე ხომ არ ჩაბჟირდებოდნენ ის არგასაწყვეტი ბაღნები.
- ჰო, რას ტიროდნენ!.. - კვერს უკრავს მაგდა ექთანი და ისევ მაყვალა მასწავლებლისთვის მორთმეულ საჩუქრების თვალიერებას განაგრძობს. ორივე ჩუმდება. მხოლოდ შესაფუთი ქაღალდის ჭრაჭუნი ისმის. მერე მაგდას ეშმაკუნებით ევსება ჭროღა თვალები:
- ქალო, სანანებლად არ გექცა ეგ შენი საამაყო ძუძუები?!. - იცინის, იცინის, ფრჩხილებზე აქა-იქ მანიკურშემოცლილ თითებს ჩამქრალ მკერდზე ილაგებს.
- ნათია, შენ აქ რა გინდა?! აბა, მოუსვი ბუფეტისკენ, თვარა დარჩები თოვლის ბაბუის საჩუქრის გარეშე!
სამალავში დარჩენას აზრი აღარ აქვს. უსიტყვოდ ,,ვუსმევ ბუფეტისკენ." ოღონდ საჩუქარს, ზუსტად ვიცი, არ ავიღებ...
- უი, ქალო, ესმოდა ბავშვს? - ზურგსუკან მესმის მაგდა ექთანის სიცილშეკავებული ჩურჩული...
*
- გოზინაყიც მზადაა, საცივიც და ბოლოკგაჩრილი გოჭიც. ნახე, ერთი რა სუფრა გვაქვს. აი, ახლა კი ნამდვილად ახალი წელია! გესმის?
თან მესმის და თან - არ.
...ისევ გაშლილთმიან, ოღონდ ახლა უკვე ცრემლმორეულ სახეს ირეკლავს ჩემი ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული, ბავშვობაში დამბრუნებელი ჯადოსნური ბურთი...
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(იანვრის ნომერი)