ბოლო დღეებია შეყვარებულ წყვილს ჩემი აივნის ქვეშ პაემანი აქვს.
მათ რომ ეს ისტორია იცოდნენ, ოდნავ მაინც შერცხვებოდათ ანთებული თვალებისა და ღიმილით ახსნილი სიყვარულის გამო, მაგრამ მათ არაფერი იციან, თუმცა სიმართლე ჩემ შესახებ არც არავინ იცის... მე ხომ თავმოყვარეობა პირზე ალიკაპივით მაქვს აკრული...
მეშინია ვიყო ის, ვინც ვარ. ამიტომაც მთელ ჩემს ცხოვრებას ანონიმურად გადმოგილაგებთ. ნუ მკითხავთ სახელს, მე უსახელო კატასტროფა ვარ. ნურც პროფესიას მკითხავთ, რა ფასი აქვს კარიერას, როცა მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს. ვერაფერს მირჩევთ, შეგიძლიათ მხოლოდ ნუგეშისცემა. მე ახლა სათნოების მათხოვარი ვარ, თქვენ - შემწე.
ამბავი, რომლის მოყოლასაც ახლა დავიწყებ, ჰორიზონტივით უსასრულო და ჭაობივით უძიროა. ამიტომაც მოგიყვებით არა ფაქტებით, არამედ ემოციებით...
მას პირველად 5 წლის წინ, დღევანდელ დღეს შევხვდი. "ჩვენ" გაცნობიდან მალე დაიწყო. სამყარო იმდენად ჰარმონიული გახდა, აშკარა იყო, ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ირგვლივ წელიწადის ყველა დრო გაქრა, "ჩვენში" მხოლოდ გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა... მიყვარდა ტირილამდე... მიყვარდა დაღლილიც, მძინარეც და უძილოც. მიყვარდა, რადგან ვუყვარდი მასაც. ასეთი იყო ჩემი გეგმა - ჩემს გულს დაიმსახურებდა მხოლოდ ის, ვინც სანაცვლოდ თავისას გაიღებდა. თუმცა ეს მალევე დამავიწყდა და ქარაფშუტა, უთავმოყვარეო ქალად ვიქეცი, რომელიც კაცის ერთი თითის დაქნევაზე ყველაფერზე იყო წამსვლელი. რომ მოეთხოვა, უყოყმანოდ დავკოცნიდი მის ნაკვალევსაც. დაიწყო ასე, ჯერ საკუთარი თავი დავკარგე, მერე უბიწოება... და მთლიანად მის იმედად დავრჩი.
ხანდახან საათობით ვზივარ, ვიხსენებ მომენტებს, რომლებითაც თავს ვინუგეშებ და ვამბობ, მაშინ მას ვუყვარდი. მახსოვს, ერთხელ მეგობარს რომ ვესტუმრეთ, მე ღია ფანჯარასთან ვიჯექი, ის ჩემ უკან იდგა. მინის ანარეკლში ვხედავდი ჩემს ზურგზე მობჯენილ მის მზერას. მაშინ გავიფიქრე, თურმე, როცა არ ვხედავ, მის თვალებში უფრო მეტი სიყვარული ჩანს-მეთქი. არ ვიცი, იქნებ ასეთი მზერით ემშვიდობებიან ადამიანებს... მას შემდეგ სამყარო აირია...
3 წელი ვიყავით ერთად, პაემანზე არასდროს ვიგვიანებდით. მხოლოდ ერთხელ მალოდინა მან. როცა მოვიდა, ისე დაჯდა, ჩემთვის არც შემოუხედავს. კითხვებს ამაოდ ვუსვამდი. დუმდა. მერე სავარძლიდან ადგა და გაიქცა. აღარც შეტყობინებებს პასუხობდა, აღარც სახლში მიდიოდა, ვერც სამსახურში ვახერხებდი მის ნახვას.
გაზაფხულის სურნელი ზამთრის სუსხმა ჩაანაცვლა, ირგვლივ ყველა ფერი გაქრა. ერთადერთი, ვისთვისაც გულის გადაშლა შევძელი, ჩემი მეგობარი იყო. მხოლოდ ის დარჩა ჩემი გრძნობების ჭირისუფალი. ლამის ჩემს სახლში გადმოცხოვრდა და გვერდიდან არ მშორდებოდა.
მომხდარიდან 1 თვეც არ გასულიყო, მობილურის ზარმა რომ გაგვაღვიძა. თითქმის მძინარემ უპასუხა. ხმა ჩემი ყოფილის იყო, თუმცა მობილური - არა... მაშინვე ყველაფერს მივხვდი. როგორ შემოიპარა ეს ქალი ჩემს ცხოვრებაში? მას ხომ ბავშვობიდან ვიცნობ და რატომ გადაწყვიტა ახლა ჩემთან დამეგობრება, რატომ მიწვევდა თავის სახლში ყოველ შაბათ-კვირას და ყოველ ჯერზე რატომ კითხულობდა, წამოვიდოდა თუ არა ჩემი შეყვარებული?
ამ კითხვებზე პასუხი ნათელი იყო, მაგრამ ახლა რას აკეთებს ეს ქალი აქ? რაში სჭირდება ჩემი წუწუნის ატანა, რატომ მისმენს ასე გულმოდგინედ, როცა "მასზე" ვესაუბრები? ნუთუ ესეც გეგმის ნაწილია. მე ხომ "მასზე" ვსაუბრობ, "მას" კი ჩემზე უკეთ ვინ გააცნობს, ვინ ასწავლის, როგორ შეაყვაროს თავი? ვინ ეტყვის, რა აღიზიანებს და რა ახალისებს. ამ ქალმა ხომ ახლა ყველა მისი სუსტი წერტილი იცის. ალბათ, ძალიან დავიგვიანე...
არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ვერავის ვენდე. გონზე რომ მოვედი, ვუთხარი, ყველაფერი კარგად მაქვს, აღარ დაბრუნდე-მეთქი. ასე "მეგობარი" ჯერ "ნამეგობრალად" იქცა, შემდეგ ჩემი ყოფილის ცოლად...
მე კი... მე ვზივარ ახლა და ვფიქრობ. იქნებ არც არასდროს ვყვარებივარ? იქნებ მე გამოვიგონე მისი სიყვარული, ვხედავდი ისეთად, როგორიც მინდოდა...
P.S. თუ თქვენც გადაგხდენიათ ისეთი ისტორია, რომლის გაზიარებაც გსურთ, მოგვწერეთ: daqalimedia@gmail.com ან Facebook გვერდზე. ანონიმურობა დაცულია