23 ნოემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია გიორ-გობის დღესასწაულს ზეიმობს. (ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს).
წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა.
დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული.
ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა.
სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.
ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ:
დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგის
ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით: გვიხსნენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.
ტროპარი: ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სხვა ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სწარწმუნოებისათვის მისისა და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე, ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო მოწამეო გიორგი, მოგუანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.
კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით ჰსთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა.