არ არსებობს გოგონა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ქორწილზე, თეთრ კაბაზე, ბევრ სტუმარსა და ზღაპრულ პრინცზე. ალბათ, ყველა, ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ საოცარი განცდაა, იყო დედოფალი.
უამრავი სტუმარი გერტყას გარს, ასობით ადამიანი აღნიშნავდეს შენი სიყვრულის დღესასწაულს! იყო ყველაზე ლამაზი და რაც მთავარია, ყველაზე ბედნიერი ქალი. მაგრამ Elie Saab-ის ძვირად ღირებული კაბა 300-კაციან, გრანდიოზულ წვეულებაზე? ეს ზღაპარზე მეტია. გაიცანით გოგონა, რომელმაც იპოვა ოცნების პრინცი, დაქორწინდა მასზე საოცნებო კაბით და მას ყოველდღე ანებივრებს საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით.
- სანამ კაბასა და წვეულებაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ორიოდე სიტყვა მითხარით, ვინ არის გოგონა, რომელსაც საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული და ლამაზი კაბა ეცვა? რას საქმიანობთ? რამდენი წლის ხართ?..
- თეო მქვია. ვარ 25 წლის... სასტუმრო "ივერია ინნ"-ის დირექტორის მოადგილე, რამდენიმე წელია სასტუმროს ვმართავ.
- საქორწინო წვეულებაზე რას იტყვით? ორგანიზატორი ვინ იყო და რამდენი სტუმარი გყავდათ?
- 300 სტუმარი გვყავდა. ბაკურ ბაკურაძე შოუს დამდგმელი რეჟისორი იყო, დიზაინერი - ედემ გვარმიანი, თამადა - ზურა მანჯავიძე.
- თავად რამ მოგხიბლათ და გაგაბედნიერათ ყველაზე მეტად ქორწილის დღეს?
-არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ქორწილის წინა ეტაპიც დაუვიწყარი იყო. ულამაზესი ხელის თხოვნა მქონდა. ჩემმა ქმარმა სიურპრიზი მომიწყო სასტუმრო "ბილტმორში", მთელი ლაუნჯი დაიქირავა 33-ე სართულზე, ვარდის ფურცლებით მორთო შესასვლელი, ვიდეო დაიქირავა და ზღაპრულად მთხოვა ხელი, "კარტიერის" განუმეორებელი ბეჭედი მაჩუქა.
ჩემთვის არ არსებობს ოცნება, რომელიც აუხდენელი რჩება, თუნდაც ამაზე მხოლოდ მე ვიცოდე, ან ძალიან ახლობელ ადამიანებს გავანდო. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, მაგრამ ის უმალ სიურპრიზად მისრულებს ოცნებებს.
ასევე სასწაული იყო "ჩოუჩოუს" ლეკვი, რომელიც საქართველოში არ იშოვება და ერთ დღესაც მანქანაში დამხვდა, უკრაინიდან ჩამოაყვანინა. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე მქონდა, ეს დღეც ერთ-ერთ დაუვიწყარ დღედ მიქცია. სახლი თავისი ხელით მორთო, უამრავი „რაფაელო“, „ქინდერ სიურპრიზი“, ტორტი და ბილეთები ბარსელონას მიმართულებით.
- ხომ არაფერია ისეთი, რამაც თქვენი თუნდაც იოტისოდენა უკმაყოფილება გამოიწვია და უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, შეცვლიდით?
- არც ერთი წამით! არც გამიფიქრია! მე დღეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ!
- მანდილოსნები ხშირად ვერც კი ბედავენ Elie Saab-ის სადედოფლო კაბაზე ოცნებას. როდის მოგივიდათ პირველად ამ ბრენდის კაბის მორგება აზრად? რამ შთაგაგონათ?
- ჩემი ოცნება იყო , რომ მცმოდა ელი სააბის სადედოფლო კაბა , როდესაც მოახლოვდა ეს პერიოდი რამდენიმე ცნობილ სამკერვალოს ვთხოვე დამხმარებოდნენ რომ ოცნება ამხდენოდა.. მხოლოდ მარიგოლდმა შეძლო აეღო თავისთავზე პასუხისმგებლობა და ჩამოიტანა ელისააბის ქსოვილი, დიზაინი და შეძლო ჩემს ტანზე მოერგოთ და შეეკერათ, რაშიც უზომოდ დიდი ენერგია დახარჯეს.
- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები ამ იდეას? არარეალურდ ხომ არ მოეჩვენათ?
-არაა, პირიქით ძალიან დამეხმარნენ, დაზღვევით გამოვაგზავნინეთ, დედა ყველაფერზე გვერდით მედგა... თუ სამსახურის გამო რამეს ვერ ვასწრებდი, ყველაფერს ის მიგვარებდა.
- გარდა კაბისა, აღსანიშნავია, რომ მაკიაჟიც და ვარცხნილობაც გემოვნებიანი და დახვეწილი გქონდათ... ვინ იზრუნა თქვენ გალამაზებაზე?
-პირადი სტილისტი მყავს ბავშვობიდან - ნინო შიშჰინაშვილი და მაკიაჟი "რუსთავი2"-ის ვიზაჟისტმა სოფო მაჭავარიანმა გამიკეთა.
-რა დაგიჯდათ ეს სიამოვნება? კაბა, მაკიაჟი, წვეულება...
-ვფიქრობ, ამის აფიშირება არააა საჭირო, არ იქნება ლამაზი. დაუვიწყარი იყო, ულამაზესი შოუ, ბალეტი, სცენაზე "სფეისეფექტებით" შემოსვლა... უამრავი არტისტი, მოცეკვავე და შოუმენი გვყავდა. ყველა აღფრთოვნებული იყო. 1-ელ საათს გადასცდა და წასვლა არავის არ სურდა. მე თვითონ არ ველოდი ასეთ რეაქციებს...
მერიემ კაკაურიძე