დროის უდიდეს ნაწილს ჩვენ საახალწლო კერძების მომზადებაში ვხარჯავთ, მაგრამ მაგიდის ლამაზად გაფორმებას ხშირად ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ალბათ, გსმენიათ გამოთქმა: „ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო“ - ეს მართალია!
ასტროლოგები და ეზოთერიკოსები ტყუილად არ გვირჩევენ, ყურადღება საახალწლო მაგიდაზე გავამახვილოთ და შევეცადოთ, სუფრაზე რამდენიმე ისეთი კერძიც დავდოთ, რომლითაც დამდეგ წელს ყვითელ ძაღლს ვასიამოვნებთ. ჩვენი მარტივი რჩევები კი დაგეხმარებათ, სწორად და ლამაზად გაშალოთ სუფრა.
შეარჩიეთ სწორი ფერები და ნუ გადააჭრელებთ მაგიდას
როგორც აღვნიშნეთ, 2018 ყვითელი ძაღლის წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მდოგვისფერს, ქვიშისფერს, ოქროსფერს და ყვითელის ყველა ტონალობას.
აჯობებს, დეკორში გამოიყენოთ ნატურალური ქსოვილის სუფრა. შეგიძლიათ დააწყოთ ყვითელი ხელსახოცები ან ოქროსფერი სანთლები. გააფორმეთ სუფრა ნაძვის ხის სათამაშოებით და ხის დეკორით (გირჩები, ნაძვის ტოტი). კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ კაშკაშა მზის ფერების ჭურჭელს. აუცილებლად დადეთ მაგიდაზე მანდარინი და ფორთოხალი.
მოამზადეთ ხორციანი კერძი
ძაღლს განსაკუთრებით უყვარს ისეთი ხორცპროდუქტები, როგორებიც არის ძეხვი, ლორი და ა.შ. ამიტომ, თუ მისი გულის მონადირება გსურთ, საახალწლო სუფრა ხორციანი კერძებით დატვირთეთ.
გირჩევთ, კერძის გაფორმებას უფრო შემოქმედებითი კუთხით მიუდგეთ. ტრადიციული კერძების ასორტის ნაცვლად აირჩიეთ რაიმე კონკრეტული, მაგალითად, დაამზადეთ მინი-რულეტები შაშხით, ან ტარტალეტები - ასევე ხორცის შიგთავსით. იდეალური იქნება კანაპე ძეხვით.
კანაპეები ძეხვით (ან ლორით)
დაგჭირდებათ:
პური (ბაგეტი) - 150 გ
ძეხვი სალიამი („ნიკორა“) - 80 გ
კიტრი - 1 ც.
პომიდორი „ჩერი“- 2-3 ც.
ყველი (ტოსტის) - 50 გ
ზეთისხილი (უკურკო) - 10 ც.
მომზადება:
პური დაჭერით 1 სმ სისქეზე; დადეთ საცხობ სინზე და გაზქურაში ცოტა გამოაშრეთ. შუაზე გაჭერით ზეთისხილი. კიტრი დაჭერით ძალიან თხელ ზოლებად, პომიდორი - მრგვალ ნაჭრებად. ტოსტის ყველიდან ბოკალის დახმარებით გამოჭერით მრგვალი ფორმები (პურის დიამეტრის).
დაადეთ ის პურებს, ზემოდან დადეთ პომიდორი, ჩხირებზე წამოაცვით ნახევარი ზეთისხილი, შემდეგ კიტრი (ტალღისებურად), ბოლოს კი ძეხვი. ბოსტნეულის და ძეხვის „ქუდი“ ჩაარჭეთ ყველიან და პომიდვრიან პურებში.
გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით
კიდევ ერთი მარტივად მოსამზადებელი ორიგინალური კერძი.
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 15 ც.
ბეკონი - 15 ნაჭერი
მარილი გემოვნებით
შავი პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი წასასმელად
მომზადების წესი:
მოხარშეთ კარტოფილი 15-18 წუთის განმავლობაში. ოდნავ გააგრილეთ.
გაახურეთ გაზქურა 220 გრადუსამდე.
საცხობ სინს ცოტა კარაქი ან ზეთი წაუსვით.
თითოეულ კარტოფილს შემოახვიეთ ბეკონის თხელი ნაჭერი და დაალაგეთ საცხობ სინზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
შედეთ კარტოფილი ღუმელში და 18-20 წუთი აცხვეთ.
შაშხის და ბოსტნეულის რულეტები
შებოლილი შაშხით უგემრიელეს რულეტებს მოამზადებთ.
ინგრედიენტები:
შაშხი (შებოლილი ჩალაღაჯი, ან შაშხი ბოლერო) - 8 ნაჭერი
სტაფილო - 1 ცალი
კიტრი - 1 ცალი
პიტნა - რამდენიმე ღერი
მწვანე ხახვი - პატარა კონა
ლიმონი - 1 ცალი
ყველი „მოცარელა“ - 6-8 ბურთულა
ნაღები - 20 გ
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
გათალეთ სტაფილო და კიტრი, დაჭერით თხელ ზოლებად. ½ მწვანე ხახვი და პიტნა დაჭერით. ეს ყველაფერი შაშხის ნაჭერზე მოათავსეთ. შეახვიეთ რულეტებად და შეკარით მწვანე ხახვით.
ცალკე ჯამში აურიეთ მოცარელა და ნაღები. დაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. დაუმატეთ ლიმონის ცედრა და დარჩენილი მწვანე ხახვი. მოაყარეთ მარილი, პილპილი. რულეტები მიირთვით მომზადებულ სოუსთან ერთად.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!