მისი ცხოვრება მიხეილ კოზაკოვიდან ლევან წულაძემდეა, სადღაც შუაში თვითონაა, ქალი, რომელიც ბუნებრივი და გულწრფელია ცხოვრების მიმართაც კი... მანანა კოზაკოვა სცენიდან სცენაზე...
სულ, სულ თავიდან...
ყველას ცხოვრება ბავშვობიდან იწყება, ესაა ყველაზე ლაღი და უდარდელი ხანა. არც მანანა კოზაკოვაა ამ მხრივ გამონაკლისი, მისმა ბავშვობამ მხიარულად, სითბოსა და სიყვარულში გაიარა.
დადასტურებული ფაქტია, მეცნიერულ დონეზეც კი, რომ ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, ის სწორედ ასეთ გარემოში აღიზარდოს.
ახლა უკვე ექიმები იმასაც კი გვირჩევენ, რომ ბავშვს მუცლად ყოფნისას უნდა ესაუბრო, მოეფერო და ჩაუნერგო სიყვარული, დაბადების შემდეგ კი დაანახვო ცხოვრებისადმი ოპტიმიზმი, სიკეთის რწმენა...
ეს ალბათ იმისთვის, რომ შემდეგ ცხოვრების სირთულეებს ადვილად გაუმკლავდეს. მანანა კოზაკოვას არაჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, სწორედ ისეთი, როგორსაც ნებისმიერი ინატრებდა. მასში იმდენი სითბო და სიყვარული ჩადეს მშობლებმა, ბებიამ...
მანანას სწორედ ბებიის სახელი ჰქვია, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა. ის ხელოვანი არ ყოფილა, თუმცა თეატრი სწორედ ბებიამ შეაყვარა. ექიმი იყო, მეანი და იმ დროისთვის საკმაოდ მოუცლელი, ე.წ საქმიანი ქალი, თუმცა არასდროს არაფრის გამო არ გაიტეხდა პირს- თუ საყვარელ შვილიშვილს შეჰპირდებოდა ამა თუ იმ სპექტაკლზე წაყვანას, ყველა საქმე მეორეხარისხოვანი ხდებოდა.
ბებია ყოველთვის ფორმაში იყო, მოწესრიგებული, სწორედ ისეთი, როგორიც ყველა ქალი ყოველთვის უნდა იყოს...
ახსოვს, ერთხელ ბებიას სახლში საყურე დარჩა, მან კი არ დაიზარა, მიბრუნდა, უშუქობისგან ჩაბნელებული 12 სართული აიარა და უსამკაულოდ მაინც არ წავიდა. დედა...
ამ სიტყვაში მანანა კოზაკოვასთვის დღესაც ბევრი რამ ეტევა- მშობელიც, მეგობარიც, მესაიდუმლეც... დედა მას საკმაოდ მკაცრად ზრდიდა, მიუხედავად ამისა, მათ ყოველთვის თანასწორუფლებიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, ასეა დღემდე...
მშობლების დაშორება ყველა ბავშვისთვის ტრავმაა, ეს ის მომენტია, როდესაც ძალიან ხშირად მშობლები სერიოზულ შეცდომას უშვებენ. გააჩნია, ამ მისთვის ტრაგიკულ ამბავს როგორ მიაწვდი ბავშვს, ამ მხრივაც დედამ მანანასთვის ყველაფერი შეძლო და ეს ამბავი მინიმალური სტრესის ფონზე მოხდა.
არც ერთხელ არ ახსენდება რომელიმე მშობელს მეორეზე რაიმე ცუდად ეთქვა. მამას უფრო იშვიათად ნახულობდა, რადგან ბატონი მიხეილი რუსეთში ცხოვრობდა, ხოლო მანანა დედასთან და ბებიასთან ერთად აქ იზრდებოდა.
მანანას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და-ძმებთან, ყოველთვის, როდესაც მათთან სტუმრად ჩადის, ეს ფაქტი ორივე მხრიდან დიდი სიხარულის მიზეზი ხდება. ეს ყველაფერი კი მშობლების დამსახურებაა, რისთვისაც მანანა მათი მადლიერი იქნება მუდამ...
ბავშვურად უცნაური ბავშვობა
საბჭოური კანონის მიხედვით მაშინდელი სახლი მოსკოვში გადაიცვალა სახლზე თბილისში, იმისთვის, რომ მანანას აქ ეცხოვრა. თბილისში ე.წ "ხრუშჩოვის" სახლში გადმოვიდნენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იყო სამხედროთა სახლები, სადაც ბინა პატარა მანანამაც დაიდო.
გარემო ცოტა რუსული იყო, თითქმის არ ჰყავდათ მუდმივი მეზობლები, რადგან სამხედროები ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, ამიტომ ამ სახლების ბინადრებიც მუდმივად იცვლებოდნენ. ერთ გარემოში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, უზბეკები, ქართველები და სწორედ ამ გაუგებრობაში მოხვდნენ მანანა კოზაკოვა და დედამისი.
ჯარისკაცის ცოლები დილას ადრე დგებოდნენ და ვარჯიშობდნენ, ფანჯრიდან 7-8-ჯერაც თუ გაიხედავდით, დაინახავდით, როგორ ასრულებდნენ კოლექტიურად დილის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს. ამას გარდა, ზრუნავდნენ ეზოს გალამაზებაზე, რგავდნენ ყვავილებს და აქტიურად ატარებდნენ დროს.
სულ იყო ლაპარაკი და ჩივილი იმაზე, რომ მანანას დედა საკმაოდ პასიურია, არც საღამოს და არც დილას არ ვარჯიშობს, არც შაბათობაზე გამოდის სამუშაოდ. მანანას კი ბავშვები ეუბნებოდნენ, რომ რადგან დედამისს არ უმუშავია იქ, მას არ ჰქონდა ეზოში თამაშის უფლება...
ამ ყველაფრის გამო, ბავშვობამ, ინტერნაციონალურმა გარემომ, საოცარმა ეზომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
მანანა ბუნებით კოსმოპოლიტად ჩამოყალიბდა და თვლის, რომ არ არსებობს ცუდი ან კარგი ერი, ყველას აქვს თავისი დამახასიათებელი და საინტერესო ისტორია, წეს-ჩვეულებები. ნამყოფია იეზიდების ქორწილში, როდესაც ნახა, სტუმრები როგორ და რა გამეტებით ესროდნენ პატარძალს ვაშლებს, ცოტა ეუცნაურა, მაგრამ მიხვდა – ეს მათი ტრადიციაა, რასაც უფრთხილდებიან.
ნახა, როგორ მზადდება უკრაინულ ოჯახში მათი ტრადიციული კერძი ლორით და როგორ იკრიბება მთელი ოჯახი, ესეც ხომ რიტუალია...
აღდგომას კვერცხს ღებავდა, თუმცა სხვა ოჯახების კვერცხები უფრო ლამაზი იყო, რადგან ისინი ღებავდნენ მწვანედ, წითლად და ათასნაირად ხატავდნენ.
პატარა მანანას გული წყდებოდა და ვერაფრით ხვდებოდა, რატომ ღებავდა დედა მხოლოდ ენდროთი, მოგვიანებით მიხვდა, რომ სამწუხაროდ მაშინ რწმენის გარეშე ცხოვრობდნენ... ასეთ გარემოში გაზრდამ მანანა ჩამოაყალიბა გულწრფელ ადამიანად.
სკოლა...
სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საირმეზე, მათი ჯგუფი მართლაც რომ ექსპერიმენტული და საბჭოთა კავშირისთვის ცოტა მიუღებელიც კი იყო.
მაშინდელი სწავლის მეთოდი რაღაცით ჰგავს ახლანდელს, კლასში იყვნენ სულ თორმეტნი, ყოველი მათგანი ყოველდღიურად მობილიზებული იყო, იცოდნენ, რომ მათი ცოდნა აუცილებლად შემოწმდებოდა, არ იწერებოდა ნიშანი, წახალისებისთვის აძლევდნენ ვარსკვლავებს, ფრიადის ნაცვლად უწერდნენ "ყოჩაღ", ჰქონდათ ჭადრაკის გაკვეთილები, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონები უტარებდნენ, გახანგრძლივებულიც კი უფრო შემოქმედებითი იყო, ასწავლიდნენ თოჯინების თეატრის ხელოვნებას...
ასე, იმ დროისთვის უჩვეულოდ სწავლობდა მეოთხე კლასის ჩათვლით. სამწუხაროდ, ეს ექსპერიმენტი ბოლომდე ვერ განხორციელდა და ოთხი წლის შემდეგ შეუერთდნენ ჩვეულებრივ კლასს.
ეს მანანამ მტკივნეულად აღიქვა, უცებ მოხვდა კლასში, სადაც 30 მოსწავლე იყო, ხან მოასწრებდა მასწავლებელი გამოკითხვას, ხან- არა. ეჩვენებოდა, რომ მოხვდა დიდ ფაბრიკაში, სადაც ბავშვებს ერთსა და იმავე თარგზე ჭრიდნენ და ამუშავებდნენ.
ნელ-ნელა ამასაც შეეჩვია, ჩვეულებრივი კლასის ჩვეულებრივი მოსწავლეც კი გახდა. მაშინ სიმკაცრე იყო- თუ ბავშვი გაკვეთილს გააცდენდა, არსებობდა რეიდი: ბავშვს ქუჩაში თუ დაიჭერდნენ, აუცილებლად "ცუდი ბედი" ელოდა.
პირველად, როდესაც "შატალოზე" წავიდა და გაკვეთილები გააცდინა, იმდენად ეშინოდა, რომ არ დაეჭირათ, მთელი დღე მეტროში გაატარა.
ყველა გამვლელში კონტროლიორს ეძებდა და ეგონა, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ. როდესაც სახლში წასვლის დრო მოვიდა, მხოლოდ მაშინღა ამოვიდა მეტროსადგურიდან. სკოლაში უფრო ჰუმანიტარული საგნები მოსწონდა, სწავლის სიყვარულით არ გამოირჩეოდა, უფრო ლიტერატურას კითხულობდა და განათლებას სხვანაირად იღებდა.
ოჯახში აუცილებლად ყიდულობდნენ ჟურნალ "საზღვარგარეთის ლიტერატურას", იქ რუსებს ზოგჯერ საინტერესო ნაწარმოები გაეპარებოდათ ხოლმე, მაგალითად ზიუსკინდის "პარფიუმერი" სწორედ ამ ჟურნალში წაიკითხა და კარგა ხანს შთაბეჭდილების ქვეშ იყო...
ასე გაიარა სკოლის პერიოდმა, საინტერესოდ და ცოტა ბავშვურადაც...
მე მსახიობი ვიქნები?!
როგორც კი წამოიზარდა, ყველა ეუბნებოდა: "რა თქმა უნდა, შენ იქნები მსახიობი", მის გარშემო სხვა აზრს არავინ უშვებდა. ბავშვობიდან მართლაც იტაცებდა მსახიობობა, დგამდა კიდეც სპექტაკლებს, თამაშობდა.
იმ აზრით იზრდებოდა, რომ მსახიობი უნდა გამოსულიყო. უკვე წამოზრდილს, როცა პროფესია უნდა აერჩია, პროტესტი გაუჩნდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ჟურნალისტობა სურდა. კარგად წერდა, კალამი და გონებაც უჭრიდა და ამიტომ გადაწყვიტა ჟურნალისტობა.
გოგი მარგველაშვილი ოჯახის ახლობელია, ერთხელ მათთან სტუმრად მივიდა და უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: "ხომ არ ატყუებ საკუთარ თავს, ხომ არ გეჩვენება, რომ მსახიობობა გინდა, მაგრამ პროტესტის გამო შენს თავს არ უტყდები".
ბატონმა გოგიმ დინჯად გაუზიარა საკუთარი აზრი იმის შესახებ, რაც მანანამ ისედაც იცოდა. ის ღამე, ახსოვს, თეთრად გაატარა, ბოლოს მოიკრიბა ძალა და აღიარა, რომ მართლაც მთელი ცხოვრება უნდოდა მსახიობობა. გამოცდებამდე 3 თვით ადრე გადაწყვიტა და ჩააბარა კიდეც თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლევან მირცხულავას ჯგუფში მოხვდა, მასთან ერთად სწავლობდნენ: დათო დარჩია, ზალიკო ჩიქობავა, ნიკო გომელაური... არაჩვეულებრივი დრო იყო. სტუდენტობა, პირველი შეხება სცენასთან, რაღაც სხვა სამყაროა თითქოს...
ახსოვს სარკეებიანი ბუფეტი, რომელსაც კაკოს ბუფეტს ეძახდნენ, დილიდან საღამომდე ლექციები, რეპეტიციები. პრაქტიკულად თეატრალურში ცხოვრობდა 4 წელი, დილას სახლიდან გასული ბევრჯერ შუაღამეს მოსულა, თუმცა ეს სიამოვნებდა, მოსწონდა და უხაროდა კიდეც.
ახსოვს პირველი ეტიუდი, სასწავლო სცენა, სადაც საკურსო სპექტაკლში თამაშობ, სადაც იყიდება ბილეთები და მაყურებელი ჩვეულებრივად მოდის. სამწუხაროდ, მის სტუდენტობას დაემთხვა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, რუსთაველზე მოშიმშილეები ისხდნენ, თუმცა მაინც დადიოდა ლექციებზე, მაინც მუშაობდა საკუთარ თავზე.
ახერხებდნენ და მაინც დგამდნენ- ალბათ პროფესიის სიყვარულის, ახალგაზრდული სისხლისა და მომავლის რწმენის გამო.
პირველი სერიოზული ნაბიჯები პროფესიაში საკურსო სპექტაკლში თამაშისას გადადგა.
მესამე კურსზე ფოფოდიას თამაშობდა, სახასიათო პერსონაჟის როლი ერგო. ახლა რომ იხსენებს პირველ ემოციას, ეღიმება. ყველას ყველაფერი კარგად ჰქონდა გააზრებული, აწყობილი, დადგმული.
ამის მიუხედავად, ახსოვს, სცენაზე გასვლისას ყველაფერს აკონტროლებდა, იცოდა, ხელები სად წაეღო, ტექსტი დაიზეპირა, სახეზეც მღელვარება არ ეტყობოდა, მაგრამ აი, ფეხები...
ისე უკანკალებდა, რომ შეეშინდა, არ წაქცეულიყო და მოულოდნელად დაჯდა. გრძნობდა, რომ ეს ნამდვილად ეიფორია იყო- მოვლენების ნახევარს ხედავ, ნახევარი კი სადღაც ხდება, თითქოს სხვა რეალობაში, ბუნდოვანში... მერე მიხვდა, რომ სწორედ ეს ადრენალინი და საოცარი შეგრძნებებია, რისთვისაც გიყვარს პროფესია. ყოველი სპექტაკლი საოცრებაა სცენაზე და მსახიობი ამ საოცრების უშუალო მონაწილეა...
რეჟისორულ-მსახიობური შეუღლება
როგორც თავად ცხოვრებაა მრავალფეროვანი, ისეთივეა მსახიობისა და რეჟისორის ოჯახური თანაცხოვრებაც. ხშირად არის მომენტი, როდესაც ფიქრობს, რომ მეტი აღარ შეუძლია, ზოგჯერ ფიქრობს, ასე რომ არ მომხდარიყო, რა ეშველებოდა.
რეჟისორის ცოლობა კიდევ ცალკე პროფესიაა, საკმაოდ რთულიც... მათ ერთმანეთის სიყვარულის გარდა, თეატრის სიყვარულიც აერთიანებთ და ეს კარგია. მანანას არასდროს აინტერესებდა სულელ მამაკაცთან ურთიერთობა, სულ რამდენიმე საათში ასეთებთან ურთიერთობა მოსაწყენი და მომაბეზრებელი ხდებოდა.
ჭოლას შეხვდა და მიხვდა: ისინი ერთ ენაზე საუბრობდნენ, მასთან ერთად საინტერესო იყო. ბევრი არც უფიქრია და უფრო ინტუიციას გაჰყვა.
ალბათ მაშინდელი სიტუაციის, ომისა და დანგრეული თბილისის გამო მათ არ ჰქონიათ შეყვარებულობის პერიოდი, სეირნობა და რომანტიკული გარემო მზის ჩასვლისას.
გადაწყვეტილება ორივემ საკმაოდ მალე მიიღო, ერთ კვირაში ლევანმა მას ცოლობა სთხოვა და თანხმობაც უთხრეს. ურჩევდნენ, კარგად გაეცნო, დროც გასულიყო, თუმცა თვითონ გრძნობდა, რომ ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც ცხოვრების გატარება სურდა.
მას მერე მეჩვიდმეტე წელი დაიწყო და მანანა ბედნიერია საკუთარი გადაწყვეტილებითაც და იმ ცხოვრებითაც, რაც აქამდე განვლო.
ქალი, მსახიობი და აუცილებლად- დედა
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მამაკაცები გვიან აღიქვამენ მამობას, ქალი კი ქვეცნობიერად ემზადება დედობისთვის.
განსხვავება ისაა, რომ როდესაც ქალი დედა ხდება, შვილით იწყება და მთავრდება მისთვის ყველაფერი. მანანას შემთხვევაშიც ასე იყო- შვილის მუცლად ყოფნისას და ახლაც, თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ისე უყვარს, ზრუნავს, ფიქრობს, ღელავს...
ძალიან საპასუხისმგებლოა შვილის აღზრდა, მანანას საკუთარი თავი ხშირად დაუჭერია იმაში, რომ რაღაცები დედისგან აიღო, სხვათა შორის ის რაღაცებიც, რაც თავის დროზე არ მოსწონდა. იცის, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა ქალიშვილთან მიდგომაში უფრო ტრადიციულია.
ფიქრობს, რომ მშობლის ვალია შვილს აუხსნას, რა არის ცუდი და რა კარგი, თუკი მშობელი თავიდანვე აჩვენებს ბავშვს, რომ ცუდს თავისუფლად ვუყურებ და ვიღებო, მაშინ მას, როდესაც შეცდომას დაუშვებს, არ ეცოდინება რა გააკეთა და რას უნდა ელოდოს მომავალში.
მომავალი? ალბათ იქნება ბებია, შვილიშვილზე მზრუნველი და მოსიყვარულე. იცის, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ღმერთმა ქნას, მიხვდეს, როდის მოვა დრო და ზუსტად მაშინ წამოვიდეს თეატრიდან. კიდევ?
კიდევ ბედნიერი იქნება იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მის გვერდით იქნებიან. ერთ დღესაც იქნებ კალამიც აიღოს და დაწეროს. მოსაყოლი კი ბევრია...
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი მიქანაძე