ნინო მუმლაძის საფირმო კერძის რეცეპტი, საახალწლო სუფრიდან "ორაგული შამპანურითა და ნაღებით" - Marao

ნინო მუმლაძის საფირმო კერძის რეცეპტი, საახალწლო სუფრიდან "ორაგული შამპანურითა და ნაღებით"

2018-01-11 10:47:36+04:00

ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია. საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს ტრადიციები, რომლებსაც ოჯახები ან ცალკეული ინდივიდები არასდროს ღალატობენ.
როგორც აღმოჩნდა, ნინო მუმლაძე ყოველ წელს ერთსა და იმავე გემრიელ კერძს ამზადებს სადღესასწაულო სუფრისთვის. მან თავისი ორაგულის რეცეპტი ჩვენც გაგვიზიარა.

- ვისთან ერთად შეხვდით 2018 წელს და როგორ ჩაიარა წლევანდელმა ახალი წლის დღესასწაულმა?

- ტრადიციულად, ვმუშაობდი ერთ-ერთ რესტორანში. შესაბამისად, შევხვდი ამ რესტორნის სტუმრებთან ერთად და 1-ელ იანვარსაც, ტრადიციულად, მთელი დღე მეძინა.

- ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე ახალი წელი, რომელიც განსაკუთრებული იყო თქვენთვის?

- რა გითხრათ აბა, ეგ არასდროს ყოფილა ჩემთვის გამორჩეული დღესასწაული, უფრო ფულის შოვნის საშუალებაა.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუის გჯეროდათ?

-2 წლის რომ ვიყავი, მამამ საგანგებოდ ჩაიცვა ფორმა და სადარბაზოში გავიდა, რომ ჩემთვის თოვლის ბაბუის როლი შეესრულებინა, მაგრამ მაშინვე ვიცანი ( იცინის). ამის მერე ოჯახი აღარ მატყუებდა.

- რომელიმე საახალწლო ფილმი გამორჩეულად ხომ არ გიყვართ?

- კი - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" და - "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2" ( იცინის).

- საახალწლო საჩუქრებზე რას იტყვით? ხომ არ გახსენდებათ გამორჩეული საჩუქარი, რომელიც მიგიღიათ ან თუნდაც სხვისთვის გიჩუქებიათ?

- კი, ოჯახის წევრები ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებით მივულოცოთ ახალი წელი. საერთოდ, საჩუქრები ძალიან მიყვარს, როგორც მათი მიღება, ასევე ჩუქებაც.

განსაკუთრებული საჩუქრები, რომელიც მახსენდება, ახალ წელს არ უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, საჩუქარი ფასით არ განისაზღვრება, ყიველთვის მიხარია, როდესაც გულით მჩუქნიან რამეს და მით უმეტეს, თუ ზუსტად ხვდებიან, რა გამახარებს იმ კონკრეტულ მომენტში.

- თავად რას აქცევთ საჩუქრის შერჩევის დროს ყურადღებას? რის მიხედვით არჩევთ საჩუქრებს?

- მეც ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო იმ ადამიანის სურვილები და გემოვნება, ვისთვისაც ვყიდულობ საჩუქარს.

- ოჯახში ნაძვის ხეს ვინ აწყობს?

- ძირითადად, დეიდაჩემი, თუმცა კორექტირება ყველას შეგვაქვს. ნაძვის ხის გარდა, ვცდილობთ, მთელი სახლი გავაფორმოთ საახალწლო განათებითა და აქსესუარებით. ყოველ წელს ვამატებთ რაღაცას.

- საახალწლო სუფრას რაც შეეხება, რომელ კერძს გამოარჩევდით?

- გოზინაყს, თუმცა  გარდა ტრადიციული კერძებისა, ყოველ წელს ვცდილობ, სუფრა გავამრავალფეროვნო. ჩემი ორაგული, შამპანურითა და ნაღებით მომზადებული ოჯახის ახალ ტრადიციად იქცა საახალწლო სუფრაზე.

- კერძებს თავად ამზადებთ?

- ერთად ვამზადებთ ოჯახის წევრები. ვისაც რა გამოგვდის, უკეთ იმის მიხედვით ვინაწილებთ.

- შეგიძლიათ თქვენი საფირმო ორაგულის რეცეპტი გაგვანდოთ?

- კი ბატონო, ძალიან მარტივია.

ორაგულის ლამაზ ნაჭრებს ვათავსებთ გახურებულ ტაფაზე და ვასხამთ შამპანურს ისე, რომ  თევზის ნახევარზე ოდნავ მეტი დაიფაროს.

ვთუშავთ ნელ ცეცხლზე. როცა შამპანურის დონე ოდნავ დაიკლებს, ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ ნაჭრები.

ალკოჰოლში საკმაოდ მალე რბილდება ხორცი. ამიტომ უნდა გავაკონტროლოთ, რომ არ დაიშალოს.

როდესაც შამპანური მთლიანად ამოდუღდება, უნდა დავასხათ მაღალპროცენტიანი ნაღები.

სასურველია 33%, მინიმუმ - 28%. დავაცადოთ წამოდუღება, ბოლოს მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

მერიემ კაკაურიძე