როგორები იქნებოდნენ ხანშიშესული „დისნეის“ პრინცესები 2018 წელს? - Marao

როგორები იქნებოდნენ ხანშიშესული „დისნეის“ პრინცესები 2018 წელს?

2018-01-25 13:06:05+04:00

„დისნეიმ“ უამრავ ადამიანს გაუფერადა ბავშვობა და აჩუქა დაუვიწყარი წუთები.

ამ საუკუნის ყველა გოგონას ერთხელ მაინც უფიქრია, "დისნეის" პრინცესა რომ ყოფილიყო, ნეტავ ბელი იქნებოდა, კონკია თუ პაკაჰონტასი. უამრავი სტატიაა შექმნილი "დისნეის" პრინცესებზე: "დისნეის რომელი პრინცესა იქნებოდი", "დისნეის რომელ პრინცესას ჰგავხარ ყველაზე მეტად" და ასე შემდეგ. მაგრამ იმაზე თუ გიფიქრიათ ოდესმე, როგორები იქნებოდნენ ახლა ჩვენი საყვარელი გმირები?

ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: - "ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად...". გასაგებია, რომ ბედნიერები იქნებოდნენ, მაგრამ საინტერესოა - კონკრეტულად როგორები გახდებოდნენ წლების შემდეგ. 2018 წელს არიელი ხომ აღარ იქნებოდა ისეთი მიმზიდველი, აღარც კონკია ივლიდა ბროლის ფეხსაცმლით და აღარც ჟასმინი ჩაიცვამდა სექსუალურ ტოპებს.

დაბერდებოდნენ და დაკარგავდნენ იმ შარმს, რომლითაც ოდესღაც პრინცების გულები მოინადირეს. თუმცა, "დისნეის" ზღაპრები გამორჩეული იმითაა, რომ ყველა მულტფილმში მთავარი გმირების სულიერ სილამაზეზე მკვეთრად არის ხაზი გასმული.

„მარაოს“ თეორიის თანახმად, აი, ასეთები იქნებოდნენ დღეს ჩვენი საყვარელი პრინცესები:

ბელი ერთგული, მეოჯახე, ძლიერი, საყვარელი ადამიანებისთვის ყველაფერზე წამსვლელი, ჯიუტი და შეუპოვარია. მიუხედავად ასეთი ხასიათის სიმტკიცისა და იმისა, რომ ბევრ მამაკაცზე უფრო ძლიერი და მამაცია, მაშინ, როდესაც ნამდვილი მამაკაცი იპოვა, ძალიან ქალური და ნაზი გახდა.

ის მეგობრული და თბილი ბებო იქნებოდა, რომელიც მუდმივად წიგნების კითხვითა და სიკეთის კეთებით იქნებოდა დაკავებული. შვილიშვილებს ლიტერატურისადმი სიყვარულს ჩაუნერგავდა. განსაკუთრებით კარგი მეგობარი იქნებოდა თინეიჯერი შვილიშვილისთვის, რომელსაც უჭირს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება, ან უბრალოდ, განსხვავებული ინტერესები აქვს და მშობლებს უჭირთ გაგება. ის იქნებოდა საყვარელი და მეგობრული ბებო, რომელთან ვიზიტიც ყოველთვის დიდ ბედნიერებას მიანიჭებდა შვილიშვილებს.

ჟასმინი თავნება, დამოუკიდებელი, პირდაპირი, სექსუალური და თავდაჯერებული პრინცესაა… მან ზუსტად იცის, რა უნდა და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზნებს. არავის წინააღმდეგ წასვლის არ ეშინია და უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის გააფთრებით იბრძვის. იგი იცავს თავის ქვეყანას, თავის ხალხს და თავის სიყვარულს. მან კარგად იცის, რა უნდა და მატერიალურ ფასეულობებზე მეტად, ადამიანში მის სულიერ და პიროვნულ თვისებებს აფასებს.

თმის გათეთრების შემდეგ ჟასმინი შეეცდებოდა მისი არსებობის გამრავალფეროვნებას და დაკავდებოდა იმით, რისთვისაც მთელი ცხოვრება დრო არ ჰყოფნიდა. ის იმოგზაურებდა, გაიჩენდა ახალ ჰობის, შეისწავლიდა რამე ახალს. შესაძლოა, შვილიშვილებიც კი გაეხადა მისი ცხოვრების აზრი, ესეც ხომ მიზეზია, არ იჯდე ერთ ადგილზე? სამართლიანი, ჯიუტი, ენერგიული, ახალგაზრდულად მოაზროვნე ბებია და მხიარული დედოფალი იქნებოდა. შვილიშვილებთან - მკაცრი, თუმცა შეეცდებოდა, მათი ინდივიდუალიზმი არ შეეზღუდა. "დისნეის" პრინცესები რომ ბერდებოდნენ, ჟასმინს თმა გაუთეთრდებოდა და კანი დაუჭკნებოდა, მაგრამ მეამბოხე ქალი, რომელიც ჟასმინში ცხოვრობს, არასოდეს დაბერდებოდა.

კონკია თითქოს უმწეო და საწყალი პრინცესაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მიზანდასახული და პრინციპული გახლავთ. იგი ძალიან მზრუნველია. კონკია, ასე ვთქვათ, პრინცესების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ყოველთვის სჯერათ, რომ როგორც პ. კოელიო იტყოდა: „როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო დაგეხმარება შენი ოცნების ასრულებაში.“

კონკიას სიყვარულითა და სიკეთით სავსე გული და მიმტევებელი ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ დიდხანს არ დაეტყობოდა ასაკი. საოცრად მზრუნველი და მეგობრული ბებო იქნებოდა, რომელიც შვილიშვილებთან ერთად ჭიქა ჩაის დასალევად ყოველთვის მონახავდა დროს. შვილიშვილებიც მოინუსხებოდნენ ბებიის ახალგაზრდული თავგადასავლებით. მომავალ თაობას ცხოველებისადმი და საერთოდ, ყველა ცოცხალი არსებისადმი სიყვარულს ჩაუნერგავდა. შვილიშვილებზე ისე იზრუნებდა, როგორც კრუხი თავის წიწილებზე. ასეთი ბებოს ხელში ბავშვები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობდნენ. სიბერეში ის ნათლიას დაემსგავსებოდა და შთამომავლების კეთილი ფერიის როლს მოირგებდა.

აურორა არის ლამაზი, ნაზი, თავაზიანი, მორცხვი, რომანტიკული პრინცესა, სასიამოვნო მანერებითა და სასიამოვნო ხმით. მისი სიმღერა ცხოველებსაც კი აჯადოებს. იგი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ და ხშირად მაშინაც კი უჯერებს სხვებს, როცა მათ არ ეთანხმება. შემდგომში ცოტა უფრო თავდაჯერებული და თამამიც ხდება, მაგრამ თუ არა აურორა, სხვა ვინ იწვებოდა და დაელოდებოდა პრინცის გამოჩენას?!

ალერსიანი, ჰარმონიული და საოცრად ლამაზი ბებო იქნებოდა, რომლის სავანეშიც სიმშვიდე იქნებოდა გამეფებული. საუკეთესო მსმენელი და მრჩეველი იქნებოდა შვილიშვილებისთვის, მათთან ერთად წაიკითხავდა უამრავ წიგნს და გამართავდა საინტერესო დისკუსიებს.

პაკაჰონტასი ურჩი, ძალიან მგრძნობიარე, ძლიერი და მამაცი პრინცესაა. ის თავისი არსებობით ამტკიცებს, რომ სუსტი სქესი არ არსებობს. მუდმივად ცდილობს, ადამიანების თანასწორობას გაუსვას ხაზი.

მკაცრი, ზოგჯერ დიქტატურობისკენ მიდრეკილი ბებო იქნებოდა. შესაძლოა, ბავშვებთან ურთიერთობაში ყოფილიყო მომთხოვნი და კრიტიკული, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათგან სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. ის შვილიშვილებს სამართლიანობას და მათზე სუსტი არსებების დაცვას მიაჩვევდა. ის აღტაცებული იქნებოდა კომპიუტერული ტქნოლოგიების განვითარების დონით. ხშირად გაუსვამდა ხაზს ადამიანების თანასწორობას და ამისთვის სოციალურ ქსელსაც გამოიყენებდა.

ფიფქია ძალიან ქალური, მშიშარა, სუსტი, დაუცველი, კეთილი, გულუბრყვილო და მიმნდობი პერსონაჟია. ამდენ უბედურებაგამოვლილს ჯერ კიდევ სჯერა ადამიანების სიკეთის და იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება სრულიად უანგაროდ გაჩუქოს ვაშლი. თანაც, მხოლოდ ფიფქია თუ გადაყვებოდა ასე ვინმეს. მთელი ღამე "ნაწანწალებმა" და საშინლად დაღლილმა, ვიღაც სრულიად უცნობ არსებებს ბუნაგი დაულაგა და საჭმელები გაუკეთა და წარმოგიდგენიათ, შვილიშვილებს როგორ მოუვლიდა?!

ის ძალიან მოსიყვარულე, თბილი და საოცრად მზრუნველი ბებო იქნებოდა. შესაშური ოსტატობით მოუყვებოდა შვილიშვილებს საოცარ ზღაპრებს. ხშირად ზედმეტად რბილი და დამყოლი იქნებოდა. ფიფქიასთვის ბებიის "როლი" შეუცვლელი და უნიკალურია. ის ძალიან ლოიალური აღმზრდელი იქნებოდა. შვილიშვილები მას გააღმერთებდნენ და მის სახლში ყოველთვის ეგულებათ მყუდრო თავშესაფარი.

არიელი მხიარული, სოციალური, თავისუფლებისმოყვარე არსებაა. ერთი სული აქვს, როდის გაიზრდება და როდის ექნება უფლება, თავის ჭკუაზე იაროს, რომელი ჭკუითაც სულ ათას შარში ეხვევა. ჰყავს ბევრი მეგობარი და ძალიან ზრუნავს მათზე. ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ ძალიან მსუბუქი ტიპია, მაგრამ ის საშინლად ჯიუტია. თითქოს სიყვარულის გარდა ყველაფერზე ფიქრობს, მაგრამ როცა შეუყვარდა, აღმოჩნდა, რომ იდეალისტია. იგი მეამბოხეა და რევოლუციონერი, დამოუკიდებელი და თავისი იდეალებისთვის ყველაფერზე წამსვლელი.

მეგობრული, მხიარული და საოცრად კრეატიული ბებო იქნებოდა. მასთან შვილიშვილები შეძლებდნენ მიეყვანათ მთელი კლასი სტუმრად და მშვენივრად გაერთობოდა ახალგაზრდებთან ერთად წვეულებაზე. არიელი ბებო სიამოვნებით გაუმასპინძლდებოდა შვილიშვილის სტუმრებს და აქტიურად გაუბამდა მათ პოლემიკას სხვადასხვა საჭირბოროტო თემაზე.

მერიემ კაკაურიძე