32 წლის ირაკლი ჩხიკვიშვილი "ჩცდ"-დან ზურაშას როლით გაიცნო მაყურებელმა. როგორც აღმოჩნდა, ირაკლი პროფესიით მსახიობი არაა და თურმე, "ჩემი ცოლის დაქალების" გარდა, არსად უთამაშია.
მას, როგორც თავად ამბობს, ბევრი საერთო აქვს თავის პერსონაჟთან. ირაკლი ჩხიკვიშვილი ახალი რუბრიკის, ALTER EGO-ს პირველი სტუმარია. ის გვესაუბრა თავის ფობიებზე, ქალებზე, ინტერესებზე, ჰობიზე, მსოფლმხედველობასა და რომანზე, რომელსაც მალე გამოაქვეყნებს.
- პროფესიით მსახიობი ხარ?
- არა, მსახიობობას არ ჩამოუვლია ჩემკენ (იცინის). სერიალში ანა ჩირაძისგან მოვხვდი. ეძებდნენ შავლეგოს მეგობარს და "ჩიკამ" დამირეკა. თავიდან პატარა სცენა უნდა ყოფილიყო, მერე ისე მოხდა, რომ დავრჩი.
- სხვაგან არასდროს გითამაშია?
- არასდროს.
- ქალის დანახვისას, პირველ რიგში, რას აქცევ ყურადღებას?
- გაცნობამდე, ჩაცმის სტილს, ალბათ.
- შენს ჩაცმულობაზე რას იტყვი, ჰგავს შენი იმიჯი "ზურაშას" სტილს?
- ჩემი ტანსაცმლით დავდივარ გადაღებებზე. შესაბამისად, კი.
- როგორი გოგონები არ მოგწონს?
- ყველანაირი გოგო შეიძლება მომეწონოს.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში "ჩცდ"-ის შემდეგ?
- არაფერი, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ "ზურაშა" შემერქვა (იცინის).
- გოგონები არ აქტიურობენ?
- სიმართლე გითხრა, პასიურობას არც მანამდე ვუჩიოდი გოგონების მხრიდან. ასე რომ, ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, სერიალის შემდეგ უფრო პატარა გოგონები გააქტიურდნენ, თინეიჯერები.
- თავისუფალ დროს რას აკეთებ? ჰობი გაქვს?
- ძალიან ბევრი ჰობი მაქვს: ვწერ, სპორტი, თხილამურები... ახლა ვამთავრებ რომანის წერას.
- რაზეა რომანი? სახელი უკვე შერჩეული გაქვს?
- ცხოვრებისეულია, 90-იანებში გაზრდილ ბიჭზეა, რომელსაც მამას მოუკლავენ და შურისძიებაზე ფიქრით იზრდება...
"ბრაილის შრიფტით" ჰქვია.
- გაქვს ფობია?
- ფრენის შიში მაქვს და ამის გამო ხშირად უარის თქმა მიწევს საქმიან გასვლებზე. სიმართლე გითხრა, სიმაღლის შიში არ მაქვს, ხილიანზე გავიზარდე მეთექვსმეტე სართულზე და ალბათ, მიჩვეული ვარ. ზოგადად, ძალიან მიყვარს ექსტრემი, სიჩქარე... ხშირად მაღალი სიჩქარით ვატარებ მანქანას, მაგრამ მაქვს ისეთი რაღაცების შიში, რასაც მე ვერ ვმართავ.
- რაიმე მავნე ჩვევა ხომ არ გაქვს, რომელსაც ვერ გადაეჩვიე? "წიკს" რომ ეძახიან...
- „წიკი“ არ მაქვს (იცინის). რაც შეეხება მავნე ჩვევას... კი, მავნე ჩვევები მაქვს, თუნდაც სიგარეტის მოწევა.
- ხომ არ შეგიძლია ისეთი სიზმრის მოყოლა, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?
- სიზმრებს ძალიან ბევრს ვხედავ და თითქმის ყველა მახსოვს, ყოველთვის კარგი სიზმრები მესიზმრება.
- ალტერნატიულ სამყაროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს, როგორს აირჩევდი?
- იმდენად მომწონს ჩემი ცხოვრება, იმავეს ავირჩევდი.
- რომ გქონდეს არჩევანი, წარსულში მოგზაურობას აირჩევდი თუ მომავალში?
- ალბათ, უფრო წარსულში ვიმოგზაურებდი, იმიტომ, რომ მომავლის შექმნაზე ჯერ კიდევ ვზრუნავ.
- წარსულში, კონკრეტულად რომელ ეპოქას აირჩევდი?
- დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში, პირატების პერიოდში, გემიდან არ ჩამოვიდოდი. ალბათ, ვიქნებოდი შტურმანი. ვფიქრობ, პირატებში კაპიტნობა საინტერესო არ იქნებოდა.
- ძილის წინ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
- ამის დრო დიდად არ მრჩება, მით უმეტეს, ძალიან ცოტა მძინავს. ვცდილობ, ძილის წინ არ ვიფიქრო, თორემ მერე ფიქრები აღარ მაძინებს.
- დილით ადრე გაღვიძება გიჭირს?
- ძალიან...
- შეგიძლია გაიხსენო საშიში ისტორია, რომელიც გადაგხდენია?
- ბევრი გადამხდენია, არ ვიცი, რომელი უნდა მოგიყვეთ. ვფიქრობ, 90-იანებში ყველას გადახდენია საშიში ისტორია.
- მოჩვენებების გჯერა?
- კი, მჯერა. არ ვიცი, როგორ, რატომ, მაგრამ რაღაცნაირად მჯერა და მგონია, რომ პარალელური სამყარო არსებობს. ეზოთერიკით ვარ ცოტა გატაცებული და მჯერა, მეტიც, დარწმუნებული ვარ.
- სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე რას ფიქრობ?
- აუცილებლად არსებობს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე, რეინკარნაციისაც მჯერა. ვფიქრობ, სიკვდილის შემდეგ თავიდან იბადები, თუმცა გარდაცვალებასა და თავიდან დაბადებას შორის, ალბათ, არსებობს "ზეციური სასამართლო", რაღაც კოსმიური. მე ასე არ წარმომიდგენია, რომ ღმერთთან ადიხარ და ის განგსჯის... რასაც დასთეს ცხოვრებაში, იმავეს იმკი მომავალ ცხოვრებაში.
- როგორ ფიქრობ, წინა ცხოვრებაში ვინ იყავი?
- რამდენიმე ვიყავი ალბათ, მაგრამ ყველაზე ბოლოს ალბათ ვიყავი გურული და ისევ ფირალი, მეგრულად - აბრაგი.
- როგორ ფიქრობ, ქალი იქნებოდი ოდესმე?
- არასდროს...
- დეჟავუს როგორ ახსნიდი? ხომ არ ფიქრობ, რომ წინა ცხოვრებასთანაა კავშირში?
- არა, არ მგონია, რომ დეჟავუ წინა ცხოვრებასთანაა კავშირში. დეჟავუ? ეს ალბათ უფრო ბედისწერასთანაა კავშირში. მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი ბედი. ვფიქრობ, დეჟავუ სწორედ ის მომენტი შეიძლება იყოს, რომელშიც შეგიძლია გააკეთო არჩევანი, შეცვლი განგებას თუ მიჰყვები ბედისწერას.
- ღმერთი როგორია შენს წარმოდგენაში?
- დიდი არქიტექტორი.
- აქვს ფორმა თუ აბსრაქციასთან, რაღაც ენერგიასთან ასოცირდება შენთვის ის?
- ენერგიაა, რა თქმა უნდა.
- შენი ჯოჯოხეთი და სამოთხე როგორი წარმოგიდგენია?
- წარმომიდგენია, თუმცა ჯოჯოხეთისა და სამოთხის არ მჯერა. სამოთხეში ალბათ ბევრი ლამაზი გოგონა დადის და გიღიმის, ჯოჯოხეთში - არიან და არ გიღიმიან.
- დაასახელე სამი ნივთი, რომელსაც წაიღებდი უკაცრიელ კუნძულზე...
- ფურცლებისა და კალმის ერთ კონპლექტად დასახელება თუ შეიძლება, პირველი ეს იქნებოდა... კიდევ, რევოლვერს წავიღებდი ტყვიებთან ერთად კომპლექტად და მზის სათვალეს წავიღებდი.
- ზებუნებრივი ძალის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევდი?
- არ მიფიქრია ამაზე.... გემოვნებას შევუცვლიდი ადამიანებს, აღმოვფხვრიდი სიქაჯეს ხალხიდან.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ან ფილმის გმირთან ერთად ივახშმებდი?
- სიამოვნებით ვივახშმებდი ფილმში "catch me if you can" დიკაპრიო ვის როლსაც ასრულებს, იმ პერსონაჟთან და ლიტერატურული პერსონაჟი... ბევრზე მიფიქრია, თუმცა სიამოვნებით ვივახშმებდი არჩიბალდ მეყეშთან.
- ქალის იდეალი არ გყავს?
- არა, ასეთი არავინაა. ყველა ქალში არის რაღაც, უნიკალური.
- რომელიმე ვიზუალური მახასიათებლის მიხედვით ხომ არ გამოარჩევ ქალებს? მაგალითად, ქერები ან შავგვრემნები ხომ არ მოგწონს?
- შარმი უნდა ჰქონდეს და ქერები უფრო ნაკლებად მომწონს, შავგვრემნები უფრო მხიბლავს. ჟღალთმიანებიც საკმაოდ შარმიანები არიან...
- ბავშვობის საყვარელი თამაში შეგიძლია გაიხსენო?
- არა, ძირითადად "დიდურ" თამაშებს ვთამაშობდი. ბავშვური თამაშების მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ.
- აზარტული ხარ?
- აზარტული კი, ძალიან. ბავშვობაშიც უფრო კარტს ვთამაშობდი, ვიდრე დაჭერობანას... ორდროშობანა და წრეში ბურთი ნამდვილად არ მითამაშია.
- სიკვდილის გეშინია?
- მართალია, რეინკარნაციის მჯერა, მაგრამ სიკვდილის მაინც მეშინია. ბოლომდე დარწმუნებული ხომ არ ვარ, რომ თავიდან დავიბადები. რომ გითხრა, სიკვდილის არ მეშინია-მეთქი, ტყუილი იქნება. სიცოცხლის მოყვარული ვარ.
- შენთვის რა არის სიკვდილი?
- სიკვდილი თავიდან დაბადებაა, მაგრამ ადამიანებს, განსაკუთრებით, ქართველებს, სიახლეების გვეშინია. ჩემი სიკვდილის ჩემ გამო არ მეშინია, ეს ალბათ უფრო იმიტომ მაშინებს, რომ ვღელავ ჩემს ახლობლებზე, რომლებიც ამას განიცდიან.
- წარმოიდგინე, რომ შენ წინ არის ორი გზა, ერთი ბნელი და მეორე საეჭვოდ განათებული. რომელს აირჩევდი?
- საეჭვო სინათლეს ავირჩევდი, დავინტრიგდებოდი და ცნობისმოყვარეობა იქით მიბიძგებდა, საითაც საეჭვოდაა საქმე.
- ბავშვობაში რაიმე განსხვავებული წარმოდგენა გქონია?
- სხვათა შორის, არა. თავიდანვე გაცნობიერებული ვიყავი ყველაფერში.
- როგორ ფიქრობ, რატომ მოევლინე სამყაროს, გაქვს რაიმე მისია?
- ტყუილად არავინ ევლინება სამყაროს, თუმცა რთულია იმის გააზრება და შეგნება, რისთვის ხარ მოსული. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. მთავარი რა არის ამ ცხოვრებაში, რატომ ვცხოვრობთ, ამას სიკვდილამდე ვერავინ მიხვდება.
- მონოგამი უფრო ხარ თუ პოლიგამი?
- ოქროს შუალედი მაქვს. ყოფილა შემთხვევა, ორიც მყვარებია და ძალიან მშურს მუსლიმების, ორცოლიანობა და სამცოლიანობა რომაა დაშვებული.
- შენს პერსონაჟს, "ზურაშას" რამეს ეტყოდი?
- მიახლოებით იმდენად ვგავართ მე და ეგ პერსონაჟი ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეში, ჯობია მკითხო, საკუთარ თავს რას ეტყოდიო (იცინის). საკუთარ თავს ძალიან ბევრ რამეს ვეუბნები, მარტო როცა ვრჩები, მხოლოდ მაშინ.
- მთა უფრო გიყვარს თუ ზღვა?
- ორივე ერთნაირად, თუმცა, თუ კომფორტულად ვარ, მთა უფრო მიყვარს. კარავით, ლაშქრობაში, სადაც სველი წერტილი არაა, თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ.
- შენზე ბევრად უფროს ან უმცროს ქალთან გქონია რომანტიკული ურთიერთობა?
- უფროსთან კი, ჩემზე პატარები არასდროს არ მიზიდავდნენ. ჩემზე პატარა არასდროს არ მყვარებია, თუმცა ახლა ისეთ ასაკში ვარ, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ცოლის მოყვანას ხომ არ გეგმავ?
- კანდიდატი არ მყავს შერჩეული, დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ ოდესმე, რა თქმა უნდა, მოვიყვან ცოლს.
მარიემ კაკაურიძე
P.S. დაელოდეთ შემდეგ სტუმარს, რუბრიკაში - ALTER EGO