დანიაში მოდის კვირეული Copenhagen fashion week იმართება. ჩვენებას საქართველოდან სოფო დიასამიძე ესწრება, რომელმაც მარაო.გე-ს განუცხადა, რომ კვირელი ECCO-ს ჩვენებით გაიხსნა, რომელმაც 2012-2013 წლების შემოდგომა ზამთრის სეზონის მოდელები წარმოადგინა.
მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციები Copenhagen Fur-ის ახალგაზრდა დიზაინერებმა- პერტა სიხარბიტმა და მორტენ უნდერბჯერგ ოლესენიმა წარმოადგინეს.
Copenhagen Fur-ის ჩვენებას ბრენდის დასახელებიდან ("დანიური ქურქი") გამომდინარე სკანდალი მოჰყვა. კერძოდ, ჩვენებაზე ბეწვეული იყო წარმოდგენილი, რამაც ცხოველთა დაცვის კომიტეტის საშინელი პროტესტი გამოიწვია. მათ შენობასთან, რომელშიც ჩვენება მიმდინარეობდა, აქცია მოაწყეს და დრამატული სცენებით სცადეს პროტესტის გამოხატვა. სკანდალად იქცა ისიც, რომ ჩვენებების დამსწრეთა დიდი ნაწილი სწორედ ბეწვის ქურთუკებში იყო გამოწყობილი.
ჩვენებაზე საინტერესო კოსტუმები წარადგინა დიზაინერმა სპონ დიოგომ. მის კოლექციაში შავი, თეთრი, წითელი და ხორცისფერი ჭარბობდა. გეომეტრიული ფორმები, სილუეტები, ტყავის მაისურები ხაზს უსვამდნენ მოდელის სიგამხდრეს, სინაზეს და ამავდროულად ანდროგენულობას.
რაც შეეხება სტინე ლადეფოგედს, მას წარმოდგენილი ჰქონდა მუქი, შიგადაშიგ ღია ფერების ნაქსოვი ნამუშევრები, მის კაშნეს დეკორატიული ელფერი დაჰკრავდა. აღსანიშნავია, ვარდის ფორმის მუხლსამშვენისები.
მოდის კვირეული კოპენჰაგენში ოფიციალურად 5 თებერვალს დასრულდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
გიორგი ბერიძე