იმ 14 თებერვლის შემდეგ როლები გავცვალეთ და ყვავილებით ხელში მე დავდივარ მასთან - Marao

იმ 14 თებერვლის შემდეგ როლები გავცვალეთ და ყვავილებით ხელში მე დავდივარ მასთან

2018-02-14 11:11:52+04:00

არ ვიცი, ვისთვის ვწერ ან რა მიზნით.
გულის სიღრმეში, ალბათ, ვალენტინობის მარტო შეხვედრას ვერ მივეჩვიე, მეშინია და მინდა ჩემი წერილით თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიხედო, გაგრძნობინოთ სიტყვების ძალა და შეგახსენოთ, თუ როგორ სჭირდებით საყვარელ მამაკაცს.

მე ეს დამავიწყდა. დამავიწყდა, რომ მისთვის მეპატიებინა არცთუ ისე დიდი დანაშაული. მას შემდეგ 7 წელი გავიდა და ახლა ვფიქრობ, იყო საერთოდ კი ეს დანაშაული? არა, დანაშაული ვერ იქნება ძლიერი სიყვარული, ვერც ის, რასაც ეს გრძნობა გაკეთებინებს. მაშინ ყველაფერს ზედაპირზე ვხედავდი, საკუთარ პრინციპებში გამოკეტილი ვიყავი და ღალატად ჩავთვალე, როცა მეგობარს სამსახურში ჩემი აყვანა სთხოვა.

თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. ვიფიქრე, რომ არ მენდობოდა, ჩემი არ სჯეროდა და ვეჩხუბე. მას არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი. ეს კიდევ უფრო მაცოფებდა, ნუთუ თავის მართლებასაც არ თვლიდა საჭიროდ? თითქმის ნახევარი დღე ვბუზღუნებდი, ის კი დუმდა. მერე სახლიდან გავიდა, ხმაურით ჩაირბინა კიბეები, სადარბაზოს შემოსასვლელთან გაჩერდა, სიგარეტს მოუკიდა და აჩქარებული ნაბიჯით გადაჭრა გზა. მისმა მახვილმა მზერამ დიდი სიჩქარით მომავალი "ნისანი" ვერ შეამჩნია, ვერც "ნისანმა" შეამჩნია საშუალო სიმაღლის, გამხდარი კაცი... 14 თებერვალი იყო, 14:20 სთ.

იმ დილით ყვავილები მომიტანა. იმ დილის შემდეგ ყოველ 14 თებერვალს როლებს ვცვლით და ყვავილებით ხელში მე მივდივარ მასთან.

P.S. მოგვწერეთ თქვენი ისტორიები მეილზე marao@marao.ge