რიტმული ხმა: ჩოგანი, ბურთი, ჩოგანი, ბურთი, ჩოგანი, ბურთი... გამარჯვების სურვილი, სიმწრის შეძახილი, დამარცხების სიმწარე და იმავე წამს მეორის გამარჯვების სიხარული.
თამაში ცხოვრებას ჰგავს- შენ იმარჯვებ, ის მარცხდება ან პირიქით... ვისთვის რა ჯობს, ვერ გაიგებ, ზოგჯერ დამარცხება სტიმულს გაძლევს, ზოგჯერ კი ისე განადგურებს, რომ აზრზე მოსასვლელად და თავიდან დასაწყებად დიდი დრო გჭირდება...
ცხოვრებაც თამაშია, უბრალოდ სპორტისგან განსხვავებით, წესების გარეშე, ამიტომ თავად უნდა შექმნა წესი. იმასაც კი ამბობენ, წესი იმიტომ იქმნება, მერე ვიღაცამ რომ დაარღვიოსო, კიდევ? კიდევ რას აღარ ამბობენ... ლეილა მესხი- ჩოგბურთელი, სპორტსმენი, ქალი, დედა...
ლეილა მესხის სახელის გაგონებისას ყველას თვალწინ ჩოგანი, ბურთი და კორტები წარმოუდგება. იგი დღეს მოხდენილად ზის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელში და სპორტული ცხოვრების პირველ ნაბიჯებს ღიმილით იხსენებს.
ლეილას დედა უკრაინელია, ამიტომ ბავშვობაში უკრაინაში, ბებიასთან სტუმრად ხშირად დადიოდა. მამა მის დაბადებამდე ამბობდა: თუ ბიჭი მეყოლება, აუცილებლად ფეხბურთელი გამოვა, ხოლო თუ ღმერთი ქალიშვილს მაჩუქებს, ჩოგბურთელი იქნებაო.
8 წლის ლეილა მამამ სპორტზე მიიყვანა. დღევანდელი გადასახედიდან ამბობს, რომ ბავშვობა ვერ შეიგრძნო, დღე და ღამე ვარჯიშობდა, სხვადასხვა ტურნირისთვის ემზადებოდა, განსხვავდებოდა თანატოლებისგან, ისინი ხომ ხან თეატრში დადიოდნენ, ხან კინოში და ხანაც ეზოში თამაშობდნენ, ის კი...
ლეილა მესხისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ზაფხულის არდადეგები იყო, მამას საქართველოში სოფელი არ ჰქონდა, ამიტომ მთელი ოჯახი უკრაინაში მიემგზავრებოდა.
ლეილას დედა საქართველოში გათხოვებამდე სასწრაფო დახმარების მთავარ ექიმად მუშაობდა, მამა კი სიგარეტის ქარხანაში ინჟინერი იყო. ეს ჩვეულებრივი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩანაფიქრი განხორციელებულიყო და ლეილა წარმატებული სპორტსმენი გამოსულიყო.
ლეილას მეხსიერებას ბავშვობიდან შემორჩა ქართულ-უკრაინული კერძების შეუდარებელი გემო. დები მესხები დედას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ და დიასახლისობასაც სწავლობდნენ. ახლა ბებია ლეილას შვილებს ანებივრებს გემრიელი კერძებითაც და ქართულ-უკრაინული სითბოთი...
კიდევ რა ახსოვს? ეღიმება, დედა უფრო მომთხოვნი იყო, ვიდრე მამა. თუ ლეილას დედა შვილებისგან დისციპლინას ითხოვდა და ამ საკითხში უკომპრომისო იყო, მამასთან "ჩაწყობა" შეიძლებოდა.
კარგად ახსოვს, უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებულები, თბილისში ჩამოსვლამდე აუცილებლად ჩერდებოდნენ გაგრაში და ზღვაზე ატარებდნენ არდადეგების დარჩენილ დღეებს.
არასდროს დაავიწყდება ემოცია, როდესაც პირველად მივიდა ჩოგბურთზე, შევიდა კორტზე და ჩოგანი ხელში აიღო, პირველი ვარჯიში... მოწესრიგებული მოსწავლე იყო, ვარჯიშს არასდროს აცდენდა და გულმოდგინედ ცდილობდა, წარმატების მისაღწევად ძალა არ დაეშურებინა.
ჰქონდა მიზანი და იცოდა, რომ მისკენ მიმავალი გზა გრძელი და ძნელი იქნებოდა, თუმცა უნდოდა პირველობაც, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც და ბოლოს და ბოლოს, ეს პრესტიჟის საქმეც იყო... მისი პირველი მწვრთნელი გურამ ჯოხაძე დღესაც წამყვანი სპეციალისტია, მისგან ბევრი რამ ისწავლა.
ბატონი გურამის შემდეგ ლეილამ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ბევრი მწვრთნელი გამოიცვალა. რუსულ სკოლაში დადიოდა, თანატოლებში პოპულარობით სარგებლობდა, რადგან მათგან გამორჩეული და ბევრად საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, რაც ძალიან სიამოვნებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენია, ყოველთვის ქალური იყო, ნაზი არსება, რომელსაც სიამოვნებს კომპლიმენტიც, ყურადღებაც და სითბოც...
ლეილა მესხის პირველი სერიოზული წარმატება საქართველოს ჩემპიონობა იყო, ჯერ მოზარდებში და შემდეგ უკვე დიდებში. აქედან დაიწყო გამარჯვებების სერია. მალე საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახდა, ევროპაში მეოთხე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით წყვილში- პირველ ადგილზე.
ეს გზა ძალიან რთული იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლება ხვდებოდა, რომლის გადალახვის შემდეგ თავს იჩენდა ახალი და უფრო სერიოზული სიძნელე. ახსოვს ბევრი ცრემლი, იმედგაცრუება, უსამართლობა... თუმცა ერთი წარმატება და მოგებული ტურნირი ყველაფერს გადაწონიდა და ისიც მზად იყო, სიძნელეები გადაელახა.
საბჭოთა კავშირის პერიოდში საუკეთესო უნდა ყოფილიყავი, თუნდაც იმისთვის, რომ ტურნირზე წასულიყავი. იმ დროს უპირატესობა რუსს ენიჭებოდა, თუ გაგიმართლებდა, საზღვარგარეთ რომელიმე შეჯიბრებაზე წახვიდოდი და წააგებდი, მწვრთნელი პირდაპირ გეუბნებოდა, სპორტს თავი დაანებეო.
ლეილას გაუმართლა, თუმცა წარმატებისთვის ბევრი იშრომა. მის სპორტულ ცხოვრებაში შედარებით საინტერესო ეტაპი საბჭოეთის დაშლის შემდეგ დაიწყო- შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით პირველად უნდა გამოსულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს ოცნებას ჰგავდა და ბედნიერი იყო, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, პირველ რიგში, ეს იყო ფინანსები. ასე იყო თუ ისე, ფული გამოიძებნა და მიზერული თანხით ლეილა დედასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.
კარგად ესმოდა, რომ, თუ იქ არაფერი გამოუვიდოდა, სახლში დაჯდომა და ალტერნატიული საქმიანობის ძებნა მოუწევდა. მობილიზებული სპორტსმენი მასშტაბური ტურნირის ფინალისტი გახდა და დიდი თანხაც მოიგო.
ზუსტად 15 წლის წინ ლეილამ ბოლო ტურნირიც მოიგო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორისაც მოხვდა. თამაშისთვის თავის დანებებას არც ფიქრობდა, მაგრამ ფეხის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა.
ექიმის დასკვნა ასეთი იყო: ვერ შეძლებ ჩოგბურთის თამაშს! ამან დედობაზე დააფიქრა. 7 წელი გახდა, რაც ოჯახი შექმნა და სპორტის გამო შვილის გაჩენაზე თავს იკავებდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და სპორტული პაუზის დროს პირველი შვილი- ლიზიკო ეყოლა.
ამის შემდეგ საქართველოში გლობალური პრივატიზაციის პერიოდი დადგა. ლეილა მესხმა გადაწყვიტა, შეეძინა ის სტადიონი, სადაც შეძლებდა ჩოგბურთს დაბრუნებოდა, არა სპორტსმენის, არამედ მმართველისა და ორგანიზატორის ამპლუაში.
ასე შეიქმნა ჩოგბურთის აკადემია. როდესაც მიღება გამოაცხადეს, ამბობდა, თუ 5 მსურველი მაინც მოვა, ეს უკვე წარმატებას ნიშნავსო. თავიდანვე 5-ზე გაცილებით მეტი მოვიდა...
10 წელია ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, ამბობს, რომ ამ პოზიციამდე მისვლამდე რთული გზა გაიარა და ბევრიც ინერვიულა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა პასუხისმგებლობას. დღეს საორგანიზაციო საქმეებში ისეა ჩაფლული, არ რჩება დრო, რომ ვარჯიშს დაესწროს, დამწყებ სპორტსმენს საკუთარი გამოცდილებიდან რჩევები მისცეს.
გარდა იმისა, რომ წარმატებული სპორტსმენი და საქმიანი ქალია, ორი შვილის დედაა, ქალი, რომელიც მუდამ ახერხებს ფორმაში ყოფნას...
შვილებთან ერთად ახალ სახლში გადავიდა- მოიწყო მყუდრო ადგილი, რომელსაც სითბოთი ავსებს და რომელსაც "ჩემი სახლი" ჰქვია. მთელი დღის განმავლობაში სამსახურშია- შეხვედრები, საზრუნავი, პრობლემა, რომელიც უმტკივნეულოდ უნდა მოაგვაროს.
ბავშვებსაც თავიანთი საქმე აქვთ: სწავლა, ვარჯიში... საღამოს კი იკრიბებიან და ბედნიერებიც არიან... ლიზიკო 14 წლისაა, გიორგი კი 11-ის გახდა. არადა, გუშინდელივით ახსოვს ის დღე, როდესაც დედა გახდა. ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა, დანარჩენი მეორეხარისხოვანი გახდა.
აღფრთოვანებას ვერ მალავდა, როდესაც ხელში პატარა ადამიანი, ლიზიკო ეჭირა. მას შემდეგ 14 წელი გავიდა. ახლა მას საინტერესო ასაკი აქვს, ბავშვობიდან გადადის იმ სამყაროში, სადაც ბევრი სიურპრიზი ელის.
დედა-შვილი მეგობრობენ, ლიზიკო ლეილას ყველაფერს უყვება, დედისგან რჩევებსაც იღებს და ითვალისწინებს კიდეც. გიორგის დედა ასე ახასიათებს: "ძალიან თბილი და ცელქი ბავშვია". სამსახურიდან დაბრუნებულს მის ეშმაკობებს უყვებიან, ზოგზე ეღიმება, ზოგზე ბრაზდება, ზოგს ვერც კი იჯერებს...
ორივე ვარჯიშობს და ჩოგბურთელობაზე ფიქრობს. ლეილა ცდილობს, შვილებს ის ყველაფერი ასწავლოს, რაც იცის, რათა მის მიერ დაწყებული საქმე მათ გააგრძელონ, ეს ხომ ცხოვრების კანონზომიერებაა...
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი მიქანაძე