დიდი ხანია, ინტერნეტსივრცეში არსებობს ვირტუალური თამაშები, რომლებშიც ხშირ შემთხვევაში ჩადებულია აგრესიული ქცევები, სისასტიკე, მკვლელობები, სხვადასხვა იარაღის გამოყენება. ამ თამაშებში მოზარდები საათობით დასდევენ მსხვერპლს დაჭრისა და მოკვლის მიზნით. ეს ყველაფერი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ბავშვის, განსაკუთრებით. მოზარდის ფსიქიკაზე, ზრდის აგრესიულობას.
უამრავი მაგალითი არსებობს, მათ შორის, საქართველოშიც, მოზარდთა დანაშაულებრივი ქმედებისა, როცა არასრულწლოვნები ძალიან იოლად იმეტებენ ერთმანეთს სასიკვდილოდ. აქ ვერ გამოვრიცხავთ ვირტუალური თამაშების გავლენას. საუბედუროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ინტერნეტსამყაროში უკვე ძალზე სახიფათო, ე.წ. სასიკვდილო თამაშები გაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი თამაში ცნობილია „ლურჯი ვეშაპის“ სახელწოდებით.
უკვე დადგენილია, რომ ის სუიციდური თამაშია - ეს არის დავალებები, რომლებიც კლავს! ბავშვებს სთავაზობენ 50-მდე სახიფათო დავალებას, მაგალითად, ხელზე ვეშაპის ამოკაწვრით დაწყებული, ვენების გადაჭრით დამთავრებული, ხოლო საბოლოო შედეგი სუიციდი ან თვითმკვლელობამდე მიყვანაა. თუ მოზარდი თავს არ იკლავს, სასიკვდილო თამაშის ორგანიზატორები მას ახლობელი ადამიანის განადგურებით ემუქრებიან. ამ თამაშს უკვე ათეულობით მსხვერპლი ჰყავს. მათი რაოდენობა კი დღითიდღე იზრდება. ფსიქოლოგებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკვე განგაშია ატეხილი. „ლურჯ ვეშაპში“ ჩართულნი არიან ბავშვები რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში და უკვე საქართველოშიც არის ტრაგიკული შემთხვევები.
როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ მათი ბავშვები ჩართულნი არიან სუიციდურ თამაშში?
იმისათვის, რომ ბავშვები ჩაერთონ თამაშ „ლურჯ ვეშაპში" ან კურატორისგან მიიღონ პირველი დავალება, სიკვდილის ერთ-ერთ ჯგუფში შემავალი მოზარდები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ან ჯგუფში პოსტავენ ე.წ. ჰეშთეგებს შემდეგი ტექსტით: “გამაღვიძე 4.20"-ზე ან „მინდა ჩავერთო თამაშში“, უფრო იშვიათად - "ველი დავალებას". სწორედ ასეთი თეგების არსებობა სოციალურ ქსელებში შეიძლება დაეხმაროს მშობლებს, მიხვდნენ, რომ მათი შვილები ძალიან საშიშ გზას დაადგნენ (ჰეშთეგი ეს არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ლინკად და შესაძლებელს ხდის მოძებნოს ამ ჰეშთეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით).
• მშობელმა უნდა გააკონტროლოს, რით არის დაკავებული შვილი ინტერნეტსივრცეში.
• მშობელმა უნდა დაიცვას ზომიერება, ე.წ. ოქროს შუალედი შვილთან ურთიერთობაში და არ არის საჭირო უკიდურესი ზომების მიღება.
• ყოველი აკრძალვა უკურეაქციას იწვევს, ზოგჯერ ზრდის კიდეც ცნობისმოყვარეობას აკრძალული საგნის მიმართ.
სასიკვდილო თამაშ „ლურჯი ვეშაპის“ ორგანიზატორები მოზარდების ჩათრევას მოხერხებულად ახდენენ იმის გამო, რომ კარგად იცნობენ გარდატეხის ასაკში (12-14 წელი) მოზარდების ფსიქოემოციურ თავისებურებებს. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია მოზარდთა ქცევაში არსებული ბევრი სირთულე, მათ შორის, ერთ-ერთი გავრცელებული ნიშან-თვისებაა სუიციდური ქცევები: სუიციდური აზრები, გადაწყვეტილებები, მუქარები, გამონათქვამები. ამას კარგად იყენებენ სპეციალურად განსწავლული ადამიანები და მიზანმიმართულად მიჰყავთ ბავშვები სიცოცხლის მოსპობისკენ. ახდენენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოუმწიფებელ ბავშვურ ფსიქიკაზე და არწმუნებენ მათ, რომ მხოლოდ სიკვდილი გაათავისუფლებს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისგან, სიკვდილის შემდეგ ხომ არაფერი არსებობს და დგება სასურველი თავისუფლება. ართმევენ ბავშვებს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაამარცხონ დეპრესია, მოერიონ ტკივილს. დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები წინააღმდეგობას ვერ უწევენ სასიკვდილო თამაშის კურატორებს. მათ აღარ სჯერათ, რომ არსებობს სიყვარული, არ სჯერათ, რომ შეძლებენ ტკივილის დამარცხებას, შიშობენ თავიანთი მშობლებისა და ახლობლების გამო, რომელთა განადგურებითაც მათ ემუქრებიან. ამიტომ ვერ ტოვებენ თამაშს და ირჩევენ სიკვდილს.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა დაიცვას ბავშვი „ლურჯი ვეშაპისაგან“?
უფროსების ამოცანაა. კრიზისულ პუბერტატულ (გარდატეხის ასაკში) პერიოდში იყვნენ შვილების გვერდით. როცა ისინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, არ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა. დაე, ისწავლონ ბავშვებმა თავიანთ შეცდომებზე.