ჯაჯოს ოხუნჯობებით გაბითურებული მაყურებელი - ვისზეა გათვლილი რუბრიკა? - Marao

ჯაჯოს ოხუნჯობებით გაბითურებული მაყურებელი - ვისზეა გათვლილი რუბრიკა?

2018-03-12 12:50:38+04:00

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს..."

ასე დავიწყებდი ბლოგის წერას, საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას - უმუშევრობას რომ ეხებოდეს, მაგრამ აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს და მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხს არ ვაპირებ.

მე მინდა ამ 63%-დან ერთ-ერთზე მოგიყვეთ, რომელიც ეს-ესაა გასაუბრებაზე დაიბარეს. სამსახურს დიდი ხანია ეძებს და გასაუბრებისთვის განსაკუთრებულად ემზადება, რჩევებს მეზობელი გუგულისგანაც იღებს და „გუგლისგანაც“. აღმოაჩინა, თუ „გუგლში“ ორ სიტყვას ჩაწერს: - "როგორ მოვიქცეთ", მესამე სიტყვას - "გასაუბრებაზე" თვითონ „გუგლი” შემოაშველებს, მერე „იუთუბსაც“ ჰკითხავს აზრს და ისიც ამავე თემაზე წამში უამრავ ვიდეოს "გაუშანშალებს".

როგორც ჩანს, ერთადერთი არაა, ვინც გასაუბრებას დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდება. ვიდეოები და სტატიები უკვე "დაამხეცა", მაგრამ ახლა, როცა გამსაუბრებლის კართან დგას, მაინც ღელავს. იქნებ საკმარისად კარგი არაა, იქნებ უფრო გამოცდილი კადრი სჭირდებათ, ან... მაგრამ არა, არ უნდა ინერვიულოს, ეს მისი შანსია, დაკარგვის უფლება აღარ აქვს, აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი სამსახური. ძალას იკრებს და ოთახში შედის. ცდილობს, იყოს პოზიტიური, ზომიერი, თავდაჯერებული... არაორდინარული დამსაქმებელი კი აბსურდულ კითხვებზე პასუხს დაჟინებით სთხოვს. ბოლოს კი ბედნიერი სახით ამცნობს, რომ სულ ტყუილად გამოუვლია ამხელა გზა, რადგან პოტენციურ სამსახურში კი არა, "ჯაჯოს ოხუნჯობანში" მოხვედრილა.

გადაცემა სიცილ-ხარხარით სრულდება, იმედგაცრუებული უმუშევარი კი ისევ შინ ბრუნდება. მეზობელ გუგულის ჯერ არ გაუგია, რა ტყუილად გაფლანგა რჩევები. მსხვერპლი თუ არა, ჯაჯანიძე მაინც მოუყვება დეტალებს. მან კი იცის, თუ როგორ ემზადებოდა ის დამსაქმებელთან შესახვედრად და ახლა ხედავს, როგორ ოსტატურად იყენებს ცნობადი სახე პრივილეგიებს და როგორ თამაშობს "მახეში გაბმული" უმუშევარი სტუმრით. ასე რომ, არც მას მოეჩვენება სასაცილოდ აბუჩად აგდებული მეზობლის დამსხვრეული იმედების ყურება და მაშინ ისმის კითხვა, ვისზეა გათვლილი ეს რუბრიკა, ვინ უნდა დასცინოს გასაუბრებაზე მისულს? დანარჩენმა უმუშევრებმა თუ მათ, ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად დღე და ღამე შრომობს? ან იქნებ ცნობადმა სახეებმა, მაგრამ ეჭვი მაქვს, თვითონაც ისეთივე გაუგებრობაში არიან, როგორც მე - მოწვეულთაგან ერთი "მახეში გაბმულს" დიდ ბოდიშებს უხდის, რაც ლოგიკურია, მეორე კი ღიმილიანი მადლობით შემოიფარგლება და წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გაუცრუა იმედი სტუმარს.

შეიძლება იუმორში მოვიკოჭლებ, ან სულაც ცალფეხა ვარ და ამიტომაც არ მესმის ამ რუბრიკის მისია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჯაჯანიძის შოუ არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა არ დახურულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავს მაყურებელი. ამიტომაც სწორედ ეს მაყურებელია დამნაშავე მის ავ-კარგობაში. დიახ, ჩვენი ბრალია, თუ გადაცემა არ მოგვწონს, მაინც ვუყურებთ და ამაში ფულს იღებენ. სირცხვილია ისიც, რომ სამჯერ გადავახვიე ეს ნაწილი. თუმცა მე ობიექტური მიზეზი მქონდა, მინდოდა, ერთხელ მაინც გამცინებოდა. სადმე. გამღიმებოდა მაინც. სულ ტყუილად.

მარიამ ელიაშვილი