კაცმა რომ თქვას, მოხიბვლის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში თუ ვინმეს ენიჭება, ეს თქვენ ყველაზე ნაკლებად ხართ.
შეიძლება ითქვას, იგი თავად ხიბლავს ქალებს უპირობოდ და ერთპიროვნულად. მამაკაცი მორიელი ერთი შეხედვით ჩუმი, სიტყვაძუნწი, მშვიდი და ცივი გონების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში, ასეა მანამ, სანამ იგი პოტენციური საკბილოს თვალთვალითა და შესწავლითაა დაკავებული. თქვენ შესაძლოა გეგონოთ, რომ მასში იოტისოდენა სიმპათიაც ვერ გამოიწვიეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გამოჩენამდე ნამდვილად არ უჩიოდით თაყვანისმცემლების ნაკლებობას. ვერაფერს იტყვი, ეს ქალურ თავმოყვარეობაზე გვარიანი დარტყმაა. თუმცა, სწორედ ამ სიხისტით, გულგრილობითა და რკინისებური ნებისყოფით გააღვივა მან თქვენში დაუძლეველი ინტერესი, ასე არ არის განა?
სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, ამ კაცს არასოდეს სჭირდება რევერანსების კეთება და შეყვარებულ მონად გადაქცევა, არც ერთი ქალის წინაშე. თუკი მისი ინტერესის ობიექტი ხართ და იგი რაიმე კონკრეტულმა სახასიათო შტრიხმა მიიზიდა თქვენში, მერწმუნეთ, ბევრს არ ილაპარაკებს... პირდაპირ საქმეზე გადავა და ყველა თქვენს თაყვანისმცემელს ქორის მოსალოდნელი თავდასხმით შეშინებული წიწილებივით დაიფრენს თქვენი ცხოვრებიდან. კონკურენტული გარემო - ეს ის თემაა, რომელიც მორიელს არათუ თრგუნავს, პირიქით, სტიმულს და მოქმედების სურვილს აძლევს. ამიტომ ქალი, რომელიც ბევრი მამაკაცის სურვილისა და მოწონების საგანია, დიახაც, რომ მიიზიდავს მას. მაგრამ თავად ამ ქალის გულსაც სულ მალე ჩაიგდებს ხელში, თუნდაც თავად გარეგნობით ლეგენდარულ კვაზიმოდოს ჰგავდეს. სექსუალურობა, მაგნეტიზმი და საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენა - ეს მისი ძირითადი "კოზირია". ამგვარი თვისებების წინაშე კი, როგორც წესი, ვერც ერთი ქალი ვერ გამოიჩენს გამძლეობას. გაგრძელება