თმის შეღებვა მუდამ ექსპერიმენტია, არ იცი, რომელი ფერი მოგიხდება. შედეგად, თმა და განწყობა ფუჭდება. იქნებ, სანამ სალონში წახვალ, მანამდე შეარჩიო ფერი, რომელიც კანისა და თვალის ტონალობის მიხედვით მოგიხდება?..
თვალის ფერის მიხედვით
თმის ფერის არჩევისას მხოლოდ კანის ფერს ნუ გაითვალისწინებ, თვალის ფერიც მნიშვნელოვანია. თუ ცისფერი თვალები გაქვს, მოგიხდება თბილი, ხორბლისფერი ტონალობები. ის იდეალურად გამოკვეთს ცისფერ თვალებს. თამამი და მდიდრული შეხამებაა - ცისფერი თვალები და შავი თმა. ცისფერთვალება გოგონებს კატეგორიულად არ უხდებათ ჟღალი თმა, არაბუნებრივად გამოიყურება.
ნაცრისფერი თვალის მქონე მანდილოსანს თითქმის ყველა ფერის თმა უხდება, გარდა პლატინისფერისა, მოლურჯო-შავისა და ცეცხლისფერ-ჟღალისა.
თუ ქერა თმა გსურს, უპირატესობა მიანიჭე ხორბლისფერს, ოქროსფერს, აგრეთვე, შოკოლადისფერ, ყავისფერ, კონიაკისფერ, თხილისფერ ტონალობებს. ისინი იდეალურად ეხამება ნაცრისფერ თვალებს.
თუ ყავისფერი თვალები გაქვს, კონტრასტს უნდა მიანიჭო უპირატესობა. თვალთან მიახლოებული ტონალობა კატეგორიულად არ მოგიხდება.
თვალის გამოკვეთა თუ გსურს, თმა მოლურჯო-შავში შეიღებე. მოგიხდება "კაპუჩინოც". წითელი, სპილენძისფერი და ცეცხლისფერ-ჟღალიც შენთვისაა შექმნილი.
თუ მწვანე თვალის ფერი გაქვს, მოგიხდება ჟღალის ყველა ტონალობა - ღია სპილენძისფერით დაწყებული და ცეცხლისფერ-ჟღალისფერით დამთავრებული. მოგიხდება ფერფლისფერ-ქერაც. ხოლო "ცივი შოკოლადი" და "კარამელი" საუკეთესო ვარიანტებია.
რეკომენდაცია: თუ იმიჯის შეცვლა გსურს, მხოლოდ თმის ფერის შეცვლას ნუ დასჯერდები, განაახლე გარდერობი, კოსმეტიკა ისე, რომ თმის ახალ ფერს შეესაბამებოდეს. გაუზიარე ინფორმაცია მათ, ვისაც თმის ფერის შეცვლა სურს, მაგრამ გადაწყვეტილება რომელიმე ფერის სასარგებლოდ ვერ მიუღია.