შარშან ვალენტინობას დაქალთან ერთად შევხვდი და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც ასე მომიწევს. ჰოდა დავფიქრდი იმაზე, მაინც რატომ ვრჩებით ქალები კაცების გარეშე მაინცდამაინც 14 თებერვალს.
ჩემმა რედაქტორმა შესანიშნავად იცის ჩემი დამოკიდებულება ამ დღის მიმართ და ალბათ ამიტომაც მანდო ამ სტატიის დაწერა. იცოდა, რომ თავში კარგი აზრი არ მომივიდოდა.
სინამდვილეში ძალიან მიყვარს საკუთარი ნაწერის ჟურნალში წაკითხვა. წარმოვიდგენ ხოლმე, რომ რიგითი მკითხველი ვარ და სურვილი მიჩნდება ავტორის ნაწერზე სერიოზულად დავფიქრდე, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ფიქრს სტატიის წერის განმავლობაში თითქმის არ ვწყვეტ.
ისიც მინდა ხოლმე, რომ მე არ ვიყო ასეთი სტატიების ადრესატი... თუმცა სურვილი ძალიან იშვიათად მისრულდება.
შარშან ვალენტინობას დაქალთან ერთად შევხვდი და ეჭვი მაქვს, რომ ახლაც ასე მომიწევს. ჰოდა დავფიქრდი იმაზე, მაინც რატომ ვრჩებით ქალები კაცების გარეშე მაინცდამაინც 14 თებერვალს.
მე გავიარე სიყვარულის რამდენიმე სტადია:
1 . ბავშვური სიყვარული – რომლის ობიექტიც არ მახსოვს (და მგონი, ერთადერთი ქალი ვარ ასეთი)
2. ცინიზმი – როდესაც გგონია, რომ სიყვარული არ არსებობს და შეყვარებული ადამიანები უბრალოდ თავს და ერთმანეთს ატყუებენ.
3. გრძნობა, რომელსაც ვერ აღწერ და რომელიც, პირველი სიყვარულისგან განსხვავებით, სულ გემახსოვრება.
4. სევდიანი გამოხედვა– რომელსაც შენი დაწყვილებული მეგობრების ყურებისას შენი თვალები რეფლექსურად გამოიმუშავებენ.
5. სიყვარული – როდესაც ხვდები, რომ ეს კომპლექსური გრძნობაა, რომელიც ძალიან, ძალიან ბერ რამეს შეიცავს და უფრო მეტის გაკეთებას გთხოვს და ამასთან, შენ ეს ყველაფერი საოცარ სიამოვნებას განიჭებს.
საბოლოოდ ამ ყველაფერმა სიყვარულის ექსპერტად თუ არა, სიყვარულზე კარგად მოსაუბრე ადამიანად მაინც ჩამომაყალიბა.
მაინც რა არის ეს ქალური სოლიდარობა. იმისათვის, რომ მთელი ყურადღება სტატიაზე გადამეტანა, დედაჩემი და ჩემი დაქალი უსიტყვოდ ადგნენ და სამზარეულოში მარტო დამტოვეს. ორი ვარიანტია: ან მართლა უნდათ, რომ კარგი სტატია გამომივიდეს, ან კიდევ ერთი სული აქვთ, როდის მოვრჩები, ავიღებ ჰონორარს და მათ დავასაჩუქრებ.
მართალი გითხრათ, მათმა ამ საქციელმა ძალიან კარგად იმოქმედა. ელვის სისწრაფით მომივიდა მუზა და მივხვდი, ამჯერად რა კონტექტსში უნდა განმეხილა სიყვარულის საერთაშორისო დღესასწაული, იგივე 14 თებერვალი და იგივე ვალენტინობა.
მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ქალს, ვინც ამ დღესასწაულს მარტო, უფრო სწორად, საყვარელი მამაკაცის გარეშე ხვდება. დიახ, სიყვარულის დღე დისკრიმინაციულია მარტოხელა ქალების მიმართ. ჩვენ ამ დღეს მხოლოდ დაქალები გვჩუქნიან საჩუქრებს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვნებიანად ვერ აკოცებ და თვალებს ვერ აუჟუჟუნებ – არადა, ორივე ეს ქმედება როგორ გვჭირდება ხოლმე.
თუმცა მე ერთი პრინციპი მაქვს, რომელსაც თითქმის არასდროს ვღალატობ. ყოველთვის ვცდილობ, პრობლემის განხილვა საკუთარი თავიდან და ზოგადად ქალიდან დავიწყო. მაინც რატომ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან დღეს ქალი მარტო დარჩეს? იქნებ ჩვენშია პრობლემა? იქნებ ჩვენ გვეშლება რამე?
მიზეზი №1 რატომ რჩებიან ქალები ვალენტინობას მარტო?
საერთოდ მე ძალიან იღბლიანი ვარ, ერთდროულად იმდენი თაყვანისმცემელი გამომიჩნდება ხოლმე, მათი დათვლაც კი მიჭირს (ერთხანს ვიფიქრე, გამომთვლელ მანქანაზე ხომ არ მივაბა ეს ჩემი კაცები-თქო), მაგრამ ამ პრობლემას 14 თებერვალი სასწრაფოდ აგვარებს. როგორც კი ამ დღის მოახლოვებას იყნოსავს, ყველა მათგანი უკვალოდ ქრება. ალბათ საჩუქრისთვის ფული ენანებათ... მესმის მათი, მაინც ეკონომიკური კრიზისია...
თუმცა დაიღალა ეს ეკონომიკური კრიზისი, ყველაფერს მაგას აბრალებენ: საფონდო ბირჟის პრობლემებს, ნავთობის და გაზის ფასების უაზრო ცვლილებებს, მილიარდერების ხელებზე იაფფასიან საათებსა და გაუთხოვარ ქალებს, რომლებიც უფულოებს არაფრის დიდებით მიყვებიან ცოლად. ასე რომ ეს ჩვენი ვალენტინური მარტოობაც, რომ ეკონომიკას მივაწეროთ, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია.
უბრალოდ, იცით, რა მიშლის ნერვებს? რატომღაც 14 თებერვალი 8 მარტში ერევათ. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ მამაკაცებსაც ძალიან უყვართ საჩუქრების მიღება, მაგრამ არააა... ჩვენ ხო ვერაფრით გავიმეტებთ ბირკინის ჩანთისთვის განკუთვნილ ფულს საყვარელი ადამიანის სიამოვნებისთვის...
ამიტომ ყოველ სიყვარულის დღეს, გაბრწყინებული სახით ვიღებთ კაცისგან საჩუქარს და სანაცვლიოდ ღიმილს, კოცნას ან დაუვიწყარ ღამეს ვაბრუნებთ (მენტალობის მიხედვით), არადა იმ კაცს შესაძლოა შავი სვიტერი უნდა, მაღალი ყელით, რომ თებერვლის სიცივეს გაუმკლავდეს (ოჰ ღმერთო ჩემო, რა გულჩვილი ვარ).
ასე, რომ, ძვირფასო ქალბატონებო, სანამ ჩვენც არ ვისწავლით კაცებისთვის საჩუქრების კეთებას, მანამდე ვისხდებით ასე მარტო, ჩვენს კიდევ უფრო მარტოხელა დაქალთან ერთად და წითელი ღვინით გამოვთრებით.და თუ ამ 14 თებერვალს გაკვეთლიად არ მივიღებთ, რვა მარტსაც იგივეს გამეორება მოგვიწევს.
მიზეზი №2 – ქალური ცინიზმი ქალურსავე მოთხოვნებზე
თითქოს ყველა ჩვენგანი რომანტიკას ითხოვს. თითქოს გვინდა ვარდებიც, გვიხარია ვახშმებიც და ხელჩაკიდებული რუსთაველზე სეირნობაც (ეს უკანასკნელი ტრადიციის მიხედვით), მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, როდესაც ჩვენი კაცი, ბოლოს და ბოლოს, დახარჯავს მთელს თავის ენთუზიაზმს და ჰოლივუდურ საღამოს მოგვიწყობს, ძლივს ვიკავებთ სიცილს.
და როგორც კი მარტო დავრჩებით ჩვენს თავთან ან ხსენებულ დაქალთან ერთად, ვხარხარებთ ბოლო ხმაზე და თან გვრცხვენია; ჩვენ არ ვიყავით ის ვინც ყოველ დღე კაცს რომანტიკის ნაკლებობაზე ეჩიჩინებოდა?
რატომ ვხდებით მაინცდამაინც 14–ში ასეთი არაემოციურები?
თბილისი პატარაა, ერთხელ "გააბაზრებს" ეს თქვენი კაცი, თუ როგორ დასცინეთ მის მცდელობებს და მერე მორჩა... საქართველოს ყველა კაცს ეცოდინება, რომ 14–ში თქვენგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. და ღირსებიც იქნებით (იქნებით რა... ვიქნებით... მეც ეგრე ვიქცევი ხოლმე და იმიტომ).
მიზეზი №3 – საყვარელო, დღეს არ ვარ სიყვარულის დღის ხასიათზე
ან - ძვირფასო, დღეს დაღლილი ვარ და მოდი, წლევანდელი ვალენტინობა გამოვტოვოთ და ერთმანეთს სიყვარული გაისად დავუმტკიცოთ.. ახლა მეზარება... ასეთებიც ხდება.
ეს ძირითადად იმ ქალებს ეხებათ, რომლებმაც როგორც იქნა, აიწყვეს კარიერა, და სასწაული მოახდინეს და გვერდით საყვარელი მამაკაციც ჰყავთ, რომელიც ყოველ საღამოს მათ დაღლილობას უძლებს.
და მაინც, რაც უნდა იყოს იქნებ ამ ერთ დღეს მაინც მისი ნახვის დროს არ დაიწყოთ იმაზე საუბარი, რომ ძალიან ბევრი საქმე გქონდათ, რომ პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში ისეთივე მძიმეა, როგორც ის ჩანთა, რომელიც მაღაზიიდან სახლამდე ძლივს მიათრიეთ იმიტომ, რომ თქვენი მეორე ნახევარი ვერ დაგეხმარათ. იქნებ არ მოუყვეთ იმაზე, როგორ გიშლით ნერვებს პრაქტიკანტი და უბრალოდ ერთი დღით მაინც დაატანოთ თავს ძალა და კარგ ხასიათზე იყოთ? (ჩვენში დარჩეს, ამ პუნქტის გათვალისწინება მეც მომიწევს).
ჩვენ, სამსახურიანი ქალები, გადავეჩვიეთ საკუთარი თავისთვის სასიყვარულო დღესასწაულების მოწყობას და თქვენ წარმოიდგინეთ, მჯერა, რომ ეს მხოლოდ მამაკაცების საქმე სულაც არ არის.
ჩვენ გადავეჩვიეთ სპონტანურ კოცნებს, 365 დღის ერთ–ერთი ყველაზე არასპონტანური 24 საათის განმავლობაში.
გადავეჩვიეთ მათთვის გამოპრანჭვას – რასაც არა მხოლოდ 14–ში, არამედ ყოველ "ცისმარე" დღეს უნდა ვაკეთებდეთ.
მაგრამ იცით რა არის? ახლა როცა უკვე კარზე მოგვადგა წმინდა ვალენტინი... გვიანია ამაზე ფიქრი... გაუღეთ ვალენტინს კარი, დაისვით წინ ის და თქვენი დაქალი, დაიდგით წითელი ღვინო და იმდენი დალიეთ, რომ ეს დღე მეორე დილით ამოვარდეს თქვენი მეხსიერებიდან, როგორც 14 თებერვალი–მარტოხელა ქალების დღესასწაული.
ქეთო პატარქალიშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(თებერვლის ნომერი)