რას გრძნობენ მსახიობები ამ შეფასებებს მიღმა? ცნობილი მსახიობის ისტორია ნაცნობი თუ უცნობი დეტალებით...
შინ სიმშვიდეა...
ძვირფას მოგონებად შემორჩა ძველი სახლი და ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი მთელი ნათესაობა - ბიძები, მათი შვილები, დედა, მამა და სამი დედმამიშვილი. იმ წლებმა ერთმანეთის სიყვარულში ჩაიარა.
საინტერესო და სახალისო იყო ოჯახის წევრების ურთიერთობა და დიდი გაკვეთილიც. დღემდე უკვირს, როგორ ახერხებდნენ უკონფლიქტო თანაარსებობას. სიმშვიდე - ყველაზე მეტად ეს ახსენდება.
"იქნებ, დრო იყო ასეთი, - თავისთვის ჩაფიქრდება და პასუხსაც პოულობს, - ის თაობა იყო, რომელმაც ომი გამოიარა. გაჭირვებისა და ომის ქარცეცხლის შემდეგ სიმშვიდე ძვირფასი მონაპოვარი იყო, რომელსაც ყველა უფრთხილდებოდა".
ახსოვს სამზარეულოში აშიშინებული რადიო და რადიოდან გადმოღვრილი კლასიკური მუსიკა. ტელევიზორი ფუფუნების საგანი გახლდათ და მისი შეძენა ყველას არ შეეძლო. ერთადერთი გასართობი ადამიანებს შორის კომუნიკაცია იყო."
ახლა ყველას საკუთარი ტელევიზორი აქვს და არავინ ფიქრობს შედეგზე - არასასურველი ინფორმაციით გადაღლილი გონება და ოჯახის წევრებისგან აბსოლუტური იზოლაცია". - ამბობს მსახიობი.
ბავშვობა ლამაზად დაამახსოვრდა. სწავლობდა კარგ სკოლაში და კარგად. ჰყავდა ბევრი მეგობარი, ამ ურთიერთობას დღესაც ძალიან უფრთხილდება.
ოჯახს არ უჭირდა, თუმცა არც ფუფუნებაში იზრდებოდა. არც მომთხოვნი იყო. რაც სკოლის მოსწავლეს სჭირდებოდა, ყველაფერი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან კარგად მღეროდა და ცეკვავდა, მსახიობობაზე არასდროს უფიქრია.
მამის ბიძაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. იმ დროისთვის ცნობილი მსახიობი... მისი სახელი ჰეროიკული თეატრის ესთეტიკას უკავშირდებოდა. რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მოსვლის შემდეგ, ეს ესთეტიკა შეიცვალა და 30 წლის ასაკში თეატრი დატოვა.
თათული მაშინ პატარა იყო და ამაზე არ დაფიქრებულა. მერე, როცა თავადაც თეატრს დაუკავშირა პროფესია, მსახიობის სულიერი განცდა მისთვისაც ნაცნობი აღმოჩნდა.
უცნაური ბედისწერა
დამამთავრებელ კლასში მოსკოვში წასვლა და უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. გამოცდებზე ქულა დააკლდა და თბილისში დაბრუნდა. ამ მარცხს თათული დიდად არ აუღელვებია, მაგრამ...
მისი მეგობრები სტუდენტები გახდნენ და თათულის მომავალზე დედა ძალიან დარდობდა. დედის მეგობარმა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა, თათულის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება შესთავაზა: თუ აღარ მოგინდება, საბუთები უნივერსიტეტში გადაიტანეო.
"ამ შემოთავაზებამ ძალიან დამაბნია. მასწავლებლისთვის ჩაბარებულ გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, საჯაროდ ლექსი არასდროს წამიკითხავს. ძალიან მორცხვი ვიყავი და ყველაფრის მერიდებოდა". - იხსენებს მსახიობი.
დღესაც, ყველაზე მეტად მშობლების დამოკიდებულება აოცებს. სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება თავად რომ ნდომოდა, შეიძლება წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდნენ.
მიაჩნია, რომ სამსახიობო ფაკულტეტზე შემთხვევისა და ბედისწერის წყალობით აღმოჩნდა. სწავლის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა. ხელოვნება ყოველთვის უყვარდა და აინტერესებდა, ამიტომ უნივერსიტეტში საბუთების გადატანაზე აღარც უფიქრია.
თავიდან გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოხვდა, მესამე-მეოთხე კურსზე, როდესაც საკურსო სპექტაკლების დადგმა დაიწყეს, მის ჯგუფში გიზო ჟორდანია მოვიდა. რეჟისორებმა მშვენიერი და ნიჭიერი გოგონა თავიდანვე გაანებივრეს როლებით.
ითამაშა ელიზა დულიტლი სპექტაკლში"პიგმალიონი". დამამთავრებელ კურსზე იყო, როცა თემურ ჩხეიძემ ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარი როლი შესთავაზა, მაგრამ სპექტაკლის დადგმა ვეღარ მოახერხა და...
ახალგაზრდა მსახიობმა თეატრალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი პირველი დარტყმა მაშინ მიიღო...
ძალიან გაუჭირდა... მსახიობის ტრაგიკული ბედის სიმწარე, აღმასვლითა თუ დაცემით, პირველად მაშინ იგრძნო.
განცდა, რომ არავის სჭირდებოდა, პირველად მაშინ დაეუფლა, შეიძლება იმიტომ, რომ სტუდენტობისას ანებივრებდნენ და რატომღაც ეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა. ამ განცდას ისიც ამძაფრებდა, რომ შეთავაზებულ როლზე ბევრი იფიქრა და იოცნება.
ამავე პერიოდში ერთ-ერთ სპექტაკლში ეპიზოდური როლი შესთავაზეს. მთავარი როლებიდან ეპიზოდურ როლზე გადასვლა? - თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. უცებ უნიჭო გახდა. ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს და არაფერი გამოსდიოდა. ბედის დაცინვა იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, ეპიზოდურ როლსაც ვერ თამაშობსო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. პროფესიულმა ჩვევებმა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებამ იმუნიტეტი გამოუმუშავა. დღესაც ისევე განიცდის, მაგრამ არასდროს ეძლევა დეპრესიას. მთავარი როლების შემდეგ, არასდროს ეშინია ეპიზოდურ როლებზე გადასვლის.
კიდევ ერთხელ გაიზიარებს არაერთი მსახიობის აზრს, რომ არანაკლებ რთულია ეპიზოდური როლის თამაში და ამ როლით მაყურებლისთვის თავის დამახსოვრება.
პირველი აღიარება
მოგვიანებით, თემურ ჩხეიძისგან ისევ მიიღო შემოთავაზება. რეჟისორი მუშაობდა სპექტაკლზე"ბერნარდა ალბას სახლი". თათულის ერთ-ერთი გოგონას როლი უნდა შეესრულებინა. სხვა შემადგენლობით ეს სპექტაკლი უკვე ნანახი ჰქონდა მაყურებელს.
ბატონმა თემურმა შემადგენლობისა და კონცეფციის შეცვლა გადაწყვიტა. მომდევნო დადგმას, სადაც თათული მიიწვიეს, შედარებით მკაცრი და ასკეტური ფორმა ჰქონდა.
მაყურებელისთვის პირველი სპექტაკლი უფრო მისაღები აღმოჩნდა და ტელევიზიის არქივსაც ის წარმოდგენა შემორჩა. მსახიობს გული სწყდება, რომ ტელეეკრანზე ვერ ნახა საკუთარი ნამუშევარი:"მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ჩემ მიერ განსახიერებულ როლს დიდი სიამოვნებით შევავლებდი თვალს.
ძალიან მაინტერესებს, ის ხომ რუსთაველის თეატრში ჩემი პირველი ნამუშევარია". - ეს კი მსახიობის ცხოვრებაში კიდევ ერთი დრამატული მომენტია, თუ სპექტაკლი ფირზე არ შემორჩა, დროსთან ერთად დავიწყებას მიეცემა.
თემურ ჩხეიძესთან კიდევ ერთ სპექტაკლზე იმუშავა -"ქალის ტვირთი", სადაც ქეთო ახატნელის როლი შეასრულა. ამით დაასრულა საინტერესო და სულ სხვა თეატრალური ესთეტიკის გამტარებელ რეჟისორთან მუშაობა.
ამის შემდეგ მსახიობის შემოქმედებაში ასევე საინტერესო და ახალი ეტაპი დაიწყო. რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას უკვე დადგმული ჰქონდა"ყვარყვარე", რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თათული დოლიძეზე.
ეს გახლდათ სხვა ფორმის წარმოდგენა, რომელმაც გადაატრიალა თეატრალური აზროვნება. მას შემდეგ რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას ეპოქა დაიწყო.
სტურუამ შედარებით განსხვავებული სტილით დადგა სპექტაკლი"ღალატი", სადაც თათული დოლიძემ გაიანე ითამაშა.
ამის შემდეგ, მთავარი როლი მიიღო სპექტაკლში"როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის".
ამ სპექტაკლზეც ბატონი რობერტი მუშაობდა. ამ დროს რეჟისორს უკვე დაედგა გახმაურებული სპექტაკლები:"კავკასიური ცარცის წრე","რიჩარდ მესამე","ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე".
"როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" შედარებით კამერული იყო და მსახიობის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
მთავარი გმირი ჰგავდა მას? - არა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც მსახიობი იყო, ანოს ოჯახსა თუ თეატრში მაინც სხვა პრობლემები ჰქონდა.
ანოს როლმა ახალგაზრდა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა. საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისთვის სპეციალური პრემია მოიპოვა.
თათული – გრუშე...
ერთ დღეს, რუსთაველის თეატრიდან დაურეკეს და ძალიან უცნაური რამ შესთავაზეს, იმდენად უცნაური, სერიოზულად არ მიუღია. არა, ეს უფრო ბრძანებას ჰგავდა. თეატრის მაშინდელმა დირექტორმა, აკაკი ბაქრაძემ თათულის"კავკასიურ ცარცის წრეში" გრუშეს როლზე იზა გიგოშვილის შეცვლა შესთავაზა. თავიდან ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე...
არ უნდოდა... კატეგორიულად...
"ხშირად ხდება, როცა მსახიობს ამა თუ იმ სპექტაკლში დუბლიორი ჰყავს, ანდა როცა მსახიობი ავადმყოფობისა თუ სხვა სერიოზული მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება და გეტყვიან, ჩაიცვი, სპექტაკლზე უნდა შეგიშვათო. მაგრამ, ამ წინადადებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა.
თავიდან უარი ვთქვი, რადგან ეს ძალიან კარგ და გახმაურებულ სპექტაკლს უკავშირდებოდა. გრუშეს როლი, რომელიც უნდა მეთამაშა, გაიგივებული იყო იზა გიგოშვილთან, რომელიც ძალიან კარგად ასრულებდა.
ამ დროს მაყურებელი იცით, როგორი დაუნდობელია? ჩასაფრებულია, რომ რაღაც აღმოგიჩინოს. თითქმის სპორტული ინტერესია. ეს დამთრგუნველია მსახიობისთვის", - ამბობს ქალბატონი თათული.
მოკლედ, თეატრში მაინც დაიბარეს. პირდაპირ რობერტ სტურუასთან მიიჭრა და პირობა წაუყენა, - იმ პირობით არ იტყოდა უარს, თუ ამ სპექტაკლში სხვა დროსაც ითამაშებდა. ბატონმა რობერტმა უპასუხა: ვნახოთ, როგორ გამოგივა და შენს წინადადებაზე პასუხს მერე მიიღებო.
გადაინაცვლეს სარეპეტიციო დარბაზში და თათულიმ გრუშეს თამაში დაიწყო.
"ამავე სპექტაკლში ერთ ეპიზოდურ როლს ვასრულებდი და გრუშეს როლი ვიცოდი. როგორც ჩანს, კარგად შევასრულე. ასეთ შედეგს ბატონი რობერტიც არ ელოდა და ჩემს წინადადებას დათანხმდა.
მერე, ვთხოვე სცენაზე გადავსულიყავით, რომ მიზანსცენებში, მსახიობებს შორის მანძილის დადგენაში დამხმარებოდა - ეს დადგმაში მნიშვნელოვანია. სპექტაკლზე შევედი ისე, რომ რეპეტიცია არ მქონდა გავლილი. ამიტომ, ამ როლს კი ვთამაშობდი, მაგრამ ხან გამომდიოდა, ხან - არა.
მაყურებელი ვერც კი ამჩნევდა, მაგრამ მე ხომ ამას ვგრძნობდი. წლების შემდეგ,"კავკასიურში" მსახიობების შეცვლა დაიწყეს და რეპეტიციების გავლა აუცილებელი გახდა. რეპეტიცია მაშინ გავიარე და ამ როლმა სტაბილურობა მას შემდეგ შეიძინა".
ეს ყველაფერი როგორ მოხდა და რატომ? - არ იცის. ამ თემაზე უჭირს საუბარი. შეიძლება იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში შიდა დაპირისპირება დაიწყო... თუმცა, არასდროს ერეოდა ასეთ საქმეებში. ყოველთვის შველოდა არაკონფლიქტური ხასიათი და ტაქტი.
მოკლედ, გრუშე ითამაშა და იზა გიგოშვილს არ ჰგავდა.
"განსხვავებული ვიყავი, შეიძლება ჩემი შინგანი ბუნების გამოც, არადა, ყველაფერი იგივე იყო: ტექსტი, მიზანსცენა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, არ დამერღვია ტექსტის მუსიკალური ჟღერადობა, რომელიც სპექტაკლს"პარტიტურად" გასდევდა.
მას შემდეგ ისევ სტურუასგან მიიღო როლი. სპექტაკლში"მეფე ლირი", მისი ერთ-ერთი ქალიშვილის როლი შეასრულა და...
ტაიმ-აუტი
... მას შემდეგ 15 წელი"შეისვენა"...
რას გრძნობდა და რას განიცდიდა, ამ თემაზე არ ლაპარაკობს. აქტიური ადამიანია და ამ თვისების შენარჩუნებას ყოველთვის ცდილობს. თავისთვის იგონებდა რაღაცებს და ამით ირთობდა თავს. გაუჩნდა პატარ-პატარა ინტერესებიც.
იმ წლებში დაიწყო სახლის მშენებლობა და დაასრულა. თავად გახლდათ ამ იდეის ინიციატორი. თბილისში, ევროპული სტანდარტებით აგებული ერთ-ერთი პირველი სახლია - დახვეწილი არქიტექტურითა და ინტერიერით. ამით ერთი ოცნება მაინც აისრულა.
"ცოტა როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ სადაც ვითამაშე, წარმატებული სპექტაკლები იყო და ამით დაამახსოვრდა მაყურებელს. რობერტ სტურუას გარდა, ვითანამშრომლე ავთო ვარსიმაშვილთან და ანდრო ენუქიძესთან.
მე მაინც რუსთაველის თეატრის სცენაზე, ბატონ რობერტთან მუშაობის სურვილი მქონდა". - აღიარებს მსახიობი.
15 წლის შემდეგ, რობერტ სტურუამ თათული დოლიძესა და ჟანრი ლოლაშვილს სპექტაკლში"კაცია-ადამიანი?!" ლუარსაბისა და დარეჯანის მთავარი როლები შესთავაზა. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა.
მას შემდეგაც 10 წელი გავიდა...
ისევ შინ
ჟანრი ლოლაშვილს შეხვდა სპექტაკლზე"ქალის ტვირთი". როგორ არ იცნობდა მანამდე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. ამ სპექტაკლში პარტნიორები იყვნენ და მაშინ დაიწყო მათი რომანი.
"მჯერა ბედისწერის. ეს რომანი და შექმნილი ოჯახიც მისი"დამსახურება" მგონია, - იმდენად უცნაურად და სწრაფად განვითარდა ყველაფერი. ჟანრის ბევრი კარგი თვისება აქვს, არის საინტერესო მხატვარი და მოაზროვნე. მასთან გატარებული წლები საინტერესო და მოულოდნელობით სავსე იყო.
დღემდე ერთად ვართ, თემცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა. ვაღიარებ, მეც რთული ხასიათი მაქვს და მასაც. მიღებულია აზრი, რომ პირველ წლებში მეუღლეებს უფრო უჭირთ ერთმანეთთან შეთვისება.
მგონია, რომ ამ ურთიერთობას ეტაპები აქვს. ორი ადამიანი ნელ-ნელა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება და ყალიბდება. ერთხელაც, დგება მომენტი, როცა ბევრ საკითხზე საერთო აზრი აღარ გააჩნიათ. ჩვენთანაც ასე იყო.
რაღაცის შესაცვლელად ჯერ იბრძვი, მერე იღლები, გბეზრდება და ბოლოს"ატარებ"... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ერთად ვართ, იმიტომ, რომ ასეთ დროს მთავარი ერთმანეთის პატივისცემაა და გრძნობა - სიყვარული".
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი დარჩია