ელენე გედევანიშვილის თბილი გზა ყინულზე - Marao

ელენე გედევანიშვილის თბილი გზა ყინულზე

2011-03-12 15:02:48+04:00

პორტსმენის წარმატებისკენ მიმავალი გზა რთული, ეკლიანი და წინააღმდეგობით აღსავსეა. ელენე გედევანიშვილის სახელი საქართველოში თითქმის ყველამ იცის, მისი ხსენებაც კი სიამაყეს იწვევს.

მშობლებმა პატარა, ორ-ნახევარი წლის ელენე ფიგურულ სრიალზე მიიყვანეს. ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყო, არავინ იცოდა, რა მოეხერხებინათ მისი უშრეტი ენერგიისთვის, - ხან კარადის თავზე პოულობდნენ, ხანაც საწოლის ქვეშ.

სპორტზე მიყვანის შემდეგ მისი ენერგია კონკრეტული მიმართულებით დაიხარჯა, ძალიან მოსწონდა ყინულზე სრიალი...

საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებამ ის მოიტანა, რომ არ იყო შუქი და შესაბამისად, არც ყინული.

ელენე მაინც განაგრძობდა სპორტზე სიარულს, ტანვარჯიშზე დადიოდა, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც უნდოდა. მდგომარეობის გამოსწორებისთანავე დაუბრუნდა ციგურებს, მისი პირველი მწვრთნელი ქალბატონი ლელა დეკრეტში გავიდა და ელენე ქალბატონმა თამრიკო ანჯაფარიძემ ჯგუფში აიყვანა.

ამ დროს 6 წლის იყო და დაიწყო მზადება დიდი და გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად. მთელი დღეები ვარჯიშობდა, ხტუნავდა და დადიოდა აკრობატიკაზე. ელენე და მისი ძმა დიტო სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ამიტომ მშობლებს რთული პერიოდი ჰქონდათ.

7 წლის ელენე საქართველოს ჩემპიონატზე გამოვიდა და მესამე ადგილი დაიკავა, ერთ წელიწადში მეორე, ხოლო კიდევ წელიწადში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მის მშობლებს პედაგოგი ურჩევდა, ელენე მოსკოვში წაეყვანათ, ქალბატონი მაკა დაფიქრდა და ქალიშვილი რუსულ სკოლაში შეიყვანა. 9 წლის ელენე და დედამისი მოსკოვში გაემგზავრნენ...

მოსკოვში დედა-შვილს ირაკლი ჯაფარიძე დაეხმარა, ელენე იმ სკოლაში მივიდა, სადაც მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი ვარჯიშობდა. ქართველმა მოციგურავემ არ იცოდა ტრიალი, არც ამხელა ყინულზე ვარჯიშის გამოცდილება ჰქონდა, ერთადერთი, რითაც სხვების გაოცება შეეძლო, იყო მისი სავიზიტო ბარათი - ნახტომები.

მაშინ ყველა ორმაგ ნახტომს აკეთებდა, ელენე კი ორ-ნახევარს. ნახტომი ფიგურულ სრიალში ყველაზე რთული ილეთია, ძნელია ამის სწავლა...

რუსეთში ელენეს მწვრთნელი მარინა სელიცკაია გახლდათ, მისი ათი მოსწავლიდან ელენე ბოლო ადგილზე იყო, რამდენიმე თვეში მოწინავე პოზიცია დაიკავა, ერთ წელიწადში კი პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ჩასვლიდან ერთ წელიწადში ოლიმპიური რეზერვის საციგურაო სკოლების შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც ელენეც მონაწილეობდა და პირველი ადგილი დაიკავა - შედეგით ყველა გაოცდა.

ქალბატონი მაკასთვის ახლა უფრო ცხადი შეიქნა, რომ გზა, რომელიც ელენეს უნდა გაევლო, მეტად რთული იქნებოდა თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, რადგან დედა-შვილს არავინ ეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა მაკამ ბინა იქირავა და კარგად მოეწყვნენ.

მალე მამაც დიტოსთან ერთად მოსკოვში ჩავიდა. დიტოც სამთო-სათხილამურო სპორტითაა დაინტერესებული, ამიტომ მოსკოვში ისიც ყინულზე დადგა.

11 წლის ელენე გედევანიშვილი მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე მოხვდა, ეს თითქოს წარმოუდგენელი იყო დიდ რუსეთში თბილისიდან ჩასული გოგონასათვის...

სამწუხაროდ, ათეულში ვერ გავიდა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია, პირიქით, მთელი მონდომებით ვარჯიშობდა. ერთ წელიწადში მოსკოვის ჩემპიონატზე მეორედ გასულმა პირველი ადგილი დაიკავა.

ქალბატონმა ელენა ვოდარეზოვამ ნახა და მისი მონაცემებით მოიხიბლა. გადაწყდა, რომ ქალბატონ ელენასთან ივარჯიშებდა, ყველა ულოცავდა, რადგან მასთან მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. უმაღლესი რანგის მწვრთნელი ძალიან მკაცრი აღმოჩნდა, ქართველ გოგონას მისი ეშინოდა...

რუსეთის ჩემპიონატზე ელენემ მესამე ადგილი დაიკავა, რაც საერთაშორისო შეჯიბრებებისკენ უხსნიდა გზას. ქალბატონ მაკას ეუბნებოდნენ, სისულელეა საქართველოს სახელით ჩემპიონატებზე გასვლა და ასპარეზობაო. საერთოდ, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთიდან ექვს სპორტსმენს აქვს გასვლის უფლება, ელენე გედევანიშვილი კი სამეულში შედიოდა.

ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ საქართველოს სახელით გასულს არც მაღალ ქულებს დაუწერდნენ, მსაჯიც დიდ სამართლიანობას არ გამოიჩენდა, თუმცა ელენე მხოლოდ თავისი ქვეყნის სახელით ასპარეზობდა.

პირველ რამდენიმე შეჯიბრებაზე ექვსეულში დაიკავა საპატიო ადგილი, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 13 წლის ელენეს მეთორმეტე ადგილი ერგო, რაც ძალიან კარგი შედეგი იყო. ერთ წელიწადში მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

16 წლის ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. შეჯიბრება იანვარში იგეგმებოდა, დეკემბერში ციგურები შეიცვალა და ახალმა ფეხები ატკინა, ყინულზე სისხლიც კი სდიოდა. ამას მწვრთნელი არაფრად აგდებდა და ეუბნებოდა, რომ არ იყო მზად ევროპის ჩემპიონატისთვის.

უმტკიცებდა, ასეთი მასშტაბის შეჯიბრებაში პირველად მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თუ 25-26-ე ადგილას გავიდოდა, უკეთესი შედეგის მიღწევას ვეღარასდროს მოახერხებდა. ისიც უთხრა, რომ მასთან ერთად არ გაემგზავრებოდა.

ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე მარტო, მხოლოდ ტატიანა ტარასოვას იმედად გაემგზავრა...

იცეკვა... სამი სამიანი ნახტომით ევროპის ჩემპიონატზე არავინ გამოსულა. ქულების გასაგებად რომ დაჯდა, მის გვერდით ტარასოვა აღმოჩნდა.

ამით ელენეს იმიჯიც გაიზარდა. მეხუთე ადგილზე გავიდა, 16 წლის ელენესთვის ეს იყო პირველი დიდი წარმატება.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ოლიმპიადაზე გასვლის ჯერი დადგა. მოკლე პროგრამაში მეექვსე იყო და მეათე ადგილი დაიკავა.

ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევდა. ბედის ირონიით, სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი აეწყო, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, დაიძაბა პოლიტიკური მდგომარეობა. ერთხელ ვარჯიშიდან მომავალი დედა-შვილი მილიციამ გააჩერა და ორივე განყოფილებაში წაიყვანეს. იქ გაირკვა, რომ ელენეს და დედამისს რეგისტრაცია სხვადასხვა მისამართზე ჰქონდათ გაკეთებული.

ყველა მიხვდა, რომ საბუთები ნაყიდი იყო. საქმე სასამართლოს გადაეცა, ქალბატონი ტარასოვა ცდილობდა მათ დახმარებას, თუმცა არაფერმა გაჭრა. სასამართლოს განაჩენით ქალბატონ მაკას 9 დღეში უნდა დაეტოვებინა რუსეთი, არადა, ერთ კვირაში ელენე ავსტრიაში შეჯიბრებაზე უნდა გასულიყო.

დაბრკოლების მიუხედავად, ისინი მაინც ერთად წავიდნენ შეჯიბრებაზე ავსტრიაში. იქ ელენემ პირველი ადგილი დაიკავა

- მიუხედავად იმ ნერვიულობისა, რაც მან გადაიტანა, ბრწყინვალედ გამოვიდა.

წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იყო, თუმცა ელენეს აღარც მწვრთნელი ჰყავდა და აღარც ქვეყანა ეგულებოდა, სადაც შეძლებდა ვარჯიშს. ქალბატონმა მაკამ და ირაკლი ჯაფარიძემ ბევრი იფიქრეს, სად შეიძლებოდა ელენე გამგზავრებულიყო და სად მოემზადებოდა შეჯიბრებებისთვის.

ამერიკა არჩიეს, ოჯახი კიდევ ერთხელ აიბარგა... შტატებში ელენეს პირველი მწვრთნელი გახდა გალინა ზმიევსკაია.

ელენეს ოთხი თვე არ ევარჯიშა, ამიტომ ბევრი შრომა იყო საჭირო, რომ ჯერ ძველ ფორმას დაჰბრუნებოდა და შემდეგ წარმატებაზე ეფიქრა.

ამის მიუხედავად, ორ კვირაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა - მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავა, გრძელი პროგრამა ვეღარ შეძლო და საბოლოოდ მეშვიდე ადგილით დაბრუნდა ამერიკაში. მოგვიანებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეჩვიდმეტე ადგილზე გავიდა...

ყველაფერი თითქოს უარესობისკენ მიდიოდა. ელენეზე გარდატეხის ასაკმაც ცუდად იმოქმედა, მწვრთნელსაც ვერ შეეწყო და მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ქალბატონმა მაკამ სარისკო ნაბიჯი გადადგა - გადაწყვიტეს, კონტრაქტის მიუხედავად, მწვრთნელი შეეცვალათ.

მივიდნენ ახალგაზრდა კაცთან, რომელიც ნახტომის ტექნიკის სპეციალისტი კი იყო, მაგრამ სიმკაცრე აკლდა. მოიწვიეს დამხმარე სპეციალისტი რობინ ვაგნერი. ცოტა ხანში ელენე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა...

მედლის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა 25-ე ადგილი დაიკავა. ეს ელენესთვის დარტყმა იყო. მას სჭირდებოდა არა მარტო კარგი მწვრთნელი, არამედ ფსიქოლოგიური მომზადებაც. მისი ბედი მთლიანად მიანდეს ახალ მწვრთნელს. სულ მალე ელენე საუკეთესოთა ათეულში შევიდა, გაიარა ოლიმპიადის კვალიფიკაცია და ორი გრან-პრიც მიიღო.

რთული და ძნელი გზის შემდეგ ელენე თავს კარგად გრძნობს, შეწყობილია მწვრთნელთან, მუშაობს და თავს არ ზოგავს, რომ წარმატებას მიაღწიოს. ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა, სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, პირველი მედალი მოიპოვა. გრძელ პროგრამაში - მეორე ადგილი, ხოლო მოკლეში - მესამე.

საბოლოო ჯამში კი მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ელენე წარმატებით გახარებულია, თუმცა მიღწეულით არ კმაყოფილდება და ცდილობს, საქართველოს სახელით, პირველი ოქროს მედალიც მოიპოვოს.

პარალელურად, ახალგაზრდა სპორტსმენიBMCC-ის კოლეჯში მოეწყო და თეატრისა და მუსიკის განყოფილებაზე სწავლობს.

ელენე გედევანიშვილი არ ჩერდება!

ჟურნალი "ბომონდი"

ქეთი მიქანაძე