დიდი ხანია ბანანი, ჩვენთვის ეგზოტიკური ხილი აღარ არის. ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, თანაც ზამთარშიც უხვადაა. ამიტომაც საინტერესოა, რით არის ის სასარგებლო.
შრომისმოყვარეებისთვის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბანანის რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მეხსიერებასა და შრომისუნარიანობას აუმჯობესებს. B ჯგუფის ვიტამინების სიუხვის წყალობით, ბანანი სტრესის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.
გულით დაავადებულთათვის. ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, ეს მიკროელემენტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. ასე რომ, თუ შეშუპება გაწუხებთ, ბანანი რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.
კუჭის პრობლემებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბანანი გარკვეული რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, ის ადვილად მოსანელებელია და არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ბანანის წვენი სასარგებლოა მომატებული და ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. ოღონდ მომატებული მჟავიანობისას წვენი ჭამამდე უნდა დალიოთ, ნორმალური მჟავიანობისას კი - ჭამის შემდეგ.
მამაკაცებისთვის. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბანანი აუმჯობესებს სპერმის ხარისხს. საქმე ის არის, რომ მაგნიუმი, რომელიც უხვადაა ბანანის კანქვეშ, აძლიერებს განსაკუთრებით აქტიური სპერმატოზოიდების გამომუშავებას. თუ მამაკაცი 2-3 დღეში ერთ ბანანს მაინც შეჭამს, არა მარტო სპერმის ხარისხი, არამედ ერექციის ხანგრძლივობაც გაუუმჯობესდება.
ჰიპერტონიკებისთვის. ბანანში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს არტერიულ წნევას.
ლამაზმანებისთვის ბანანი საუკეთესო ნედლეულია კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. ყოველწლიურად ასობით ტონა ბანანს იყენებენ სხვადასხვა კოსმეტიკური ნიღბის, კრემისა და ლოსიონის წარმოებაში. ბანანის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, სულ რაღაც ერთი ბანანი დღეში ქალბატონებს წინამენსტრუალური სინდრომის უმტკივნეულოდ დაძლევაში დაეხმარება.
მეგაპოლისების მცხოვრებთათვის. ბანანში ბევრია A ვიტამინი, ის კი საუკეთესო საშუალებაა უარყოფით ეკოლოგიურ ვითარებასა და დაბერების პროცესის წინააღმდეგ საბრძოლველად.
დეპრესიული ადამიანებისთვის. ბანანი კარგი და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო ანტიდეპრესანტია. ტკბილი რბილობი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას, ამიტომ ბანანის ყოველდღე მირთმევა სევდისა და გაღიზიანების დაძლევაში დაგეხმარებათ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდი ორშაბათობით)