რა საფრთხე ემუქრება თქვენს თვალებს ზაფხულში - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს! - Marao

რა საფრთხე ემუქრება თქვენს თვალებს ზაფხულში - ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს!

2021-06-03 11:00:04+04:00

ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია, დასვენების, მოგზაურობის და კარგი განწყობის პერიოდი. სიგიჟემდე მიყვარს ზღვა.
მართალია, ცურვა ვერა და ვერ ვისწავლე, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის კამერით ტივტივი, პლაჟზე ჯდომა და წყალში კენჭების სროლაც მყოფნის. მიყვარს, როცა სხვადასხვა სიდიდის ტალღები ერთმანეთის მიყოლებით გადამივლის ხოლმე ფეხებზე. მიყვარს წიგნის კითხვა პლაჟზე, ღამით სეირნობა სანაპიროზე; როცა ირგვლივ არავინაა, სიჩუმეს მხოლოდ ტალღების ხმაური არღვევს და მაღლიდან ვარსკვლავებიანი ცა დაგყურებს...

ზაფხული - თავგადასავლების დროა! ყველაზე მეტ მოგონებას სწორედ ამ სეზონზე ვაგროვებ ხოლმე. ახალი ნაცნობობა, მეგობრებთან ერთად გართობა, საკურორტო რომანები - განა ამას რამე შეედრება? მიუხედავად იმისა, წახვალ თუ არა დასასვენებლად მთაში ან ზღვაზე, ზაფხულის პერიოდი თავის წესებს მაინც გვკარნახობს.

მიუხედავად ყველაფრისა, ზაფხული არცთუ ისე ხელსაყრელი დროა ჩვენი თვალებისთვის. მზის ძლიერი გამოსხივება, ცხელი ჰაერი, ქვიშა, ზღვის წყალი - თვალებზე უარყოფითად მოქმედებს. იწვევს გაღიზიანებას და „მშრალი“ თვალის სინდრომის განვითარების პროვოცირებას ახდენს.

ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება თვალებზე ძალიან სახიფათოა. შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივისა და რქოვანის დამწვრობა, რაც ცრემლდენით, ტკივილით ხასიათდება.

ცხელი ზაფხულის ამინდში იზრდება კონიუქტივიტისა და ანთებითი პროცესების რისკი. ზღვაში ან აუზში ბანაობა, დიდხანს კონდიციონერიან ოთახში ყოფნა, მზეზე გარუჯვა, ქვიშა, მტვერი - ყველაზე ხარისხიანი მზის სათვალეც კი ვერ უზრუნველყოფს თვალების 100%-ით დაცვას, რამდენადაც მზის სხივები დაუცველი ზონებიდან მაინც აღწევს და ნეგატიურ გავლენას ახდენს თვალის გარეგნულ სტრუქტურაზე.

კლიმატი

მთის მოყვარულებს უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო აქტიურია მზე. ზღვის დონიდან ყოველ 100 მეტრ სიმაღლეზე თვალების დაზიანების რისკი 2-3%-ით იზრდება.

ზღვა

თუ მზეზე დიდხანს გიყვართ გარუჯვა და წყლიდან მხოლოდ მაშინ ამოდიხართ, თუ ვიღაც იყვირებს: „ფრთხილად, ზვიგენია“, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ, დაიცვათ თვალები. გამოიყენეთ ყავისფერი, ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი ფერის მზის სათვალეები. ნაცრისფერი და ცისფერი კი სახლში დატოვეთ.

წიგნით პლაჟზე

თუ ექსტრემალური დასვენების მომხრე არ ხართ და სიმშვიდე გსურთ, პლაჟზე წიგნის კითხვა იდეალური ვარიანტია. აუცილებლად დაწექით ქოლგის ქვეშ, დაიხურეთ ფართოფარფლებიანი შლაპა. თეთრი ფურცელი მზის ყველა სხივს ირეკლავს და თქვენი თვალები კვლავ საფრთხის ქვეშაა.

ზაფხული ქალაქში

თუ ქალაქიდან ვერ გახვედით, პატარა საფეხმავლო ტურებს უნდა დასჯერდეთ, ან თბილისის მიმდებარე ადგილები უნდა მოინახულოთ. გამონაბოლქვი და მტვერი არანაკლებ საფრთხეს უქმნის თვალებს, ვიდრე პლაჟი და მზე.

როგორც უკვე გითხარით, მზის, ქარის და ზღვის წყლის ზემოქმედებისგან თვალები ღიზიანდება, გამოშრება, ხდება წითელი. ამ შემთხვევაში, თვალების მოსავლელად და დასაცავად გამოიყენება ჩასაწვეთებელი პრეპარატები - ე.წ. ხელოვნური ცრემლი, რომელსაც აქვს დამცავი, დამატენიანებელი ეფექტი, ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.