ვინ არის სოფია კანდელაკი, რომლის ცემისთვისაც ამერიკელი მილიონერი დააპატიმრეს (+ ფოტო) - Marao

ვინ არის სოფია კანდელაკი, რომლის ცემისთვისაც ამერიკელი მილიონერი დააპატიმრეს (+ ფოტო)

2012-02-28 12:15:11+04:00

ქართველი სტრიპტიზიორის სკანდალური ცხოვრება

ამერიკელი მილიონერი ტომას ჰარტმანი ორ თვეს გაატარებს ციხეში ქართველი მოცეკვავის სოფია კანდელაკის ცემის გამო. ასეთი განაჩენი გამოიტანა ნიუ-იორკის სასამართლომ. გასულ კვირას მომხდარმა ინციდენტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, განსაკუთრებით საქართველოში.

აცრემლებული მილიონერი

როგორც ახლა გაირკვა, ინციდენტი შარშან აპრილში მოხდა მანჰეტენის ერთ-ერთ რესტორანში, უბრალოდ, ჟურნალისტებისთვის ცნობილი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გახდა.

42 წლის ჰარტმანმა, რომელიც მილიონერია და უძრავ ქონებას ფლობს, 37 წლის ქართველ მოცეკვავეს სახეში რამდენჯერმე გაარტყა, თავისი მასიური "როლექსის" ფირმის საათით შუბლი დაუზიანა და სოფიას 16 ნაკერის დადება დასჭირდა.

ბრალდება ამტკიცებდა, რომ მილიონერმა განგებ დაარტყა კანდელაკს, რასაც მოგვიანებით ნაფიცი მსაჯულებიც დაეთანხმნენ. ჰარტმანს ერთი წლით პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მისმა დამცველებმა ორ თვემდე შეძლეს ვადის ჩამოკლება - ჰარტმანი მოწესრიგებული ბიზნესმენია და ფულს აქტიურად ხარჯავს ქველმოქმედებაშიო. სწორედ ამით მოიგეს მოსამართლის გული. მისი ადვოკატები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მომხდარი ინციდენტის დროს კანდელაკი მილიონერის გაძარცვას ცდილობდა.

ჰარტმანი, რომელიც ფეხის პროთეზს ატარებს, სასამართლოში აცხადებდა, რომ ფეხი დაუცდა, წონასწორობა დაკარგა და შემთხვევით დაარტყა ქალს. მან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა შეიტყო, რომ პატიმრობა მიუსაჯეს. არადა, სანამ პატიოსანი ბიზნესმენი გახდებოდა, ორჯერ იჯდა ციხეში მანქანის გატაცებისა და ჩხუბის ბრალდებით.

კაცმა რომ თქვას, ჰარტმანი მილიონერიც შემთხვევით გახდა. ადრე მშენებლად მუშაობდა. 2004 წელს, როცა პოლიციელები საკუთარი ცოლის ცემისთვის ბრალდებულ ჰარტმანს მისდევდნენ, მანქანა დააჯახეს. ამ ინციდენტის შემდეგ კაცმა ფეხი დაკარგა. 2010 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ჰარტმანისთვის პოლიციას 16 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა კომპენსაციის სახით. ამან მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ქართველი სტრიპტიზიორი და მასაჟისტი

რაც შეეხება სოფია კანდელაკს, ის საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდანაა. აშშ-ში სტრიპტიზს ცეკვავს და მასაჟისტადაც მუშაობს. საკმაოდ აქტიური და დაუდგრომელი პერსონაა და სკანდალურიც.

ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებაში ვინც არის ჩართული, ჩვეულებრივი ადამიანები თუ ვარსკვლავები, მას ყველა იცნობს და მისი, როგორც მასაჟისტის მომსახურებითაც აქტიურად სარგებლობენ. სოფიას კლიენტებს შორის არის მაგალითად, მიკი რურკი. ცნობილია, რომ სოფიას ერთი ქალიშვილი ჰყავს - ნინი კვანტრე, რომელიც მუსიკოსია და ვიოლინოზე უკრავს.

სოფიას "ფეისბუქზე" პერსონალურ მონაცემებში უწერია, რომ მუშაობს "ტალენტ პროდაქშენში", სადაც ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსული სექსუალური ქალბატონები "მოღვაწეობენ". რაც შეეხება განათლებას, ამბობს, რომ "ცხოვრების სკოლა" აქვს დამთავრებული.

სოფიას კომენტარიც ვთხოვეთ, რათა თავისი მოსაზრება გამოეთქვა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მარიამ ლაღიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)