რომელ მურაბას რა ინგრედიენტი უნდა დაუმატოთ, რომ სრულყოფილი გემო მიიღოთ - Marao

რომელ მურაბას რა ინგრედიენტი უნდა დაუმატოთ, რომ სრულყოფილი გემო მიიღოთ

2020-10-23 08:31:13+04:00

დროა, რამდენიმე ქილა არომატული მურაბა მოამზადოთ ზამთრისთვის. შეგიძლიათ ახალი არომატის ნოტი დაუმატოთ და შედეგად, ზღაპრული გემო მიიღოთ.

1. მაყვალი + ბეგქონდარა

გარეცხეთ 600 გრ მაყვალი და მოათავსეთ ქვაბში. მოამზადეთ სიროფი

750 გრ შაქრით და 250 მლ წყლით. დაუმატეთ ½ ჩ/კ ლიმონმჟავა და ბეგქონდარა, დაასხით კენკრას ცხელი სიროფი და დატოვეთ მთელი ღამე. შემდეგ სიროფი გადაწურეთ და ბეგქონდარა ამოიღეთ. წამოადუღეთ და ისევ დაასხით მაყვალს. როდესაც გაცივდება, 10 წთ ხარშეთ და ქილებში გადაიტანეთ.

2. ვარდის მურაბა + ცედრა

100 გრ ვარდის ფურცლები შაქართან ერთად დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მოხარშეთ სიროფი 500 გრ შაქრით და 215 მლ წყლით, ადუღეთ 7 წთ. დაუმატეთ ფოთლები და ცედრა (ლიმონის ან ფორთოხლის). ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 თ.

ხარშვის ბოლოს ჩაასხით ½ ჩ/კ ლიმონჟავა.

3. საზამთროს მურაბა + ლაიმი

1 საშუალო ზომის საზამთროს ქერქს მოაცილეთ მწვანე გარსი, ხოლო თეთრი ნაწილი კუბებად დაჭერით. 1 კგ მოათავსეთ ქვაბში. ნახევარწრეებად დაჭერით 3 ლაიმი, დააყარეთ 1,3 კგ შაქარი, გადაიტანეთ საზამთროიან ქვაბში და დატოვეთ 2,5 სთ (დროდადრო შეანჯღრიეთ), შემდეგ შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით ქვაბი შემოდგით ნელ ცეცხლზე და 20 წთ ხარშეთ. მოაცილეთ ქაფი და გააცივეთ.

შემდეგ კიდევ ხარშეთ 10-15 წთ. გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში.

4. ქლიავი + მიხაკი

გარეცხეთ 500 გრ ქლიავი, დაჭერით, მოაცილეთ კურკები და ქვაბში გადაიტანეთ.

მოამზადეთ სიროფი: 250 მლ წყალი + 750 გრ შაქარი, ½ ჩ/კ ლიმონმჟავა და მიხაკი.

მდუღარე სიროფი დაასხით ქლიავს. დატოვეთ 1 ღამე.

გადაწურეთ სიროფი, მეორედ წამოადუღეთ და ისევ დაასხით ქლიავს. დააცადეთ გაციება, შემდეგ ხარშეთ. მოაცილეთ ქაფი და გადაიტანეთ ქილებში.

5. ატამი + ვანილი

გარეცხეთ 700 გრ ატამი, გაჭერით შუაზე, გამოაცალეთ კურკები. დაჭერით 4 ნაწილად თითო. მოათავსეთ ქვაბში. მოადუღეთ სიროფი: 700 გრ შაქარი + 250 მლ წყალი, ½ ჩ/კ ლიმონმჟავა.

დაასხით მდუღარე სიროფი ატმებს. ჩაყარეთ ვანილის ღერები და გააცივეთ.

გადაწურეთ სიროფი, წამოადუღეთ და ისევ დაასხით. გააცივეთ, შემდეგ დადგით ცეცხლზე და 10-15 წთ ადუღეთ. მოხადეთ ქაფი.

გადაიტანეთ ქილებში.

6. ჟოლო + პიტნა

500 გრ ჟოლო მოათავსეთ ქვაბში. გარეცხეთ პიტნა და დაუმატეთ ჟოლოს. მოადუღეთ სიროფი: 750 გრ შაქარი + 250 მლ წყალი, ½ ჩ/კ ლიმონმჟავა. დაასხით ჟოლოს და დატოვეთ 1 ღამე.

ამოიღეთ პიტნა, სიროფი გადაწურეთ, წამოადუღეთ და ხელმეორედ დაასხით. როდესაც გაცივდება, დადგით ნელ ცეცხლზე და 10 წთ ხარშეთ. გადაიღეთ ქილებში.