მარინა კახიანი ინფანტილიზმის ნიღბით - Marao

მარინა კახიანი ინფანტილიზმის ნიღბით

2011-03-15 13:55:57+04:00

ბრავო... მარინა...

მატარებელი რომელიღაც გაჩერებაზე ჩამოდგა. ეს მისია! ყველა ადამიანისთვის მოვიდა, ყველანი ავიდნენ ვაგონში და დაიძრა. ასე იყო მარინა კახიანისთვისაც, რომელიღაც დღე, რომელიღაც ბაქანი და დაიძრა...შემდეგ უკვე მთავარია, იმ გაჩერებაზე ჩამოხვიდე, რომელიც სწორ მისამართზე მიგიყვანს...

გაჩერება #1 - ბავშვობა

ბავშვობას რომ იხსენებს, ზოგჯერ ჰგონია, რომ ის გოგონა თვითონ არ იყო, ზოგჯერ კი ის დღეები ზღაპრის თავები ან ქვეთავები ჰგონია, თვითონ კი თავს ზღაპრის გმირად წარმოიდგენს. სიყვარულით სავსე იყო ის დღეები, სითბოთი, რომელსაც აძლევდნენ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მათი დები, ძმები.

მარინა იღებდა და ივსებოდა, თვითონაც თბებოდა. ხელოვნების სიყვარული ოჯახში ისწავლა, დედა მომღერალი იყო. მართალია, მან ოჯახისა და შვილის მომავლისთვის კარიერაზე უარი თქვა, მაგრამ შვილს სიმღერა და მუსიკალური გემოვნება ჩამოუყალიბა.

ახლა ხვდება, დედამ რა გმირობა ჩაიდინა, თვითონ ამას ვერ შეძლებდა. მამა დირიჟორი და კომპოზიტორი იყო, პატარა მარინა სპექტაკლებზე მამის სადირიჟორო პულტთან იჯდა. ეს წუთები მისთვის სიამაყისა და ჯადოსნურობის შეგრძნება იყო.

გაჩერება #2 - ბალეტი

ჯერ კიდევ მცირეწლოვანი მარინა კახიანი ცეკვავდა და ბალეტზე გიჟდებოდა. იხსენებს, პირველად რომ ნახა საბალეტო სპექტაკლი - ”კონკია”, როგორ იმოქმედა მასზე ნანახმა. შინ მისულმა იმდენი იფიქრა, ღამით სიცხემ აუწია.

სცენა შეუყვარდა, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ახსოვს, რუსთაველის თეატრში ”ჭინჭრაქა” ნახა, გაოცდა მსახიობების ოსტატობით, იმ სასწაულით, რაც სცენაზე ხდებოდა და რისი მომსწრეც თვითონ, ერთი ჩვეულებრივი გოგონა გახდა...

შემდეგ სწორედ იმ მსახიობებთან ერთად იდგა სცენაზე - ამით ბედნიერია. ახსოვს, ზაფხულის მოსვლა რამხელა სიხარული იყო მისთვის. ახსოვს გზა ოქროყანამდე, მაშინდელი მინისტრთა საბჭოს აგარაკებამდე. იქ მარინასთვის პატარა სამოთხე იყო.

ისვენებდა ყველაფრისგან: ცეკვა, მუსიკა, გაკვეთილები, დატვირთული დღეები... ულამაზესი ოქროყანა მის მეხსიერებაში დღესაც ასეთია: მრავალფერი ყვავილებით მორთული მდელოებით... მეგობრებით, რომლებთანაც ყოველი წლის ზაფხულს ატარებდა, სასიყვარულო და ბავშვურად მიამიტური ურთიერთობებით...

გულის ფანცქალით ელოდა ყოველი წლის პირველ სექტემბერს. კარგი იყო ზაფხული, გართობა და დასვენება, მაგრამ ქორეოგრაფიულ სასწავლებელს მაინც სხვა სამყაროში შეჰყავდა, გიჟდებოდა ცეკვაზე...

ცხრა წლისას სპექტაკლში ”ექიმი აიბოლიტი” ერთ-ერთი წიწილის როლი ერგო. ამას იფერებდა და სცენაზე მოხდენილად იდგა... წლის ბოლოს გამოსაშვები საღამო ეწყობოდა, გამორჩეულებს წილად მთავარი როლები ერგებოდათ.

რა თქმა უნდა, მარინა კახიანი მათ შორის იყო...

მართლაც ჯადოსნური იყო მაშინ ყველაფერი, დღესაც სტუმრობს იმ სახლს, იმ ეზოს, სადაც ბავშვობა გაატარა. მარტო მიდის და მოგზაურობს დროში - ხან ეღიმება, ხან ეტირება...

იტალიური ეზო, დიდშუშაბანდიანი სახლი და მუდმივი ხალხმრავლობა, ჟრიამული, ფუსფუსი, მარინას გამართული კონცერტები, სულ ცეკვავდა, - ის ხომ მომავალი ბალერინა იყო. ახლაც სიზმარში ნახულობს იმ სახლს, ბებიას და...

გავიზარდე? ამას დღემდე ვერ გრძნობს ალისა საოცრებათა ქვეყანაში? - არა, მარინა ოცნებების სამყაროში. ინფანტილურია და ეს სიამოვნებს, ბავშვური სამყარო აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბებია გახდა...

მესამე კლასიდან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადავიდა. არაჩვეულებრივი პედაგოგები ჰყავდა, ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი რჩეული მოწაფე იყო თვითონაც. მაესტრო პერიოდულად ირჩევდა მოსწავლეებს და მათ პირადად ამეცადინებდა, მათ შორის მარინა კახიანიც მოხვდა.

ეს პატარა ბალერინასთვის უდიდესი ბედნიერება იყო. მეცადინეობის დაწყებიდან 10-15 წუთით გვიან მიდიოდა მაესტრო. შეგრძნება ახსოვს: რაც უნდა გამოუძინებელი და დაღლილი ყოფილიყო, შემოვიდოდა თუ არა, მაშინვე მუშაობას იწყებდა.

მარინა ცდილობდა, თავი მოეწონებინა მისთვის, როგორც ჩანს, გამოსდიოდა კიდეც, თუმცა...

გაჩერება #3 - დრამატული თეატრი

ეგონა, ბალერინა გახდებოდა, სხვებიც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, მეორე კურსზე ჟიზელი იცეკვა, გამოსაშვებ სპექტაკლში - ლაურენსია - მთავარი პარტია. სასწავლებლის დასრულებისთანავე მიიღეს ოპერის თეატრში, მთავარი როლები მისცეს და მანაც საუკეთესო პარტიები შეასრულა.

ვერ ხსნის რატომ, ალბათ ტვინში რაღაც გადაუტრიალდა, სიამოვნებდა ცეკვა, არც მეცადინეობა ეზარებოდა... მაგრამ ერთ დღეს გადაწყვიტა დაენგრია ის, რასაც 17 წლამდე აშენებდა და ცხოვრება თავიდან დაეწყო, ახლიდან აეშენებინა მომავალი, თუმცა სხვა სცენაზე.

გარისკა! შიში... გადაწყვეტილების მიღების დროსაც ეშინოდა, მერეც კარგა ხანს გაჰყვა ეს განცდა. იყო უძილო ღამეები, ნერვიულობა, ოპერის თეატრთან თვალცრემლიანი მარინა და გაშეშებული წამი, არაერთი წუთი...

საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში მერეც, რუსთაველის თეატრის სცენაზე მდგარსაც ეპარებოდა ეჭვი...

თავიდანვე, თეატრალურ უნივერსიტეტში, კარგი სტუდენტი იყო, სპექტაკლებში ისევ მთავარი როლები ჰქონდა. პირველ კურსზე ვერც იქ ჩერდებოდა, - მიდიოდა ოპერაში და მეცადინეობდა, ცეკვავდა.

ყველას ეგონა, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ... არ იცის, შეიძლება შეცდა... ან იქნება არც...

გაჩერება #4 - რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი მისი სახლიცაა, ცხოვრებაც და სიცოცხლის აზრიც. მსახიობები ავადმყოფები არიან, - სცენით და მისი მტვრით დაავადებულები, ტაშით და ოვაციებით გამოწვეული სიხარულით ბავშვდებიან.

მაშინ რუსთაველის თეატრში ახალ მსახიობებს არ იყვანდნენ, ერთ წელიწადს მოხდა სასწაული და ბატონმა რობერტ სტურუამ აიყვანა ჯგუფი.

სწორედ ამ ჯგუფში სწავლობდა მარინა. მისი სტუდენტობა მართლაც ლამაზ ზღაპარს დაემსგავსა. აღარც კი ახსოვს, როგორ გაითავისა ეს სიხარული. მისი ყოველი შექება, ყოველი კომპლიმენტი უდიდეს ძალას და სტიმულს აძლევდა.

რობიკომ რუსთაველის თეატრში, ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარი როლი შესთავაზა და აი, ისიც: რუსთაველის თეატრის სცენა!

სპექტაკლის დაწყებამდე ჩაბნელებულ სცენასთან მივიდა, შეიხედა და სუნთქვა შეეკრა, მღელვარებისგან გული კინაღამ ამოუვარდა. აი ისიც, რუსთაველის თეატრის სცენა და თვითონ - მარინა კახიანი ამ სცენაზე!

იმ პირველი სპექტაკლიდან გავიდა წლები და მისთვის ეს თეატრი, მის კედლებში ცხოვრება ჩვეულებრივი ამბავი გახდა, არადა ის ხომ დღემდე სასწაულია, ღვთის საჩუქარი...

ამას მაშინ მიხვდა, როდესაც წლების შემდეგ, სპექტაკლის წინ, ისევ გახედა სცენას, შემდეგ დარბაზს და გულმა ისევ ძველებურად ბაგაბუგი დაიწყო... ჰო, სასწაულია!

გაჩერება #5 - ოჯახი

ძალიან, ძალიან მრავალფეროვანია მსახიობის ცხოვრება, ამქვეყნად ერთხელ მოსულნი უამრავი ცხოვრებით ცხოვრობენ: მარინა იყო დედოფალიც, კონკიაც, მედეაც, მოღალატეც... კინოშიც გადაუღიათ.

კინო თეატრისგან სპეციფიკით განსხვავდება, თუმცა არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესოა. იყო პერიოდი, როდესაც კამერა არ უყვარდა, დღეს კამერის აღარ ეშინია, პირიქით, მოსწონს.

თამაშობს და უთამაშია საინტერესო როლები, იყო გაბედული ნაბიჯებიც, თუმცა თვლის, რომ კინოში ჯერ კიდევ ბევრია სათამაშო, მას ჯერ თავი ბოლომდე არ ამოუწურავს. დრო დასჭირდა, მაგრამ გაითავისა, გაბედა და ინტიმურ სცენებშიც ითამაშა.

ახლა უფრო გათავისუფლდა, დროც სხვანაირია და აზროვნებაც შეიცვალა. ამის მიუხედავად, დღესაც შეიძლება იყოს რაღაც, რაზეც უარს იტყვის.

რომ არა თეატრი, ვერ შეხვდებოდა გია მატარაძეს და არ... ის მარინა კახიანის უდიდესი სიყვარული იყო. გრძნობის სიღრმე და სიდიადე მაშინ უფრო იგრძნო, როდესაც სიკვდილმა გამოაცალა ხელიდან საყვარელი მეუღლე და მარტო დარჩა.

თავს კონსერვატორად მიიჩნევს, მაგრამ მაშინ მთელი გულით იგრძნო, რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო და... გიას ოჯახი ჰყავდა, ამის მიუხედავად მარინა კახიანმა დინების საწინააღმდეგოდ გაცურა. ეს არ იყო მშვიდი ცურვა, მაგრამ ღირდა. ახლა? ალბათ დღეს ვერ გაბედავდა. 18 წელი გავიდა, არაფერი გაცვეთილა...

შვილი... ტკივილებისა და ტანჯვის შემდეგ, საღამოს ათი საათისთვის დაიბადა ვათა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. ეს იყო ემოცია, რომელსაც ვერ მოერია, უნდოდა ამ ბედნიერების ყოველი წამი დაეჭირა და ხელიდან არ გაეშვა.

იმ ღამით მეტად დააფასა დედაც - მისიც და მეუღლისაც, მიხვდა, რომ ამაზე უკეთესი ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია... შვილის დაბადების შემდეგ ყირაზე დგება ცხოვრება და შენ მომსწრე ხდები ახალი სიცოცხლის ზრდისა და ჩამოყალიბების.

შვილიშვილი...

ეს კიდევ უფრო სხვა ღელვაა, ამ შემთხვევაში დამსწრე ხარ, თუმცა ნერვიულობა არანაკლებია. დაესწრო შვილიშვილის დაბადებას, ეს ემოცია დიდხანს გაჰყვება, ალბათ ბოლომდე...

გაჩერება # - მომავალი

გაიარა მრავალი ფერითა და სურნელით გაჯერებული ცხოვრება, იყო ცრემლიც და უდიდესი სიხარულიც, ტკივილისა და ბედნიერების ზღვარზე გავლით მოვიდა დღემდე. გასაკეთებელი ბევრია. როლები აქვს სათამაშო და კიდევ... ალბათ, სიყვარული კიდევ მოვა მასთან...

ჟურნალი ”ბომონდი”

ქეთი მიქანაძე