შემოდგომაზე ყველა ფილმს ყავლი გასდის. ამ სეზონს მხოლოდ ცხელი ჩაი და ფანჯრიდან კარგი ხედი შეგაგრძნობინებთ, ახლა ხომ ნაცრისფერ ქალაქს მისი უდიდებულესობა ყვითელი ფოთლები რთავენ. ფილმის ყურება რა მოსატანია, როცა საკუთარი თავის ფილმის გმირად გადაქცევამდე მხოლოდ „ღუნღულა“ სამოსი და სახლის ან სადარბაზოს კარი გაშორებთ. საკმარისია, სულ ერთი წუთით წარმოიდგინოთ, როგორ მისეირნობთ ფოთლებით გადაპენტილ ქუჩებში, აშრიალებთ მიწაზე მიმოფანტულ შემოდგომის მაცნეებს და მაშინვე უმიზეზო ბედნიერებით აივსებით.
...თუმცა, აი, მანდ ფრთხილად, მარჯვნივ პატარა ორმოა, ვერ შეამჩნიეთ? ოი, მე მაპატიეთ. რომანტიკიდან დეპრესიამდე სულ ერთი ნაბიჯით ადრე გაგაფრთხილეთ და დავიგვიანე. ჩემი ბრალია, უფრო ადრე უნდა შემემზადებინეთ და მეთქვა, რომ ეს პერიოდია ასეთი დეპრესიული, მელანქოლიური, ბევრი ამოუვსებელი ორმოთი სავსე.
ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები ქვეცნობიერად უსახლოდ დარჩენილ ფოთლებს მივტირით, გვიან შემოდგომამდე ვჭირისუფლობთ და მათი სევდით ვივსებით. ან იქნებ ყველაფერი უმზეობის ბრალია, ასე უცებ რომ აიკრეფს ხოლმე გუდა-ნაბადს ზაფხული და სახეზე ქარს აგვაფარებს, თვალის გაყოლებასაც ვერ ვასწრებთ. ახალ რეჟიმზე გადართვას მოკლე დღე კიდევ უფრო ართულებს. ამიტომაც გვიჭირს დანახვა და კაცმა არ იცის, სად დაგვიცდება ფეხი და დეპრესიის რომელ ორმოში გადავეშვებით. მერე ისე შეგვიპყრობს საკუთარი თავი, ვერც კი ვამჩნევთ, რომ სხვებსაც ჩვენსავით უჭირთ. აი, ხომ ხედავთ, ეს ქალბატონი ამბობს, რომ მისი არავის ესმის. განა თქვენ არ გესმით? თქვენც ხომ მასავით ხართ გაჭედილი ამ შემოდგომაში.
არაფერს ეტყვით? რა თქმა უნდა, არ ეტყვით, დაე, თვითონ გითხრათ, არა? იცით, როდის გრძნობს მარტოობას ადამიანი? ფსიქოლოგ კარლ იუნგს მიაჩნდა, რომ მარტოდ თავს მაშინ კი არ გრძნობ, როცა ირგვლივ არავინაა, არამედ მაშინ, როცა ირგვლივ მყოფებს ვერ ესაუბრებით იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.
არადა, აი, ეგ შოკოლადებით დამძიმებული ჯიბეები რომ გაგეთავისუფლებინათ და ერთი მისთვისაც შეგეთავაზებინათ, იცით, როგორ გაახარებდა? სხვათა შორის, თავიდან გეტყვით, რომ დიეტაზეა, მაგრამ შემოდგომაზე რა დროს დიეტაა. არ შეიძლება და მორჩა. სწორედ დიეტის ბრალია ახლა მისი უხასიათობა. ჰკითხეთ ერთი, დოპამინი ან ოქსიტოცინი თუ გაუგია. „სიყვარულის“ და „ბედნიერების“ ჰორმონებია. მის ორგანიზმში ახლა ერთ გრამსაც ვერ იპოვით. ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს კილოგრამებს, როცა სახეზე უსიყვარულობა და უხასიათობა იკითხება? ურჩიეთ, ბევრი ისეირნოს, დრო საყვარელი საქმის კეთებას დაუთმოს, არ შეხვდეს არასასურველ ადამიანებს და თავადვე გახდებით მოწმე, როგორ დააღწევს თავს დეპრესიის საცეცებს. უთხარით, რომ შემოდგომას არ უხდება ფილმები, ახლა ცხელი ჩაის, წიგნების და საკუთარ თავზე ზრუნვის დროა.