ყველა ქალს აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე მამაკაცები. რომელ კაცსაც უნდა ჰკითხო, ყველა იმას ამტკიცებს, რომ ქალების ბუნება კარგად იცის.
გადავწყვიტე, გამერკვია, მართლა ასე კარგად ესმით ჩვენი თუ არა და არჩევანი ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ "კომედი შოუს" მსახიობებზე შევაჩერე.
მათი ერთად შეკრება ადვილი საქმე არ გეგონოთ. ხან გარე გადაღებებზე დარბიან, ხან ჩაწერა აქვთ. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შეხვედრა მაინც შედგა.
მიშა ანდღულაძემ შუა ინტერვიუს დროს დაგვტოვა! ისე ჩქარობდა, ალბათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანდებოდა; ან ერთი სული ჰქონდა, თბილ სახლში მისულიყო და ცოლის მიერ მომზადებული ვახშამი დაეგემოვნებინა!
თემო მჟავია რაღაცას ვერ შეელია და მისი შეპირებული "2 წუთში მანდ ვიქნები" – 20 წუთამდე გაიწელა.
ოთო ლომთაძე თათბირზე იყო და მისი ჩაწერა მოგვიანებით, ინტერნეტით შევძელი. ის სერიოზულად მიუდგა კითხვებს. სამაგიეროდ, ნიკა გრიგოლიამ ილაპარაკა ენერგიულად და წამოსვლის წინ მკითხა, ამ საღამოს რას აკეთებო...
რას ვაკეთებდი?.. მთელი ღამის განმავლობაში მის პასუხებს ვარგებდი პრესის ეთიკურ ნორმებს. მოკლედ, პირადად მე საკმაოდ ვიხალისე და იმედია, თქვენც გამხიარულდებით. მამაკაცების ხუმრობაში კი წვეთ კი არა, ზღვა სიმართლეს აღმოაჩენთ.
– როგორ ფიქრობთ, რა სურთ ქალებს?
ოთო:
"ქალებს სურთ კარგი ოჯახი, შვილები, ბევრი ფეხსაცმელი, ბევრი ჩანთა და სუნამო".
მიშა:
"გააჩნია რა სიტუაციაში. ჩემი აზრით, სხვადასხვა რაღაც უნდათ. ზოგადად რა უნდათ, ვერ გამიგია ბოლომდე!"
ნიკა:
"ბევრი რამე უნდათ, მაგრამ უეჭველი რაც უნდათ, ესაა სექსი და კომფორტი! კომფორტში ფულიც შედის!"
- თქვენისთანა კაცებზე რას ფიქრობენ ქალები?
ნიკა:
"ეს ქალებს უნდა ჰკითხო. პირადად მე გოგონებთან ურთიერთობაში პრობლემა არ მაქვს".
მიშა:
"მგონი, ცუდს არაფერს".
- ქალების "დაკერვის" დროს იუმორი ამართლებს?
ნიკა:
"საერთოდ, ამ სამსახურის გარეთ ნაკლებად ვცდილობ, რომ ეს საქმე, რასაც აქ ვაკეთებ, ჩემს ცხოვრებაში იყოს. აქ იმხელა დოზით არის იუმორი, რომ გარეთ აღარც ცოლთან მინდა, აღარც შვილთან მინდა, არც მეზობელთან და არავისთან".
მიშა:
"გადამწყვეტ მომენტში იუმორი ჭრის. სხვა შანსი როცა აღარ არის, აი, მაგ დროს თავისას შვება".
ოთო:
"ამ კითხვაზე მოკლედ ვუპასუხებ: გააჩნია ქალს და გააჩნია იუმორს და ხუმრობას.
თქვენ მოგწონთ ოხუნჯი ქალები? არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რას აირჩევდით - ოხუნჯი, ჭკვიანი და ულამაზო ქალი თუ ლამაზი, უჭკუო და სერიოზული?"
ნიკა:
"მე არჩევანს შევაჩერებ ყოველთვის სექსუალურ, ლამაზ ქალზე. მისი შინაგანი სამყარო, მშობლები, ფესვები და ა. შ. საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს. ის მოსაზრება, რომ "მთავარი ლამაზი სულია და გინდა ცალფეხა იყოს", სისულელეა! თუ ძალიან დებილია, მაშინ სექსუალურობას კარგავს, მაგრამ მაინც გარეგნობას ვანიჭებ უპირატესობას. ამის მერე მაინტერესებს მისი შინაგანი სამყარო".
ოთო:
"ქალს ზედმეტი ოხუნჯობა არ უხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზული უნდა იყოს. ყველაფერი ზომიერი ჯობია. იდეალური, ალბათ, ნორმალური გარეგნობის, გაწონასწორებული ქალია".
თემო:
"ლამაზი და იუმორის გარეშე!"
- აბა, როგორ ფიქრობთ, რაზე ფიქრობენ ქალები სექსის დროს?
ნიკა:
"ჩემთან მეორე სექსზე!"
მიშა:
"არასოდეს მიკითხავს მაგ დროს... გაგიგებთ! საღამოს 9-ისთვის დამირეკეთ და გაგიგებთ!" (იცინიან)
ოთო:
"ალბათ ამ შეკითხვაზეც მოკლედ ვუპასუხებ, როგორც მესამე კითხვაზე ვუპასუხე. გააჩნია ქალს და გააჩნია სექსს".
-თქვენ რაღაზე ფიქრობთ?
ნიკა:
"მე იმაზე ვფიქრობ, რომ ნეტა სიგარეტი არ მოწიოს; იმიტომ, რომ ვერ ვიტან სიგარეტს რომ ეწევიან..."
- ქალები?..
- კაცთან არ მქონია სექსი და რა ვიცი (იცინის)
- რას ურჩევდით ქალიშვილებს?
ნიკა
"რავი, კარგად იყვნენ. ეცადონ, რომ კომფორტულად იყვნენ. ქალიშვილობის ინსტიტუტი და დეიდაშვილობის ინსტიტუტი არის სისულელე. როდემდე უნდა იყოს ეს?.. 40 წლის როა და ქალიშვილია, ვურჩევდი, რომ უხერხულად მაინც დაეცეს... 15 წლის და 17 წლის ქალიშვილი რასაც თვითონ ურჩევს თავის თავს, მეც იმას ვურჩევ".
ოთო:
"ქალიშვილებს ვურჩევდი, იყვნენ გაცილებით თავდაჭერილები, მოკრძალებულები და ისწავლონ არჩევანის სწორად გაკეთება".
- ხშირად გითამაშიათ ქალების როლი. მიშა, შენ და თემოს ხშირად გცმიათ კაბა! როგორი შეგრძნებაა? სასიამოვნოდ გიბერავთ?
მიშა:
"10 წელია, რაც ქალი ვარ! სისტემატიურად მიწევს წვერის გაპარსვა ძვლამდე!"
- ფეხებიც ხომ არ გაგიპარსავს?
- ფეხები არა!
- ანგარებით გათხოვება არის თუ არა ბოზობა გრძელვადიანი კონტრაქტით?
თემო:
"სკანდალური კითხვებია!"
მიშა:
"რა თამამი კითხვებია? ე. ი. ამოცანა რას გვეკითხება?.."
ნიკა:
"თუ ავიღებთ იმას, რომ მეძავობა ფულით სექსს ნიშნავს, თუ ვიღაცას მიჰყვები იმიტომ, რომ ფული მოგცეს და სექსი გქონდეს, ე.ი. ლეგალური მეძავი ხარ!"
თემო:
"აპრავებს"! (იცინიან)
- როგორია ქალისთვის მაგარი კაცი?
ნიკა:
"ეგ ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, ყველას სხვადასხვანაირი მოსწონს. შეიძლება მიშასთვის ვიღაცა მაგარი ქალი იყოს და თემოსთვის - პინგვინი".
მიშა:
"წითური და ცისფერთვალება".
ოთო:
"ალბათ მაინც ერთგული მამაკაცი არის მაგარი კაცი".
- მაგარ ქალთან გაატარეთ ღამე და აღმოჩნდა, რომ საშინლად ხვრინავს. გააგრძელებთ მასთან ურთიერთობას?
ნიკა:
"რატომაც არა! დავსკოჩავ და რა პრობლემაა?"
ოთო:
"თუ ძალიან უყვარს მამაკაცს ქალი, ამ შემთხვევაში უნდა შეიძინოს კარგი ყურსასმენები და როცა ქალი ხვრინვას დაიწყებს, მამაკაცმა უნდა ჩართოს სასიამოვნო მუსიკა".
- როცა ქუჩაში მაგარი ქალი ჩაივლის, მამაკაცები ამბობენ: "ვაა, რა მაგარი ნაშაა!"
როგორ ფიქრობთ, რას ამბობენ ქალები, როცა მაგარი კაცი ჩაივლის?
მიშა:
"უი, საქართველოვ, რა ბედნიერი ხარ! როგორი მამულიშვილები გეზრდება! (იცინიან) - არასოდეს გამიგია, რას ამბობენ მაგ დროს".
- ბოლოს და ბოლოს, რა ემართებათ ქალებს საჭესთან? კაცებზე ხომ არ ფიქრობენ?
ოთო:
"საჭესთან ფიქრობენ კაცებზეც, ოჯახზეც, შვილებზეც, ფეხსაცმელზეც, ჩანთებზეც, სუნამოებზეც და რაც მთავარია, ხშირად იხედებიან სარკეში და არ ითვალისწინებენ იმას, რომ მანქანაში სარკეს სულ სხვა დანიშნულება აქვს".
ნიკა:
"სწავლობენ ალბათ!"
მიშა:
"უფრო საინტერესო კითხვაა, რა ემართებათ პარკინგის დროს? - იბნევიან და სადაც მანქანა ჩაუქრებათ, იქ აჩერებენ ხოლმე".
- რა ფრინველს შეადარებდით ქალს?
ოთო:
"ბევრი კატეგორია არსებობს. მაგალითად - თუთიყუში, ქათამი, ფარშევანგი, ბეღურა, ყვავებიც კი არსებობენ".
ნიკა:
"მე ვიცნობ გოგოს, რომელსაც შევადარებდი კოდალას, ტვინს ბურღავს ხოლმე ძალიან. ზოგი რას ჰგავს, ზოგი - რას... მე უფრო ცხოველებს ვადარებ ხოლმე - არიან ციყვის ტიპის გოგონები, მელაკუდები, წრუწუნები და ა. შ."
მიშა:
"მოხრილ ცხენს".
- რას ნიშნავს კაცისთვის ქორწინება?
თემო:
"რავი, შეცდომას!" (იცინიან)
მიშა:
"კარგია. უბრალოდ, რაღაცები იცვლება და ეს ცვლილებები შეიძლება ზოგჯერ არ მოგეწონოს, მაგრამ ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს".
ოთო:
"სიყვარულის და ერთგულების გარდა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა".
ნიკა:
"მე ერთხელ მქონდა მსგავსი რაღაც: ჩემმა ცოლმა შემომთავაზა და კმაყოფილი ვარ იმით, რაც იყო. ისე, ცოლის მოყვანა არასოდეს მინდოდა. თავისუფლების ფასი არაფერია. დედაჩემზე მეტად თავისუფლება მიყვარს".
- ვისაც ცოლი გყავთ, გაიხსენეთ საკუთარი თავი ქორწილში. სადღეგრძელოზე - სულ ასეთი გახარებული მენახე, როგორიც დღეს ხარ, გაღიზიანებულხართ?
ნიკა:
"ჩემს ქორწილში ეგეთი რამ არავის უთქვამს, თუმცა ძალიან გახარებული ვიყავი!"
- როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი?
ნიკა:
"სექსუალური, შავგვრემანი, არ უნდა ეწეოდეს".
თემო:
"ჩემს შემთხვევაში მოწევა დავტოვოთ!"
ოთო:
"მე ერთი სიტყვით შემოვიფარგლები, - ერთგული!"
- თქვენი იდეალი ვინ არის?
ნიკა:
"ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო ჩემი ცოლი".
ოთო:
"ჩემთვის ქალის იდეალი არის დედა".
თემო:
"მე არ მყავს ქალის იდეალი".
- რას შეცვლიდით ქალებში?
ნიკა:
"მე არაფერს შევცვლიდი!"
- ბევრს ლაპარაკობენო?
- მერე რა? ასწორებს! ქალის ლაპარაკს თუ ვერ უძლებ და დისკომფორტს გიქმნის, ვერ ყოფილა კარგად შენი საქმე!
ოთო:
"არაფერს, იმიტომ, რომ ვიცი, რაც უნდა შევცვალო და რამდენადაც კარგად უნდა შევცვალო, მაინც არ იქნება ისეთი, როგორსაც თვითონ ისურვებდნენ".
- ქალსა და მამაკაცს შორის უანგარო მეგობრობა შესაძლებელია? თუ სქესთა ლტოლვა ყოველთვის იქნება?
თემო:
"მე ვფიქრობ, რომ იქნება. ეგ ფიქრი ამოძრავებს მთელ დედამიწას".
ნიკა:
"მე ყველა მეგობარზე გამიფიქრია! (იცინის) ბევრთანაც მქონია! აბა, მეგობრობა რა არის? სექსზე მაგარი კავშირი არ არსებობს. ყოველდღე სექსუალურად თუ არ გამოიყურება გოგო, იმასთან ვერანაირი ურთიერთობა ვერ მექნება! გამარჯობასაც ვერ ვეტყვი და ბავშვსაც ვერ მოვუნათლავ!" (იცინიან)
- რითი განსხვავდება კაცის ღალატი ქალის ღალატისაგან?
ნიკა:
"არაფრით. მე ვერ ვხვდები, ცოლი რომ მოჰყავთ და დარბიან მერე. მე არ მქონია სურვილი, როცა ცოლი მყავდა, რომ სხვა გოგოებთან მერბინა. უტვინოდ მიმაჩნია ქალი, რომელიც ამბობს: "კაცია და რა ქნას?!".. ის იმის ღირსია, რომ კაცი არ ნახოს ცხოვრებაში! აბა, რომელიმე კაცი იტყვის ცოლზე, რა ქნას ახლა, ქალიაო?.. ღალატი ღალატია, არანაირი განსხვავება არ არის!"
ოთო:
"რითი განსხვავდება, ამის თქმა რთულია, მაგრამ ვიცი, რითიც ჰგავს, - არც ერთის პატიება არ შეიძლება!"
- ხომ ამბობენ, რომ ქალების ღალატი გრძნობაზეა დაფუძნებულიო?
ნიკა:
"რა ვიცი, უგრძნობი სექსი არც მე მქონია!"
- ყველაზე ხშირად რაზე ხუმრობენ მამაკაცები ქალთან დაკავშირებით?
ოთო:
"ალბათ მაინც "საჭესთან ქალი" – ეს თემა არის ალბათ ყველაზე აქტუალური".
ნიკა:
"უტვინო გოგოებზე".
- ბოლო კითხვას დაგისვამთ და დავასრულოთ ინტერვიუ! რადგან დავიწყეთ კითხვით, "რა სურთ ქალებს", მოდი დავასრულოთ: კაცებს რაღა გინდათ?
თემო:
"მე ერთი სურვილი მაქვს, რომ ლეგალური იყოს მოსაწევი!"
ნიკა:
"ძალიან ბევრი რამე მსურს. ყველაზე ძალიან მინდა ძალიან მაგარი მოტო, ძალიან მაგარი გოგო და ბევრი დრო გართობისთვის. მთავარია, თავისუფალი ვიყო და მინიმალური კომფორტიც საკმარისია ჩემთვის!"
ოთო:
"კაცებს გვინდა, რომ ქალები იყვნენ ძალიან ბედნიერები და ამ ბედნიერების მიზეზი ჩვენ ვიყოთ!"
... და დასკვნა:
ქალების ბედნიერების მიზეზი ხშირად არიან კიდეც მამაკაცები, ისევე, როგორც - უბედურების! ყველაფერი რომ შევაჯამოთ და მათი აზრი გავითვალისწინოთ, გამოდის, რომ ქალები უნდა ვიყოთ სექსუალურები და არასდროს ვთქვათ უარი სექსზე, მათ შორის მეგობრებთან. ამასთანავე, უნდა ვიყოთ ერთგულები. იუმორის გრძნობასა და განათლებაზე ფუჭად დროს ნუ დავხარჯავთ. მთავარია, გარეგნობას მივხედოთ და მოხრილ ცხენს არ დავემსგავსოთ!
თუ ორმოცმა წელმა ქალიშვილს მოგისწროთ, ეცადეთ, სულ მცირე, უხერხულად მაინც დაეცეთ; 16-17 წლისები – ნუ დაეცემით! მანქანის სარკე მაკიაჟის შესასწორებლად არ გამოიყენოთ! ნუ გაგიკვირდებათ, თუ ღამით "სკოტჩით" პირაკრულს და ოფლში გაწურულს გაგეღვიძებათ - როგორც ჩანს, საყვარელი მამაკაცი ხვრინვით შეაწუხეთ. მოკლედ, იფიქრეთ ამ ყველაფერზე ერთად და ... ყველაფერი კარგად იქნება!
თეა ინასარიძე
ჟურნალი "და ქალი"
(მარტის ნომერი)