ხალხური რეცეპტები გაციების წინააღმდეგ - Marao

ხალხური რეცეპტები გაციების წინააღმდეგ

2012-03-14 16:30:26+04:00

გაზაფხულზე ყოველთვის მატულობს გაციებისა და ვირუსული ინფექციების საფრთხე, ხარისხიანი მედიკამენტები კი ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც რამდენიმე მარტივ ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ხველების დროს

გახეხეთ ხახვი, დაასხით 0,5 ლ ცხელი რძე და დააყოვნეთ. დალიეთ ნახევარი ძილის წინ, მეორე ნახევარი კი - დილით.

0,5 ლ ცხელ რძეს შეურიეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ნაღების კარაქი. კარგად აურიეთ და დალიეთ ძილის წინ.

1 თავი ხახვი და 5-6 კბილი ნიორი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ რძეში და ადუღეთ მანამ, სანამ ხახვი და ნიორი არ გაიხსნება. დაუმატეთ ცოტა პიტნა და თაფლი. გაფილტრეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ საათში ერთხელ დღის განმავლობაში.

სტაფილოს ან თალგამის წვენი შეურიეთ რძეს 1:1 თანაფარდობით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.

აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ახალი რძე, 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ 1 ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

ანგინის დროს

რეკომენდებულია თბილი რძისა და მინერალური წყლის (გაზგასული) ნარევის დალევა.

ყივანახველა

5 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად ან დანაყეთ და ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა რძესთან ერთად. დალიეთ დღეში რამდენჯერმე.

ბრონქიტი

1 ჩ.ჭ. რძე ჩაასხით მომინანქრებულ ჭურჭელში, ჩაყარეთ 1 ს.კ. სალბი, დაახურეთ თავზე, დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ, გააცივეთ და გაფილტრეთ. ისევ აადუღეთ და დალიეთ ცხელი.

2 ჩ.ჭ. ადუღებულ რძეში გახსენით 1 დესერტის კოვზი ღორის გამდნარი ქონი. მიღებული ნაყენი სვით ცხელი, პატარ-პატარა ყლუპებით.

ქუთუთოებზე გამონაყარის დროს

გამონაყარზე მაწონში ამოვლებული დოლბანდი დაიდეთ. ზემოდან მრავალძარღვას ფურცელი მოათავსეთ, მის ზემოთ კი - მაგრად მოხარშული კვერცხი (ორად გაჭრილი, ცხელი). საფენი მანამ გედოთ, სანამ კვერცხი არ გაცივდება. პროცედურა 2-საათიანი ინტერვალით რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)