50 წლის მსახიობი ჯორჯ ქლუნი ვაშინგტონში, სუდანის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს.
ქლუნისთან ერთად პოლიციამ მისი 78 წლის მამა, ჟურნალისტი ნიკ ქლუნი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონგრესმენი ჯიმ მორანი და სამართალდამცავი ორგანიზაცია NAACP-ის პრეზიდენტი ბენ ჯელოუსიც დააკავეს. სამივე მამაკაცი მას მერე გაათავისუფლეს, რაც თითოეული მათგანისთვის 100-100 ათასი დოლარი ჯარიმის სახით შეიტანეს.
ჯორჯ ქლუნი თავის მომხრეებთან ერთად სუდანის პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის რეჟიმს აპროტესტებდა. კერძოდ კი, აქციის მონაწილეები სუდანის ხელმძღვანელობას ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში ადანაშაულებდნენ.
პროტესტის ნიშნად აქტივისტებმა საელჩოს შესასვლელი ჩახერგეს. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე მოსთხოვეს აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ, თუმცა დაუმორჩილებლობის გამო ისინი მაინც დააპატიმრეს.
"შეწყვიტეთ ძალადობა და უდანაშაულო სუდანელი ბავშვების შიმშილით ხოცვა. მხოლოდ ეს არის, რასაც თქვენგან ვითხოვთ!" - ყვიროდა უკვე ხელებშებორკილი ჯორჯ ქლუნი. მსახიობი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში წაიყვანეს.
რამდენიმე საათში ქლუნი უმცროსი, ქლუნი უფროსი, ასევე ჯიმ მორანი და ბენ ჯელოუსი გაათავისუფლეს - თითოეული მათგანისთვის ჯარიმის სახით 100 ათასი დოლარი შეიტანეს. "ეს ჩემი პირველი პატიმრობა იყო და იმედი მაქვს, უკანასკნელი" - თქვა ჯორჯ ქლუნმა.
ქლუნი ორგანიზაცია Satellite Sentinel Project-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ორგანიზაცია სუდანის შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს და აანალიზებს. პროექტის იდეა ქლუის 2010 წელს სუდანში ვიზიტისას გაუჩნდა.
ორგანიზაცია, რომლის ოფისიც ვაშინგტონში მდებარეობს, რეგულარულად ამზადებს ანალიტიკურ მოხსენებას სუდანში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის - ამერიკის მთავრობისთვისაც.
საპროტესტო აქციის წინ, ორი დღით ადრე, ქლუნი სუდანიდან დაბრუნდა. ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და სამხრეთ სუდანის საზღვარზე, ნუბიის მთებში არსებული ძალადობის შესახებ ისაუბრა. ეს საკითხი მსახიობმა აშშ-ის პრეზიდენტ ობამასთან საუბრის დროსაც დასვა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ქლუნი სექსუალური უმცირესობის უფლებების აქტიური დამცველიც გახლავთ. ახლახან გაიმართა სპექტაკლი "შესწორება 8"-ის პრემიერა, სადაც მსახიობმა ერთსქესიანი ქორწინებების ქომაგი ადვოკატის როლი შეასრულა.