ათი წლის შემდეგ, ალბათ, შვილიშვილიც მეყოლება, თქვენ კიდევ რაზე მელაპარაკებით!
გაზაფხული ფერადი და ლაღია. წელიწადის ამ დროს ყველაფერი იღვიძებს, თბება მთელი სამყარო და ღრმა ძილისგან გაზაფხულის პირველ თვეს, მარტს გამოჰყავს.
ყვავილები, ყვავილებიიიი... ხეები ყვავის, ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მზე გიხმობს უმიზნო ხეტიალისკენ; თითქოს გინდება აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, ისეირნო, იცინო, იმხიარულო...
გაზაფხულის პირველი თვე მარტია. ადრე ამ თვეს ქალები დიდი მონდომებით ელოდნენ. როზა ლუქსემბურგმა ქალების დღე დააწესა და მას მერე ეს ნამდვილი დღესასწაული იყო, თითქოს ისედაც ყოველი დღე ქალის არ იყოს... ახლა უკვე სამი მარტიც გვაქვს - დედის დღე. მოკლედ, ეს თვე, გვინდა თუ არა, ქალებისაა.
სასაუბროდ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სამი მსახიობი მოვიწვიეთ: მაკა ძაგანია - პროფესიით მსახიობი. დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი, შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტი; თამაშობდა სპექტაკლებში, მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც გადაუღიათ.
ცნობილი ამ სერიალიდან გახდა. 12 წლის წინ დედა გახდა. წარმატებული და დღევანდელი დღით კმაყოფილი მსახიობია.
ანი ტყებუჩავა - პროფესიით მსახიობი. უთამაშია სპექტაკლებში, მხატვრულ ფილმებშიც, თუმცა ამ სერიალმა მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა. სცნობენ ყველგან - ტრანსპორტში, ქუჩაში; კომპლიმენტს ეუბნებიან ბავშვებიც, ქალებიც და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მამაკაცებიც. როგორც ჩანს, ისინიც უყურებენ სერიალს.
მისთვის "ჩემი ცოლის დაქალები" ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხი განაპირობებს პოპულარობას, რაც მას ახარებს და ეამაყება კიდეც.
ნინო გაჩეჩილაძე - დღემდე საკუთარ თავს თეატრის მსახიობად მიიჩნევდა. თეატრალურის დამთავრების შემდეგ მოხვდა მარჯანიშვილის თეატრში და მას შემდეგ იქაა. თამაშობს სხვადასხვა სპექტაკლში და როგორც ყველა მსახიობისთვის, მისი ცხოვრებაც თეატრი იყო.
სულ ცოტა ხნის წინ კი მოხვდა სერიალში და... თავიდან ეს ცოტა ეუცხოებოდა, ახლა კი ერთი დღე თუ არაა გადაღება, თითქოს რაღაც აკლია და დისკომფორტს განიცდის.
სამი მსახიობი ერთ-ერთ კაფეში, ქალსა და გაზაფხულზე სასაუბროდ შევკრიბეთ.
- როგორია თქვენთვის გაზაფხული, მარტი?
მაკა:
- გაზაფხული ჩემთვის გაცოცხლებასთან ასოცირდება. წელიწადის დროებში ყველაზე მეტად ეს ხასხასა ფერები, ენერგიისა და განწყობის მომცემია. ამ დროს ყველაფერი მომწონს - წვიმაც, ფეხით სეირნობაც. უკვე გვიანაც ბნელდება, საღამოს შეგიძლია გვიანობამდე ისეირნო... მარტში დღესასწაულებიცაა - რვა მარტი და სამი მარტი, თუმცა მე დიდად არ მიყვარს მათი აღნიშვნა.
არ მახსენდება, რვა მარტს ჩემთვის ვინმეს გრანდიოზული საჩუქარი მოერთმია. დედის დღეს შვილი მანებივრებს ხოლმე - ადრე ნახატებით, ახლა კი, რაც წამოიზარდა, საყურეს ან თმის სამაგრს მჩუქნის და მსიამოვნებს. ასე რომ, დედის დღეს უფრო აღვნიშნავ.
ანი:
- ჩემთვის გაზაფხული აყვავებულ ხეებთან ასოცირდება. ამ დროს ხის აყვავებული ტოტები შინ მიმაქვს. საოცრებაა, როდესაც ოთახში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. ჩემთვის წელიწადის ეს დრო ყველაზე შემოქმედებითი სეზონია.
ამ დღეს სიმბოლურად აღვნიშნავ რვა მარტს და ყვავილებს მჩუქნიან. მახსოვს, ერთხელ მე და ჩემმა ძმამ დედას სამი მარტისთვის ნახატი დავუხატეთ, დიდი ასოებით დავუწერეთ: გილოცავთ! დავუხატეთ ჭურჭელი, სარეცხი მანქანა. ცოტა "დიასახლისური" ნახატი გამოვიდა. ახლა მეცინება, თუმცა მაშინ დედა გავახარეთ. ის ნახატი დღემდე შენახული აქვს...
ნინო:
- მარტის მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ ამ თვეში ვარ დაბადებული. ამიტომ გაზაფხულს ორმაგად ველოდები ხოლმე. მარტი თავისთავად საინტერესო თვეა, ამინდებიც გიჟურია - ხან მზეა, ხან თოვლია, ხან წვიმაა და ეს მრავალფეროვნება მომწონს. რვა მარტი ჩემთვის დღესასწაულია, მიხარია, ყოველთვის აღვნიშნავ და საჩუქრებსაც ვიღებ ხოლმე.
მახსოვს, შარშანწინ ჩემმა თაყვანისმცემელმა დიდი და სხვადასხვა ფერის ვარდების თაიგული მომართვა. მნიშვნელობა არ აქვს დაბადების დღეს ვიხდი თუ არა, ამ დღესაც ვიღებ უამრავ საჩუქარს. ამიტომ მარტის თვე ჩემთვის სასიამოვნო ემოციებთანაა დაკავშირებული.
- აქტიურ, საქმიან ქალებზე რა აზრის ხართ? ფიქრობთ, რომ ქალმა ბევრი ის საქმე შეითავსა ამ საუკუნეში, რომელიც მისი საქმე სულაც არ არის? როგორ გადაიქცა ქალი, სუსტი არსება, "ბიზნესვუმენად?"
ნინო:
- ის, რომ ბოლო წლებში ქალი გააქტიურდა და უკვე კაცის ფუნქციასაც კი ითავსებს, ქალის ბრალი არაა, კაცებმა მათ არჩევანი აღარ დაუტოვეს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - რაც უფრო აქტიურია და რეალიზებული ქალი, მეტად ბედნიერია თვითონაც; მით უმეტეს, თუ კარგად გრძნობს თავს, როგორც ცოლი და როგორც დედა.
აქტიური ქალის ფენომენის მომხრე ვარ, თუმცა ზომიერების ფარგლებში. არ მომწონს, როდესაც ქალი კაცის საქმესაც უძღვება, მაგალითად, თუ სახლში რემონტია და მუშებს ქალი ადგას თავზე; თანაც ქალი დადის ონკანების, შპალერის და მსგავსი რაღაცების საყიდლად.
რაც შეეხება ბიზნესვუმენს", ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ ქალი თავის საქმეს აკეთებს. არ არის აუცილებელი, მას აუცილებლად ბიზნესი ჰქონდეს. ამ ლოგიკით ჩვენც "ბიზნესვუმენები" ვართ, რადგან ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.
ანი:
- ამ საუკუნეში ყველაფერი გააქტიურდა, დრო აჩქარდა, თითქოს ქალი მეტად მოერგო ცხოვრების რიტმს. ამბობენ, ძლიერი მამაკაცის უკან ყოველთვის ძლიერი ქალი დგასო. შესაძლოა, ასეთი ცხოვრების თანამგზავრი რომ არა, ისტორიას ბევრი გავლენიანი პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოღვაწე არც ჰყოლოდა.
ზოგადად, როდესაც ურთიერთობა დალაგებულია, ზუსტად იცის ქალმა, რა უნდა დაუთმოს კაცს და თვითონ რა აკეთოს. მე ვერასდროს ვიქნები ურთიერთობაში წამყვანი და დომინანტი, იმიტომ, რომ ტიპი ვარ ასეთი. შესაძლოა, ეს ერთ დღესაც ვინანო და ვკითხო ჩემს თავს, ასე რატომ ვიქცეოდი, ხომ შემეძლო მეც მეთქვა, რა და როგორ უნდა იყოს...
მაკა:
- საქართველოში ასეთი ტენდენცია იყო: ქალი სამზარეულოში, კაცი - სამსახურში. ამას ვერ გავექცევით, ეს ჩვენი რეალობა იყო სულ ცოტა ხნის წინაც. თუმცა დღეს ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა. ვფიქრობ, ქალი მეტად ძლიერია ფსიქიკურად და ამიტომაც ბევრად მეტ წარმატებას მიაღწია ზოგ საკითხში, ზოგ სფეროში, თუმცა არ უნდა გადაამლაშო...
ანი:
- ამ შემთხვევაში რას ნიშნავს გადაამლაშო, მართლა ვერ ვხვდები. მე სახლში ლურსმანიც დამიჭედებია. ეს გადამლაშებაა?
მაკა:
- არა, ეს არ არის გადამლაშება, ეს ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრებაა.
ნინო:
- ქალი არ უნდა გაკაცდეს არც ოჯახში და არც ნებისმიერ ურთიერთობაში. ქალი თუ კაცის საქმეს აკეთებს, მაშინ კაცი, რა თქმა უნდა, ფეხს ფეხზე გადაიდებს და იტყვის: - რატომ უნდა გავანძრიო ხელი, ჩემს გასაკეთებელს მაინც ის აკეთებსო...
- რას ნიშნავს "ქალური ბედნიერება?"
ნინო:
- ქალი, როდესაც იპოვის საყვარელ მამაკაცს და მისგან შვილს გააჩენს, ჩემი აზრით, ესაა ქალური ბედნიერება.
მაკა:
- ეს სადავო საკითხია, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს თავისი ბედნიერება აქვს. მე მაქვს ჩემი "მაკური" ბედნიერება, ანას "ანური", ანუ ბედნიერება ინდივიდუალურია. შემომხედე და ნახავ, რომ ბედნიერი ვარ.
ანი:
- მაგ ლოგიკით, კაცური ბედნიერებაც არსებობს. ხშირად მითქვამს ფრაზა: რა ცოტა უნდა ქალს ბედნიერებისთვის. ჩემი აზრით, პატარა-პატარა რაღაცები რომ გვაბედნიერებს, ეს შემდეგ ერთიანობაში ქმნის ქალურ ბედნიერებას...
- იქნებ ეს ფრაზა "ქალური ბედნიერება" დედობას გულისხმობს? მხოლოდ ქალს აქვს უნარი, ახალი სიცოცხლე შობოს...
მაკა:
- მე ძალიან ადრე გავხდი დედა. მაშინ ყველაფერი თითქოს ინსტინქტის დონეზე იყო, ვერც ვუღრმავდებოდი ბოლომდე იმას, როგორი საჩუქარი მერგო. მართლაც სასწაულია, როდესაც შენში ახალი სიცოცხლეა, რომელიც შენ უნდა მოავლინო. მახსოვს, სამშობიაროში ხელში დამაჭერინეს ჩვილი და მითხრეს, ეს შენი შვილიაო. სიხარულისგან დავმუნჯდი.
ამ ბედნიერ წამებს ვერც ავხსნი, იმიტომ, რომ არაფერთან არ ასოცირდება, ვერ გადმოგცემ. მოგვიანებით ხვდები, რომ ის ძალიან პატარაა, ძალიან უსუსური და უშენოდ ყოფნა არ შეუძლია. შემდეგ შენს თვისებებს, მიმიკებს, შენს თავს პოულობ მასში...
განსაკუთრებულია შვილის აღზრდის პროცესი - ურჩევ, რა წაიკითხოს, რას მოუსმინოს, მასში საფუძველს ამყარებ. ამასთან ერთად, გენეტიკაც თავის როლს თამაშობს. მოგვიანებით ის თვითონ ირჩევს თავის გზას, თავისი გემოვნება უყალიბდება, ინდივიდი ხდება და შენ მთელ ამ პროცესში მონაწილეობ. სასწაულია!
- ახლა ხართ მეგობრები, კოლეგები, მსახიობები და დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურნი და ცნობილნი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მომავალში, თუნდაც ათი წლის შემდეგ?
ნინო:
- დრო ჩქარა გადის. ათი წელიც ისე მალე გაირბენს, შეიძლება ძირეულად არც არაფერი შეიცვალოს. მე აუცილებლად ვიქნები დაოჯახებული, მეყოლება ორი შვილი, ისინი ივლიან სკოლაში ან საბავშვო ბაღში, მეყოლება მოსიყვარულე ქმარი და ვიქნები ძალიან ბედნიერი. დიდი სურვილი მაქვს, რომ თეატრის გარდა სტაბილურად დაკავებული ვიყო ტელევიზიაშიც.
ანი:
- ათი წლის შემდეგ? შესაძლოა, მეც შვილი მყავდეს...
მაკა:
- ათი წლის შემდეგ, ალბათ, შვილიშვილიც მეყოლება, თქვენ კიდევ რაზე მელაპარაკებით!
ანი:
- იმედია, წარმატებული კარიერა მექნება, ფილმებშიც გადამიღებენ....
ნინო:
- კარგი იქნება, თუ ხშირად ვივლით გასტროლებზე, სხვადასხვა ფესტივალში მივიღებთ მონაწილეობას...
მაკა:
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ძნელია პროგნოზის გაკეთება. დღეს მაქვს სამსახური, რომელიც მომწონს; მყავს შვილი და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, ათი წლის შემდეგაც ასეთი ბედნიერი ვიქნები...
ქეთი მიქანაძე
ჟურნალი ”ბომონდი”
(მარტის ნომერი)