ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ საათმა ხუთჯერ დარეკა. აღსაზრდელები ჩაის დასალევად გაათავისუფლეს და ყველა სასადილო ოთახისკენ გაეშურა. ახლა კი გავბედე და სკამიდან ჩამოვედი.
უკვე ძალიან ბნელოდა. ერთ-ერთ კუთხეში იატაკზე დავჯექი და განვმარტოვდი. ის ჯადოსნური ძალა, რომელმაც თავდაჭერის ასეთი უნარით აღმჭურვა, ახლა თანდათან გაქრა და მეტად მძიმე წუთები დადგა. მწუხარებამ იმდენად დამძლია, რომ პირქვე დავემხე და ავქვითინდი. ელენ ბერნსი აღარ იყო ჩემთან. აღარავინ მანუგეშებდა. მარტოდმარტო დავრჩი ყველასგან თავმინებებული და ჩემი ცრემლი ზღვას ერთვოდა. და მერე როგორ ვცდილობდი რჩეულთა შორის ვყოფილიყავი და რამდენი რამის გაკეთებას ვაპირებდი ლოვუდში. მინდოდა შემეძინა მეგობრები, დამემსახურებინა პატივისცემა და ყველას სიყვარული. მართლაც მივაღწიე თვალსაჩინო წარმატებას. სწორედ იმ დილით გადამიყვანეს საუკეთესო აღსაზრდელთა რიგებში. მის მილერმა გულთბილად შემაქო; მის ტემპლი გამამხნევებლად მიღიმოდა; დამპირდა, რომ ხატვის გაკვეთილებსაც ჩამიტარებდა და ნებას დამრთავდა, მესწავლა ფრანგული ენა, თუ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ასეთივე წარმატება მექნებოდა. ამხანაგებიც კარგად მეპყრობოდნენ. ჩემი ასაკის გოგონები ისე მექცეოდნენ, როგორც თანასწორს და აბუჩად არავინ მიგდებდა. ახლა კი, აი, აქ ვეგდე განადგურებული და ფეხქვეშ გათელილი. მეღირსებოდა კი კვლავ ფეხზე დადგომა?
"არასოდეს", ვფიქრობდი და გულით ვნატრობდი სიკვდილს. ქვითინით ვლუღლუღებდი ამ სიტყვებს, რომ ვიღაც მომიახლოვდა. ფეხზე წამოვვარდი. კვლავ ელენ ბერნსი იდგა ჩემ ახლოს. ცეცხლის მკრთალ შუქზე ძლივს გავარჩიე ის ამ გრძელსა და ცარიელ ოთახში. მან ჩემი წილი პური და ყავა შემომიტანა.
- მოდი, ჭამე რამე, - მითხრა მან. მაგრამ ორივეზე უარი ვთქვი. ასე მეგონა, ერთი ყლუპი რომ გადამეყლაპა ან ერთი ლუკმა შემეჭამა, მაშინვე დამახრჩობდა. ელენ ბერნსი, ალბათ, გაოცებული იყო. თუმცა ყოველ ღონეს ვხმარობდი, მაინც ვერ შევძელი დავმშვიდებულიყავი და ისევ ხმამაღლა გულამოსკვნილი ვქვითინებდი. ის ჩემ ახლოს, იატაკზე დაჯდა, მკლავები მუხლებზე შემოიჭდო, თავი ზედ დააყრდნო და ასეთ მდგომარეობაში ინდურ ქანდაკებასავით გაირინდა. პირველმა მე დავარღვიე სიჩუმე.
- ელენ, რატომ ზიხარ ისეთ გოგონასთან, რომელსაც ყველა მატყუარად თვლის?
- ყველა, ჯეინ? რატომ გგონია ასე? მხოლოდ ოთხმოცმა ადამიანმა მოისმინა, როცა ასე მოგნათლეს. ამ ქვეყანაზე კი ასობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
- და მერე მე რა საქმე მაქვს იმ მილიონებთან? მე ის ვიცი, რომ ამ ოთხმოც ადამიანს ვძულვარ.
- ჯეინ, შენ ცდები. შესაძლებელია, ერთიც არ მოიძებნებოდეს ისეთი, რომელსაც ეჯავრებოდე და არ უყვარდე. დარწმუნებული ვარ, ბევრს ეცოდები კიდეც.
- როგორ შეიძლება, ვეცოდებოდე მათ ყოველივე იმის შემდეგ, რაც მისტერ ბროკლეჰერსტმა ჩემზე ილაპარაკა.
- მისტერ ბროკლეჰერსტი ღმერთი კი არაა. ნურც დიდი და პატივსაცემი ვინმე გგონია. ის აქ არავის უყვარს. არც თვითონ ცდილობს, რომ ვინმეს უყვარდეს. მას რომ შენ სხვებისგან გამოერჩიე და განსაკუთრებით თბილად მოგქცეოდა, უეჭველია, როგორც აშკარა, ისე ფარულ მტრებს შეიძენდი. ახლა კი, გაბედულება რომ ჰყოფნიდეთ, უმრავლესობა გითანაგრძნობდა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეიძლება, ერთ-ორ დღეს დაგიწყონ ცივად ყურება, მაგრამ ვიცი, მათ გულში მაინც ღვივის შენდამი მეგობრული გრძნობა. მაგრამ, თუ ეცდები და კვლავ კარგად მოიქცევი, ეს ფარული გრძნობა მალე კიდევ უფრო ნათელი გახდება შენთვის. გარდა ამისა, ჯეინ, - აქ ის გაჩერდა.
- კიდევ რა, ელენ? - ვკითხე და ხელი ხელზე მოვკიდე. ის სათუთად ეხებოდა ჩემს თითებს, რომ ოდნავ მაინც გაეთბო, და განაგრძობდა:
- მთელ ქვეყნიერებას რომ სძულდე და დარწმუნებული იყოს შენს ბოროტებაში, თუ შენ საკუთარი თავის წინაშე მართალი და უდანაშაულო ხარ, არასოდეს დარჩები უმეგობროდ.
- არა. ვიცი, კარგად უნდა ვიფიქრო საკუთარ თავზე. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ არავის ვეყვარები, ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. ელენ, მარტოობას ვერ ავიტან. არც ის შემიძლია, ყველას ვძულდე... მისმინე: შენი, მის ტემპლის ან რომელიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანის ნდობა და სიყვარული რომ მომეპოვებინა, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, ხელი მოეტეხათ ჩემთვის, ხარს გავექელე და თვით ცხენის წიხლებსაც კი დაურიდებლად შევუშვერდი მკერდს.
- დამშვიდდი, ჯეინ. შენ გადაჭარბებულად აფასებ შენ გარშემო მყოფ ადამიანთა სიყვარულსა და პატივისცემას. მეტისმეტად მგრძნობიარე ხარ; ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვს. ქვეყნიერების შემქმნელმა ძალამ, რომელმაც შექმნა შენი სხეული და სიცოცხლე შთაბერა მას, მოგანიჭა არსებობის სხვა, უფრო ძლიერი საშუალებაც, ვიდრე შენ ან შენს მსგავს სუსტ ქმნილებათ ძალგიძთ. გარდა ამქვეყნიური სამყაროსი და ადამიანთა მოდგმისა, არსებობს კიდევ უხილავი, სულთა სამეფო. აი, ეს სამეფოა ყველგან ჩვენ ირგვლივ. ეს სულები გვიყურებენ და მოწოდებულნი არიან, დაგვიცვან ჩვენ. როცა ჩვენ სინდისის ქენჯნის ან სხვა განსაცდელისგან წამებით ვიხოცებით, სიძულვილით გარემოცულნი და ფეხქვეშ გათელილნი, ანგელოზები ხედავენ ჩვენს წამებას და ამჩნევენ, რომ მთლად უდანაშაულონი ვართ (თუკი, სინამდვილეში, ეს მართლაც ასეა. როგორც მე ვხედავ, შენ ბრალი არ მიგიძღვის და, მისის რიდის გავლენით, მისტერ ბროკლეჰერსტმა თავისი დაუსაბუთებელი მაღალფარდოვანი მჭევრმეტყველებით სრულიად უდანაშაულოდ დაგამცირა. შენს მოკიაფე თვალებში და სუფთა შუბლზე ამოვიკითხე, რომ გულწრფელი ხარ). ღმერთი კი იცდის, სანამ სული ხორცს გაეყრება, რათა ჩვენ მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს უხვი წყალობა არ მოაკლოს. მაშ, რაღად უნდა შეგვიპყროს მწუხარებამ, როდესაც სიცოცხლე ასე ხანმოკლეა, ხოლო სიკვდილი კი ბედნიერებისა და დიდებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზა.
ვდუმდი. ელენმა დამამშვიდა, თუმცა ამ სიმშვიდეშიც ენით გამოუთქმელი ნაღველი იყო ჩაქსოვილი. მისი სიტყვები საშინელ სევდასა და გულისტკივილს აღვიძებდა ჩემში. მაგრამ, რატომ? ვერ გამეგო. საუბარი დაამთავრა თუ არა, სუნთქვა გაუხშირდა, ამას ხანმოკლე ხველა მოჰყვა. იმ წამსვე დამავიწყდა ჩემი საკუთარი დარდი და გაურკვეველმა შიშმა შემიპყრო. მხოლოდ მასზე ვფიქრობდი.
თავი მხარზე დავაყრდნე; ხელები წელზე მოვხვიე. მან თავისკენ მიმიზიდა და ასე ვისხედით უსიტყვოდ. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაც შემოვიდა. ამოვარდნილმა ქარმა შავად ჩამოწოლილი ღრუბლები გაფანტა და მთვარემ გამოანათა. ფანჯრიდან შემოჭრილ შუქზე ნათლად გამოვჩნდით ჩვენ და მესამე ადამიანიც, რომელიც გვიახლოვდებოდა. მაშინვე ვიცანით, მის ტემპლი იყო.
- სწორედ შენ გეძებდი, ჯეინ ეარ, - წარმოთქვა მან. - მინდა, რომ ჩემთან წამოხვიდე. რადგან ელენ ბერნსიც შენთან არის, ისიც წამოვიდეს.
ორივენი გავყევით. გავიარეთ მიხვეულ-მოხვეული დერეფნები, შემდეგ კიბეზე ავედით და მის ოთახს მივაღწიეთ. იქ ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა. მის ტემპლმა ელენ ბერნსს ბუხრის ერთ მხარეს მდგარ დაბალ სავარძელზე მიუთითა, მეორეში თვითონ ჩაჯდა, მე კი მიმიხმო და გვერდით დამიყენა.
- აბა, მითხარი, ყველაფერმა გაიარა? - მკითხა და თვალებში ჩამხედა, - გული იჯერე ტირილით? დამშვიდდი?
- ვშიშობ, ვერასოდეს შევძლებ ამას.
- რატომ?
- იმიტომ, რომ უდანაშაულოდ დამსაჯეს. ალბათ, თქვენ და ყველა აქ მყოფნი ფიქრობთ, რომ მე ბოროტი ვარ.
- ჩემო ბავშვო, ჩვენ მხოლოდ შენი საქციელით შეგაფასებთ. კვლავ კარგად მოიქეცი და ჩვენც კმაყოფილნი ვიქნებით.
- ნუთუ ეს შესაძლებელია, მის ტემპლ.
- რასაკვირველია, - მითხრა მან და ხელი მომხვია. - ახლა კი მითხარი, ვინ არის ის ქალბატონი, რომელსაც მისტერ ბროკლეჰერსტი შენს კეთილისმყოფელს უწოდებს?..
- მისის რიდი ჩემი ბიძის ცოლია. ბიძა გარდამეცვალა და სიკვდილის წინ მას ჩააბარა ჩემი თავი.
- მაშ, მან საკუთარი სურვილით არ გიშვილა?
- არა, ქალბატონო, ის ნანობდა კიდეც, რომ იძულებული გახდა და შემივრდომა, რადგანაც ბიძაჩემს, როგორც მოსამსახურეებისგან ხშირად მსმენია, სიკვდილის წინ მისთვის პირობა ჩამოურთმევია, რომ ყოველთვის ეზრუნა ჩემზე.
- კეთილი, ჯეინ. შენ იცი, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ, როცა ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას ნებას აძლევენ ილაპარაკოს საკუთარი თავის დასაცავად. შენ მატყუარობა დაგწამეს და ახლა, თუ შეგიძლია, თავი იმართლე ჩემ წინაშე, მიამბე ყველაფერი, რაც გახსოვს და რაც ნამდვილად მოხდა. ნურაფერს დაუმატებ და ნურც გააზვიადებ.
გულის სიღრმეში გადავწყვიტე, მეტად თავდაჭერილი ვყოფილიყავი და მხოლოდ სიმართლე მელაპარაკა. რამდენიმე წუთს ვდუმდი, რათა მომეფიქრებინა და თანმიმდევრობით მომეთხრო, რაც თავს გადამხდა. შემდეგ კი ჩემი ბავშვობის სევდით სავსე ისტორია მთლიანად ვუამბე. მღელვარებამ იმდენად დამასუსტა, რომ ამჯერად ჩემს ამბავს უფრო თავშეკავებულად ვყვებოდი, ვიდრე საერთოდ, როცა ამ სევდიან თემას ვეხებოდი ხოლმე. არ მავიწყდებოდა ელენის გაფრთხილებაც: მომეთმინა და ზედმეტად არ ავღელვებულიყავი. ამიტომაც ახლა ჩვეულებრივზე უფრო მშვიდად და მწარე ნაღველის გარეშე ვუყვებოდი ყველაფერს. ასე უბრალოდ მონათხრობი ამბავი უფრო დამაჯერებლად ჟღერდა. საუბარს განვაგრძობდი და ვამჩნევდი, მის ტემპლს ყოველი ჩემი სიტყვა სჯეროდა.
თხრობის დროს ვახსენე მისტერ ლოიდიც, რომელმაც წითელ ოთახში გულის წასვლის შემდეგ მინახულა. არ მავიწყდებოდა ის საშინელი ამბავი, რაც წითელ ოთახში გადამხდა. დაწვრილებით ავუწერე ყველაფერი და ახლა კი სიმშვიდე ვეღარ შევინარჩუნე. არაფერს შეეძლო შეემსუბუქებინა ის ტანჯვა-წამება, რაც განიცადა ჩემმა გულმა, როდესაც მისის რიდმა უკუაგდო ჩემი თავგანწირული ვედრება და მეორედ ჩამკეტა იმ ბნელსა და მოჩვენებებით სავსე ოთახში.
დავამთავრე. რამდენიმე ხნის განმავლობაში მის ტემპლი დუმდა და ისე მიყურებდა. შემდეგ მითხრა:
- მსმენია მისტერ ლოიდზე. მივწერ მას. თუ მისი პასუხი შენს მონაყოლს დაემთხვა, ყველას თანდასწრებით გაგამართლებთ და ამ ბრალდებას მოგიხსნით. ხოლო, რაც შემეხება მე, ჩემს თვალში შენ უკვე მართალი ხარ, ჯეინ.
მან მაკოცა. ჯერ ისევ მის ახლოს ვიდექი (მასთან ახლოს დგომა კი წრფელად, ბავშვურად მიხაროდა, რადგან დიდ სიამოვნებას განვიცდიდი მისი სახის, ტანსაცმლის, სამკაულების, თეთრი შუბლის, ხშირი, ხვეული, მბრწყინავი თმისა და მოციმციმე თვალების ყურებით), რომ ის ელენ ბერნსს მიუბრუნდა და უთხრა:
- ამ საღამოს თავს როგორ გრძნობ, ელენ? დღეს ბევრი გახველა?
- არც ისე ბევრი, ქალბატონო.
- ტკივილს ისევ გრძნობ მკერდში?
- ცოტა უფრო ნაკლებად.
მის ტემპლი წამოდგა და მაჯისცემა გაუსინჯა. მერე ისევ თავის სავარძელში ჩაჯდა. გავიგონე, რომ ჩუმად ამოიოხრა. რამდენიმე წუთს დაფიქრებული იჯდა. შემდეგ, თითქოს გამოფხიზლდაო, მხიარულად გვითხრა:
- ამ საღამოს ხომ ჩემი სტუმრები ხართ და შესაფერისად უნდა გაგიმასპინძლდეთ.
ზარი დარეკა.
- ბარბარა, - მიმართა მან მსახურ ქალს, რომელიც ზარის ხმაზე შემოვიდა, - ჩაი ჯერ არ დამილევია. შემოიტანე ლანგარი და კიდევ ორი ფინჯანი დაუმატე ამ პატარა ქალბატონებისთვის.
ლანგარი მალე შემოიტანეს და ცეცხლის პირას პატარა, მრგვალ მაგიდაზე დადგეს. ოჰ, როგორ ლამაზად ჩანდა მასზე ფაიფურის ფინჯნები და გაკრიალებული ჩაიდანი. რა საამო სურნელებას აფრქვევდა ჩაი და გაფიცხებული პური. ჩემდა სამწუხაროდ (რადგან ძალიან მშიერი ვიყავი), შევნიშნე, რომ პური ძალიან ცოტა იყო. მის ტემპლსაც არ გამოჰპარვია ეს.
- ბარბარა, - უთხრა მან, - არ შეგიძლიათ, ცოტაოდენი პური და კარაქი კიდევ შემოიტანოთ? ეს სამ ადამიანს არ ეყოფა.
ბარბარა გავიდა და ისევ მალე შემობრუნდა.
- ქალბატონო, მის ჰარდენი ამბობს, რომ მან იმდენივე გამოგზავნა, როგორც ჩვეულებრივ გიგზავნით ხოლმე.
მკითხველს უნდა მოვახსენო, რომ ეს მის ჰარდენი ეკონომი გახლდათ, რომელსაც მისტერ ბროკლეჰერსტი დიდად ენდობოდა. ის ისეთი ხელმოჭერილი იყო, თითქოს ვეშაპის ძვლებისა და რკინისგან ჩამოესხათ.
- კარგი, ბარბარა, - უპასუხა მის ტემპლმა, როგორმე იოლად გავალთ. როდესაც ბარბარა გავიდა, მან ღიმილით დაუმატა: - საბედნიეროდ, შემიძლია ცოტა რამ დავუმატო ამ ჩვენს ღარიბულ სუფრას.
ორივე სუფრასთან მიგვიპატიჟა. თითოეულ ჩვენგანს თითო ფინჯანი ჩაი და გემრიელი, მაგრამ მეტად თხლად დაჭრილი პურის ნაჭერი შემოგვთავაზა. შემდეგ მის ტემპლი ადგა, კარადა გამოაღო, იქიდან ქაღალდში გახვეული რაღაც გამოიღო, გახსნა და დავინახეთ ჩამიჩიანი ნამცხვრის კარგა მოზრდილი ნაჭერი.
- მინდოდა, თან გამეტანებინა ეს თქვენთვის, მაგრამ, რადგანაც პური ცოტაა, უმჯობესია, ახლავე შეექცეთ.
ნამცხვარი დაჭრა და გულუხვად გაგვიმასპინძლდა. მეგონა, თითქოს ნექტარსა და ამბროსიას შევექცეოდით. არანაკლებ სიამოვნებას გვგვრიდა მასპინძელი, რომელიც კმაყოფილი ღიმილით თვალყურს გვადევნებდა, თუ როგორ გემრიელად შევექცეოდით და ვტკბებოდით მისი გულუხვი მასპინძლობით. ჩაი დამთავრდა. ლანგარი გაიტანეს და მან კვლავ ცეცხლთან მიგვიწვია. ჩვენ აქეთ-იქით შემოვუსხედით. ბედნიერად ვთვლიდი თავს, რომ მის ტემპლისა და ელენის საუბარს ვუსმენდი.
მის ტემპლი ყოველთვის გამოირჩეოდა რაღაც შინაგანი სიმშვიდით. სახის ნაკვთები მის კეთილშობილებაზე მეტყველებდა. მისი ღირსების შესაფერ, დახვეწილ, სწორ მეტყველებაში არასოდეს შეინიშნებოდა სიფიცხე და მღელვარება. მასში იყო რაღაც ძალა, რაც მის მსმენელსა და შემყურეს სიამოვნებას ანიჭებდა, ხიბლავდა და პატივისცემის გრძნობასაც უღვიძებდა. ასევე დამემართა მეც. რაც შეეხება ელენ ბერნსს, მან მთლად გამაოცა.
არ ვიცი, ამ გემრიელმა ვახშამმა, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლმა, მისთვის საყვარელი აღმზრდელის ახლოს ყოფნამ და ალერსმა, თუ უფრო მეტად მისმა თავისებურმა, ყველასგან განსხვავებულმა ბუნებამ, მთლიანად გამოაცოცხლა იგი. შევნიშნე, რომ მასში რაღაც ახალმა ძალებმა იფეთქა. სისხლნაკლებობისგან გაფერმკრთალებული ღაწვები აუვარდისფრდა, წყლიანი თვალები აუციმციმდა. ამან მას ენით აუწერელი სილამაზე შემატა და ისიც კი მომეჩვენა, რომ მისი თვალები მის ტემპლის თვალებზე გაცილებით მშვენიერი იყო. ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა არა ამ თვალების მშვენიერი ფერი, გრძელი წამწამები და გადაკალმული წარბები, არამედ სიცოცხლის ძალით ანთებულ ამ თვალთა მეტყველება. მან ბაგე გახსნა და გული გადაგვიშალა. თავისუფლად ლაპარაკობდა; მაგრამ საიდან მომდინარეობდა მისი ასეთი ცოდნა, ვერ გეტყვით. როგორ შეიძლებოდა, თოთხმეტი წლის გოგონას ასეთი დიდი გული ჰქონოდა, ყველაფერი დაეტია და იქიდან ნაკადულივით ედინა გულწრფელსა და მგზნებარებით სავსე მჭევრმეტყველებას. აი, ასე მგზნებარედ ესაუბრა ის მის ტემპლს იმ ჩემთვის დაუვიწყარ საღამოს. როგორც ჩანდა, მისი სული ესწრაფოდა სრულიად ხანმოკლე დროში შეეცნო და განეცადა იმდენივე, რამდენსაც სხვა ადამიანები მთელი თავიანთი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში უნდებიან.
ისინი იმ საკითხებზე მსჯელობდნენ, რომლებიც მე არასოდეს მსმენოდა: გარდასულ ხანაზე, ხალხებსა და შორეულ ქვეყნებზე, ბუნების ახალ აღმოჩენებზე, ჯერ კიდევ შეუცნობელ საიდუმლოებაზე და სხვადასხვა წიგნზე. და მერე რამდენი რამ ჰქონდათ წაკითხული! რა განუსაზღვრელი იყო მათი ცოდნა, რა თავისუფლად გამოთქვამდნენ ფრანგულ გვარებს და რა კარგად იცნობდნენ ფრანგ მწერლებს. მაგრამ ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მის ტემპლმა ელენს ჰკითხა, პოულობდა თუ არა დროს ლათინური ენის გასამეორებლად, რომელიც მამამ ასწავლა. მერე თაროდან წიგნი გადმოიღო და სთხოვა, წაეკითხა და ეთარგმნა ნაწყვეტი ვერგილიუსიდან. გოგონამ თხოვნა შეუსრულა. ჩემი მოკრძალება მათდამი ყოველი ახალი სტრიქონის მოსმენასთან ერთად იზრდებოდა. ძლივს მოასწრო კითხვის დამთავრება, რომ ზარის ხმაც გაისმა. უკვე ძილის დრო იყო. დაგვიანება არ შეიძლებოდა. მის ტემპლი სათითაოდ გადაგვეხვია, გულში ჩაგვიკრა და გვითხრა:
- ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ჩემო ბავშვებო.
ჩემთან შედარებით ელენი უფრო მეტხანს ჰყავდა გულში ჩაკრული. მასთან განშორება უმძიმდა. შევნიშნე, კარისკენ რომ გავემართეთ, ელენს გააყოლა თვალი, მეორედაც მისთვის ამოიოხრა ასე მწარედ და ცრემლი მოიწმინდა.
მივუახლოვდით თუ არა საწოლ ოთახს, მის სკეჩერდის ხმა შემოგვესმა. მან ელენს მეტად მკაცრი შენიშვნები მისცა და დაემუქრა, რომ მეორე დღეს მხრებზე ჩამოკიდებდა ასე უთავბოლოდ მიყრილ-მოყრილ რამდენიმე ნივთს.
- მართლაც, მეტად სამარცხვინოდ იყო არეულ-დარეული ჩემი უჯრა, - ჩამჩურჩულა ელენმა, - მინდოდა დამელაგებინა, მაგრამ დამავიწყდა.
მეორე დილით მის სკეჩერდმა მუყაოს ნაჭერზე დიდი ასოებით დაწერა სიტყვა "უწესრიგო" და ელენის ფართო და ჭკვიან შუბლს თილისმასავით შემოახვია. მან საღამომდე ატარა ეს წარწერა მშვიდად, მოთმინებით და დამსახურებულ სასჯელადაც თვლიდა. როგორც კი ნაშუადღევს მის სკეჩერდმა გაკვეთილები დაამთავრა და წავიდა, ელენთან მივირბინე, შუბლიდან მუყაოს ნაჭერი ჩამოვგლიჯე და ანთებულ ცეცხლში შევაგდე. ამ ამბავს ელენი ოდნავადაც არ აუღელვებია. ეს გრძნობა სრულიად უცხო იყო მისთვის; მე კი მთელი დღე სულს მიშფოთებდა. მსხვილი და ცხარე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ასეთი უდრტვინველი მორჩილება ენით გამოუთქმელ ტკივილს იწვევდა ჩემში.
ზემოთ აღწერილი ამბების შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა გავიდა. მის ტემპლმა თავისი წერილის პასუხი მიიღო მისტერ ლოიდისგან. როგორც ჩანს, წერილმა დაადასტურა ჩემი მონაყოლი ამბების სიმართლე. მის ტემპლმა შეკრიბა სასწავლებლის მასწავლებლები, აღსაზრდელები და განუცხადა, რომ მან შეამოწმა, მართალი იყო თუ არა ჯეინ ეარისადმი წაყენებული ბრალდება. შემოწმებამ დაადასტურა ბავშვის სიმართლე და ახლა ის ბედნიერად თვლიდა თავს, შეეტყობინებინა ეს ამბავი მათთვის და ბავშვი გაეთავისუფლებინა ყოველგვარი ცილისწამებისგან. მასწავლებლებმა ხელი ჩამომართვეს და გადამკოცნეს. აღსაზრდელთა რიგებში სიამოვნების ჩურჩული გაისმა.
ასე ჩამომხსნეს მძიმე ტვირთი და, იმ წუთიდან მოყოლებული, განახლებული ენერგიით შევუდექი მეცადინეობას. გადავწყვიტე, ყველა სიძნელე გადამელახა. ბეჯითად ვშრომობდი და შედეგიც კარგი მქონდა. ბუნებით არცთუ ისე კარგი მეხსიერება ბევრი მეცადინეობის წყალობით თანდათან გამომიკეთდა. გამუდმებულმა მეცადინეობამ გონებამახვილი გამხადა. რამდენიმე კვირაში მაღალ კლასში გადამიყვანეს; ორ თვესაც არ გაევლო, ნება დამრთეს, დამეწყო ფრანგული ენისა და ხატვის შესწავლა. ერთ დღეში ვისწავლე ზმნის Etre - უღლება ორ დროში და პირველად დავხატე ქოხი (რომლის კედლები იმდენად დაქანებული იყო, რომ პიზის დახრილი კოშკის ქონგურს მეტოქეობას ადვილად გაუწევდა). იმ საღამოს ჩემს ჩვეულებას ვუღალატე. დაძინებისას არ გამხსენებია, ოცნებით მაინც წარმომედგინა ბარმესაიდის შესანიშნავი ვახშამი: ცხელი შემწვარი კარტოფილი, პური და ახალმოწველილი რძე და ამ სანატრელი საჭმლის წარმოდგენით დამევიწყებინა მწვავე შიმშილი. ყოველივე ამის ნაცვლად, სიბნელეში წარმომიდგა ჩემი საკუთარი ხელით შექმნილი მშვენიერი სურათები: ფანქრით ნახატი სახლები და ხეები, ულამაზესი კლდეები და ნანგრევები. ოცნებაში მათ ვამსგავსებდი ალბერტ კოიპის მიერ შექმნილ მშვენიერ სურათებს, თვალწინ მედგა მისი დახატული საძოვარზე გაშლილი მსხვილფეხა საქონელი, ვარდის გაუშლელ კოკრებზე მოფარფატე პეპლები; თუნდაც, აი, ასეთი სურათი: ხეებზე შემომსხდარი ფრინველები კენკავენ მწიფე ალუბალს. აქვეა ნიბლია ჩიტი მარგალიტისოდენა კვერცხებით სავსე ბუდეში, ბუდე კი ნორჩი ფათალო რტოებით არის გარშემოხვეული. იმასაც ვფიქრობდი, მალე შევძლებდი თუ არა მეთარგმნა რამე ფრანგული პატარა მოთხრობების წიგნიდან, რომელიც იმ დღეს მადამ პიერომ მაჩვენა. ამ ამბებში ჯერ ვერ გავრკვეულიყავი, რომ ტკბილად ჩამეძინა.
მართალი უთქვამს სოლომონს: მირჩევნია ყველი, პური და კეთილი გულიო. არაფრის გულისთვის არ გავცვლიდი ახლა ლოვუდს და იქაურ გაჭირვებულ ცხოვრებას გეიტსჰედსა და მის სიმდიდრეზე.
***
ლოვუდში თანდათან შეუმჩნეველი გახდა საშინელი ხელმოკლეობა და ცხოვრების მძიმე პირობები. გაზაფხულდა. ზამთრის ყინვებს ბოლო მოეღო. თოვლი დადნა. სუსხიანი ქარები აღარ ქროდა და ამინდი მთლად გამოიცვალა. აპრილის ნაზი სუნთქვა მალამოდ ედებოდა ჩემს ჯერ კიდევ იანვრის სუსხიან ამინდებში მოყინულ, კანგადამძვრალ და დასივებულ ფეხებს. იარები, რომელთა გამოც კოჭლობით ძლივს დავდიოდი, ახლა თანდათან მირჩებოდა და ტკივილებიც მიყუჩდებოდა. კარგა ხანია გაქრა, რომელიც დილა-საღამოობით ძარღვებში სისხლს გვიყინავდა. თამაშისთვის განკუთვნილ ერთ საათს სიამოვნებით ვატარებდით ბაღში, ხოლო იმ დღეებში, როცა მზე გამოანათებდა, ჩვენს სიხარულსა და სიამოვნებას საზღვარი არ ჰქონდა. მუქი კვლები მწვანე სამოსით შეიმოსა და დღითი დღე მშვენდებოდა. თითქოს გაზაფხულის მსუბუქფრთიანი სუნთქვა ღამით თავს გადაუქროლებდა ხოლმე ამ ბაღნარს და ყოველ დილით მისი კვალი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ფოთლებს შორის მრავალნაირ ყვავილს ამოეყო თავი: ენძელებს, ხვინტრას, მეწამული ფერის ქუჩმაიასა და ოქროსფერთვალება იასამფერებს. ხუთშაბათობით, ნაშუადღევის შემდეგ, თავისუფლები ვიყავით და დიდხანს ვსეირნობდით. ვამჩნევდით, როგორ უფრო და უფრო მშვენიერდებოდა და იფურჩქნებოდა ყვავილები გზებსა და ღობის ძირებში.
გავცქეროდი ჰორიზონტზე ამ შემოღობილ, დალურსმულ კედლებს იქით მდებარე მიდამოებს და დიდებულ მთის მწვერვალებს. ისინი გარს შემორტყმოდნენ მწვანედ აბიბინებულ დაბლობს, რომლის უმეტესი ნაწილი ჩრდილს დაეფარა. ვიცოდი, თუ რა დიდი სიამოვნება იყო მათი ყურება. მუქი ფერის კლდეზე ანკარა ნაკადული გადმოჩქეფდა. ოჰ, რა სხვანაირი ჩანდა ეს მიდამოები ზამთრობით, რკინისფერი ცის ქვეშ მუქი ღრუბლებით დაფარული, ყინვით გათოშილი და თოვლით გადაფიფქული. ზენაქარს მოჰქონდა ყინულივით ცივი, სულის შემხუთავი ბურუსი, რომელიც გარს ეხვეოდა იისფერ მწვერვალებს, თანდათანობით დაბლა ეშვებოდა, ბარამდე აღწევდა და უერთდებოდა მდინარეზე გაწოლილ ცივ ნისლს. მდინარე კი მოქუხდა ამღვრეული და დაუდეგარი. მისი გამაყრუებელი ხმაური კვეთდა ტყეს და ავსებდა არემარეს. ამას ემატებოდა კოკისპირული, თოვლნარევი წვიმების ხმა. ხოლო, რაც შეეხება ტყეს, მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეები უსულო ჩონჩხებს ჰგავდნენ.
აპრილი მაისმა შეცვალა. მშვიდი და ნათელი მაისი დადგა. თბილი მზის სხივებით გაცისკროვნებული ცა ლურჯად ციმციმებდა. მთელი თვე ქროდა მსუბუქი ნიავი, ხან დასავლეთიდან და ხან სამხრეთიდან. მცენარეულობამ გაიღვიძა. ლოვუდმაც შეარხია თავისი მშვენიერი დალალები. ყველაფერი ამწვანდა და აყვავდა. მაღალი, ურჩხულივით დიდი თელის, კოპიტისა და მუხის ხეები კვლავ შეიფოთლნენ. ბუჩქნარიც ამწვანდა და გაიშალა. მრავალფერი ხავსით დაიფარა პატარ-პატარა ორმოები, ხოლო მიწაზე აქა-იქ გაფანტული ფურისულები მზის სხივებივით ციმციმებდნენ ბალახებში. ჩრდილით დაფარულ ადგილებში მათი მქრქალი, ოქროსფრად მოციაგე სხივები სინათლის შუქივით ანათებდა. უმეთვალყურეოდ დარჩენილი, სრულიად თავისუფალი და განმარტოებული, ძალიან ხშირად დიდხანს ვერთობოდი და ვტკბებოდი ყოველივე ამით. ამ უჩვეულო თავისუფლებასა და სიამოვნებას თავისი მიზეზი ჰქონდა და ჩემი ვალია, ყოველივე გიამბოთ.
განა, ჩემ მიერ აღწერილი თვალწარმტაცი, გორაკებსა და ტყეების წიაღში ჩაფლული მიდამო თავისი მოჩუხჩუხე ნაკადულით მშვენიერ საცხოვრებელ ადგილად არ გამოდგებოდა? რასაკვირველია, ყველაფერი ეს საუცხოო იყო, მაგრამ გამოდგებოდა თუ არა საცხოვრებლად, ეს კიდევ საკითხავია.
ეს ტყით დაფარული, დაცემული ველი, სადაც ლოვუდი გაეშენებინათ, მუდმივი ნისლისა და ამ ნისლით გამოწვეული სხვადასხვა ავადმყოფობის აკვანი გახლდათ. ეს ავადმყოფობა გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ძლიერდებოდა. აი, ახლაც ობოლთა თავშესაფარში ტიფის ეპიდემია დაიწყო. ის სწრაფად გავრცელდა; საკლასო ოთახები და საერთო საცხოვრებლები ავადმყოფი ბავშვებით გაავსო და ჯერ კიდევ მაისის დადგომამდე მთელი სასწავლებელი საავადმყოფოდ გადააქცია.
ეპიზოდები იდება ყოველ დღე
იხილეთ წინა თავები
თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი