ყოველთვის მომწონდა ხორბლისფერი, ცისფერთვალება და თბილისში ერთ-ერთი ცნობილი გოგო რუსა ჩაჩუა...
მარტის ქოვერისთვის სწორედ მისი გადაღება გადავწყვიტეთ... დუბაიდან ახალჩამოსულ რუსას ოქროსფერი რუჯი დაჰკრავდა და ძალიან ლამაზი იყო. გადაღების წინ მხიარულად მესაუბრა ბავშვობაზე, რომელიც ძალიან ლამაზად ახსოვს - ოჯახი, დები, რომელთა გარეშეც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება...
ცოტა ხნის წინ საშინელი ტრაგედია დაატყდა - მამა გარდაეცვალა. რუსა დღემდე ვერ შეეგუა ამ ამბავს, ესაუბრება, რჩევასაც ეკითხება და არ სჯერა, რომ ის მის გვერდით არ არის...
მისი ოჯახი ტრადიციულია - დედა, დები და თვითონ შვილებით. ზაფხულობით წყნეთში ყველა ერთად იკრიბება და ძალიან ბედნიერები არიან. სამხატვრო აკადემია დაამთავრა... ადრე გათხოვდა და უკვე უფროსი შვილი, 10 წლის თაზო ჰყავს; უმცროსი გოგონა ნადინკა 3 წლისაა.
შვილები მისი სტიმულია, ძალას აძლევენ, მათთვის შეუძლებელიც კი გააკეთოს... ოჯახი დაენგრა, თუმცა დიდხანს ცდილობდა, ასე არ მომხდარიყო. არაფერს ნანობს და თვლის, რომ ბედნიერია...
მუშაობდა "მაგთიშიც", სარეკლამო კომპანიაშიც.
შემდეგ მოულოდნელად სატელევიზიო რეალითი შოუ "ბრავოს" წამყვანობა შესთავაზეს. დაიბნა, არ ელოდა. გამოცდილების გარეშე ეშინოდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება. ოჯახში რუსულად ლაპარაკობენ - ბებია პოლონელი იყო - და ძალიან შეეშინდა, ქართულ მეტყველებაში შეცდომები არ დაეშვა. თუმცა მეტყველების პედაგოგი აუყვანეს და 3 თვის განმავლობაში რამდენიმე პირდაპირმა ეთერმა მშვიდობიანად ჩაიარა...
ბევრი მეგობარი არ ჰყავს და თვლის, რომ მეგობრობა კომფორტია. ნამდვილ მეგობართან ის ხარ, რაც ნამდვილად ხარ, ყველანაირი დაძაბვის გარეშე. სწორედ მეგობრები არ ტოვებენ იმ წუთებში, როდესაც უჭირს. შვილები სულ ეკითხებიან, ხომ კარგ ხასიათზე ხარ, დედა? ხომ არ ტირი?! - ეს მისთვის იმხელა ბედნიერება, სითბო და სიძლიერეა, რომ მთებს გადააბრუნებს...
ამ წუთას არც ფიქრობს სიყვარულზე. ის იყო, წავიდა და თავისით მოვა, როდესაც საჭირო იქნება...
ძალიან კმაყოფილი ვარ რუსას ფოტოსესიით და მასთან ურთიერთობით. თბილია და მზეს აფრქვევს. ზაფხულიც ძალიან უყვარს და უკვე ნერვიულობს, რომ ზაფხულს ისევ ზამთარი მოჰყვება )))
უამრავ რეკლამაშია გადაღებული, ჩვენებებზეც გამოდის მეგობრულად... ამჯერად ქეთი ჩხიკვაძის თეთრ კაბაში, ცოტა თოვლშერჩენილი, ადრიანი გაზაფხულის მზიან დღეს, ძალიან ლამაზია... აღმოვაჩინეთ, რომ კიმ ბესინჯერს ჰგავს, ოღონდ ორმოცჯერ ლამაზია )))
მოკლედ, რუსა ჩაჩუა - გაზაფხულის მომტანი "ბომონდის" მარტის ქავერიდან!!!
იხილეთ ფოტოგალერეა
თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(მარტის ნომერი)