გრეის ო'მეილი - ერთადერთი ქალი მეკობრის საინტერესო და სახიფათო ცხოვრება - Marao

გრეის ო'მეილი - ერთადერთი ქალი მეკობრის საინტერესო და სახიფათო ცხოვრება

2019-01-05 14:43:38+04:00

პირსისხლიანი მეკობრეები სკანდინავიის სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას შიშში აცხოვრებდნენ. განსაკუთრებით ბობოქრობდნენ მეკობრეები ირლანდიაში.

XVI საუკუნეში ყველაზე უშიშარი და ცნობილი მეკობრე გრეის ო'მეილი იყო. იგი 1530 წელს ირლანდიაში დაიბადა. გვარში ყველა პირატი ჰყავდა და რა გასაკვირია, რომ ჯერ მამის და შემდეგ კი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ მეკობრეების ბანდას ჩაუდგა სათავეში.

თანაც როგორ, პირველობისთვის მებრძოლი სხვა კლანის წარმომადგენელი, 14 წლის ბიჭი დუელში მოკლა. როცა მეკობრეები სავაჭო გემებს თავს ესხმოდენ, გრეისი პირველი გარბოდა საბრძოლველად. პირატებში შიშსა და აღფრთოვანებას ერთდროულად იწვევდა საომრად მომზადებული, უშიშარი თმაგაშლილი ქალის ხილვა. შემდეგ ხელდამშვენებული ბანდის წევრები ო'მეილის სასახლეში ბრუნდებოდნენ და ნადავლს იყოფდნენ.

ქვრივობა და პირველობა

პირატული ძმობის თხოვნით, გრეისი ცოლად გაჰყვა ო'ფლაერტის მეკობრეთა კლანის უფროსს დონელ იკოტლინს. გაერთიანებული ბანდა შიშის ზარს სცემდა ყველას. გრეისის ქმარი ცნობილი პირატი და უპრინციპო მკვლელი იყო. მათი ქმედება რომის პაპის ინოკენტი VIII-ის ყურამდეც მივიდა, რომელმაც ღმერთს სთხოვა დახმარება ო'ფლაერტის ბანდისგან გათავისუფლებაში. შოტლანდიაში იმდენად ეშინოდათ მათი, რომ მრავალ ქალაქს ამშვენებდა წარწერა: ღმერთო, დაგვიცავი ო'ფლაერტისა და სხვა უბედურებისგან.

ვისთვის საბედნიერო და ვისთვის საუბედუროდ, ერთ-ერთ გემზე თავდასხმის დროს დონელი მოკლეს. მემკვიდრეობით ქვრივი გრეისის ხელში გადავიდა კლანი, სახმელეთო მებრძოლები, ფლოტი და სამი შვილი. ის 40 წლის განმავლობაში იყო პირატების დაჯგუფების ხელმძღვანელი, პირველი ქალი მეკობრე. დაჯგუფება მუდმივად იცვლებოდა. იქ თავს იყრიდნენ ირლანდიის, ინგლისის, შოტანდიისა და უელსის ავანტიურისტები.

მეორე ქორწინება

სიძლიერის მიუხედავად მამაცი მეკობრეები მაინც სთხოვდნენ ქალს ცოლობას. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, "მეფე" მუდმივად მეორეხარისხოვან როლში იქნებოდა. გრეისის მეორე ქმარი ირლანდიელი რიჩარდ ბერკი - რკინის რიჩარდი გახდა. იგი ჭკვიანიც იყო და ძლიერიც. თაფლობის თვის შემდეგ ო'მეილის ხალხმა ქმრის დარბაზიც დაიკავა და მისი მიწებიც. რიჩარდს კი გამოუცხადეს, რომ ის აღარაფერში სჭირდებოდათ. და განქორწინება გააფორმეს. შვილის გაჩენის შემდეგ გრეისი ისევ გემზე დაბრუნდა და ბრძოლაში ჩაერთო.

მოსახლეობა მუდმივად უხდიდა გრეისის ბანდას ხარკს, რათა მათი დარბევებისგან დაეცვათ თავი. ვაჭრებმა კი, რომლებიც მუდმივად თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდნენ, სახელმწიფოს მიმართეს დახმარებისთვის. გრეისი მოსალაპარაკებლად ინგლისის დედოფალთან გაემართა.

შეხვედრა დედოფალ ელისაბედთან

1576 წელს თემზაში სამი გალერა გამოჩნდა (იმ პერიოდში გრეისის მფლობელობაში 30 გალერა იყო. ამდენი ძლიერი სახელმწიფოს ფლოტსაც კი არ ჰყოლია). გრეისმა შოკში ჩააგდო მნახველები. მას მეზღვაურის ჩექმა ეცვა, სხეულზე კი მამაკაცური სამოსის ზემოდან რამდენიმე ფენად ნაჭერი ჰქონდა მოხვეული. ის დედოფალ ელისაბედთან გამართული ნაბიჯებით გაემართა და როცა დედოფალმა ხელი გაუწოდა, რომელსაც გრეისი უნდა მთხვეოდა, მეკობრემ ვაჟკაცურად ჩამოართვა. შემდეგ დედოფლის ნებართვის გარეშე მის გვერდით დაბრძანდა და საყნოსი თუთუნიც კი მოიმზადა. დაბნეულმა ელისაბედმა გრეისს საკუთარი ცხვირსახოცი მიაწოდა, ქალმა მადლობა მოახსენა, ხმაურით მოიხოცა ცხვირი და ცხვირსახოცი ძირს დააგდო. დედოფლის ხელქვეითები აღშფოთებულები იყვნენ და დედოფლის რისხვას ელოდნენ. თუმცა, ელისაბედმა ო'მეილი მშვიდობით გაუშვა სასახლიდან და ირლანდიაში მიწაც კი უბოძა.

დედოფლის კეთილგანწყობით დაბრუნებული ო'მეილი გაორმაგებული მადით ესხმოდა თავს გემებს. ერთხელ პირატები დედოფლის გემსაც კი დაესხნენ თავს, რომელსაც სამეფო ძვირფასეულობა გადაჰქონდა. ამის შემდეგ ეს ორი ძლევამოსილი ქალი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ერთმანეთს. დედოფალმა სასწრაფოდ შეკრიბა არმია ო'მეილის შესაპყრობად.

ო'მეილი გაიქცა

როგორც ამბობენ, დედოფალს გრეისის შეპყრობაში რიჩარდი დაეხმარა, რომელიც ცოლს სამაგიეროს გადახდით დაემუქრა. ო'მეილი შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს. თუმცა, პირატებმა ციხის მცველები მოისყიდეს და გრეისი გააპარეს. ირლანდიის ნაპირებზე ისევ გაგრძელდა ძარცვა. 1579 წლის მარტში გრეისის წინააღმდეგ ისევ აღიძრა საქმე. ამჯერად ქალისა და მისი ბანდის შესაპყრობად კაპიტანი უილიამ მარტინი გაეშურა. რამდენიმე კვირიიანი დევნისა და ბრძოლის შედეგად კაპიტანმა პირატი ქალი შეიპყრო. გრეისის არმია განახევრებული იყო, გემების ნაწილი - დამსხვრეული.

ჯილდოს გრეისის თავისთვის

გააფთრებულმა დედოფალმა გრეისის თავისთვის ჯილდო დააწესა და ვინ უღალატა მეკობრეს? საკუთარმა "ერთგულმა" მხარდამჭერმა. თუმცა, აღებული ფულით დიდხანს ვერ გაიხარა, რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი აღმოაჩინეს. გრეისი ტაუერში გამოამწყვდიეს. მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. გრეისი დედოფალს წერილებს სწერდა და ჰპირდებოდა, რომ თუ გაათავისუფლებდნენ, საკუთარ ქონებას სახელმწიფოს გადასცემდა და ირლანდიელ მეკობრეებსაც დააშოშმინებდა. ელისაბედი დათანხმდა, მაგრამ ო'მეილის შვილები პირდა ტუსაღებად დაიტოვა.

გრეისმა სიტყვა აასრულა, ირლანდიაში სიმშვიდემ დაისადგურა, ყოველ შემთხვევაში, მეკობრეები ინგლისურ ხომალდებს აღარ ესხმოდნენ თავს. დედოფალი ისევ კეთილგანეწყო გრეისის მიმართ, მიწებისა და ქონების ნაწილი და შვილები დაუბრუნა.

მოპარული გვამი

გრეისი გემზე დაბრუნებას და იქვე ცხოვრებას გეგმავდა, მაგრამ გზაში შტორმში მოხვდა და ნაპირზე დაბრუნდა. ჯანმრთელობა შერყეულ ქალს ზღვაში გასვლა აღარ შეეძლო. იგი ირლანდიაში, საკუთარ სასახლეში დაბრუნდა, სადაც მალევე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მასზე შეყვარებულმა მეზღვაურმა გრეისის გვამი გაიტაცა და ზღვაში გაუჩინარდა.

წყარო: agesmystery.ru

http://misspopova.com