ლედი ლინი - ორმოცი წლის მსუქანი, ქედმაღალი ქალი წელში გამართული დადიოდა. ეცვა მდიდრული, საუცხოო ფერებად მოლივლივე კაბა. მის შავ თმას ლაჟვარდისფერი ფრთები და ძვირფასი ქვების სამკაული კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებდა.
მისის დენტი, პოლკოვნიკის მეუღლე, არ იყო მაინცდამაინც ლამაზი. უფრო კეთილშობილი მეჩვენა - სუსტი აგებულების, ფერმკრთალი, ნაზი სახითა და ოქროსფერი თმით. ამ ქალის შავი ატლასის კაბა, ძვირფასი, უცხოური მაქმანით შემოვლებული შარფი, მარგალიტის სამკაულები უფრო მომწონდა, ვიდრე ამ დიდგვაროვანი სტუმრების ელვარე ფერადი ჩაცმულობა.
სტუმრებიდან ყველაზე მეტად სამნი გამოირჩეოდნენ. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ყველაზე მაღლები იყვნენ. ესენი გახლდათ ლორდ ინგრემის ქვრივი, ლედი ინგრემი, თავისი ორი ასულით: ბლანშითა და მერით. ეს სამეული თავისი ტანკენარობით ყველა დანარჩენს ჩრდილავდა. ქვრივი ორმოც წელს გადაცილებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი წერწეტი ტანისთვის წლებს ვერაფერი დაეკლო. თმაში ჯერ კიდევ არ გარეოდა ჭაღარა (ყოველ შემთხვევაში, სანთლის შუქზე ასე ჩანდა); კბილებიც მშვენიერი ჰქონდა. ხალხი, ალბათ, მას დიდებულ ქალად თვლიდა, ასაკის შესაფერისად. მართლაც, გარეგნულად ასე იყო. მაგრამ სახის გამომეტყველებასა და საქციელში აუტანელი ამპარტავნობა იგრძნობოდა. რომაული ნაკვთები ჰქონდა; ორმაგი ნიკაპი, რომელიც მის ღაბაბს თითქოს საყრდენივით ებჯინებოდა. ეს ნაკვთები სიამაყისგან გაბღენძილად, ჩამუქებულად და დაღარულად მეჩვენა. ნიკაპსაც კი ეტყობოდა ეს მედიდურობა. თითქოს არაბუნებრივად სწორი იყო. თვალებშიც ასეთივე სიმკაცრე და სიცივე ელავდა. საოცრად მაგონებდა ის მისის რიდის გამომეტყველებას. დიდი პრანჭვით ლაპარაკობდა. ხმა - დაბალი, ტონი კი მბრძანებლური ჰქონდა. ლაპარაკობდა მაღალფარდოვანი სიტყვებით. ერთი სიტყვით, აუტანელი პიროვნება იყო. ალისფერი ხავერდის კაბა ეცვა, თავზე ოქრომკედით ნაკერი ინდური ჩალმა ეხურა. ეს კი (ვფიქრობ, თვითონ ასე ეგონა) ნამდვილ მეფურ იერს აძლევდა.
ბლანში და მერი ერთნაირად მაღლები იყვნენ. ალვის ხესავით ტანწერწეტნი. მერი თავის სიმაღლესთან შედარებით გამხდარი იყო, ბლანში კი ღმერთქალ დიანას ჰგავდა. რასაკვირველია, მას დიდი ინტერესით ვათვალიერებდი. ჯერ ერთი, მინდოდა გამეგო, სწორად აღწერა თუ არა ის მისის ფეიერფექსმა; მეორეც - ჰგავდა თუ არა ის ჩემი წარმოდგენით შექმნილ სურათს; მესამეც - არ შემიძლია დავმალო - იქნებოდა თუ არა ისეთი, მისტერ როჩესტერის გემოვნებას რომ შეეფერებოდა.
გარეგნობით ბლანში ზუსტად შეესაბამებოდა მისის ფეიერფექსის აღწერასა და ჩემ მიერ დახატულ სურათს; შესანიშნავი გულმკერდი, დაქანებული მხრები, გედისებური, მოხდენილი ყელი, შავი თვალები და ყორნისფერი კულულები. მაგრამ - სახე? სახით პირწავარდნილი დედა იყო, მხოლოდ ახალგაზრდა; იგივე დაბალი შუბლი, დახვეწილი სახის ნაკვთები; ისეთივე ქედმაღლობა, თუმცა ისეთი ზვიადი სიამაყე არ იგრძნობოდა. ხშირად იცინოდა, ოღონდ დამცინავად. ჩანს, ეს გამომეტყველება მის ზვიადსა და მშვენივრად მოხაზულ ბაგეებს მუდამ თან სდევდა. ამბობენ, გენიოსი თავის თავში დარწმუნებულიაო. ვერაფერს გეტყვით მის ინგრემის გენიოსობაზე, მაგრამ თავის თავში კი დიდად დარწმუნებული იყო. ის ნაზ მისის დენტს ბოტანიკის საკითხებზე ეკამათებოდა. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს თავის დროზე არ ჰქონდა ეს საგანი შესწავლილი; თუმცა, მისი თქმით, ყვავილები ძალიან უყვარდა - განსაკუთრებით, მინდვრის. მის ინგრემი, რომელსაც ბოტანიკა ნასწავლი ჰქონდა, ლაპარაკობდა ქედმაღლურად და თან უამრავ სპეციალურ ტერმინსაც იშველიებდა. შევამჩნიე, რომ მის ინგრემი (უბრალოდ რომ ვთქვათ) ერთობოდა მისის დენტით, ე.ი. დასცინოდა მის უცოდინრობას. შესაძლებელია, ეს დაცინვა მართებული იყო, მაგრამ ყველაფერი მის უზნეობას ავლენდა. შემდეგ მის ინგრემმა დაუკრა. ბრწყინვალედ შეასრულა. იმღერა კიდეც. ხმაც შესანიშნავი ჰქონდა. ფრანგულად დაელაპარაკა დედას. ენას თავისუფლად ფლობდა, ლაპარაკობდა ამ ენის სათანადო კილოზე.
მერის, ბლანშთან შედარებით, უფრო გულღია და კეთილი გამომეტყველება ჰქონდა, სახის ნაკვთები - უფრო ნაზი, ფერიც - უფრო ღია (მის ინგრემი ესპანელივით შავგვრემანი იყო). მაგრამ მერის ნაკლიც გააჩნდა; სახეს მეტყველება აკლდა, თვალებს - ელვარება. ჩაჯდა თუ არა სავარძელში, ნიშში ჩასმულ ქანდაკებას დაემსგავსა, გაირინდა. დებს თეთრად მოქათქათე კაბები ეცვათ.
მეგონა იმ წუთს, რომ შეიძლებოდა, მის ინგრემი მისტერ როჩესტერის გულის რჩეული გამხდარიყო? ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობდი მის გემოვნებას. არ ვიცოდი, როგორი ქალები მოსწონდა. თუ მას დიდებულება იზიდავდა, ბლანში ზედგამოჭრილი იყო. ამას გარდა, ნასწავლიც და მხიარულიც. მამაკაცების უმრავლესობა, ალბათ, აღტაცებაში მოჰყავს-მეთქი, ასე ვფიქრობდი. მისტერ როჩესტერიც რომ მოხიბლული იყო, ვგონებ, უკვე მოგახსენეთ ამის დამამტკიცებელი საბუთი. უკანასკნელი ეჭვის გასაფანტად საჭირო იყო კვლავ ერთად მენახა ისინი.
გულშიც არ გაივლოთ, მკითხველო, თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში ადელი პატარა სკამზე, ჩემს ფერხთით, უძრავად მჯდარიყოს. არა. როგორც კი ქალები შემოვიდნენ, ის წამოდგა, მათ შესახვედრად გაეშურა, მოხდენილი რევერანსი გააკეთა და სერიოზულად წარმოთქვა Bonjour, mesdames.
მის ინგრემმა ადელს გადმოხედა და დაცინვით წამოიძახა: - ოჰ, რა პატარა თოჯინაა!
ლედი ლინმა განმარტა: - მას მისტერ როჩესტერი მფარველობს. მისი მეურვეა. ვგონებ, ეს ის პატარა ფრანგი გოგონაა, რომელზეც გვიამბობდა.
მისის დენტმა გულკეთილად ჩამოართვა ხელი ადელს და აკოცა. ემი და ლუიზა ეშტონებმა ერთხმად წამოიძახეს:
- რა საყვარელი ბავშვია!
მათ ადელი დივანთან მიიხმეს. ისიც მივიდა, მათ შორის მოკალათდა და მოჰყვა ტიკტიკს ხან ფრანგულ და ხან დამტვრეულ ინგლისურ ენაზე. ადელმა მიიპყრო არა მარტო ახალგაზრდათა, არამედ მისის ეშტონისა და ლედი ლინის ყურადღება. სიამოვნებისგან გაბადრულმა, გული იჯერა.
აი, ყავაც შემოაქვთ. მამაკაცებს უხმობენ. ისე ვზივარ, რომ ჩრდილი მფარავს, ამ გაჩირაღდნებულ ოთახში თუკი შეიძლება ჩრდილი იყოს. სარკმელზე ჩამოფარებული ფარდა ნახევრად მიცავს. ფარდას კვლავ სწევენ. შემოდიან მამაკაცებიც. მათი ერთად გამოჩენა, ისევე, როგორც ქალების, საზიემო იერს ატარებს. ყველა შავ კოსტიუმებშია გამოწყობილი. უმრავლესობა მაღალია. ახალგაზრდებიც ჩანან. ჰენრი და ფრედერიკი მართლაც მოხდენილი, მხიარული ახალგაზრდები არიან. პოლკოვნიკი დენტი მშვენიერი კაცი ჩანს, სამხედრო იერით. მისტერ ეშტონი, ამ რაიონის მოსამართლე, ნამდვილი ჯენტლმენია. თმა მთლად ჭაღარა აქვს, თუმცა წარბებსა და წვერს შავი ფერი ჯერ კიდევ შერჩენია. ეს მას ამსგავსებს pére noble de thèatre-ს. ლორდი ინგრემი სიმაღლით დებს ჰგავს. ისიც ლამაზია, მაგრამ გულგრილი, არაფრის მთქმელი სახით მერის დამსგავსებია. თითქოს ამ ადამიანში სიმაღლეს უმარჯვია სიცოცხლისადმი ლტოლვასა და გონებამახვილობაზე.
მისტერ როჩესტერი სადღაა?
აი, ისიც. არ ვიყურები თაღისკენ, მაგრამ ვგრძნობ, ოთახში შემოდის. ვცდილობ, ყურადღება საქსოვ ჩხირებსა და ქისის ქსოვაზე გადავიტანო. მინდა, მხოლოდ ჩემს სამუშაოზე ვიფიქრო; მხოლოდ ჩემს კალთაში დაწყობილ ვერცხლის მძივებსა და აბრეშუმის ძაფებს ვხედავდე. ამის ნაცვლად გარკვევით ვხედავ მას, თავიდან ვერ ვიშორებ ჩვენს ბოლო შეხვედრას და კვლავ მოგონება ცოცხლდება ჩემში. არ მავიწყდება, ხანძრის შემდეგ რომ მითხრა, თუ რა დიდი სამსახური გავუწიე. ისიც მაგონდება, როგორ ეჭირა ჩემი ხელი, სახეში მიყურებდა. მის მზერაში ჩანდა, გული ვეღარ იტევდა სურვილებს და გადმოხეთქვას ლამობდა. ამ მღელვარებაში მეც მედო წილი. ოჰ, როგორ დავახლოვდით მაშინ! მაგრამ შემდეგ რა მოხდა ისეთი, რამაც შეზღუდა ჩვენი ასეთი დამოკიდებულება? როგორი შორეულნი და უცხონი გავმხდარვართ ერთმანეთისთვის! იმდენად შორეულნი, რომ არც ველი, მომიახლოვდეს და დამელაპარაკოს. არც ის მიკვირს, ოთახის მეორე მხარეს რომ გაეშურა, ზედაც არ შემომხედა, იქ დაჯდა და ქალებთან საუბარი გააბა.
როგორც კი შევნიშნე, რომ მთელი მისი ყურადღება ქალებმა მიიპყრეს და შემეძლო, შეუმჩნევლად მემზირა მისთვის, მაშინვე თვალები, ჩემდა უნებურად, მის სახეს მიაშტერდნენ. წინააღმდეგობის ძალა არ შემწევდა. მზერა აღარ მემორჩილებოდა, თვალები მისკენ ბრუნდებოდნენ, მას უმზერდნენ. მეც დავმორჩილდი. მისი ჭვრეტა მტკივნეულ ნეტარებას მაგრძნობინებდა - ტკბილსა და, ამავე დროს, შხამნარევს; ოქროსავით ფასდაუდებელს, რომელშიც წამებაც შეპარულიყო. ალბათ, ეს გრძნობა გამოუცდია მწყურვალ ადამიანს, წყაროს წყალს რომ დასწაფებია. მან იცის, წყარო მოწამლულია, მაგრამ მაინც სვამს ამ ღვთაებრივ სასმელს და უზომოდ ბედნიერია.
მართალია ანდაზა: ვისაც ვინ მოსწონს, მისი ლამაზიც ის არისო. ჩემი პატრონის უფერული, მოყვითალო სახე, ოთხკუთხა დიდი შუბლი, განიერი შავი წარბები, ღრმად ჩამჯდარი თვალები, სახის მკაცრი ნაკვთები, მტკიცე, პირქუში ბაგეები - ძალისა და ენერგიის, სიმტკიცისა და ნებისყოფის გამომხატველი - არ მეტყველებდა მისი მფლობელის სილამაზეზე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზი კი იყო; უზომოდ მიმზიდველი, რომელმაც მთლიანად შემიპყრო, თავისი გავლენის ქვეშ მომაქცია; მოიტაცა ყველა ჩემი გრძნობა და თავის ნებას დაუმორჩილა. არ ვაპირებდი მის სიყვარულს. მკითხველმა კარგად უწყის, როგორ გულმოდგინედ ვცდილობდი, ჩემი სულიდან ძირფესვიანად ამომეგდო სიყვარულის პირველი ჩანასახი. ახლა კი პირველი დანახვისთანავე, ჩემდა უნებურად, კვლავ გამოცოცხლდა, კვირტები გამოიღო, მწვანით შეიმოსა. ეს ადამიანი ანთებდა ჩემში სიყვარულს, თანაც ისე, რომ ზედაც არ მიყურებდა.
მისტერ როჩესტერს სტუმრებს ვადარებდი. რას წარმოადგენდა ლინის სიკოხტავე, ლორდ ინგრემის სიცოცხლეს მოკლებული მოხდენილობა; თუნდაც პოლკოვნიკ დენტის მხედრული მიხრა-მოხრა მისტერ როჩესტერის უშრეტ ენერგიასა და ნამდვილ შინაგან ძალასთან შედარებით? არც მათი გარეგნობა მხიბლავდა და არც მათი გამომეტყველება; თუმცა, ჩემი აზრით, ქალების უმრავლესობა მათ ლამაზ, წარმოსადეგ და დიდებულ მამაკაცებად თვლიდა, ხოლო მისტერ როჩესტერს ულამაზოს, უხეში სახის მქონესა და მელანქოლიურს უწოდებდა. ვხედავდი, როგორ იცინოდნენ, იღიმებოდნენ ისინი, მაგრამ ჩემთვის ამას ჩალის ფასი ჰქონდა. მათი ღიმილი ისევე უგულო იყო, როგორც სანთლების შუქი. მათი სიცილი ზარის ხმას ჰგავდა. მაგრამ დავინახე, როგორ გაიღიმა მისტერ როჩესტერმა. მკაცრმა ნაკვთებმა თბილი გამომეტყველება მიიღო, თვალები სინაზესა და ელვარებას აფრქვევდა.
მისი სხივები ადამიანს სულში სწვდებოდა და ელამუნებოდა. ამ წუთს ის ლუიზა და ემი ეშტონებს ესაუბრებოდა. გავოცდი, როგორ გულგრილად უყურებდნენ ისინი; მაშინ, როდესაც მისი მზერა გულში მწვდებოდა. ველოდი, ქალიშვილები თვალებს დახრიან და გაწითლდებიან-მეთქი, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი! მეტად გავიხარე, როცა ვნახე, რომ ოდნავადაც არ აღელვებულან. "ის მათთვის ის არაა, რაც ჩემთვის, - გავიფიქრე, - მათი გემოვნების არაა. ის ჩემი გემოვნებისაა. ამაში დარწმუნებულიც ვარ. ჩვენ შორის რაღაც შინაგან კავშირს ვგრძნობ; მესმის მისი ყოველი გამოხედვა, თითოეული მიხრა-მოხრაც კი. მართალია, სიმდიდრე და გვარიშვილობა გადაულახავ უფსკრულად აღმართულა ჩვენ შორის, მაგრამ ჩემს გონებასა და გულში, ჩემს სისხლსა და ნერვებში არის ის, რაც გონებრივად მამსგავსებს მას. ეს მე ვთქვი ამ რამდენიმე დღის წინ, რომ მასთან მხოლოდ ხელფასის მიღება მაკავშირებს-მეთქი? ეს მე ავუკრძალე ჩემს თავს, მისტერ როჩესტერში მხოლოდ ჩემი აღსაზრდელის მეურვე დამენახა და მეტი არავინ? ეს ხომ ბუნების გმობაა. ჩემში არსებული ყველა სათნო, ჭეშმარიტი და ძლიერი გრძნობა უნებურად მას ევლება თავს. ვიცი, უნდა დავფარო ყოველივე ეს, უნდა ჩავიქრო ყოველგვარი იმედი, უნდა მახსოვდეს, რომ არ შეიძლება ვუყვარდე მას. მას ვგავარ-მეთქი, რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, თითქოს მეც გამაჩნია ისეთი ძალა და ენერგია, რომ შემეძლოს მისი მოხიბვლა და მისებური გავლენის მოხდენა. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ერთნაირი გემოვნება და გრძნობები გვაქვს. აი, რატომ უნდა მახსოვდეს: ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ დაბადებულნი. თუმცა, ვიდრე პირში სული მიდგას და ვაზროვნებ, ის მუდამ მეყვარება".
ყავას აწოდებენ სტუმრებს. მამაკაცები შემოდიან თუ არა, ქალები მერცხლებივით იწყებენ ჭიკჭიკს, მხიარულად და გაცხოველებით საუბრობენ. პოლკოვნიკი დენტი და მისტერ ეშტონი პოლიტიკაზე მსჯელობენ. ცოლები უსმენენ. ორი ამაყი ქვრივი - ლედი ლინი და ლედი ინგრემი - ერთად საუბრობენ. სერ ჯორჯი, რომლის აღწერა, სხვათა შორის, დამავიწყდა, მაღალი, ჯანსაღი შეხედულების, სოფლად მცხოვრები ჯენტლმენი, მათ დივანთან დგას ყავის ფინჯნით ხელში და დროდადრო სიტყვას ურთავს. მისტერ ფრედერიკ ლინი მერი ინგრემის გვერდით დამჯდარა და შესანიშნავყდიან წიგნს და მის ლამაზ ილუსტრაციებს ათვალიერებს. ქალი დროდადრო იღიმება, თუმცა, ჩვეულებრივ, ცოტას ლაპარაკობს. მაღალი და ფლეგმატური ლორდი ინგრემი გულხელდაკრეფილი დახრილა პატარა და მხიარული ემი ეშტონის სავარძელთან. ემი შეჰყურებს მას და ნიბლიასავით ეჭიკჭიკება. მას ლორდი ინგრემი უფრო მოსწონს, ვიდრე მისტერ როჩესტერი. ჰენრი ლინი თურქულ დაბალ ტახტზე მოკალათებულა ლუიზას ფერხთით. ადელიც იქვეა. ჰენრი ლინი ცდილობს, ფრანგულად ილაპარაკოს და ლუიზა დასცინის მის შეცდომებს. ვინ იქნება ბლანშ ინგრემის თანამოსაუბრე? ის მაგიდასთან განმარტოებულა, მოხდენილად დახრილა და ალბომს ათვალიერებს. როგორც ჩანს, უცდის, მასთან მივიდნენ. დიდხანს ლოდინი არ სურს. თვითონ ირჩევს მოსაუბრეს.
მისტერ როჩესტერი მოსცილდა ეშტონებს და ისიც ახლა განმარტოებით დგას ბუხართან. ბლანში მისკენ მიდის და ბუხრის მეორე მხარეს ჩერდება.
- მისტერ როჩესტერ, მეგონა, ბავშვები არ გიყვარდათ.
- ასეც არის.
- მაშ, რამ გაიძულათ აღსაზრდელად აგეყვანათ ასეთი პატარა თოჯინა (და ადელზე მიუთითა)? სად მოძებნეთ?
- არ მომიძებნია. აღსაზრდელად დამიტოვეს.
- სკოლაში უნდა გაგეგზავნათ.
- არ შემიძლია, სწავლა ძალიან ძვირი ჯდება.
- კი მაგრამ, ჩემი აზრით, თქვენ აღმზრდელი გყავთ მისთვის. ახლახან დავინახე ვიღაც ქალი - წავიდა? ოჰ, არა! აი, ჯერ კიდევ აქ არის, ფანჯრის ფარდას მოფარებული. თქვენ, რა თქმა უნდა, უხდით მას. ვფიქრობ, იმდენივე თანხა გეხარჯებათ და, ალბათ, მეტიც. ხელფასის გარდა, ორივეს შენახვა გიხდებათ.
მეშინოდა, თუ, იქნებ, იმედი მქონდა, - ჩემი ხსენება მისტერ როჩესტერს ჩემკენ მოახედებს-მეთქი. უფრო ღრმად შევიმალე საფარში. მაგრამ შევცდი, ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ.
- ამაზე არც მიფიქრია, - გულგრილად წარმოთქვა მისტერ როჩესტერმა და კვლავ პირდაპირ ყურება განაგრძო.
- რასაკვირველია, თქვენ, მამაკაცები, მართლაც არასოდეს უწევთ ანგარიშს მომჭირნეობას და გონიერ აზრს. უნდა გაიგოთ, რას ამბობს დედა ამ აღმზრდელებზე. მერისა და მე, თუ არ ვცდები, თავის დროზე თორმეტამდე აღმზრდელი მაინც გვყავდა. ზოგი აუტანელი და ზოგიც მეტად სასაცილო იყო. ყველა ერთად კი - რაღაც სასწაულები. განა ასე არაა, დედა?
- მე მითხარი რამე, ჩემო ასულო?
ქვრივის ახალგაზრდა ასულმა გაიმეორა თავისი კითხვა სათანადო განმარტებით:
- ჩემო ძვირფასო, აღმზრდელებს ნუ გამახსენებ. თვით ეს სიტყვაც კი ნერვებს მიშლის, როგორ გამაწამა მათმა უნიჭობამ და ჟინიანობამ. მადლობა უფალს, მოვრჩი ამ ამბებს.
მისის დენტი გადაიხარა ამ ღვთისმოსავი ადამიანისკენ და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში. გაცემული პასუხით მივხვდი, იმ უჯიშოთა ერთ-ერთი წარმომადგენელი აქ არისო, შეახსენა მისის დენტმა.
- მით უკეთესი, - განაცხადა ამ ქალბატონმა, - ვიმედოვნებ, ეს საუბარი მასაც გამოადგება. - შემდეგ კი ხმადაბლა, მაგრამ ჩემ გასაგონად დაუმატა:
- ერთი შეხედვით ვცნობ ადამიანებს და, დავინახე თუ არა, მის სახეზე ამოვიკითხე ყველა ის ნაკლი, რაც მის მოდგმას ახასიათებს.
- რა არის ეს ნაკლი, მადამ? - იკითხა მისტერ როჩესტერმა.
- სიამოვნებით გეტყვით, მხოლოდ საიდუმლოდ, - უპასუხა ქალმა და მრავალმნიშვნელოვნად და მედიდურად შეარხია თავისი ჩალმა.
- მერე რაღა გემო აქვს. ახლავე დამიოკეთ ცნობის სურვილი.
- ბლანშს ჰკითხეთ. ის უფრო ახლოს დგას თქვენთან.
- მე ნუ მიგზავნი, დედა! ერთი სიტყვაც საკმარისია მთელი ამ ბრბოს დასახასიათებლად: მომაბეზრებელნი არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მჯაბნიდნენ, პირიქით, თვით ვჯაბნიდი, რა ოინებს არ ვუწყობდი თეოდორთან ერთად იმ ჩვენს მის უილსონს, მისის გრეისა და მადამ ჟუბერს! მერი მეტისმეტად ზარმაცი იყო და ცხოველ მონაწილეობას არ იღებდა ჩვენს შეთქმულებაში. ყველაზე სასაცილო ამბებს მადამ ჟუბერს ვუწყობდით. მის უილსონი საცოდავი, ავადმყოფი არსება იყო, მტირალა და ყოველთვის ნაღვლიანი. არც ღირდა მის გასაბრაზებლად თავის შეწუხება. მისის გრეი უხეში და გულქვა ადამიანი იყო. მასზე არაფერი მოქმედებდა, მაგრამ საბრალო მადამ ჟუბერი! ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაშმაგებული სახე, მოთმინებიდან რომ გამოვიყვანდით ხოლმე. ჩაის დავღვრიდით, კარაქისა და პურის ნამცეცებს მიმოვაბნევდით, ჭერში ვისროდით წიგნებს, მერხების ბრახუნით, სახაზავის დარტყმითა და ცეცხლის მაშით ბუხარზე ისეთ ბრახაბრუხს ავტეხდით, რომ ყურთასმენა აღარ იყო. გახსოვს, თეოდორ, ის მხიარული დღეები?
- დიახ, რასაკვირველია, მახსოვს, - ზანტად წარმოთქვა ლორდმა ინგრემმა. - საბრალო მოხუცი გამხმარი ქალი ყვიროდა: "ოჰ, ბოროტო ბავშვებო!" შემდეგ ვუკითხავდით ქადაგებებს, თუ როგორ ბედავდა ესწავლებინა ჩვენისთანა ჭკვიანი ბავშვებისთვის, როდესაც თვითონ არაფერი იცოდა.
- დიახ, ესეც მახსოვს, და შემდეგ, თედ, გახსოვს, გეხმარებოდი გაგეგრძელებინა მეცადინეობა (თუ, უფრო სწორად, შენი აღმზრდელის, გადაყვითლებული მისტერ ვინინგის წამება, ამ მოდუდღუნე დიაკვნისა, როგორც ჩვენ ვუწოდებდით მას). იცით, მან და მის უილსონმა გაბედეს და ერთმანეთი შეიყვარეს. ყოველ შემთხვევაში, თედი და მე ასე ვფიქრობდით. ხან ნაზ მზერას ვამჩნევდი და ხან გვესმოდა მათი ჩუმი ოხვრა. ეს La belle passion-ის ნიშნად ჩავთვალე. მერწმუნეთ, ჩვენი აღმოჩენა მაშინვე ყველას გავაგებინეთ. ამ ამბით ვისარგებლეთ, რომ ეს მძიმე და არასასიამოვნო ტვირთი თავიდან მოგვეშორებინა. და, აი, ამ ჩემმა ძვირფასმა დედიკომ, როგორც კი ამ ამბავს ყური მოჰკრა, უზნეობად ჩათვალა ასეთი საქციელი. განა ასე არაა, ჩემო კეთილშობილო დედა?
- რასაკვირველია, ჩემო მშვენიერო, და მართალიც გახლდით. მერწმუნეთ, ათასი მიზეზია, რატომ არ შეიძლება წესიერ ოჯახში ერთი წუთითაც კი მოითმინონ აღმზრდელი ქალისა და მასწავლებლის ურთიერთსიყვარული. უპირველეს ყოვლისა...
- მოიღე მოწყალება, დედა! გვიხსენი ამ ჩამოთვლისგან! Aureste, ისედაც ვიცით ყველაფერი: უმანკო ბავშვებისთვის ცუდი მაგალითის ჩვენების საშიშროება, მათი დაბნეულობა და, აქედან გამომდინარე, უყურადღებობა თავიანთი მოვალეობისადმი, ურთიერთისკენ სწრაფვა და ურთიერთმხარდაჭერა. ამის შემდეგ რწმენა თავიანთ თავში, რასაც თან სდევს კადნიერება, დაუმორჩილებლობა და არევ-დარევა ოჯახში. ასე არაა, ბარონესა ინგრემ, ინგრემის მამულთა მფლობელო?
- ჩემო შროშანო, როგორც ყოველთვის, ახლაც მართალს ამბობ.
- მაშ, მეტის თქმა აღარ არის საჭირო. გადავიდეთ სხვა თემაზე.
ემი ეშტონმა, რომელმაც ვერ გაიგონა ან ყურადღება არ მიაქცია ნათქვამს, თავისი ნაზი, ბავშვური ხმით დაიწყო:
- ლუიზა და მეც დავცინოდით ხოლმე ჩვენს აღმზრდელს, მაგრამ ის იმდენად კეთილი და კარგი ადამიანი გახლდათ, ყველაფერს იტანდა. არასოდეს კარგავდა მოთმინებას, არასოდეს გვიბრაზდებოდა. ასე არ არის, ლუიზა?
- დიახ, მართალია, რასაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. გადავაქოთებდით ხოლმე მის მაგიდას და სამუშაო კალათას. უჯრებში ავურ-დავურევდით ყველაფერს; ის კი იმდენად კეთილი იყო, რაც უნდა გვეთხოვა, ყველაფერს გვაძლევდა.
- ჩემი აზრით, - ტუჩების ირონიული პრანჭვით დაუმატა მის ინგრემმა, - გვეყოფა ამ აღმზრდელების შესახებ ლაპარაკი. ამ მოგონებათა თავიდან ასაცილებლად კვლავ შემომაქვს წინადადება, შევცვალოთ საუბრის თემა. მისტერ როჩესტერ, მხარს უჭერთ ჩემს წინადადებას?
- დიახ, როგორც თქვენს ყველა აზრს, ამასაც მხარს ვუჭერ.
- მაშინ ჩემს მოვალეობად ჩავთვლი, მოვიფიქრო, რა გავაკეთოთ... სენიორ ედუარდო, ხმაზე როგორა ხართ?
- დონა ბიანკა, თუ მიბრძანებთ, მზად ვიქნები.
- მაშ, სენიორ, ისმინეთ ჩემი უმაღლესობის ბრძანება: მოამზადეთ თქვენი ფილტვები და სხვა სასიმღერო ორგანოები, რადგანაც ისინი დასჭირდება ჩემს მეფურ სურვილს.
- ვინ არ ისურვებს ღვთაებრივი მერის რიჩიოდ ყოფნას.
- თავი დავანებოთ რიჩიოს! - წამოიძახა მან და თავისი მშვენიერი კულულების რხევით როიალისკენ გაემართა. - ჩემი აზრით, ვიოლინოზე დამკვრელი ფრიად უსიამოვნო ვინმე უნდა ყოფილიყო. ბოროტი ბოთველი გაცილებით უფრო მომწონს. აბა, მამაკაცი რა მამაკაცია, თუ მასში არაფერია სატანისებური. ისტორიამ რაც უნდა, ის თქვას ჯეიმს ჰეპბორნზე, მაგრამ მე მგონია, სწორედ ის წარმოადგენს ველური და შეუბრალებელი ყაჩაღის სულის მქონე გმირს, რომელსაც სიამოვნებით შევთავაზებდი ჩემს ხელს.
- გაიგონეთ, ჯენტლმენებო? რომელი თქვენგანი წააგავს ყველაზე მეტად ბოთველს? - წამოიძახა მისტერ როჩესტერმა.
- მე ვიტყოდი, რომ უპირატესობა თქვენ მხარეზეა, - გაისმა პოლკოვნიკ დენეტის ხმა.
- პატიოსნებას ვფიცავ, დიდად დამავალეთ, - მოისმა საპასუხოდ.
მის ინგრემი ამაყად დაჯდა როიალთან, დედოფლურად გაშალა ქათქათა კაბის ნაოჭები და საამო პრელუდია დაუკრა, თან საუბარს განაგრძობდა. ამ საღამოს გადამეტებულ სიამაყეს იჩენდა. თავისი სიტყვებითა და საქციელით თითქოს განზრახული ჰქონდა, მსმენელთა არა მარტო აღტაცება, არამედ განცვიფრებაც გამოეწვია. აშკარა იყო, სურდა, მათთვის თავბრუ დაეხვია. ცდილობდა, მეტად მარჯვე და გაბედული სჩვენებოდა მათ.
- ოჰ, როგორ მომაბეზრეს ახლანდელმა ახალგაზრდა ყმაწვილებმა თავი! - წამოიძახა მან და თან როიალზე განაგრძო ბრახუნი. - საბრალო, უძლური არსებანი, მამის მამულის იქით ნაბიჯიც რომ არ გადაუდგამთ. ვერსად წასულან დედისა და აღმზრდელის ნებართვის გარეშე! საბრალონი, რომელთაც თავიანთი ლამაზი სახის გარდა არაფერი ახსოვთ: თითქოს მამაკაცთან რამე კავშირი ჰქონდეს სილამაზეს, თითქოს სილამაზე მხოლოდ ქალების საკუთრება არ იყოს, ქალის კანონიერი თვისება და მემკვიდრეობა. ვამტკიცებ: ულამაზო ქალი მხოლოდ ლაქაა ამ დიდებულ ქვეყანაზე, მაგრამ, რაც შეეხება მამაკაცებს, მათ მხოლოდ მამაცობა და სიძლიერე უნდა გააჩნდეთ. დაე, მათ დევიზს წარმოადგენდეს: ნადირობა, სროლა და ბრძოლა. დანარჩენს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მათთვის. ასეთი იქნებოდა ჩემი დევიზიც, მამაკაცი რომ ვყოფილიყავი.
- როდესაც გათხოვებას დავაპირებ, - განაგრძო მან სიჩუმის შემდეგ, რომელიც არავის დაურღვევია, - გადაწყვეტილი მაქვს, ისეთი მეუღლე შევარჩიო, რომ სილამაზით ჩემს მშვენიერებას კი არ ჩრდილავდეს, არამედ, პირიქით, ელვარებას მატებდეს. ვერ ავიტან ჩემს ტახტზე მეტოქეს. მოვითხოვ განუყოფელ თაყვანისცემას. მისი ერთგულება არ უნდა განაწილდეს ჩემსა და იმ სახეს შორის, რომელსაც ის სარკეში ხედავს. ახლა კი, მისტერ როჩესტერ, იმღერეთ, სიამოვნებით დავუკრავ თქვენთვის.
- თქვენი მონა-მორჩილი ვარ, - გაისმა პასუხად.
- აი, მეკობრის სიმღერა. თქვენ იცით, გაგიჟებით მომწონს მეკობრეები. ამიტომაც იმღერეთ "ჩონ სპირიტო".
- მის ინგრემის ბრძანება მე კი არა, ცარიელ დოქსაც კი აამღერებს.
- მაშ, გაფრთხილდით, თუ არ მასიამოვნებთ თქვენი სიმღერით, შეგარცხვენთ და გიჩვენებთ, როგორ უნდა მღერა.
- თქვენ გსურთ, ჩემი უვარგისობისთვის დამაჯილდოოთ. ახლა შევეცდები კიდეც, რომ დავმარცხდე.
- Gardez-vous en bien, თუ განგებ შეცდით, მოვიფიქრებ რამეს და შესაფერისადაც დაგსჯით.
- მის ინგრემმა მოწყალება უნდა გამოიჩინოს, რადგან მას ძალუძს ისეთი სასჯელი მოიფიქროს, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ აიტანს.
- მაინც? - ბრძანა ახალგაზრდა ქალმა.
- მომიტევეთ, მადამ. მაგრამ რა საჭიროა ახსნა-განმარტება. საკუთარი გონება, ალბათ, გეტყოდათ, რომ თქვენი შუბლის ერთხელ შეკვრაც კი საკმარისია ადამიანის სათანადოდ დასასჯელად.
- იმღერეთ, - ბრძანა კვლავ მან და შთაგონებით დაიწყო დაკვრა.
- "ახლა კი დროა, გავიპარო", - გავიფიქრე, მაგრამ ჰაერში დარხეულმა ბგერებმა შემაჩერა. მისის ფეიერფექსმა მითხრა, მისტერ როჩესტერს მშვენიერი ხმა აქვსო. მართლაც ასე იყო: ძლიერი, სასიამოვნო ბანი; სიმღერაში მთელ თავის გრძნობებსა და ენერგიას აქსოვდა. მსმენელს გულში სწვდებოდა მისი ხმა და უცნაურად აღელვებდა. შევიცადე, ვიდრე უკანასკნელი ძლიერი და მჟღერი ბგერები მიწყდებოდა, ვიდრე შეწყვეტილი საუბარი განახლდებოდა და მაშინ კი დავტოვე ჩემი თავშესაფარი. განის კარით გამოვედი, რომელიც, საბედნიეროდ, ახლოს იყო. ვიწრო ტალანს გავყევი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, შევნიშნე, ფეხსაცმლის თასმები შემხსნოდა. შევჩერდი. უნდა შემეკრა. დავიჩოქე იატაკზე, კიბის საფეხურებთან გაფენილ ნოხზე. ამ დროს სასადილო ოთახის კარის გაღების ხმა შემომესმა. ვიღაც ჯენტლმენი გამოვიდა. სასწრაფოდ წამოვდექი და პირისპირ შევეჩეხე მისტერ როჩესტერს.
- როგორ ხართ? - მკითხა.
- ძალიან კარგად, სერ.
- რატომ არ მოხვედით და არ დამელაპარაკეთ ოთახში?
ვიფიქრე, ეს, ალბათ, მე უნდა მეკითხა-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე თქმა. ნაცვლად ამისა, ვუპასუხე:
- არ მინდოდა შემეწუხებინეთ, რადგანაც ისედაც მოუცლელი იყავით, სერ.
- რას აკეთებდით, ვიდრე აქ არ ვიყავი?
- ისეთს არაფერს. ჩვეულებრივ, ადელს ვამეცადინებდი.
- და თანდათან ფერს კარგავდით. ეს მე ერთი შეხედვით შევნიშნე. რა მოხდა?
- არაფერი, სერ.
- ხომ არ გაცივდით იმ საღამოს, კინაღამ რომ დამახრჩვეთ?
- ოდნავადაც არა, სერ.
- დაბრუნდით სასტუმრო ოთახში, ძალიან ადრე მირბიხართ.
- დაღლილი ვარ, სერ.
ერთ წუთს მიყურებდა.
- და სევდიანიც, - თქვა მან. - მიზეზი? მითხარით.
- რა უნდა იყოს... არაფერი, სერ. სრულებით არ ვარ სევდიანი.
- ხართ-მეთქი. ისე შემოგწოლიათ დარდი, რომ რამდენიმე სიტყვაც და, ატირდებით. ცრემლები ისედაც კიაფობენ თქვენს თვალებში. მრავლდებიან. ერთი წვეთი უკვე მოსწყდა ქუთუთოს და ჩამოგორდა. დრო რომ მქონდეს და რომელიმე ჭორიკანა მოსამსახურის გამოჩენის არ მეშინოდეს, გავიგებდი, რა მოხდა. კარგი. ამ საღამოს გიშვებთ, მაგრამ გახსოვდეთ: სანამ ჩემი სტუმრები ჩემს სახლში არიან, ყოველ საღამოს უნდა ჩამოხვიდეთ სასტუმრო ოთახში. ასეთია ჩემი სურვილი. ნუ უკუაგდებთ. ახლა კი წადით და სოფი გამოგზავნეთ ადელის წასაყვანად. ღამე მშვიდობისა, ჩემო...
აქ ის შეჩერდა, ტუჩი მოიკვნიტა და სასწრაფოდ გამშორდა.
თავი მეოცე
მხიარული დღეები დაუდგა თორნფილდჰოლს - სიცოცხლით სავსე და მოუსვენარი. ოჰ, როგორ განსხვავდებოდა ეს დრო პირველი სამი თვის განმავლობაში, ამავე ჭერქვეშ მყუდროებაში, სრულ მარტოობასა და მოსაბეზრებელ ერთსა და იმავე საქმიანობაში გატარებული დღეებისგან. მეჩვენებოდა, რომ სევდა სადღაც გაქრა და მოწყენილობაც სამუდამოდ მიეცა დავიწყებას. მთელი დღე ყოველ კუთხეში სიცოცხლე და ფუსფუსი შეიმჩნეოდა. რამდენიმე ხნის წინათ მდუმარებით მოცულ დერეფანში, აქამდე მიყრუებულ რომელიმე სადარბაზო ოთახში ისე ვერ შეიხედავდით ან გაივლიდით, რომ მშვენიერ მოახლე ქალს ან ლაქიას არ გადაჰყროდით.
სამზარეულო, მოურავის საკუჭნაო, მსახურთა დარბაზი და შესასვლელი დერეფნები - ყველა ერთნაირად იყო გამოცოცხლებული და ხალხით სავსე. მხოლოდ სასტუმრო დარბაზი რჩებოდა ცარიელი და მდუმარებით მოცული, როდესაც დიდებული გაზაფხულის ლაჟვარდოვანი ცა და წყნარი მზის სხივები გარეთ ბაღჩებში იხმობდა მის ბინადართ. მაშინაც კი, როდესაც ამინდი შეიცვლებოდა და რამდენიმე დღე გაბმით, კოკისპირულად წვიმდა, მიწის სისველე მხიარულებას ხელს ვერ უშლიდა. სტუმრები მაშინ შიგნით მოიკალათებდნენ ხოლმე და იქ ეძებდნენ ათასნაირ გასართობს.
ვერ გავიგე, რას აპირებდნენ, როდესაც ერთ საღამოს წინადადება შემოიტანეს, გართობის ერთი სახე მეორით შეეცვალათ. ისინი შარადებს ახსენებდნენ. ჩემი უცოდინრობა უნდა ვაღიარო - ვერ მივხვდი, მათი საუბარი რას გულისხმობდა. მსახურებს დაუძახეს, სასადილო მაგიდები სხვა მხარეს გადაატანინეს, სასანთლეებს სხვა ადგილები მიუჩინეს და სავარძლებიც თაღის მოპირდაპირედ ნახევარწრიულად დააწყვეს. როდესაც მისტერ როჩესტერი და სხვა ჯენტლმენები ასეთ განკარგულებას იძლეოდნენ, მანდილოსნები ქვედა და ზედა სართულების კიბეზე არბოდ-ჩარბოდნენ, თავიანთ მოახლეებს ურეკავდნენ და იხმობდნენ. მისის ფეიერფექსიც მოიწვიეს და გამოჰკითხეს, ტანსაცმლის როგორი მარაგი იყო გადანახული. უფრო გარდასული ხანის სამოსი, შალები და სხვადასხვანაირი დეკორატიული ქსოვილეი აინტერესებდათ. მესამე სართულზე გარდერობები გადასინჯეს და ფარჩის სამოსი, განიერი ქვედაკაბები, ატლასის გულისპირები, შავი გამჭვირვალე შარფები, გრძელი ბაფთები, მარმაშის ჟაბოები და სხვა მრავალი ასეთი ნივთი მოახლეებმა, ვისაც კი რამდენი შეეძლო, დაბლა ჩამოზიდეს. შემდეგ დაიწყო შერჩევა. მათ შორის, რაც უფრო მოეწონათ, ამოარჩიეს და სასტუმრო ოთახიდან ბუდუარში გადაიტანეს.
ამასობაში მისტერ როჩესტერმა კვლავ მოუხმო მანდილოსნებს, ირგვლივ შემოიკრიბა და მათგან რამდენიმე თავის ჯგუფში სათამაშოდ შეარჩია. - მის ინგრემი ჩემია, რა თქმა უნდა, - თქვა მან, მას შემდეგ, რაც ემი და ლუიზა ეშტონები და მისის დენტი დაასახელა. შემდეგ მე შემომხედა, შემთხვევით მის ახლოს ვიდექი, მისის დენტისთვის გახსნილი სამაჯური უნდა შემეკრა ხელზე.
- ითამაშებ? - მკითხა მან. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. მას ძალა არ დაუტანებია. თუმცა, უცებ კი შევკრთი, როცა გავიფიქრე, შეიძლება მომთხოვოს და იძულებით მათამაშოს-მეთქი. მაგრამ მან ნება დამრთო, სრულიად მშვიდად ჩემს ჩვეულ ადგილს დავბრუნებოდი.
მისტერ როჩესტერი და მის მხარეზე მოთამაშენი ფარდის უკან გაუჩინარდნენ. მეორე ჯგუფის წარმომადგენლები კი, პოლკოვნიკ დენტის მეთაურობით, ნახევარწრიულად განლაგებულ სავარძლებში ჩასხდნენ. ერთ-ერთი ჯენტლმენი, მისტერ ეშტონი, მე მიყურებდა, ჩანდა, შესთავაზა, მეც მოთამაშეებს შევერთებოდი, მაგრამ ლედი ინგრემმა ეს აზრი იმწამსვე უარყო.
- არა, - გავიგონე მისი ნათქვამი, - ის ისეთი ქარაფშუტა ჩანს, ასეთ თამაშს ვერ შეძლებს.
მალე ზარის ხმა გაისმა და ფარდაც აიხადა. მის შიგნით გამოჩნდა წარმოსადეგი სერ ჯორჯ ლინი, რომელიც მისტერ როჩესტერს თავისი ჯგუფისთვის შეერჩია. ის თეთრ ზეწარში გახვეულიყო. მის წინ მაგიდაზე გადაშლილი დიდი წიგნი იდო. ერთ მხარეს მისტერ როჩესტერის ლაბადაში გამოწყობილი მის ემი ეშტონი ედგა წიგნით ხელში, ვიღაც უჩინარი ზარს მხიარულად აწკარუნებდა. შემდეგ ადელი გამოჩნდა (მან დაჟინებით მოითხოვა, თავის მეურვესთან ერთად ეთამაშებინათ).
ბავშვი წინ გამოიჭრა და მკლავზე ჩამოკიდებული ლამაზი კალათიდან ირგვლივ ყვავილებს აბნევდა. მერე გამოჩნდა უმშვენიერესი მის ინგრემი თავისი უნაკლო ტანის ნარნარი რხევით, მთლად თეთრ სამოსში, თავზე გრძელი სიფრიფანა ლეჩაქითა და შუბლზე ვარდების გვირგვინით. მის გვერდით მისტერ როჩესტერი მოაბიჯებდა. ორივე მაგიდას მიუახლოვდა და დაიჩოქა. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა ლუიზა ეშტონმა და მისის დენტმა მათ უკან დაიკავეს ადგილები. ყოველივე ეს მუნჯურ სცენას წარმოადგენდა, მაგრამ მასში ადვილად გამოიცნობდით საქორწინო ცერემონიალის ამსახველ პანტომიმას. პოლკოვნიკი დენტი და მისი მომხრეები დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ჩურჩულით უთანხმდებოდნენ ერთმანეთს და ბოლოს პოლკოვნიკმა ხმადაბლა განაცხადა:
- ბრაიდ.
მისტერ როჩესტერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, შარადა აიხსნა და ფარდაც დაეშვა.
კარგა ხანი გავიდა, სანამ ფარდა კვლავ აიხდებოდა. მეორე პირველთან შედარებით, უფრო საგულდაგულოდ მომზადებული სცენა იყო. სასტუმრო ოთახი, როგორც წინათ მოგახსენეთ, სასადილო ოთახთან კიბის ორი საფეხურით მაღლა იყო. უკანასკნელი საფეხურის ზემოთ, ერთი თუ ორი იარდის დაშორებით, ოთახის შუაგულში, დიდი მარმარილოს აუზი მოჩანდა. მაშინვე ვიცანი, ის ხომ ჩვენი ორანჟერეის მშვენებას წარმოადგენდა. მის გარშემო ცხელი ქვეყნების მცენარეულობა ხარობდა და შიგ ოქროს თევზები დაცურავდნენ. წარმოვიდგინე, მისი ზომისა და სიმძიმის გამო, რა დიდ ჯაფასა და ტანჯვას მოითხოვდა მისი ოთახში შემოტანა და მოწყობა.
აუზის გვერდით დაგებულ მდიდრულ ხალიჩაზე სხვადასხვანაირი შალით მორთული მისტერ როჩესტერი მოჩანდა. თავზე ჩალმა ეხურა. მისი მუქი თვალები, შავგვრემანი სახის კანი და არაქრისტიანული სახის ნაკვთები სწორედ ზედგამოჭრილი იყო მის ჩაცმულობასთან. ის აღმოსავლეთის ამირას ნამდვილი განსახიერება გახლდათ, მშვილდოსნური ბრძოლის ფანტასტიკური გმირი ან მსხვერპლი. მალე მის ინგრემიც გამოჩნდა. ისიც აღმოსავლური გემოვნებით იყო მორთული. მეწამული გამჭვირვალე შარფი ქამარივით ჰქონდა წელზე შემოკრული. ამოქარგული თავსაბურავი ორივე საფეთქელთან ოდნავ შეეტრიალებინა, თითქოს კვანძი გამოესკვნათ. მისი ნატიფი მოყვანილობის მკლავები მთლად შიშველი ჩანდა. თავზე წყლის სურა ედგა, ცალი ხელი მაღლა აეწია და ჭურჭელი მეტად მოხდენილად ეჭირა. მთელი მისი გარეგნობა, სახე და გამომეტყველებაც კი პატრიარქალური ეპოქის იუდეველთა მეფის ასულებს მოგაგონებდათ. უეჭველია, სინამდვილეშიც ასეთი გმირის განსახიერება ჰქონდა გათვალისწინებული.
ის აუზს მიუახლოვდა და ისე დაიხარა, თითქოს სურის ავსება სურდა. მერე ჭურჭელი კვლავ თავზე შეიდგა. წყაროს პირად მჯდომი ახლაღა გამოერკვა და შეესიტყვა ქალს. ჩანდა, რაღაც სთხოვა. ქალმა სასწრაფოდ ჩამოდგა სურა და წყალი მიართვა. ვაჟმა საკინძე შეიხსნა, კოლოფი ამოიღო, გახსნა და მას თვალისმომჭრელი სილამაზის სამაჯურები და საყურეები აჩვენა. ისრაელთა მეფის ასული ამ ნივთთა სილამაზემ განაცვიფრა და აღტაცებული დარჩა. ვაჟმა კი დაიჩოქა და განძეული ფერხთით დაუწყო. უნდობლობა და სიხარული ერთად მოჩანდა მის გამოხედვასა და მიმოხრაში. უცნობმა სწრაფად გაუკეთა ხელზე სამაჯურები, საყურით კი ლამაზი ყურები დაუმშვენა. აქლემები არსად ჩანდა, თორემ ყველამ შეიცნო ელიაზარი და რებეკა.
შარადის გამომცნობთა ჯგუფის მონაწილეებმა თავები კვლავ ერთმანეთს მიუახლოვეს, ჩანდა, ვერ შეთანხმდნენ, რომელ სიტყვასა თუ მარცვალს გამოხატავდა სცენა. პოლკოვნიკმა დენტმა და მისი ჯგუფის წარმომადგენლებმა სურათის მთლიანად ნახვა მოითხოვეს, რის შემდეგაც ფარდა კვლავ დაეშვა.
ფარდა მესამედ გაიხსნა და ახლა მხოლოდ სასტუმრო ოთახის ერთი მხარე ჩანდა. დანარჩენი თალხი და უხეში ქსოვილის ფარდებაკრული თეჯირით იყო დაფარული. მარმარილოს აუზი გაეტანათ. მის ადგილას ნაძვის ხის მაგიდა და სამზარეულოს სკამი დაედგათ. მკრთალ შუქზე ამ საგნებს ძლივს გაარჩევდით. სანთლები ჩაექროთ და სინათლე მხოლოდ ფარნიდან ბჟუტავდა.
ამ ღარიბულად მოწყობილ სცენაზე იჯდა ვიღაც მამაკაცი, რომელსაც ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები მუხლებზე ეწყო და თავდახრილი მიწას ჩაჰყურებდა. თუმცა სახე გრიმით ჰქონდა დაფარული და ტანსაცმელიც შემოხეული ეცვა, მაინც ვიცანი მისტერ როჩესტერი. ზურგიდან ჩამოხეული პალტო ერთ მხარეს სანახევროდ ეკიდა მკლავზე. თითქოს ჩხუბში, მუშტი-კრივის დროს ჩამოეხიათ. წარბშეკრული, ასეთ პირქუშ გამომეტყველებასა და ჯაგარივით ყალყზე მდგარ თმას სრულიად გამოეცვალა, მოძრაობისას ჯაჭვის ჟღარუნი ისმოდა. ხელებზე ბორკილები ედო.
- ბრაიდუელი, - წამოიძახა პოლკოვნიკმა დენტმა და შარადაც ახსნა.
სანამ შემსრულებლები საკუთარ ტანსაცმელში გამოეწყობოდნენ, დიდი დრო გავიდა. მერე ისინი სასადილო ოთახში შემოვიდნენ... მის ინგრემი მისტერ როჩესტერმა შემოიყვანა. ქალი მას, როგორც როლის საუკეთესოდ შემსრულებელს, ქათინაურებით უმასპინძლდებოდა.
- იცით თუ არა, - თქვა ახალგაზრდა ლედიმ, - რომ სამივე გმირის გამოსახვის დროს ყველაზე მეტად ბოლოს მომეწონეთ? ოჰ, თქვენ რომ ცოტა უფრო ადრეულ საუკუნეებში გეცხოვრათ, თქვენგან დიდებული შარაგზის ყაჩაღი დადგებოდა.
- სახეზე საღებავი კიდევ მეტყობა? - ჰკითხა მისტერ როჩესტერმა და მისკენ შეტრიალდა.
- ვაი რომ, აღარ გემჩნევათ, რა სამწუხაროა! არაფერი ისე არ უხდება თქვენს სახეს, როგორც თავზეხელაღებული ავაზაკის გამომეტყველება.
- მაშ, თქვენ შარაგზის ყაჩაღს შეიყვარებდით?
- შარაგზის ინგლისელ ყაჩაღზე უფრო საინტერესო იტალიელი ბანდიტი იქნებოდა. მას კი მხოლოდ ლევანტიელი მეკობრე თუ გაუწევდა მეტოქეობას.
- კეთილი, რადაც უნდა ჩამთვალოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩემი მეუღლე ხართ. ჩვენ ჯვარი ამდენი ხალხის თანდასწრებით მხოლოდ ერთი საათის წინ დავიწერეთ.
ბლანშის კისკისი გავიგონე და დავინახე, როგორ ვარდისფრად აეტკიცა ღაწვები.
- ახლა კი, დენტ, - განაგრძო მისტერ როჩესტერმა, - თქვენი ჯერია.
ახალი ჯგუფი გაუჩინარდა. მისტერ როჩესტერმა და მისი ჯგუფის მოთამაშეებმა ადგილები დაიკავეს.
მისტერ როჩესტერის მარჯვნივ მის ინგრემი იჯდა. დანარჩენი მონაწილეები კი მათ აქეთ-იქით ჩასხდნენ სავარძლებში. მე ახლა მსახიობთა თამაშს უკვე აღარ ვუყურებდი. აღარ მაინტერესებდა, როდის აიხდებოდა ფარდა, მთელი ჩემი ყურადღება მაყურებლებმა მიიქციეს. თუ რამდენიმე ხნის წინ თაღის ფარდას ვერ ვაცილებდი თვალს, ახლა დაჟინებით მხოლოდ ნახევარწრიულად დადგმულ სავარძლებს შევყურებდი. რა გაითამაშეს პოლკოვნიკმა დენტმა და მისმა მომხრეებმა, რომელი სიტყვა აირჩიეს ან როგორ გაიმართლეს თავი, სულაც არ მახსოვდა. მაგრამ მაყურებელთა ურთიერთშორის შეთანხმება ყოველი წარმოდგენის შემდეგ ჯერ კიდევ კარგად მახსოვს. ვხედავდი, როგორ შეტრიალდებოდა ხოლმე მისტერ როჩესტერი მის ინგრემისკენ, ხოლო - ბლანში კი მისკენ. ვხედავდი, როგორ ხრიდა ის თავს მის წინაშე და შავი ბრწყინვალე კულულები თითქმის ეხებოდა მის მხრებს და ელამუნებოდა მის სახეს. მესმოდა მათი ინტიმური ჩურჩული. მახსოვს, როგორი გრძნობით გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და ახლაც, როდესაც ყოველივე იმას ვიგონებ, იგივე გრძნობა მეუფლება, რასაც მაშინ განვიცდიდი.