აქვს თუ არა სიცოცხლეს დასაწყისი ან დასარული, რატომ უნდა გვჯეროდეს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის და არსებობს თუ არა დრო - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებ ფილოსოფოსი ნონა ხიდეშელი marao.ge-ს ესაუბრა და სამყარო ახლებურად, ფილოსოფიურ ჭრილში დაგვანახა.
სიცოცხლის გაჩენას როგორ ხსნით?
- ზოგადად, მეცნიერები თვლიან, რომ ეს სამყარო დიდი აფეთქების შედეგად შეიქმნა, მაგრამ სიცოცხლის დაბადებაზე პასუხი არ არსებობს. ჩემთვის სიცოცხლის პროცესი ღმერთის გამოვლინებაა, მაგრამ არ ვიცი საიდან იღებს სათავეს სიცოცხლე, ან აქვს თუ არა მას საწყისი.
რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? სულის არსებობის გჯერათ?
- უფრო საინტერესოა, წყდება კი სიცოცხლე საერთოდ? მე განცდა მაქვს, რომ სიცოცხლე მარადიულია. არ ვიცი რა არის სული. მე ვიცი ცნობიერება, ფსიქეა, ის, რაც აზროვნებს. შეიძლება, რელიგიური ადამიანები ამას სულს ეძახიან, მაგრამ განცდა არ მაქვს, რომ ასე იყოფა სამყაროშიც. მგონია, ეს მხოლოდ ჩვენს გონებაში იყოფა. სხეულით თუ სხეულის გარეშე, მე ვთვლი, რომ ეს რაღაც მარადიული ფენომენია და არავითარი სიცოცხლის შემდეგ არ არსებობს.
თუ კონკრეტულად მეკითხებით ფიზიკური სიცოცხლის დასრულების შემდეგ რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა ხდებოდეს, რასაც ცნობიერება აპროექტებს.
-ადამიანის ფობიები საიდან იღებს სათავეს?
- ერთ-ერთი მიზეზი არის ნევროზი, შიშები ბავშვობაში, დაზიანებული ფსიქიკა. ფობიების წარმოშობა ძალიან რთული საკითხია, მის წარმოშობას უამრავი სათავე შეიძლება ჰქონდეს.
პარალელური სამყაროების არსებობის საკითხს როგორ უყურებთ?
- რატომაც არა? სინამდვილეში, ჩვენი სამყაროც ხომ ილუზიაა და რატომ არ შეიძლება ასეთი ილუზიური უამრავი სამყარო არსებობდეს. ყველაფერს ხომ ჩვენი ცნობიერება ქმნის. გონების შესაძლებლობები კი იქ არ იწურება, რასაც ადამიანი ხვდება და აცნობიერებს. უფრო დიდი გონებაც ხომ შეიძლება არსებობდეს, თუნდაც ადამიანის გონებაშივე.
ასე რომ, არაფერს არ გამოვრიცხავ, პირიქით, ალბათ, ჩვენ გარდა უამრავი სამყარო არსებობს.
თქვენი აზრით, სიცოცხლე სხვა პლანეტაზე არსებობს?
- მგონი, ძალიან დიდი ამპარტავნებაა იმაზე ფიქრი, რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე არსებობს. ჩვენ ხომ უკვე ვიცით, იმ უამრავი გალაქტიკის არსებობის შესახებ, რომელთა შორისაც დედამიწას ძალიან პატარა ადგილი უჭირავს და რატომ არ შეიძლება იმ უსასრულო არსებობაში იყოს სიცოცხლე.
როგორია დროის ფილოსოფიური გაგება?
- სინამდვილეში დრო არ არსებობს. ფსიქოლოგიურად, ის მხოლოდ ჩვენს გონებაშია და ინდივიდუალურია, ამიტომაც მას ყველა თავისებურად აღიქვამს - სწრაფად ან ნელა. მხოლოდ ადამიანი ექვემდებარება მას თავისი განპირობებულობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ერთიანი ადამიანისთვის, რასაც გაერთიანებული ფსიქიკა ჰქვია, სავარაუდოდ, დრომ აღარ უნდა იარსებოს.